ნაჩუქარი წიგნები

25 Sep

(მთარგმნელთა სამუშაო კვირეულის გამოძახილი)

სექტემბრის დასაწყისში გოეთეს ინსტიტუტში მთარგმნელთა სამუშაო კვირეული გაიმართა. ერთმანეთის პარალელურად მუშაობდა ორი ჯგუფი: გერმანულიდან ქართულად მთარგმნელები და ქართულიდან გერმანულად, რომლებიც ნაწყვეტებს თარგმნიდნენ თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებებიდან. (ეს იყვნენ ძირითადად შერეული ოჯახების წარმომადგენლები, ან ბედნიერი შემთხვევის წყალობით განსწავლული ქართველოლოგები). დღის მეორე ნახევარში ერთმანეთს ვუზიარებდით მუშაობის შედეგს და ვმსჯელობდით იმაზე, რაც ჩვენთვის ყველაზე რთული იყო იმ დღეს. ეს ძალზე სასარგებლო აზრთა ურთიერთგაზიარება იყო. მაგრამ ამჯერად სამუშაო პროცესზე არ ვაპირებ საუბარს. ბოლო დღეს ერთმანეთს ვჩუქნიდით ჩვენ თარგმნილ წიგნებს, მონაწილე ავტორები – თავის საკუთარს. სათარგმნ ავტორთა შორის იყვნენ ანა კორძაია-სამადაშვილი და გელა ჩქვანავა, რომელთაც ასევე წაიკითხეს ფრაგმენტები დასკვნით საღამოზე თავიანთ გერმანელ მთარგმნელებთან ერთად. ასე და ამგვარად დამიგროვდა წიგნები, რომლებიც უკვე წავიკითხე და მსურს შთაბეწდილება გაგიზიაროთ. მონაწილეთა შორის იყო მთარგმნელი მაია მირიანაშვილი, ქვემოთ მის მიერ თარგმნილ ორ ჯიბის წიგნზეც მოგახსენებთ ორიოდ სიტყვას.

ანა კორძაია-სამადაშვილი „შუშანიკის შვილები“ პატარა თბილისური ამბავია თავისი „პატარა“ პერსონაჟებით. ძველი ქალაქის ძველ ნაცნობ-მეგობრებს, თუ მეზობლებს ზოგჯერ შურთ ერთმანეთის, ზოგჯერ ჩხუბობენ, ხან ერთად ქეიფობენ, ხანაც ერთმანეთს ლანძღავენ, მაგრამ, რაც მთავარია, უერთმანეთოდ არ შეუძლიათ – ეს მათი ცხოვრებაა. „შუშანიკი სულებს აჩენს და თბილისის ოკრო-ბოკრო ქუჩებში უშვებს. შ. შ. ადვილად საცნობი ხალხია. მათ ადვილად მიატოვებენ ხოლმე, მაგრამ ძნელად ივიწყებენ. …შ. შ. სიხარული არიან, უაზრო, მაგრამ სიხარული. რომ გაიფიქრებ, ნეტა რა მიხარიაო, იცოდე – შუშანიკის შვილმა გვერდით ჩაგიარა.“

ეს ერთადერთი ფილოსოფიური ადგილია და ისიც წიგნის ყდაზეა გამოტანილი, მთელი მოთხრობა ამ სტილში დაწერილი არ გეგონოთ. მე მას უფრო ეთნო-ფსიქოლოგიურს ვუწოდებდი. გარემო, სადაც ვირთხისა და თაგვის სუნი ტრიალებს; ძველი, კარგი ცხოვრების ნაშთებითღა სულდგმულობენ პერსონაჟები, მაგრამ თავისებურად აქაც უყვართ ადამიანებს ერთმანეთი. ასე უბრალოდ წერენ დღეს პატარა ნაწარმოებებს, ასევე უბრალო მეტყველებით, რამაც შეიძლება მკითხველს ვერაფერი დიდი სიამოვნება მოგანიჭოს (ანუ, პერსონაჟთა ამგვარმა მეტყველებამ), მაგრამ ალბათ ამასაც აქვს თავისი მნიშვნელობა, თუნდაც იმისათვის, რომ ფსკერზე მყოფ ამ ადამიანთა საუბრის სტილი შემოინახოს.

