არქივი | თავისუფალი თემა RSS feed for this section

ცრემლიანი სათვალის გამო

26 ივლ

ცრემლიანი სათვალის გამო „ცრემლიანი სათვალის“ გამო

საინფორმაციო საშუალებებიდან შევიტყვეთ, რომ გოგი გვახარიას სტატიების ციკლი „ცრემლიანი სათვალე“ ჟურნალ „ცხელ შოკოლადში“ რომ იბეჭდებოდა და ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულს ეხებოდა, წიგნად გამოიცა. ამ ინფორმაციამ გამახარა, რადგან სიამოვნებით ვკითხულობდი და რამე აუცილებლად გამომრჩებოდა, ისე რომ ერთად თავმოყრილის ხილვით და წაკითხვით, კიდევ ერთხელ, დიდი სიამოვნება გველის. ამ სტატიების კითხვისას მეც უნებურად დავფიქრდი, თავად სად ვიყავი ამ დროს. უბის წიგნაკში პატარა შთაბეჭდილებაც ჩამიწერია და მინდა რამდენიმე წლის შემდეგ ბლოგის მკითხველებს გაგიზიაროთ.

ოთხმოცდაათიანი წლების ამბებს რომ ვკითხულობ, გაოცებული ვარ, ნეტა მე სად ვიყავი ამ წლებში, თითქოს ვარ და არცა ვარ, არადა უცხო ენების ინსტიტუტი უკვე კარგა ხნის დამთავრებული მქონდა და საქმე იმაში გახლდათ, რომ ანთროპოსოფიულ სულის მეცნიერებას ვეუფლებოდი, რომელიც გვეუბნება, რომ პოლიტიკა მისი შესწავლის საგანი არ არის (ეტყობა ზედმეტად პირდაპირ მესმოდა ეს ამბავი). არქეოლოგიურ ექსპედიციაშიც ვმუშაობდი მთარგმნელად, სადაც იმხანად ჩვენში ახლად შემოსული მრავალპარტიულობის ფონზე, თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენილი იყო თავმოყრილი და „ცხელ-ცხელი“ ამბებიც მოჰქონდათ სამსახურში (უნდა გითხრათ, რომ ეს თბილისის ექსპედიცია იყო და დიღომში ვიდექით). მე ყოველივე ამას ლიტერატურული ნაწარმოებივით აღვიქვამდი და თავად არანაირად ვერეოდი. პარალელურად გერმანიაში გასამგზავრებლად ვემზადებოდი ვალდორფის პედაგოგიკის შესასწავლად. საორგანიზაციო საქმეებზე პერიოდულად მიხდებოდა წასვლა-წამოსვლა და რადგან პოლიტიკა „ჩემი საქმე არ იყო,“ თითქოს ისტორიის ამ ფურცელმა გვერდით ჩამიარა. აი კიდევ ერთი წერილი წავიკითხე ჟურნალ „ცხელ შოკოლადში“ გოგი გვახარიას რუბრიკიდან „ცრემლიანი სათვალე“ და სათვალე მართლაც გამიცრემლიანდა.
ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, რომ ეს იქნებ ღმერთის მადლი (წყალობა) იყო, რომ ყველაზე რთულ წლებს ამარიდა ჩემ ქვეყანაში, იქნებ ბედისწერულად არ მეხებოდა- მეთქი, – ინკარნაციის კანონს თუ გავითვალისწინებთ –, მაგრამ მოქალაქოებრივი სამართლიანობის განცდა, ცხადია, ყოველთვის მქონდა და მოგვიანებით კიდევ უფრო გამიმძაფრდა, თუმცა მიტინგებზე მოსიარულეთა რიცხვს არასოდეს ვეკუთვნოდი. იმდროს კი რუსთაველზე გახლდით ( მართალია გავლით), როცა ზვიადი მთავრობის სასახლიდან გარეთ გამოვიდა და ქვეყნის დამოუკიდებლობა მოგვილოცა. – ესაც ხომ ბედისწერაა, ისევე, როგორც ყოველი შეხვედრა ამქვეყნად.
მდუმარე განსჯით ვუმზერდი მოვლენებს, თუმცა ასეთ აგრესიულ განვითარებას როგორ წარმოვიდგენდი. თბილისის ომი რომ დაიწყო, სასწავლებლად წასასვლელი საბუთები (გერმანიისთვის) უკვე გამზადებული მქონდა, თან კერძო მოსწავლეებთან დავდიოდი. მათაც ვეუბნებოდი, ყურადღება არ მიექციათ ტყვიების ხმებისთვის, ზოგჯერ მეცადინეობას რომ გვაწყვეტინებდა, და მაქსიმალური კონცენტრაცია თავად საგნისკენ მიემართათ. გვჯეროდა, რომ ამით აურის გასპეტაკებას ხელს ვუწყობდით. ვცდილობდი, საკუთარ უნართა მობილიზაცია მომეხდინა, ხოლო როცა სამშობლოს დასჭირდებოდა, სწორედ მაშინ მის სასარგებლოდ გამომეყენებინა.
დამიძახა თუ არა სამშობლომ, ეს არ ვიცი. ეგ არის, დროდადრო თარგმანებს ვაქვეყნებ გაჭირვებით…
მომიტევეთ, ზედმეტი გულახდილობა თუ გამოვიდა. (29.05.07)