თუმცა ერთ-ერთი პერსონაჟის ნათქვამი თავადაც მშვენივრად მენიშნა: „– აჰა, დავდივარ ქალაქში, რომელსაც სულ უფრო ნაკლებად ვცნობ და რომელშიც სულ უფრო ნაკლებად საყვარელი ადამიანი მეგულება. არ მინდა,მაგრამ მაინც დავდივარ,

აბა, რა ვქნა?“

რობერტ ვალზერი „ორი მოთხრობა“ (თარგმანი მ. მირიანაშვილისა). რობერტ ვალზერი შვეიცარიელი მწერალია, იგი მე-20 საუკუნის გარიჟრაჯზე მოღვაწეობდა.

ამ პატარა ჯიბის წიგნში, მთარგმნელისაგან საჩუქრად რომ მივიღე, შესულია მოთხრობები: „გასეირნება“ და „მარია.“ მოთხრობები ავტობიოგრაფიულია და „გასეირნებაში“ სწორედაც რომ დასეირნობს ავტორი და ამ სეირნობის ფონზე ცხოვრებისეულ ფილოსოფიას გვიზიარებს. ხან სადალაქოში შეივლის, ხან წიგნების მაღაზიაში ან ბანკში. ადამიანებს ესაუბრება და ზოგჯერ აბსურდული კამათით მათ პროვოცირებასაც არ ერიდება. განსაკუთრებულია მისეული ბუნების აღქმა, გასულიერებული და ახლობელი – ანუ პოეტის მზერით გაფაქიზებული.

როგორც მოგახსენეთ, სეირნობისას ავტორი თან  ფილოსოფიურად გვესაუბრაბა:

„…შემრცხვა, რომ მე ვსეირნობდი, მაშინ, როცა სხვები ჯაფასა და მუშაობაში იყვნენ ჩაფლულნი. თუმცა მეც ხომ ვმუშაობ, ვქმნი რაღაცას, თანაც მაშინ, როცა ყველა აქ მომუშავეს თავისუფალი საღამო აქვს და ისვენებს.“

ასევე ძალზე საინტერესოა, როგორ ადარებს მწერლის შრომას ომსა და მის ხელმძღვანელობას: „…დავრწმუნდი, რომ ომის გაძღოლის ხელოვნება ისევე რთულია, ისეთსავე მოთმინებას მოითხოვს, როგორსაც ლექსისა და მოთხრობის თხზვა. მწერლებსაც, ისევე, როგორც გენერლებს, დიდი მომზადება სჭირდებათ, ვიდრე წერას, ბრძოლის წამოწყებას გაბედავდნენ. უფრო სწორად, …შექმნილ წიგნსა თუ ნაწარმოებს წიგნის ბაზრამდე მიიტანენ. …წიგნებს მოჰყვება შეფასებები, ზოგჯერ ისეთი სასტიკი და დაუნდობელიც კი, რომ წიგნს ადგილზევე კლავს, ავტორს კი აეჭვებს.“

მოთხრობა „მარია“ ასევე სეირნობის დროს განცდილზე მოგვითხრობს; აქ ძირითადად ორი ქალის კონტრასტული ტიპია ნაჩვენები: დიასახლისი ფრაუ ბანდი და სიყვარულისა და სიცოცხლის ხალისის განსხეულება –მარია. თუ პირველი ცხოვრებამობეზრებული, მოწიფული ინტელექტუალია, მეორე – „სიზმრისეული არსება“. ვისი ხილვაც ბედნიერებით ავსებდა მწერალს. ამ მოთხრობის კითხვისას თავი ნოვალისისეულ ზღაპრის სამყაროში გეგონებათ: რომანტიკული გარემო, გასულიერებულ მცენარეთა გარემოცვაში მოსეირნე პოეტი, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ცხოვრების ფილოსოფიის იმ სიბრძნეს, რომ ჩვენ, ადამიანები „..თავს ვიტანჯავთ; რაღაც აკვიატებული ძიებითა და ლტოლვით ვართ შეპყრობილნი, …არც ვცდილობთ, თავს ოდნავადაც არ ვიწუხებთ, რომ გავთავისუფლდეთ ამისაგან. ჩვენი სწრაფვა ბედნიერებისაკენ აშკარად ბევრად უფრო მშვენიერია, …მნიშვნელოვანია, იქნებ ბევრად უფრო სასურველიცაა, ვიდრე თვით ბედნიერება.“

კარლ ზელიგი „ხეტიალი რობერტ ვალზერთან ერთად“ (თარგმანი მ. მირიანაშვილისა). რობერტ ვალზერისადმი ჩემი ინტერესი მასზე დაწერილმა წიგნმა შეავსო. თავისი სიცოცხლის ბოლო წლები მწერალმა სულით დაავადებულთა სახლში გაატარა, სადაც მას პერიოდულად სტუმრობდა კარლ ზელიგი, მისი მეურვე – მწერალი და კრიტიკოსი, იმავდროულად, ქველმოქმედი მრავალი შემოქმედი ადამიანისათვის. და ეს წიგნიც სწორედ მათი შეხვედრებისა და საუბრების ჩანაწერებია. ესაა ესთეტიკური აზროვნების არაჩვეულებრივი ნიმუში: „–დიალექტზე განზრახ არასოდეს დამიწერია,ეს მასების ლაქუცად მიმაჩნია. ხელოვანმა დისტანცია უნდა დაიჭიროს, მასებს ხელოვანისადმი მოკრძალება უნდა ჰქონდეთ.“ – ამ აზრის გათვალისწინება ალბათ ჩვენ თანამედროვე მწერლებსაც არ აწყენდათ.
ეს წიგნი თითქოს გაგრძელებაა მისი მოთხრობისა „გასეირნება“, მაგრამ ამ შემთხვევაში, კარლ ზელიგი გვიამბობს და რადგან აქ აზრთა გაზიარებასა აქვს ადგილი, უფრო საჭირბოროტო დიალოგები იმართება; საუბრობენ სტილზე, ქალებზე, პოლიტიკაზე, მხატვრობაზე და ა. შ.

ომის წლებში ერთ-ერთი სეირნობისას ვალზერი ასეთ რამეს ამბობს ჰიტლერზე: „ნეტავი როდის მოეღება ბოლო ამ შტერი ჰიტლერის სიჯიუტეს; იმას, ვინც ასე ააფრინეს ცაში, სხვა ბედი არც ეწევა, ისევ მიწაზე მოუწევს დახეთქება. ჰიტლერი ცინიკური თვითკმაყოფილებით არის ჰიპნოზირებული. ხალხის საკეთილდღეოდ ვეღარაფერს შეიგრძნობს.“ – როგორია, რას იტყვით?

მოკლედ, ძალზე ვისიამოვნე ამ პატარა წიგნით, მაიას თარგმანებიც ყოველთვის მხიბლავს, „ალი და ნინოდან“ მოყოლებული (ალბათ გახსოვთ).

ჩვენთვის, ვფიქრობ, დღესაც ძალზე აქტუალურია, მაგალითად, ეს ფრაზა: „ზოგი მღვდელი ისე იქცევა, თითქოს ისევ ლუთერის … ხანაში ცხოვრობდეს. თავი ასკეტებად მოაქვთ. ფიქრობენ, ტრადიციებს არ ვუღალატოთო. დღეს კი უფრო მნიშვნელოვანი რამეებია საჭირო! მაგალითად, უფრო ნაკლები ილაპარაკონ ღმერთზე და მეტი აკეთონ ისე, როგორც ღმერთს სწადია.“  წიგნებში, როგორც სკივრში, ისეა მარგალიტები ჩამალული და მათ აღმოჩენა ჭირდებათ. როცა ამგვარ მარგალიტებს აღმოაჩენ, და თან ისინი თუ შენს აზრებსაც ემთხვევა, ბედნიერი ხარ. ლიტერატურა ხომ ამ გზითაც გვჩუქნის ბედნიერებას: თურმე წლების წინ (1947 წ.

26 მაისი.) იყო კაცი, ვინც ამა თუ იმ საკითხზე შენსავით ფიქრობდა.