Hay| დაავადების ფსიქოლოგია

13 თებ


ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ და ვკითხულობ ამ საკითხებზე, ანუ დაავადების ფსიქოლოგიაზე. გიფიქრიათ, რომ ყველაფერზე, რაც კი ცხოვრებაში გვემართება ჩვენ ვართ პასუხისმგებელი? საქმე თურმე იმაში კი არაა, რა გვემართება, არამედ, ჩვენ თავად როგორ ვრეაგირებთ ყოველივე ამაზე.
ამ კონკრეტული ფსიქიატრის თქმით, სხეული ჩვენი წარმოდგენების პირდაპირი ასახვაა და ყოველი უჯრედი ჩვენს აზრებზე ახდენს რეაქციას. მოწყენილ სახიან ადამიანს ცხადია, შესაბამისი აზრები აქვს.
თუ თვალების პრობლემა გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ რაღაცის დანახვა არ გსურთ. თავისტკივილი კი თურმე მაშინ გვაწუხებს, როცა თავს არასრულყოფილად ვგრძნობთ.
მოკლედ, გული სიყვარულის სიმბოლოა, სისხლი – სიხარულისა და ა.შ. ქრონიკულ დაავადებას ქრონიკული საკუთარი თავის დადანაშაულების გრძნობა შობს; ფსიქოლოგი გვეუბნება, რომ ეს ყოვლად უსარგებლო გრძნობაა, ის სიტუაციას ვერ ცვლის,ამიტომაც გვირჩევენ, გავთავისუფლდეთ ამგვარ აზრთა ტყვეობისაგან.
საინტერესოა სავარჯიშო იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც ჩვენ არ გვესიმპათიურება. დავუკვირდეთ, რა არ მოგვწონს მასში, თურმე სწორედ ის პრობლემა გვაქვს ჩვენც თავად, როგორც კი გავთავისუფლდებით ამ ჩვეული აზრებისა და წარმოდგენებისაგან, ეს ადამიანები უმალ გაქრებიან ჩვენგან.
თუ უფროსი გაღიზიანებთ, რომელიც სულ გაკრიტიკებთ, დაუკვირდით, განა არ ფიქრობთ თქვენ, რომ ყველა უფროსი კრიტიკული და უმადურია და თავადაც განა ისეთივე უკმეხი და ზარმაცი არ ხართ?
თუ გყავთ ბავშვი და რამე თვისება გაღიზიანებთ მასში, ნადვილად თქვენც იგივე ჩვევები გაქვთ, გათავისუფლდით მათგან და ბავშვიც ავტომატურად გათავისუფლდება ამ ჩვევებისაგან.ამიტომაც უმჯობესია, უიმედო მსხვერპლის როლს თავი ვანებოთ.
მოკლედ, ბევრი საინტერესო და სასარგებლო რამ აღმოვაჩინე ამგვარ ლიტერატურაში. მიზეზთა გამო, ბევრს ვერ ვწერ.რამეს გეუბნებათ სახელი ლუიზა ჰეი?

“ავადმყოფი” ლიტერატურა

4 ოქტ

                                       

 

(ისევ მთარგმნელთა სამუშაო კვირეულის თემებზე)

გოეთეს ინსტიტუტში მთარგმნელობითი სამუშაო კვირის ფარგლებში გერმანულიდან ქართულად მთარგმნელთა ჯგუფში წარმოდგენილი იყო ოთხი ნაწარმოები. ესენი იყვნენ (და არიან) თანამედროვე ავტორები შემდეგი წიგნებით წარმოდგენილნი: დავით ვაგნერი, ორაზროვანი სათაურით „ახალი სიცოცხლეებისათვის“; ოლგა გრიაზნოვა „რუსი ისაა, ვისაც არყის ხეები უყვარს“;

მიხაელ კუმპფმიულერი „ცხოვრების მშვენიერი მხარე“; რომელიც კაფკას ცხოვრების ბოლო წელს ეხებოდა და ბენიამინ შტაინი წიგნით „Replay“.

ჩვენი ერთობლივი მუშაობისას გაირკვა, რომ ამ ოთხივე ნაწარმოებს ავადმყოფობა აერთიანებდა. ჟანრობრივად თუ სიუჟეტურად აბსოლუტურად სხვადასხვა ნაწარმოებებს ჰქონდათ ერთი საერთო რამ, ანუ ჰყავდათ ძალიან მძიმე დაავადებით შეპყრობილი პერსონაჟი, რაც მათ ცხოვრებას მთლიანად ავსებს, უცვლის ფსიქიკას და ბედისწერულად განაპირობებს მათ მომავალს.

დავით ვაგნერის „ახალი სიცოცხლეებისათვის“ არის მოთხრობა, რომელიც ძირითადად ღვიძლის იმპლანტაციაზეა და დაწვრილებით არის აღწერილი მკურნალობის ყოველი პროცედურა თავისი დეტალებით. მოთხრობის გმირი ბავშვობიდან დაავადებულია ჰეპატიტით, თავი აქვს გასიებული, ხშირად ემართება სისხლდენა ღებინების სახით, მგრძნობიარე კანი, რომელიც იოლად ულურჯდებადა ა.შ.

პირველი წაკითხვისას ისეთი განცდა მქონდა, რომ თავად ავტორმა გადაიტანა ყოველივე ეს, მაგრამ როგორც საქმეში უკეთ ჩახედულებმა ამიხსნეს, ეს ასე არაა. მაგრამ უსაზღვროა ინტერესი დაავადების ყოველი ნიუანსისადმი და კიდევ უფრო მეტად – პროცედურებისადმი, რაც ალბათ მათემატიკური სიზუსტითაა აღწერილი;

ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა. მაგრამ მიუხედავად უიმედო მდგომარეობისა, ეს ადამიანი მთელი ცხოვრება იბრძვის და ტკივილს არ ნებდება, თუმცა ტკივილებს უკვე თითქმის ვეღარც კი გრძნობს. „ისეთი მოზარდი, როგორიც მე გახლავართ, ისე გამოიყურება, როგორც ვინმე ბღენძი, სახეზე უფრო სქელი ვარ, ვიდრე ჰელმუტ კოლი. …თვალის წვეთების მიღება ესაჭიროება, რაც თვალის გუგებს ქინძისთავივით უპატარავებს …და ისე გამოიყურება, თითქოს ჰეროინის ზემოქმედების ქვეშ იყოს. …სულ უფრო მეტად იღებს მედიკამენტებს, მედიკამენტების გვერდითი მოვლენების საწინააღმდეგოდ, რომლებსაც ასევე თავიანთი გვრდითი მოვლენები გააჩნიათ. მაინც სულ ერთია, მხოლოდ გვერდით მოვლენებზეღა ვამჩნევ, რომ ავად ვარ.“