ასევე აქტუალურია და თითქმის ამომწურავი მისი მოსაზრებები სტალინზე. ზელიგი ამბობს,ნაშუადღევს გზაზე ხანგრძლივად ვილაპარაკეთ სტალინის იდუმალ გარდაცვალებაზეო. აი, რა უთქვამს პოეტს: „ის თავის ირგვლივ ყველას ნებას რთავდა, რომ მისთვის გუნდრუკი ეკმიათ, რაც ყოველთვის მზარავდა. გარს მარტო მონები ერტყა, ბოლოს გააღმერთეს. ჩვეულებრივ ადამიანად ცხოვრება უკვე აღარ შეეძლო. იქნებ მასში მართლაც იყო რაღაც გენიალური, მაგრამ ხალხს ურჩევნია, სასტიკმა პიროვნებამ მართოს. გენიაში მუდამ არის რაღაც ბოროტი, რაც ხალხმა ტკივილით, სისხლით, მარცხით უნდა ზიდოს.“

ამგვარი ბრძნულად თავშესაქცევი წიგნია კ. ზელიგის „ხეტიალი რობერტ ვალზერთან ერთად.“ ელიო ფროლიხის ბოლოსიტყვაობაში საუბარია კარლ ზელიგის ღვაწლზე არა მხოლოდ ვალზერის, არამედ მრავალი ხელოვანის მიმართ და მის ქველმოქმედებაზე. მან შეულამაზებლად შემოგვინახა წიგნში მწერლის ნააზრევი ამა

თუ იმ საკითხზე, რითაც დიდი ღვაწლი დასდო ლიტერატურის ისტორიას. ეს გახლდათ რ. ვალზერის სიცოცხლის ბოლო ათი წლის ჩანაწერები. თავად კარლ ზელიგმა მხოლოდ ხუთი წელი იცოცხლა ვალზერის გარდაცვალების შემდეგ.

გელა ჩქვანავა „ჭიანჭველები.“ ეს ცამეტი მოთხრობისაგან შემდგარი კრებულია. გელა ჩქვანავას აქამდე არ ვიცნობდი და მინდა ვთქვა, რომ სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. ესაა ევროპული და ქართული ნოველის ტრადიციის შესანიშნავი გაგრძელება. მას თან მოაქვს 70-იანი წლების რომანტიკა, თითქოს ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები მოულოდნელად, ბედისწერით გადაჯაჭვულნი აღმოჩნდებიან; შემდეგ ამბავს მოსდევს ღია დასასრული და პერსონაჟები თითქოს ჩვენში განაგრძობენ სიცოცხლეს. მინდა ავღნიშნო ავტორის ფაქიზი დამოკიდებულება ენისადმი, პასუხისმგებლობა მკითხველის მიმართ ( შეგრძნება იმისა, რომ მწერალი ხარ და არა უბრალოდ, ქუჩაში მოლაყბე), რაც უკვე ასეთი იშვიათობა გახდა დღეს: აზრის მხატვრულ მეტაფორად ქცევის უნარი. მაგ. „ნიაღვარი ციმციმ მოაქანებდა სიგარეტის ცარიელ კოლოფს.“ ან კიდევ ეს საოცარი ხატი: „მისი ღია ფერის ლაბადა წვიმის წვეთებით იწინწკლებოდა და თვალსა და ხელს შუა მუქდებოდა.“

გარდა ამისა, მკითხველს ხიბლავს დრამატული სიტუაციიდან სახალისო საკითხავის შექმნის საოცრად სხარტი მანერა. ძალზე ვიხალისე „საცობშიც“, „პარკშიც“ და ორ სადარბაზოში ერთდროულად გაჭედილ მეუღლეთა სიტუაციაზეც, დენი რომ ითიშება და მეუღლეები სხვადასხვაგვარად დაწყვილებულნი რომ იჭედებიან ლიფტში (სახურავზე ანტენის დასამაგრაბლად, სხვადასხვა საჭიროებებზე უხდებოდათ ასვლა-ჩასვლა). მათი შვილი კი წინ და უკან დარბის ამბების მისატანად, ან სატელეფონო ზარის განსახორციელებლად.

მთარგმნელთა კვირეულის ფარგლებში თანამედროვე ქართული ლიტერატურის მიმოხილვისას, შვეიცარიელმა ქალბატონმა რახელმა გელა ჩქვანავას ლიტერატურა ჰემინგუეის შეადარა. შესაძლოა, ჰემინგუეის ლიტერატურაზე აღზრდილი თაობა მისი გავლენისაგან არც იყოს თავისუფალი. ალბათ ესაც იგულისხმებოდა, ზემოთ ევროპული ნოველის ტრადიციაზე რომ მოგახსენეთ.

მალტე შუხარტი „გოეთეს ბიოგრაფიის მოტივები“ (თარგმანი რუსუდან ბეჟაშვილისა). ორიოდ სიტყვას ჩემ თარგმნილ წიგნზეც მოგახსენებთ, არაერთი ეგზემპლარი რომ გავაჩუქე ამ კვირეულის ფარგლებში; ასე რომ, ისიც ნაჩუქარ  წიგნებში ჩაითვლება.

ეს არის გოეთეს ბიოგრაფიის განსხვავებული გააზრება, კერძოდ, როგორ მივაწოდოთ მოზარდს იგი. ავტორი: პედაგოგი და ლიტერატორი მალტე შუხარტი გვთავაზობს, მოზარდს ბიოგრაფიები აუცილებლად დაბადებიდან გარდაცვალებამდე მოვლენების აღწერით კი არ შევასწავლოთ, არამედ, ავარჩიოთ ის ემოციური მომენტები, რაც მოზარდ ადამიანს თავის ასაკში ყველაზე მეტად აღელვებს. გოეთეს შემთხვევაში, წიგნში ყურადღება გამახვილებულია, მაგალითად, როგორ მიდის იგი ღმერთის რწმენამდე ძლიერი ავადმყოფობის შემდეგ. როგორ ეჭვიანობს შეყვარებულზე და სიცხიანი გარბის თეატრში, რათა ნახოს, თუ ვისთან ერთადაა მისი სატრფო. არანაკლები ხალისითაა ასახული მომენტი, როცა ყმაწვილი გოეთე ლამის ციხეში ხვდება, რადგან ერთ ყალთაბანდთა ჯგუფს დაუმეგობრდა და მათი თხოვნით, სასიყვარულო ბარათებს რითმავდა. იმათ კი ამ ბარათებით რეალური პიროვნებები შეცდომაში შეჰყავდათ. და ა. შ.

წიგნის ბოლოს, ყმაწვილი გოეთეს პიროვნების უკეთ წარმოსაჩენად, დავურთეთ თომას მანის წერილი „გოეთეს ვერთერი.“

მოკლედ, ეს გახლავთ გოეთეს ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი განსხვავებული წიგნი. და როგორც შესავალშიც მოგახსენეთ, მისი კითხვისას დიდ სიამოვნებას გისურვებთ!

არადა. რომ არა ეს პროფესიული კვირეული, ამ წიგნებზე ხომ არ ვისაუბრებდით?

14 Responses to “ნაჩუქარი წიგნები”

  1. მოლი ბლუმი September 25, 2012 at 11:04 am #

    “შუშანიკის შვილები”❤ როგორ მომწონს🙂 ოღონდ, მე უფრო გროტესკი მგონია.

    ანა იყო მანდ? მერე, რა დროს სემინარი და მუშაობაა, წამო, პეპლების გადაფრენას ვუყუროთო, არ უთქვამს?

  2. rusa111 September 25, 2012 at 1:55 pm #

    მართალი ხარ, მასეც შეიძლება შეხედო. ისე ანასი მე სტატიები უფრო მომწონდა >ცხელ შოკოლადში”.

    არ უთქვამს,კარგად იქცეოდა!

    • watching panda September 25, 2012 at 4:59 pm #

      გელა ჩქვანავა ჩემი ფავორიტი თანამედროვე ქართველი მწერალია (მცირე პროზაში მითუმეტეს🙂 ). მის კიდევ ერთ კრებულს “კოლორიტებს” დაჟინებით გირჩევთ, მართლა ძალიან სასიამოვნო, მსუბუქი და ნოსტალგიურია, მხოლოდ ბოლოში შემოდის ის, რაც აფხაზეთზე უკვე ყველამ ვიცით (მე ისე მომეწონა, რომ პოსტიც კი დავწერე). ძალიან მწყდება გული, რომ ბევრმა არ იცის ამ მწერლის შესახებ…

  3. rusa111 September 25, 2012 at 6:02 pm #

    ხო, ძალიან მორცხვია, ბოლო დღეს რომ მოიწვიეს, გაკვირვებული კითხულობდა,ვის მოუვიდა თავში ჩემი მოთხრობის თარგმნაო. გვარი და სახელი კი მესმოდა, მაგრამ ახლა პირველად წავიკითხე.