მოთხრობის საკვანძო მომენტს წარმოადგენს სიტყვების მსგავსებაზე აგებული მოკლე ტექსტური შეტყობინება, რაც სათაურშიც აისახა. როდესაც მთავარი პერსონაჟი საავადმყოფოში მიდის, გამოსამშვიდობებელ მესიჯად აგზავნის შემდეგ ტექსტს: „მივდივარ ახალი ღვიძლისთვის (Leber)“ და შემდეგ აღმოჩნდება, რომ დაუწერია: …ახალი სიცოცხლისათვის (Leben); თუ არტიკლსაც გავითვალისწინებთ, შეიძლება მრავლობით რიცხვშიც წარმოვიდგინოთ; ანუ ახალი სიცოცხლეებისათვის. გერმანულში ერთი ასოს შეცვლა ქმნის ამ აზრობრივ ცვლილებას და თარგმნისას სწორედ ეს გახლდათ ყველაზე რთული მომენტი, ალბათ წარმოგიდგენიათ.

ხოლო რაც შეეხება სიუჟეტურ მსვლელობას, თუ მას გავყვებით, ვიგებთ, რომ ღვიძლის გადანერგვა წარმატებით ხორციელდება და ოპტიმისტურად განწყობილი გმირი ამბობს: – მე მაქვს ღვიძლი, მე ვცოცხლობ!

ოლგა გრიაზნოვას რომანი: „რუსი ისაა, ვისაც არყის ხეები უყვარს” საბჭოთა კავშირიდან ემიგრირებული ოჯახის შთამომავალ ებრაელ გოგონაზე მოგვითხრობს.

აქ გარკვეულწილად ეგზისტენციალური საკითხებია დასმული, რა არის სამშობლო, გაქვს თუ არა სიყვარულის უფლება, როცა არა გაქვს სამშობლო და სხვა. მთავარი გმირი მარია კოგანი ჟურნალისტის კარიერის შექმნაზე ოცნებობს, მაგრამ მისი შეყვარებული ელიასი მძიმედ ავად ხდება, უჩირქდება ქვედა კიდური და მეორე ოპერაციის შემდეგ იღუპება. აქაც შთამბეჭდავადაა აღწერილი მკურნალობის პროცესი, მაგრამ აქ მეტია გრძნობა, ემოცია… ჩანს, რომ ავტორი ქალია, თან ძალზე ახალგაზრდა (დაბ. 1984 წ.). გოგონა არის აღმოსავლური ენების მცოდნე, სურს დაიწყოს ახალი სამუშაო და ელიასის გარდაცვალების შემდეგ, ისტორიულ სამშობლოში – ისრაელში მიდის. და როგორც ფრაგმენტებიდან ირკვევა, არც თუ უიმედოდ განწყობილი ხვდება ახალ ბედისწერას. თუმცა გაოცებულია ზედმეტი უსაფრთხოების ზომებით ისრაელის აეროპორტში, სადაც კომპიუტერსაც კი უფეთქებენ, სავარაუდო ტერაქტის პევენციის მიზნით. ოლგა გრიაზნოვა იმ თაობის ამბავს გვიყვება, რომელმაც არ იცის საზღვრები, მაგრამ არც სამშობლო გააჩნია.

სევდიანად იხსენებს საკუთარ ნათესავებს, ასე დაფანტულად რომ არიან სხვადასხვა ქვეყნებში მაცხოვრებელნი. „ჩემს ნათესავებს უპირველეს ყოვლისა, სურათებით ვიცნობდი, რომლებსაც ისინი რეგულარულად გვიგზავნიდნენ. განსაკუთრებით სევდიანი იყო სურათები ოჯახური დღესასწაულებიდან – დეიდებს ჯერ კიდევ ჰქონდათ დამტვრეული ღიმილი სახეზე შემორჩენილი, მათი ქმრები კი ამასაც აღარ ცდილობდნენ და კამერაში ნაღვლიანად იყურებოდნენ.“

მაგრამ, მიუხედავად მთელი ამ სევდისა და ტრაგიზმისა, რისი საილუსტრაციო მომენტებიც არაერთგზის გვხვდება წიგნში, ნაწარმოები იმედიანად სრულდება, როგორც უკვე მოგახსენეთ; მარია კოგანი ჩადის ისრაელში და ბედნიერია ახალი სამუშაოს მოლოდინში: „…აეროპორტის ავტოსადგომზე ცხელმა ნესტიანმა ჰაერმა დამიბერა, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ტროპიკებში. უცებ აქ ყოფნის სიხარული დამეუფლა. მიხაროდა ახალი სამუშაო და ისიც, რომ ალბათ ჩემი ცხოვრება ჯერ არ დასრულებულიყო.“

მიხაელ კუმპფმიულერის „ცხოვრების მშვენიერი მხარე“ ყველაზე რომანტიკული ნაწარმოებია ამ ოთხს შორის, მაგრამ, სამწუხაროდ, აქაც გმირების სრულ ბედნიერებას ავადმყოფობა უშლის ხელს. წიგნში ლაპარაკია ფრანც კაფკას სიცოცხლის ბოლო წელზე, როდესაც იგი ტუბერკულიოზით იყო დაავადებული და საკუთარ დასთან და მის სამ შვილთან ერთად ბალტიის ზღვაზე, მიურიცში  ისვენებდა. აქ ის გაიცნობს დორა დიამანტს, ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ქალიშვილს და მათ ერთმანეთი უყვარდებათ. დორა მზარეულია და ოჯახურ სასტუმროში  მუშაობს. „დორა სამზარეულოს მაგიდასთან ზის და ვახშმისთვის თევზებს ასუფთავებს. რამდენი დღე ფიქრობდა ამ კაცზე და აი, ისიც. … თან მარტოა, სანაპიროზე რომ ქალი იყო, ის არ ახლავს. კარში დგას და ჯერ თევზებს უყურებს, მერე – დორას ხელებს, დორას ჰგონია, რომ ჩუმად საყვედურობს, მაგრამ, რაც მთავარია, ისაა, სანაპიროს კაცი. დორა ისე იბნევა, რომ აღარ ესმის, კაცი რას ამბობს, მის ხელებზე ამბობს რაღაცას: რა ნაზი ხელებია და რა სისხლიანი საქმის კეთება უწევთო. თან ცნობისმოყვარედ შესცქერის, გაოცებული, რომ ამას აკეთებს – მზარეულის საქმეს.“ (ფრაგმენტები ანა კორძაია-სამადაშვილის თარგმანიდან).

პირველ შეხვედრას ბევრი რომანტიკული დღე მოჰყვება და ისინი დიდი სიყვარულით დაუკავშირდებიან ერთმანეთს. „… დორა არაფერს ამბობს, მას საკუთარი დაკვირვებები აქვს, თავისას ფიქრობს, თავისასაა მინდობილი, თითქოს

ეს კაცი და ის რამდენიმე წამი, რაც მის სიახლოვეში გაატარა, სწორედ ის ყოფილიყო, რასაც უნდა მიენდო. …დორაში კი რაღაც ჩაიღვარა, ბგერა თუ სურნელი, რაღაც, რაც თავიდან არაფერია და მერე კი სრულიად დაუფლებას უქადის.“

ალბათ სწორედ ეს არის ცხოვრების ის მშვენიერი მხარე, რომელსაც არც თუ დიდი ადგილი უკავია სიცოცხლის მანძილზე, მაგრამ რაც სამუდამოდ გამახსოვრდება და რისთვისაც ღირს მოსვლა ამქვეყნად. დორა ბერლინში ცხოვრობს, იქ თითქმის შემთხვევით მოხვდა, აი უკვე სამი წელია. ისინი ბერლინზე საუბრობენ. „… დოქტორი ეკითხება, სად ცხოვრობს, როგორია იქაურობა, უცნაური რამეები აინტერესებს,პურის, რძის და გათბობის ფასები, ქუჩაში რა განწყობაა ახლა, ომის დამთავრებიდან ხუთი წლის თავზე. ბერლინი უხეში და დაძაბულია და აღმოსავლელი ლტოლვილებითაა სავსე, – ჰყვება დორა, – იმ უბანში, სადაც ის ცხოვრობს, უამრავს შეხვდები, ყველგან ნახავ ამღერებულ, კონკებში გახვეულ ოჯახებს, რომლებიც წარმოშობით საშინელი (საზიზღარი) აღმოსავლეთიდან არიან.“

ეს სწორედ იმ პერიოდის ბერლინია, როცა დორასა და კაფკას უყვართ ერთანეთი. დორა თავიდანვე აღტაცებულია მისით (კაფკათი), დოქტორს ეძახის და იცის, რომ მწერალია. კაფკა თავდაპირველად წუხს, რატომ შევხვდი სწორედ ახლა, როცა ასე ავად ვარო. საბოლოოდ ისინი ბერლინში ერთად სახლდებიან და კაფკა ბედნიერი მიდის ამ ქვეყნიდან.

წიგნს ახლავს კაფკას დღიურები და წერილები, ანუ საკმაოდ ვრცელი დოკუმენტური მასალა.

თავდაპირველად, მთარგმნელთა ჯგუფი თითქოს სკეპტიკურად განეწყო კაფკაზე დაწერილი  ამ წიგნის მიმართ, მაგრამ მასზე ცნობების მოძიებისა და მეტი ინფორმაციის მიკვლევის შემდეგ, მიმაჩნია, რომ საინტერესო საკითხავი უნდა იყოს.

აქაც ისევ ავადმყოფობა და ბედნიერი დასასრული…

ბენიამინ შტაინის „Replay.  ბენიამინ შტაინი აღმოსავლეთ გერმანიაში დაბადებული მწერალია (ბერლინი 1970 წ.). წერდა რელიგიის წინააღმდეგ და მსგავს თემებზე. ამის შესანიშნავი ნიმუში წინამდებარე ნაწარმოებშიც მოიპოვება, როცა ნაწარმოების მთავარი გმირი ბარ-მიცვას დღესასწაულისთვის ემზადება (ეს დაახლოებით იგივეა ებრაელებთან, რაც კონფირმაცია ქრისტიანი მოზარდებისათვის), მას რელიგიის მასწავლებელს მიუჩენენ და იგი შემდეგნაირად ახასიათებს მას: „ჩემი მასწავლებელი ერთი უჟმური მოხუცი იყო. ლაპარაკის დროს დორბლებს ჰყრიდა. მისი პირიდან ამოსული სუნი კი გულს მირევდა. წარმოდგენა არა მაქვს, რა ხდებოდა მის შიგნეულში. როცა პირდაპირ ვეჯექი, თვალს ვერ ვუსწორებდი მისი ყურებიდან ამოფეთქილ ჭაღარა, ჯაგარა თმის ბღუჯას, რაც ჩემში ერთდროულად ზიზღსა და აღფრთოვანებას იწვევდა. რელიგია, ვფიქრობდი, ალბათ, ყარს და ყურებში ეკალ-ბარდები ეზრდება-მეთქი.“ (ფრაგმენტები ნანა ჭიღლაძის თარგმანიდან).

ერთ მშვენიერ დილას, როცა ედ როზენი გამოიღვიძებს, ხედავს, რომ საწოლის ბოლოს რაღაც ჩლიქია გამოშვერილი, რაც მას ნამდვილად არ ეკუთვნის. ედ როზენი

პროგრამების ექსპერტია, საკომუნიკაციო საშუალება უნიკომის თანაავტორი და პირველი მატარებელი (მომხმარებელი). ეს არის იმპლანტანტი, რომელსაც გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე რომელიმე სმარტფონს. იგი თავისი მფლობელის

გრძნობებს, აღქმებს აფორმირებს და ქმნის იმას, რასაც ჩვენ რეალობას ვეძახით; რაც შესაძლებელია Replay-ს  მეშვეობით, უსასრულოდ განმეორებადი და ცვალებადი იყოს: პირველ რიგში ეროტიკული მიზიდულობა. და ეს მფლობელს ძალზე კონტროლირებადს ხდის. როზენის შეფ მიტანამ და მისმა ფირმამ ამ გამოგონებით ტრიუმფალურ წარმატებას დაუდეს საფუძველი და ამით არაერთ  მშვიდობის დამრღვევს გამოუხმეს. ვიდრე, მოულოდნელად, ამ ბედნიერი სამყაროს წინააღმდეგ ამბოხს არ გამოიწვევს, რამაც იქნებ ამ ჩლიქის ამბავიც აგვიხსნას.

ავტორს ნევრო-იმპლანტანტის საშუალებით,მკითხველი ტოტალური გამჭვირვალობის სამყაროში შეჰყავს. ამ პროგრამის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის Replay-ზე შეიძლება დააყენო, რათა ბედნიერი მომენტები კვლავ და კვლავ განიცადო.

მთავარი გმირი აქაც დაავადებულია, აქვს მარჯვენა თვალის ამოძრავების პრობლემა.

„ჩემი ბავშვობის საუკეთესო დრო თვალის ექიმებთან და კლინიკებში გავატარე, სადაც ჩემი მშობლები აღიარებულ და თვითმარქვია ოფთალმოლოგიის ვარსკვლავებს ჩემზე ოპერაციების ჩატარების უფლებას აძლევდნენ. ამ ოპერაციებს წარმატება არ მოჰყოლია. შედეგად კიდევ ერთმა ნაიარევმა დამიმახინჯა თვალი და საბოლოოდ ქუთუთოზე ძალაუფლებაც დავკარგე.“ ეს ნაკლი თავის მხრივ ყმაწვილში გარკვეულ კომპლექსებს იწვევს, ფიქრობს, რომ მას არ შეიყვარებენ და ალბათ ამიტომაც დასჭირდა კიბერ-სფეროში ასეთი აღმოჩენის მიღწევა. „იმის შიში, რომ არასოდეს შემიყვარებდნენ, ჩრდილივით ეფინებოდა ყოველდღიურობას, ყოველ სასიხარულო წუთს, ყოველგვარ წარმატებას დიდობის გზაზე. …ვიყავი უსიყვარულობისა და შეურაცხყოფის მოლოდინში და მაშინაც კი, როცა ვინმე სიყვარულით მხვდებოდა, ყველაფერი თვალთმაქცობად მეჩვენებოდა.“

ნაწარმოებში გამოგონილი და უტოპიური სამყაროა გამოყვანილი, სადაც ტექსტებსა და ფილმებს შინაგანი თვალით ხედავ და Replay-ს საშუალებით შეგიძლია კვლავ გამოუხმო. ედ როზენი ახალი საზოგადოების პროტოტიპად გვევლინება. ერთმანეთში არეული ოცნება და რეალობა ზოგიერთმა ლიტერატორმა კაფკას „მეტამორფოზასაც“ კი შეადარა. ზოგი კი მას ჯორჯ ორუელის „1984“-ის ლოგიკურ გაგრძელებად მიიჩნევს.

„უსიამოვნოდ დამაჯერებელი“; – მსგავს მოსაზრებასაც წავაწყდი, წიგნის შეფასებისას.

მაინც საით მიდის ლიტერატურა, ან რატომაა ასე „ავად“? იქნებ იმიტომ, რომ ავადმყოფი გამოჯანმრთელებისკენ მიისწრაფვის, არასრულყოფილი –სრულყოფილებისაკენ. და სწორედ ეს მისწრაფების პროცესია ყველაზე საინტერესო.

ან იქნებ იმიტომ, რომ ყოველი დაავადება სამყაროს განსხვავებული კუთხით შემეცნების საშუალებაა?

ნაჩუქარი წიგნები

25 სექ

(მთარგმნელთა სამუშაო კვირეულის გამოძახილი)

სექტემბრის დასაწყისში გოეთეს ინსტიტუტში მთარგმნელთა სამუშაო კვირეული გაიმართა. ერთმანეთის პარალელურად მუშაობდა ორი ჯგუფი: გერმანულიდან ქართულად მთარგმნელები და ქართულიდან გერმანულად, რომლებიც ნაწყვეტებს თარგმნიდნენ თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებებიდან. (ეს იყვნენ ძირითადად შერეული ოჯახების წარმომადგენლები, ან ბედნიერი შემთხვევის წყალობით განსწავლული ქართველოლოგები). დღის მეორე ნახევარში ერთმანეთს ვუზიარებდით მუშაობის შედეგს და ვმსჯელობდით იმაზე, რაც ჩვენთვის ყველაზე რთული იყო იმ დღეს. ეს ძალზე სასარგებლო აზრთა ურთიერთგაზიარება იყო. მაგრამ ამჯერად სამუშაო პროცესზე არ ვაპირებ საუბარს. ბოლო დღეს ერთმანეთს ვჩუქნიდით ჩვენ თარგმნილ წიგნებს, მონაწილე ავტორები – თავის საკუთარს. სათარგმნ ავტორთა შორის იყვნენ ანა კორძაია-სამადაშვილი და გელა ჩქვანავა, რომელთაც ასევე წაიკითხეს ფრაგმენტები დასკვნით საღამოზე თავიანთ გერმანელ მთარგმნელებთან ერთად. ასე და ამგვარად დამიგროვდა წიგნები, რომლებიც უკვე წავიკითხე და მსურს შთაბეწდილება გაგიზიაროთ. მონაწილეთა შორის იყო მთარგმნელი მაია მირიანაშვილი, ქვემოთ მის მიერ თარგმნილ ორ ჯიბის წიგნზეც მოგახსენებთ ორიოდ სიტყვას.

ანა კორძაია-სამადაშვილი „შუშანიკის შვილები“ პატარა თბილისური ამბავია თავისი „პატარა“ პერსონაჟებით. ძველი ქალაქის ძველ ნაცნობ-მეგობრებს, თუ მეზობლებს ზოგჯერ შურთ ერთმანეთის, ზოგჯერ ჩხუბობენ, ხან ერთად ქეიფობენ, ხანაც ერთმანეთს ლანძღავენ, მაგრამ, რაც მთავარია, უერთმანეთოდ არ შეუძლიათ – ეს მათი ცხოვრებაა. „შუშანიკი სულებს აჩენს და თბილისის ოკრო-ბოკრო ქუჩებში უშვებს. შ. შ. ადვილად საცნობი ხალხია. მათ ადვილად მიატოვებენ ხოლმე, მაგრამ ძნელად ივიწყებენ. …შ. შ. სიხარული არიან, უაზრო, მაგრამ სიხარული. რომ გაიფიქრებ, ნეტა რა მიხარიაო, იცოდე – შუშანიკის შვილმა გვერდით ჩაგიარა.“

ეს ერთადერთი ფილოსოფიური ადგილია და ისიც წიგნის ყდაზეა გამოტანილი, მთელი მოთხრობა ამ სტილში დაწერილი არ გეგონოთ. მე მას უფრო ეთნო-ფსიქოლოგიურს ვუწოდებდი. გარემო, სადაც ვირთხისა და თაგვის სუნი ტრიალებს; ძველი, კარგი ცხოვრების ნაშთებითღა სულდგმულობენ პერსონაჟები, მაგრამ თავისებურად აქაც უყვართ ადამიანებს ერთმანეთი. ასე უბრალოდ წერენ დღეს პატარა ნაწარმოებებს, ასევე უბრალო მეტყველებით, რამაც შეიძლება მკითხველს ვერაფერი დიდი სიამოვნება მოგანიჭოს (ანუ, პერსონაჟთა ამგვარმა მეტყველებამ), მაგრამ ალბათ ამასაც აქვს თავისი მნიშვნელობა, თუნდაც იმისათვის, რომ ფსკერზე მყოფ ამ ადამიანთა საუბრის სტილი შემოინახოს.

თუმცა ერთ-ერთი პერსონაჟის ნათქვამი თავადაც მშვენივრად მენიშნა: „– აჰა, დავდივარ ქალაქში, რომელსაც სულ უფრო ნაკლებად ვცნობ და რომელშიც სულ უფრო ნაკლებად საყვარელი ადამიანი მეგულება. არ მინდა,მაგრამ მაინც დავდივარ,

აბა, რა ვქნა?“

რობერტ ვალზერი „ორი მოთხრობა“ (თარგმანი მ. მირიანაშვილისა). რობერტ ვალზერი შვეიცარიელი მწერალია, იგი მე-20 საუკუნის გარიჟრაჯზე მოღვაწეობდა.

ამ პატარა ჯიბის წიგნში, მთარგმნელისაგან საჩუქრად რომ მივიღე, შესულია მოთხრობები: „გასეირნება“ და „მარია.“ მოთხრობები ავტობიოგრაფიულია და „გასეირნებაში“ სწორედაც რომ დასეირნობს ავტორი და ამ სეირნობის ფონზე ცხოვრებისეულ ფილოსოფიას გვიზიარებს. ხან სადალაქოში შეივლის, ხან წიგნების მაღაზიაში ან ბანკში. ადამიანებს ესაუბრება და ზოგჯერ აბსურდული კამათით მათ პროვოცირებასაც არ ერიდება. განსაკუთრებულია მისეული ბუნების აღქმა, გასულიერებული და ახლობელი – ანუ პოეტის მზერით გაფაქიზებული.

როგორც მოგახსენეთ, სეირნობისას ავტორი თან  ფილოსოფიურად გვესაუბრაბა:

„…შემრცხვა, რომ მე ვსეირნობდი, მაშინ, როცა სხვები ჯაფასა და მუშაობაში იყვნენ ჩაფლულნი. თუმცა მეც ხომ ვმუშაობ, ვქმნი რაღაცას, თანაც მაშინ, როცა ყველა აქ მომუშავეს თავისუფალი საღამო აქვს და ისვენებს.“

ასევე ძალზე საინტერესოა, როგორ ადარებს მწერლის შრომას ომსა და მის ხელმძღვანელობას: „…დავრწმუნდი, რომ ომის გაძღოლის ხელოვნება ისევე რთულია, ისეთსავე მოთმინებას მოითხოვს, როგორსაც ლექსისა და მოთხრობის თხზვა. მწერლებსაც, ისევე, როგორც გენერლებს, დიდი მომზადება სჭირდებათ, ვიდრე წერას, ბრძოლის წამოწყებას გაბედავდნენ. უფრო სწორად, …შექმნილ წიგნსა თუ ნაწარმოებს წიგნის ბაზრამდე მიიტანენ. …წიგნებს მოჰყვება შეფასებები, ზოგჯერ ისეთი სასტიკი და დაუნდობელიც კი, რომ წიგნს ადგილზევე კლავს, ავტორს კი აეჭვებს.“

მოთხრობა „მარია“ ასევე სეირნობის დროს განცდილზე მოგვითხრობს; აქ ძირითადად ორი ქალის კონტრასტული ტიპია ნაჩვენები: დიასახლისი ფრაუ ბანდი და სიყვარულისა და სიცოცხლის ხალისის განსხეულება –მარია. თუ პირველი ცხოვრებამობეზრებული, მოწიფული ინტელექტუალია, მეორე – „სიზმრისეული არსება“. ვისი ხილვაც ბედნიერებით ავსებდა მწერალს. ამ მოთხრობის კითხვისას თავი ნოვალისისეულ ზღაპრის სამყაროში გეგონებათ: რომანტიკული გარემო, გასულიერებულ მცენარეთა გარემოცვაში მოსეირნე პოეტი, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ცხოვრების ფილოსოფიის იმ სიბრძნეს, რომ ჩვენ, ადამიანები „..თავს ვიტანჯავთ; რაღაც აკვიატებული ძიებითა და ლტოლვით ვართ შეპყრობილნი, …არც ვცდილობთ, თავს ოდნავადაც არ ვიწუხებთ, რომ გავთავისუფლდეთ ამისაგან. ჩვენი სწრაფვა ბედნიერებისაკენ აშკარად ბევრად უფრო მშვენიერია, …მნიშვნელოვანია, იქნებ ბევრად უფრო სასურველიცაა, ვიდრე თვით ბედნიერება.“

კარლ ზელიგი „ხეტიალი რობერტ ვალზერთან ერთად“ (თარგმანი მ. მირიანაშვილისა). რობერტ ვალზერისადმი ჩემი ინტერესი მასზე დაწერილმა წიგნმა შეავსო. თავისი სიცოცხლის ბოლო წლები მწერალმა სულით დაავადებულთა სახლში გაატარა, სადაც მას პერიოდულად სტუმრობდა კარლ ზელიგი, მისი მეურვე – მწერალი და კრიტიკოსი, იმავდროულად, ქველმოქმედი მრავალი შემოქმედი ადამიანისათვის. და ეს წიგნიც სწორედ მათი შეხვედრებისა და საუბრების ჩანაწერებია. ესაა ესთეტიკური აზროვნების არაჩვეულებრივი ნიმუში: „–დიალექტზე განზრახ არასოდეს დამიწერია,ეს მასების ლაქუცად მიმაჩნია. ხელოვანმა დისტანცია უნდა დაიჭიროს, მასებს ხელოვანისადმი მოკრძალება უნდა ჰქონდეთ.“ – ამ აზრის გათვალისწინება ალბათ ჩვენ თანამედროვე მწერლებსაც არ აწყენდათ.
ეს წიგნი თითქოს გაგრძელებაა მისი მოთხრობისა „გასეირნება“, მაგრამ ამ შემთხვევაში, კარლ ზელიგი გვიამბობს და რადგან აქ აზრთა გაზიარებასა აქვს ადგილი, უფრო საჭირბოროტო დიალოგები იმართება; საუბრობენ სტილზე, ქალებზე, პოლიტიკაზე, მხატვრობაზე და ა. შ.

ომის წლებში ერთ-ერთი სეირნობისას ვალზერი ასეთ რამეს ამბობს ჰიტლერზე: „ნეტავი როდის მოეღება ბოლო ამ შტერი ჰიტლერის სიჯიუტეს; იმას, ვინც ასე ააფრინეს ცაში, სხვა ბედი არც ეწევა, ისევ მიწაზე მოუწევს დახეთქება. ჰიტლერი ცინიკური თვითკმაყოფილებით არის ჰიპნოზირებული. ხალხის საკეთილდღეოდ ვეღარაფერს შეიგრძნობს.“ – როგორია, რას იტყვით?

მოკლედ, ძალზე ვისიამოვნე ამ პატარა წიგნით, მაიას თარგმანებიც ყოველთვის მხიბლავს, „ალი და ნინოდან“ მოყოლებული (ალბათ გახსოვთ).

ჩვენთვის, ვფიქრობ, დღესაც ძალზე აქტუალურია, მაგალითად, ეს ფრაზა: „ზოგი მღვდელი ისე იქცევა, თითქოს ისევ ლუთერის … ხანაში ცხოვრობდეს. თავი ასკეტებად მოაქვთ. ფიქრობენ, ტრადიციებს არ ვუღალატოთო. დღეს კი უფრო მნიშვნელოვანი რამეებია საჭირო! მაგალითად, უფრო ნაკლები ილაპარაკონ ღმერთზე და მეტი აკეთონ ისე, როგორც ღმერთს სწადია.“  წიგნებში, როგორც სკივრში, ისეა მარგალიტები ჩამალული და მათ აღმოჩენა ჭირდებათ. როცა ამგვარ მარგალიტებს აღმოაჩენ, და თან ისინი თუ შენს აზრებსაც ემთხვევა, ბედნიერი ხარ. ლიტერატურა ხომ ამ გზითაც გვჩუქნის ბედნიერებას: თურმე წლების წინ (1947 წ.

26 მაისი.) იყო კაცი, ვინც ამა თუ იმ საკითხზე შენსავით ფიქრობდა.

ასევე აქტუალურია და თითქმის ამომწურავი მისი მოსაზრებები სტალინზე. ზელიგი ამბობს,ნაშუადღევს გზაზე ხანგრძლივად ვილაპარაკეთ სტალინის იდუმალ გარდაცვალებაზეო. აი, რა უთქვამს პოეტს: „ის თავის ირგვლივ ყველას ნებას რთავდა, რომ მისთვის გუნდრუკი ეკმიათ, რაც ყოველთვის მზარავდა. გარს მარტო მონები ერტყა, ბოლოს გააღმერთეს. ჩვეულებრივ ადამიანად ცხოვრება უკვე აღარ შეეძლო. იქნებ მასში მართლაც იყო რაღაც გენიალური, მაგრამ ხალხს ურჩევნია, სასტიკმა პიროვნებამ მართოს. გენიაში მუდამ არის რაღაც ბოროტი, რაც ხალხმა ტკივილით, სისხლით, მარცხით უნდა ზიდოს.“

ამგვარი ბრძნულად თავშესაქცევი წიგნია კ. ზელიგის „ხეტიალი რობერტ ვალზერთან ერთად.“ ელიო ფროლიხის ბოლოსიტყვაობაში საუბარია კარლ ზელიგის ღვაწლზე არა მხოლოდ ვალზერის, არამედ მრავალი ხელოვანის მიმართ და მის ქველმოქმედებაზე. მან შეულამაზებლად შემოგვინახა წიგნში მწერლის ნააზრევი ამა

თუ იმ საკითხზე, რითაც დიდი ღვაწლი დასდო ლიტერატურის ისტორიას. ეს გახლდათ რ. ვალზერის სიცოცხლის ბოლო ათი წლის ჩანაწერები. თავად კარლ ზელიგმა მხოლოდ ხუთი წელი იცოცხლა ვალზერის გარდაცვალების შემდეგ.

გელა ჩქვანავა „ჭიანჭველები.“ ეს ცამეტი მოთხრობისაგან შემდგარი კრებულია. გელა ჩქვანავას აქამდე არ ვიცნობდი და მინდა ვთქვა, რომ სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. ესაა ევროპული და ქართული ნოველის ტრადიციის შესანიშნავი გაგრძელება. მას თან მოაქვს 70-იანი წლების რომანტიკა, თითქოს ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები მოულოდნელად, ბედისწერით გადაჯაჭვულნი აღმოჩნდებიან; შემდეგ ამბავს მოსდევს ღია დასასრული და პერსონაჟები თითქოს ჩვენში განაგრძობენ სიცოცხლეს. მინდა ავღნიშნო ავტორის ფაქიზი დამოკიდებულება ენისადმი, პასუხისმგებლობა მკითხველის მიმართ ( შეგრძნება იმისა, რომ მწერალი ხარ და არა უბრალოდ, ქუჩაში მოლაყბე), რაც უკვე ასეთი იშვიათობა გახდა დღეს: აზრის მხატვრულ მეტაფორად ქცევის უნარი. მაგ. „ნიაღვარი ციმციმ მოაქანებდა სიგარეტის ცარიელ კოლოფს.“ ან კიდევ ეს საოცარი ხატი: „მისი ღია ფერის ლაბადა წვიმის წვეთებით იწინწკლებოდა და თვალსა და ხელს შუა მუქდებოდა.“

გარდა ამისა, მკითხველს ხიბლავს დრამატული სიტუაციიდან სახალისო საკითხავის შექმნის საოცრად სხარტი მანერა. ძალზე ვიხალისე „საცობშიც“, „პარკშიც“ და ორ სადარბაზოში ერთდროულად გაჭედილ მეუღლეთა სიტუაციაზეც, დენი რომ ითიშება და მეუღლეები სხვადასხვაგვარად დაწყვილებულნი რომ იჭედებიან ლიფტში (სახურავზე ანტენის დასამაგრაბლად, სხვადასხვა საჭიროებებზე უხდებოდათ ასვლა-ჩასვლა). მათი შვილი კი წინ და უკან დარბის ამბების მისატანად, ან სატელეფონო ზარის განსახორციელებლად.

მთარგმნელთა კვირეულის ფარგლებში თანამედროვე ქართული ლიტერატურის მიმოხილვისას, შვეიცარიელმა ქალბატონმა რახელმა გელა ჩქვანავას ლიტერატურა ჰემინგუეის შეადარა. შესაძლოა, ჰემინგუეის ლიტერატურაზე აღზრდილი თაობა მისი გავლენისაგან არც იყოს თავისუფალი. ალბათ ესაც იგულისხმებოდა, ზემოთ ევროპული ნოველის ტრადიციაზე რომ მოგახსენეთ.

მალტე შუხარტი „გოეთეს ბიოგრაფიის მოტივები“ (თარგმანი რუსუდან ბეჟაშვილისა). ორიოდ სიტყვას ჩემ თარგმნილ წიგნზეც მოგახსენებთ, არაერთი ეგზემპლარი რომ გავაჩუქე ამ კვირეულის ფარგლებში; ასე რომ, ისიც ნაჩუქარ  წიგნებში ჩაითვლება.

ეს არის გოეთეს ბიოგრაფიის განსხვავებული გააზრება, კერძოდ, როგორ მივაწოდოთ მოზარდს იგი. ავტორი: პედაგოგი და ლიტერატორი მალტე შუხარტი გვთავაზობს, მოზარდს ბიოგრაფიები აუცილებლად დაბადებიდან გარდაცვალებამდე მოვლენების აღწერით კი არ შევასწავლოთ, არამედ, ავარჩიოთ ის ემოციური მომენტები, რაც მოზარდ ადამიანს თავის ასაკში ყველაზე მეტად აღელვებს. გოეთეს შემთხვევაში, წიგნში ყურადღება გამახვილებულია, მაგალითად, როგორ მიდის იგი ღმერთის რწმენამდე ძლიერი ავადმყოფობის შემდეგ. როგორ ეჭვიანობს შეყვარებულზე და სიცხიანი გარბის თეატრში, რათა ნახოს, თუ ვისთან ერთადაა მისი სატრფო. არანაკლები ხალისითაა ასახული მომენტი, როცა ყმაწვილი გოეთე ლამის ციხეში ხვდება, რადგან ერთ ყალთაბანდთა ჯგუფს დაუმეგობრდა და მათი თხოვნით, სასიყვარულო ბარათებს რითმავდა. იმათ კი ამ ბარათებით რეალური პიროვნებები შეცდომაში შეჰყავდათ. და ა. შ.

წიგნის ბოლოს, ყმაწვილი გოეთეს პიროვნების უკეთ წარმოსაჩენად, დავურთეთ თომას მანის წერილი „გოეთეს ვერთერი.“

მოკლედ, ეს გახლავთ გოეთეს ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი განსხვავებული წიგნი. და როგორც შესავალშიც მოგახსენეთ, მისი კითხვისას დიდ სიამოვნებას გისურვებთ!

არადა. რომ არა ეს პროფესიული კვირეული, ამ წიგნებზე ხომ არ ვისაუბრებდით?