  4. Kejeradze September 29, 2012 at 8:41 pm #

    “შუშანიკის შვილების” სათაურმა რატომღაც სხვანაირად განმაწყო… შინაარსი მოულოდნელი მეჩვენა🙂
    გელა ჩქვანავას და ჰემინგუეის მსგავსებაზე არ მიფიქრია, მაგრამ ორივეს კი ვაფასებ (რა თქმა უნდა, სხვადასხვანაირად)🙂

  5. rusa111 September 30, 2012 at 3:49 pm #

    მეც ასევე ზუსტად, პირველ წიგნს ვგულისხმობ. შვეიცარიელმა ქალბატონმა დამაფიქრა გელა ჩქვანავასა და ჰემინგუეის მსგავსებაზე. ალბათ ლირიული ღია დასასრულითაც და რაღაც “სხვანაირი” ადამიანური ურთიერთობებით.

  6. nanatchigladze2012 October 1, 2012 at 8:04 am #

    ბროწეულებმა სექტემბრის პირველი კვირა გამახსენა და ლიტერატურის მუზეუმის ბაღი. . . ” ნაჩუქარი წიგნებიდან” მეც შემხვდა რამდენიმე .

    მალტე შუხარტის „გოეთეს ბიოგრაფიის მოტივები “ ეს-ესაა წავიკითხე და ვფიქრობ, სასარგებლო წიგნია პედაგოგებისთვის, ყველასთვის , ვინც ლიტერატურას ასწავლის, სულერთია, ქართულსა , თუ უცხოურს;

    ბევრ სასარგებლო რჩევას მიიღებს ისიც, ვინც ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებით სხვადასხვა ასაკის მოსწავლეების აღფრთოვანებას ცდილობს და არ გამოსდის 🙂

  7. nanatchigladze2012 October 1, 2012 at 8:10 am #

    Reblogged this on nanatchigladzeblog.

  8. rusa111 October 1, 2012 at 5:13 pm #

    ნანა, შენი გამოჩენა ძალიან გამიხარდა; მადლობა ჩემი წიგნის კომენტირებისათვის. დანარჩენები მეილებით მითვლიან თავის მოსაზრებებს, კომენტარების დადება ვერ ვასწავლე.

  9. Nino October 11, 2012 at 10:42 am #

    ამ წიგნებიდან შენი გოეთე მაქვს წაკითხული, მართლა ბევრი ახალი გავიგე გოეთეს ცხოვრებიდან, ხალისით იკითხება!

  10. lia111 October 18, 2012 at 4:22 pm #

    მეც მხოლოდ გოეთე მაქვს წაკითხული. მე მგონი საკმაოდ საინტერესო წიგნია, განსაკუთრებით პედაგოგებისთვის.

  11. rusa111 October 19, 2012 at 12:58 pm #

    მართალია, ძირითადად პედაგოგებისთვისაა, მაგრამ გოეთეს ცხოვრებით დაინტერესებულ ყველა მკითხველს დააინტერესებს.

  12. lia111 October 21, 2012 at 7:44 am #

    სოხუმელებისგან გამიგია: სოხუმელი, სუხუმჩანინ – განსაკუთრებული მოვლენაა; ჩვენ ერთმანეთს მეტყველებით, სიარულის მანერით, ჩაცმის სტილითაც კი ადვილად ვცნობთო. გელა ჩქვანავა ასეთი სუხუმჩანინი მგონია.
    ”ვიტია სოხუმს არ დაბომბავდა, იქ ხომ მე ვეგულებოდიო” – თითქოს მიამიტური, გულუბრყვილო, ამავე დროს კი მრავლისმნახველი კაცის კაცთმოყვარეობა, რწმენა, ოპტიმიზმი, სევდა, იუმორი, ირონია . . .
    ბედისწერული კავშირებიც საინტერესოდაა აღწერილი. ძალიან მომეწონა. რაღაცით ჯემალ თოფურიძის მოთხრობები გამახსენა.

  13. rusa111 October 21, 2012 at 8:56 am #

    ჰო, საინტერესოა, ალბათ ეგაც.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: