Archive | ივლისი, 2012

მარი ლუიზე კაშნიცი “ადამ და ევა.”

19 ივლ

Image

მარი ლუიზე კაშნიცი

  

                                                ადამ და ევა

როცა ადამ და ევამ სამოთხე დატოვეს, ერთხანს თავს ცუდად გრძნობდნენ. როგორც ამბობენ, გარეთ ცხოველები იყვნენ ავები, ნიადაგი ქვიანი, კლიმატი კი — მკაცრი.  ადამ და ევამ კი მხართეძოზე წოლის გარდა, ხომ არაფერი იცოდნენ და მუშაობაც ძალზე უჭირდათ. როგორც იტყვიან, ის იყო მწვანე ტოტზე დასხდნენ, რომ მაშინვე უბედურება დატრიალდა მათ ვაჟებს შორის, რომლებიც ეტყობა ცუდად აღზარდეს. ასე იყო თუ ისე, თვითკმაყოფილი აბელი ახლა კორდებში ეგდო, მოძალადე კაენი კი სადღაც დაეხეტებოდა და აბა მშობლებს ახლაც ენახათ, როგორ გავიდოდნენ ფონს მებაღე აბელისა და მონადირე კაენის გარეშე. შემდეგ მათ სხვა შვილებიც წამოეზარდნენ, და შემდეგ კიდევ სხვანი, ყოველ შემთხვევაში, მე ეს ასე წარმომიდგენია, მაშინაც კი, როცა ადამ და ევა უკვე საკმაოდ მოხუცდნენ, სულ მთლად დაჩაჩანაკებამდე. ამ დროისათვის, მათ, ცხადია, უკვე რა ხანია ჰქონდათ სახლი და ევაც პალმის ფოთლების წინსაფრით აღარ დაიარებოდა.              ორივეს თუმცა ედემის ბაღზე  ბუნდოვანი მოგონებაღა შემორჩენოდა, მაინც სულ იმას ბაძავდნენ, რაც ოდესღაც იქ ენახათ; მაგალითად, როცა ჭა ამოთხარეს, რაც სიცოცხლის წყალს აგონებდათ, გააშენეს ბაღი და მოაშინაურეს ცხოველები, შემოღობილ გარემოში მშვიდობიანად რომ ცხოვრობდნენ, ისევე როგორც სამოთხის ცხოველები. ყოველივე ეს იქნებ არასრულყოფილიც იყო, მაგრამ  მათ მუშაობა სიხარულს ჰგვრიდა, საღამოს კი გარს შემოუვლიდნენ და იმაზე ფიქრობდნენ, კიდევ რა იყო საკეთებელი. დროთა განმავლობაში ისინი ძალზე თვითკმაყოფილ ადამიანებად იქცნენ; ადამს ზოგჯერ იმგვარი  გრძნობაც კი ეუფლებოდა, თითქოს ღმერთი ყოფილიყო.

ამიტომაც ძალზე განიცადა, როცა შეიტყო, რომ  ერთ მშვენიერ დღეს უნდა მოკვდეს! ისე კი არ მომხდარა, რომ რაიმე ცნობა ან ნიშანი მიეღო, უბრალოდ, ერთ საღამოს იხილა, თუ როგორ დაეცა ერთ-ერთი ცხოველი მისი ნახირიდან მკვდარი და რადგან ამ დიდ ძლიერ ვაცს საკუთარ თავს ხშირად ადარებდა, გაიფიქრა, რომ  იგი ამ მხრივ ამ ცხოველზე არც რამით მეტია და არც უკეთესი.  როცა მან ეს გაიაზრა, საკუთარ არსებაში ათასგვარი ნაკლი შენიშნა, რასაც მანამდე არ სცნობდა: თვალის სისუსტე, ხელის კანკალი, სმენის დაქვეითება. ეს სიკვდილია, გაიფიქრა თავზარდაცემულმა, როცა იმ საღამოს რაღაც მყიფე საგანი ხელიდან გაუსხლტა. რა დაგემართა?  — ჰკითხა ევამ რადგან იგი გაქვავებული იდგა, როცა ქალი ნამსხვრევებს აგროვებდა. კითხვა: – რა დაგემართა? – ევამ შემდგომ ხანებშიც რამოდენიმეჯერ დაუსვა მას,  რადგან ადამმა უცნაურად მოქცევა დაიწყო. უპირველეს ყოვლისა, ღამით უძილობა დასჩემდა, მოუსვენრად წრიალებდა ხან ერთ, ხან მეორე მხარეს, ან კიდევ ზურგზე იწვა მდუმარედ და ჭერს მიშტერებოდა. ძილი არ ეკარებოდა, რადგან ბევრი საფიქრალი ჰქონდა; მაგრამ ეს ფიქრები, მისთვის აგრე რიგად ძილი რომ გაეკრთო, როდი გახლდათ დიდებული — სიკვდილზე ან ღმერთზე, ისინი უფრო საშინელი სიჯიუტისკენ იხრებოდა, სახლის წვრილმან საზრუნავისკენ: იქნებოდა ეს სარწყავი მოწყობილობის გაუმართაობა, თუ დაზიანებული ადგილი ჭერში, როცა უკვე ინათებდა და სახლში ყველანი თავიანთ საქმიანობას შეუდგებოდნენ, მას საშინელი დაღლილობა ეუფლებოდა და ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ საუზმის შემდეგ  მაშინვე ისევ წვებოდა და კარგა ხანს საწოლში რჩებოდა.  ეს ამბავი თავად მასაც მეტად აოცებდა, მაგრამ კიდევ უფრო საკვირველი იყო მისი მგრძნობელობა, დღის განმავლობაში გარკვეული ხმების მიმართ.  ძაღლის ყეფა აცოფებდა, თუთიყუშის ყრანტალი _ კიდევ უფრო მეტად.  ასევე მაიმუნების საშინელი ყვირილი, სახლის უკან რომ თამაშობდნენ. სჯეროდა, რომ ისინი ამ სულელურ ხმაურს სწორედ მის გასარისხებლად ტეხდნენ. ასევე ბავშვებიც კი, ყოველ ნაბიჯზე უგუნებობას იწვევდნენ მასში, განსაკუთრებით მოზარდები. თავში აზრად გაუელვებდა, რომ ისინი რაღაც იდიოტურ გამოთქმებს განუწყვეტლივ მოურიდებლად იმეორებდნენ და მჭექარე ხმით მდარე სიმღერებს გამაღიზიანებლად ხმამაღლა მღეროდნენ.

ბოლოს და ბოლოს მე ვარ მამა და კაცი, ვინც რაღაც შექმნა, ახლა ის ცუდადაა და უფლება აქვს, მოითხოვოს, პატივი სცენ. — ფიქრობდა თავისთვის. ეს რაღაც ახალი იყო მასში, ამგვარი აზრები, ასევე სურვილი იმისა,  რომ იქაურობას გასცლოდა,  სადაც არ აფასებდნენ და მის სიტყვასაც არად აგდებდნენ. რამდენჯერმე ღამით ხან ერთ, ხან მეორე მხარეს აწყდებოდა, ბოლოს, ამ ხეტიალში მიხვდა, რომ რაღაც კონკრეტულს ეძებდა; კერძოდ, ედემის ბაღის ჭიშკარს, რომელსაც პირველ ხანებში ამ ხეტიალისას ზოგჯერ აწყდებოდა კიდეც, ჩამავალი მზის მეწამულ ფონზე ანგელოზნი რომ დარაჯობდნენ ღრუბლის ქულებივით ქათქათა ფრთებით, მოელვარე ნაცრისფერში ესოდენ მშვენივრად რომ გამოკრთოდა. ერთხელაც ჭიშკარი იქ აღარ დაუხვდა, სადაც ეგულებოდა და მანაც ძებნა მალე შეწყვიტა.  მხოლოდ გარეთ გასვლის საბაბით, აწარმოებდა შემოვლას, ყველაფერს ათვალიერებდა, რაც კი გაუკეთებია, და აღარ მოსწონდა ისინი. აკვირდებოდა საკუთარ შვილებს და ისინი ზარმაცებად, ქარაფშუტებად და უუნაროდ მიაჩნდა საიმისოდ, რომ მისი დაწყებული საქმე გაეგრძელებინათ, ის საქმე, რისი დასრულებაც მეტ-ნაკლებად ვერ მოახერხა. ყოველივე ამაზე საუბარი ევასთანაც სცადა, მაგრამ ქალს ამაზე მხოლოდ გაეცინა და კაცი მისი გულგრილობით ძლიერ გულნატკენი დარჩა.

შემდგომ ხანებში კი მას სულ უფრო მეტი მიზეზი რჩებოდა ცოლით უკმაყოფილებისა. როცა, მისი გაუცხოების მიუხედავად,  ევა სიყვარულითა და მზრუნველობით ექცეოდა, ცდილობდა, მშვიდი გარემო შეექმნა, ქმარს იგი დღითიდღე უფრო გულცივი ეჩვენებოდა.  განწყობა ევას შესანიშნავი ჰქონდა და არც მადას უჩიოდა, თუმცა არც ის იყო ადამზე ახალგაზრდა, ღამითაც მშვიდად ეძინა.  როცა კაცი ხმაურს უჩიოდა, ქალს სახეზე გაოცება ეხატებოდა,  ხოლო როცა იგი ამინდზე  ბუზღუნებდა,– მალე ისევ გამოიდარებსო, ეტყოდა ქმარს,  და ამ ნათქვამით ცოლი თითქოს თავიდან იშორებდა მის სევდასა თუ შიშს. ერთადერთი, რაც მას ჯერ კიდევ რჩებოდა, თავისი ახირების სფეროში,  სასაცილო კალიების საუფლო იყო, რომელთაც ყურადღებას არავინ აქცევდა. სულ ცოტაღა აკლდა, რომ ქალს ეთქვა: ,,ოჰ, გაჩუმდი ბოლოს და ბოლოს!” ეს მაინც მითხრასო, ფიქრობდა ადამი, ესეც ერთი გარისხება იყო საკუთარი სილაჩრის გამო, მეუღლის მხრიდან ამგვარი გულგრილობა ადამს გულს უღრღნიდა. ყველაფრის მიუხედავად, ის ვერ გაჩერდებოდა.  ამ გასაჭირის ამოთქმა მისთვის ისევე აუცილებელი იყო, როგორც კვამლი ცეცხლისათვის. ესეც ხომ ამ შინაგანი წვის შემადგენელი ნაწილი იყო.  ისე, რომ ერთხელაც  მან საუბარი იმ ხმით განაგრძო,  რომელიც თავადვე სძულდა, რადგანაც ის  ბუზღუნით ჟღერდა. ჩიოდა მზის  და წვიმის გამო,  მოთქვამდა სარეველებსა და მავნებლებზე, ასევე ბავშვებზე. ევა პირველ ხანებში ეუბნებოდა, ეს ხომ  არც ისე საშინელიაო, შემდეგ კი ამასაც აღარ ამბობდა…  ქალი მას სულ აღარ  უსმენდა.

 ეს გრძნობა  მართლაც საშინელია  კაცისთვის, ვინც გაიაზრა, რომ მისი ცხოვრება მარადიული არ არის, ის უნდა მოკვდეს; და ამ გადმოსახედიდან თავის ყველა ნამოქმედარს ეჭვქვეშ აყენებს.  ეს საშინელება იყო ადამისთვის, რომელიც ახლა  ირგვლივ დაიარებოდა და ყოველივედან,  რაც კი შეუქმნია, თვალში არაფერი მოსდიოდა და უკვე ჩვეული დარდიდან კიდევ ცხარე პრეტენზიებს  გამოუხმობდა ხოლმე.  მაგრამ როგორც შემდგომ გაირკვა, ეს როდი იყო მისთვის ყველაზე უფრო საშინელი რამ, რადგან გულგრილობაზე უფრო მეტად საშიში ხომ ღალატია.

სავარაუდოა, რომ ადამმა, თუმცა  ბევრი რამ იცოდა, მაგრამ  მსგავსი  რამ ცხოვრებაში არ გამოეცადა. ის ხომ ერთადერთი კაცი იყო, ვინც ევასათვის მოიაზრებოდა, რადგან ირგვლივ მხოლოდ მისი ვაჟები და შვილიშვილები იყვნენ. თუმცა ადრე, სანამ ევა სადმე  მარტო წავიდოდა  და დიდხანს რჩებოდა, მას მაინც მოუსვენრობა ეტყობოდა. ხოლო უკან დაბრუნებულ ევას სახე ყოველთვის განსაკუთრებით უბრწყინავდა და სიყვარულით აღსავსე იყო. თან ყოველთვის რაღაც უჩვეულო მოჰქონდა. ამ დროს ადამი გრძნობდა, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ამ ქალისაგან სიყვარულისა და გულითადობის გარდა, სხვა არა განუცდია რა. მაგრამ იმ მომენტში, როცა საკუთარი ბედნიერება გაიაზრა, მისთვის ეს ბედნიერება უკვე ჩავლილი იყო.                აქამდე მას ევას თვალებში მოღალატე მზერა არ უგრძვნია. ევა მისგან სხვა მხარეს ხომ არასოდეს შებრუნებულა, რათა ყური სხვა ხმისთვის მიეპყრო. ახლა იგრძნო ეს ყოველივე, ეჭვიანობის მთელი ტანჯვა-წამება, მაგრამ ეს ვინმე საყვარელი კი არა, არამედ რაღაც ფანტომი იყო მისი მეტოქე; კაცი კი არა, ვისთანაც შეეძლო ეომა, ებრძოლა, არამედ სიყვარულის სიზმარეული ხატი და უბრალოდ, ცხოვრება თავად.

იგი მშვენივრად ხედავდა, რომ ევა სიყმაწვილისა და სიცოცხლისაკენ იყო მიდრეკილი. ერთხელ შენიშნა, ქალი ბავშვებს სიტყვებით კი არ მიმართავდა, არამედ საოცრად იდუმალი სინაზით, ნდობით აღსავსე კეთილი მზერით უმზერდა მათ. როცა ადამმა ერთ-ერთი ასეთი მზერა დაიჭირა, შეკრთა, როგორც რაღაც უეცარი დარტყმისას ხდება ხოლმე. ამ დროიდან მოყოლებული, მან ყველაფრისადმი ნდობა დაკარგა, – ირგვლივ ყოველივეს აყურადებდა და სახლში ფეხაკრეფით დადიოდა. ერთხელ, როდესაც ევასთან მცხუნვარე მზის გამო მოთქვამდა, დაინახა ქალი როგორ აფიცხებდა სახესა და ხელებს თითქოს სწორედ იმას, რაც მას ასე აწუხებდა, ანუ მისი ტანჯვა ქალისათვის სიხარული იყო.  ამგვარი დაკვირვების შედეგად მიტოვებული საპყარის განცდა კიდევ უფრო მეტად ეძალებოდა.  იმ დროს იხსენებდა, როცა ორივენი ჯერ კიდევ მარტო იყვნენ, საშინლად მარტონი და ერთმანეთზე მიჯაჭვულნი. მაშინ დაიფიცეს, ერთმანეთი არასოდეს მიეტოვებინათ. ახლა ევა ისევ მის მხარეს იყო, არსად წასულა, მაგრამ ადამი ფიქრობდა, რომ ქალი მას დაშორდა და ყოველდღე სულ უფრო ღრმავდებოდა უფსკრული მათ შორის.       ამ საშინელ უნდობლობაში ადამი ყოველი დაშორების წვრილმანებს გულმოდგინედ ინახავდა გულში. თითქოს იმასაც ამჩნევდა, რომ მის სიტყვებზე ევას ნაკვთებს ჩუმი მოუსვენრობა გადაურბენდა ხოლმე.როცა ქალი ეტყოდა, დიდი ხნით გავდივარო, მის ბაგეთაგან თითქოს შვების ღიმილი გამოკრთოდა, ხოლო როცა გაშორდებოდა, მისი ხმა, შორიდან ისევ რომ მოესმოდა, თითქოს უფრო ხალისიანად და ლაღად ჟღერდა. ერთხელ, როცა სავახშმოდ ისხდნენ, თვალი ჰკიდა და შენიშნა, რომ ქალს კანი მობერებოდა, თმაშიც ჭაღარა შეჰპარვოდა; ასევე შეატყო, რომ სახსრები სტკიოდა და ძველებურად თავისუფლად და მხნედ ვეღარ მოძრაობდა. ის ჩემზე ახალგაზრდა როდია, ფიქრობდა კაცი, მაგრამ ისე იქცევა, თითქოს უსაზღვრო დრო ედოს წინ — მარადიული დრო. შემდეგ კი უცებ გაიფიქრა: — მან ხომ არაფერი იცის, მან ეს არ იცის და კაცი მისმა გულუბრყვილობამ გააბრაზა.                ჭამის შემდეგ ევა ისევ გარეთ გავიდა ეზოში ბავშვების სათამაშოების მოსაგროვებლად. ადამი თან გაჰყვა, მასთან  გაჩერდა და ქალს მავედრებელი  მზერა მიაპყრო.  — დაბერდი ჩემთან ერთად, ჩემთან ერთად მოხუცდი! — მაგრამ ცხადია, ეს სიტყვები არ წარმოუთქვამს. ამის ნაცვლად, კოღოებზე ჩივილს მოჰყვა ველური და სასოწარკვეთილი ხმით. — შენ ხომ სულ რაღაც გაწუხებს, — უთხრა ევამ და თავი გააქნია.

იმ ღამეს ადამმა გადაწყვიტა  ევასთვის ეთქვა, რომ ის მოკვდავია და ერთხელაც იქნება, აღესრულება. შესაძლოა, ეს ჯერ იმის გამო არ მოიმოქმედა, რომ მთვარის შუქი ოთახში ძალზე ნათლად ასხივებდა და თან სწორედ ევას სახეზე ეფინა და ეს სახე იმგვარად სავსე იყო ცხოვრების ხიბლით გასხივოსნებული ღიმილით ძილში. მაგრამ ამ სახემ ადამში, ვინც მრავალი საათი უძილობაში გაატარა, შურისძიების ბნელი სურვილი აანთო. მან ევა გააღვიძა, ქალმა თვალები მოიფშვნიტა და ჰკითხა: ბავშვებს ხომ არ უჭირთ რამეო. — ჩვენ უნდა მოვკვდეთ, — უთხრა ადამმა, თან ისეთ გუნებაზე იყო, თითქოს ეს არის კვდებაო, — ესეც ახალი ამბავი, — უთხრა ევამ დამცინავად, — ეგ რა ხანია, ისედაც ვიცი! — მერე ამაზე არ გიფიქრია? — ჰკითხა ადამმა, როგორც კი ამ მოულოდნელი პასუხისაგან სული მოითქვა. — რასაც კი აქ დავტოვებთ, ყოველივე არასრულყოფილია და გახვრეტილი გროშის ფასი აქვს. — ვიღაცა ხომ დაასრულებს, — მიუგო ევამ. — ჩვენი შვილები ზანტები და ქარაფშუტები არიან. — მკაცრი ტონით თქვა ადამმა. — მათ არ იციან, რა არის შრომა და თავს დაიღუპავენ. — მათგან რაღაც მაინც გამოვა, — თქვა ევამ, — და ნეტა რაღა გამოვა ჩვენგან? — ჰკითხა ადამმა და თავი ხელებში ჩარგო.          — ჩვენ ისევ ერთად დავრჩებით, — მიუგო ევამ, —  ბაღში დავბრუნდებით. — ადამს ხელები ყელზე შემოხვია და სიყვარულით სავსე მზერა მიაპყრო. — ბაღი განა ისევ იქაა? — ჰკითხა გაოცებულმა ადამმა. — რა თქმა უნდა, — უპასუხა ევამ. — საიდან იცი?   — როგორ ფიქრობ, საიდან მქონდა ის ნერგები, შენ რომ მოგიტანე, ან ცეცხლოვანი შროშანის ბოლქვები საიდან მქონდა? ან კიდევ ის მშვენიერი მბრწყინავი ქვა, როგორ გგონია, საიდან? — კი მაგრამ, საიდან გქონდა ყოველივე ეს? — ანგელოზებმა   გადმომიგდეს ჭიშკრიდან. როდესაც იქ მივალთ, ანგელოზებს დავუძახებ და ჭიშკარს გამიღებენ. — უთხრა ევამ.

ადამმა თავი ნელა ჩაქინდრა, რადგან თვალწინ რაღაც შორეულმა და ბუნდოვანმა მოგონებამ გადაურბინა, — ჰო, სწორედ შენ გაგიღებენ! უთხრა მან და სიცილი დაიწყო ხმამაღლა და გულიანად, პირველად, ვინ იცის, რამდენი ხნის შემდეგ.

გერმანულიდან თარგმნა  რუსუდან ბეჟაშვილმა.

Advertisements

ნორვეგიული ხის ეკლესიები

16 ივლ

 

 რუსუდან ბეჟაშვილი

                                                      მითი და რეალობა

                                   ნორვეგიული ხის ეკლესიები – Stabkirchen

 

(დან ლინდჰოლმის წიგნის მიხედვით)

ნორვეგია, ეს მშვენიერი ქვეყანა, ,,ჩრდილოეთის გზა“ რომ ჰქვია, ბევრი რამით აღგვაფრთოვანებს; და ჩემს ნორვეგიელ მეგობარს თუ ქართული ეკლესიები აოცებს,

ჩემთვის ნორვეგიუი ხის ეკლესიები ე. წ. Stabkirchen, ნამდვილი აღმოჩენა იყო. როცა ამ ნაგებობას უყურებ, ფიქრობ, რომ შეუძლებელია იგი სხვა რომელიმე ლანდშაფტს ასე მოერგოს, როგორც ამ უკიდურეს ჩრდილოეთს. მზიან სამხრეთში ან ჭრელ სოფელში კი არ დგას Stabkirche, არამედ ხეობაში განმარტოებით; სალი კლდეებით გარემოცული, რომელსაც უმეტესად მყინვარიდან მომდინარე მწვანე მდინარე ჩამოუდის. გამყინვარების მიჯნაზე ამ ხელუხლებელ და ფაქიზ გარემოცვაში წარმოიშვა ეს ეკლესიები. ძნელია ცნებებში მოაქციო, რაც ხუროთმოძღვარმა ამ ნაგებობებით იგულისხმა. საინტერესოა, თუ როგორ იცვლება ეკლესიის სახე ბუნების ცვლასთან ერთად: ბორცვზე წამოსკუპებული ფიორდის თავზე გაჰყურებს შორეულ მთებს თუ ტყიან ლანდშაფტს გადმოსცქერის. არქიტექტურული ჟესტი ხან მშვიდი ხდება, ან კიდევ საერთო სურათი მთლიანად შემოიფარგლება, შემოიზღუდება. შიდა სივრცის ჩათვლით, ხშირად გარემოს ჟღერადობა აისახება მასში. ამდენად, შესაძლებელია იგი აღვიქვათ, როგორც დიალოგი ღვთის სახლსა და თავს დატეხილ

ბუნების ძალებს შორის. ოდესღაც მათი მრავალრიცხოვნების მიუხედავად (700-800),

დღეს 20-ზე ოდნავ მეტია შემორჩენილი; ჟამთა სვლას სამწუხაროდ, ცუდად უძლებს ხის ეკლესიები და მეცნიერები თავს იმტვრევენ მათი გადარჩენის გზებსა და მეთოდებზე. თუმცა საქვეყნოდ განთქმულია სკანდინავიელთა ხის სამშენებლო კულტურა. ერთია ამ ეკლესიების, როგორც ხელოვნების ნიმუშთა ღირებულება და მეორე – ის საოცარი შთაბეჭდილება, რასაც ისინი მნახველის შინაგან იმპულსებზე ახდენენ. თითქოს მითოლოგიიდან გადმოსული სულიერი არსება იყოს ეს უცნაურ სახურავიანი უფანჯრებო ნაგებობა. რაც უფრო  ძველია ეკლესია, მით უფრო ძლიერია ეს შთაბეჭდილება. გაოცებულ მნახველებს ხშირად ასეთი კითხვაც უჩნდებათ, ნუთუ შეიძლება ეს ქრისტიანული ეკლესია იყოს, – სიმშვიდისა და მოწიწების სახლი? რადგანაც იშვიათია ნაგებობა ესოდენ წარმართულად ამაყი და თვითდამკვიდრების მოსურნე. დასავლეთის ხელოვნების ისტორიაში ძნელია რაიმე ხელმოსაჭიდის პოვნა, რადგან არც რომანულ და არც გოთიკურ არქიტექტურაში მსგავსი რამ არ გვხვდება. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ გარკვეული ნათესაობა

შორეული აღმოსავლეთის სამშენებლო ფორმებში მდგომარეობდეს. ქონგურებგამოშვერილი დრაკონის თავები ძველ ჩინეთს მოგვაგონებს.მეორე მხრივ კი გარეგნული კავშირი ძველგერმანული ჩრდილოეთისა აღმოსავლეთთან ძნელად წარმოსადგენია და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ნაგებობა შესანიშნავად ერწყმის ნორვეგიულ ლანდშაფტს.

ზოგიერთ ეკლესიაში შემდეგ თქმულებას ყვებიან: ქვეყნის გაქრისტიანების ჟამს (მე-11 ს.), წმინდანი ოლავი დადიოდა ხეობიდან ხეობაში მცნებით, რომ ხალხს ახალი რწმენა მიეღო. ხალხი არ იყო თანახმა და ხშირად ჩხუბი უხდებოდა თავად მეფესთანაც კი. ბოლოს მეფემ გადაწყვიტა, უომრად დაეთმო და გლეხებიც დათანხმდნენ მონათლულიყვნენ იმ პირობით, თუ მეფე ეკლესიას სამ დღეში ააგებდა. მეფე ღმერთს მიენდო და თანხმობა განაცხადა, მაგრამ საგონებელში ჩავარდა, ასე მოკლე დროში თუ როგორ უნდა აეგო ტაძარი. ერთხელ, საღამოს ტყეში რომ მიდიოდა, გზად ტროლი შემოხვდა. მეფემ თავისი გაჭირვება მას გაანდო და გაურიგდა, რომ სამ ღამეში ეკლესია აეშენებინა, რის საფასურადაც ტროლს მისგან მზე და მთვარე უნდა მიეღო. ახლა სხვა სადარდელი გაუჩნდა მეფეს: როგორ მიეცა ტროლისთვის მზე და მთვარე, არადა ეკლესია საცაა დასრულდებოდა. ღამით მან შემთხვევით იავნანა მოისმინა, ტროლი შვილებს რომ უმღეროდა:

,,დაიძინეთ მშვიდად,

მალე მამა Fin-ი

მზეს და მთვარეს მოგიტანთ…“

თურმე ტროლები სახელით მიმართვას ვერ იტანდნენ, ჰოდა მეფემ მეორე დილით

ეკლესიის მშენებელს მიმართა: ,,გამარჯობა Fin!” ის კი ადგილზე გაქვავდა და კლდედ იქცა, ეკლესია კი გადარჩა. ნორვეგიელების იუმორიც ხომ ხშირად მათზე ზომით დიდი ადამიანისაგან ცეროდენა ტროლების ჭკუით ძლევაში მდგომარეობს. მათ იუმორის ნაკლებობას ხშირად საყვედურობენ, მაგრამ ნორვეგიელები თვლიან, რომ სხვა ადამიანის დაცინვის ხარჯზე არ უნდა იხალისონ, – რასაც ჩვენზე, ქართველებზე ვერ ვიტყვით. – ეს ისე, სხვათა შორის, ლეგენდა კი ამ ხის ეკლესიების წარმოშობას უკავშირდება, რასაც ხალხში გავრცელებული იდუმალებით მოცული გრძნობა ახლავს თან. როგორც ამბობენ, ამაში უძველესი წარმართული დროის იდუმალი ხელიც ურევია და ის მხოლოდ ადამიანის ხელით როდია ნაგები. თქმულების თანახმად, ბუნების სულმა ააგო იგი და შემდეგ მოტყუებულ იქნა, ამიტომაც ბევრ ეკლესიას გარშემო კლდის ქვები აქვს შემოწყობილი, თავდაცვის მიზნით. ყოველგვარი მითქმა-მოთქმის მიუხედავად, ღმერთის ხელმა დაიცვა საკუთარი სახლი. ქვის დამცავი გარსის მიშენება შემდეგ მიზნებს ემსახურებოდა:

ის არა მარტო იცავდა ეკლესიას უამინდობისაგან, არამედ აქ სხვადასხვა სახის ხელშეკრულებებიც ფორმდებოდა და თავისთავად, შეხვედრის ადგილს წარმოადგენდა. ტაძარში შესვლის წინ აქვე ტოვებდნენ იარაღს და, როგორც ამბობენ, ყველაფერ ყოველდღიურსაც.

ეკლესიის შიდა კონსტრუქციას მიუყვება ანძები (ძელები), რომლებიც ცხოველის ან ადამიანის მსგავს არსებათა თავებით ბოლოვდება. აქამდე ვარაუდობდნენ, რომ სწორედ ეს ანძებია ის ,,Stab” – ანუ ჯოხი, ბოძი (გერმ.), საიდანაც ამ ნორვეგიულმა ეკლესიებმა მიიღეს სახელი ,,Stabkirche”; მაგრამ შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ სიტყვაში   ,,Stab”, ნორვეგიულად ,,stav”, ეს ვერტიკალურად გაწყობილი ხე იგულისხმებოდა, – ეკლესიის შიდა კონსტრუქცია, რომელიც სრულიად განსხვავდება ქვით ნაგები ეკლესიებისაგან, აქ ხე ვერტიკალურ მდგომარეობაშია. როგორც ჩანს, სახელწოდება          ,,Stabkirche” უფრო გვიანდელია, ვიდრე თავად ეკლესიები. შეიძლება დავასკვნათ, რომ იმდენად თავისთავად ცხადი იყო ამგვარი ხის სვეტებიანი მშენებლობა ეკლესიებისათვის, რომ განსაკუთრებულ აღნიშვნას (სახელწოდებას)  არ საჭიროებდა. ხის ძელები ზემოთ მრგვალდება და ერთდებიან, რაც ქმნის შიდა სივრცეს და გარკვეულწილად გემების (ხომალდების) მშენებლობას ენათესავება. ხშირად ამბობენ, რომ არა მხოლოდ სახურავის კონსტრუქცია, არამედ მთლიანად ეკლესიაც, თავისი აგებულებით, გემს მოგვაგონებს. ვერტიკალური სვეტები საძირკველიდან გემის ანძასავითაა აღმართული. ყოველივე ეს ვიკინგების ხომალდებთან მათ ნათესაობაზე მეტყველებს და ასევე მატ სიძველეზე მიანიშნებს. მსგავსება აშკარაა ასევე ორნამენტებშიც. მაგალითად, დრაკონის თავები ხშირად გვხვდება კედლის მოხატულობაშიც: ბიბლიური სცენები, მაცხოვარი, მოციქულები, შემდეგ უკვე ხდება შუა საუკუნეების ცნობილი სათავგადასავლო ლეგენდების მოტივებით კედლების დასურათება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნორვეგია კავშირს ამყარებს ასევე ევროპის სხვა ქვეყნებთანაც.

ვინც ზოგადად შეხვედრის პრობლემის ჰარმონიულ გადაწყვეტას აკვირდება, მისთვის Stabkirche-ს არქიტექტურული იდეაც ნათელი გახდება. თუ როგორ კვეთენ ერთმანეთს ჰორიზონტალური და ვერტიკალური ძელები; მაგალითად, კუთხეებში, როგორ ქმნიან ისინი სივრცეს, – ყოველივე ეს არის მშენებარე ნაგებობის ურთიერთ თამაში: დამაკავშირებელი რკალები, ურთიერთობა ყველა მხრიდან… სწორედ ეს დამაკავშირებელი არის უძველესი ქრისტიანული იდეა და ამავე დროს Stabkirche-ს მშენებლობის პრინციპი.

თუ გარეგნულ სახეს მის შინაგან ხედს შევადარებთ, შემდეგნაირი შთაბეჭდილება რჩება: გარედან მოუთვინიერებელი, თვითდამკვიდრების სურვილით ამაყად მდგარი, დრაკონის ნიშანთან ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი მსგავსებით. შიგნით – ხელშეუხებელი, მშვიდი, ნათელი, ხის სითბოთი მსუნთქავი.

როგორც ერთი ძველი თქმულება მოგვითხრობს, დელფოსში წმინდა ტაძარი აიგო იქ, სადაც აპოლონმა დრაკონი დაამარცხა. მნიშვნელოვანია პრინციპი, რომ დამარცხებული ბოროტება საფუძველს ქმნის მწვერვალებისაკენ ასავლელ გზაზე, რადგანაც სიკეთე შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ იქ, სადაც ბოროტება იქნა დამარცხებული. და აქ მთავარია არა მოკვდინება ურჩხულისა, არამედ მისი დამორჩილება (მოთვინიერება). ცნობილი გამოთქმისა არ იყოს: ,,არაფრისაგან არ იქნების არარაიცა“ – დამარცხებული დრაკონის სახეცვლილებას, მითოსის თანახმად, წარმოადგენს ტაძრის ასაშენებელი ქვები, რაც ადამიანის შრომისა და ქველმოქმედების გამოხატულებაა.

მითოლოგიურ პერიოდში ღმერთების კვალდაკვალ ადამიანებიც გმირულ საქციელს ჩადიოდნენ, მათი ბრძოლა და გმირობა დიდ მაგალითს წარმოადგენდა ყველასათვის. ისე, რომ მთელი რიგი კულტურები იშვა ამ მაგალითზე. დროსთან ერთად განწყობაც შეიცვალა. ,,შემდგომ დაბადებულთათვის“ ღმერთები გაქრნენ, გმირები დაიხოცნენ. ამიტომაც თითოეული ადამიანი მოწოდებულია დღეს სულიერი მახვილით წინ აღუდგეს საკუთარ დრაკონს (ურჩხულს).

როგორც მითოლოგიური განწყობიდან დღევანდელზე ისტორიული გადასვლის ნიშანი, მაშინ როდესაც ადამიანი საკუთარი ძალის ამარაა დარჩენილი,ამაყად დგას ჩრდილოეთის ხის ეკლესია, რადგანაც იგი ყველაზე მეტად ატარებს დამარცხებული დრაკონის (ურჩხულის) ნიშნებს.

მითოლოგიური პერიოდის სიცოცხლის შეგრძნება, ცხადია, უფრო მეტად იყო დაკავშირებული ბუნებასთან, ვიდრე ჩვენი დროის ადამიანის ცნებით წარმოდგენებში გახვეული ცნობიერება. ის, რაც სამყაროში ცოცხლობდა, მოქმედებდა თუ იქსოვებოდა, ასევე ცოცხლობდა და მოქმედებდა ადამიანშიც. მაღალგანვითარებულმა ხის სამშენებლო კულტურამ ვიკინგების დროიდან მოყოლებული, აქ, ამ გეოგრაფიულ სივრცეში ქრისტიანულ ეკლესიაში ჰპოვა გამოხატულება, რაც ერთი შეხედვით არც ისე ადვილი აღსაქმელია ჩვენს დროში. ის მითოლოგიიდან გადმოსულ სულიერ არსებას მოგვაგონებს, ერთმანეთზე გადმოხურული ორნამენტებიანი სახურავებით, წვეტებზე წამოსკუპული დრაკონის თავები თითქოს აქტიურად გვიხმობენ.

დანარჩენი თავად იხილეთ, იხილეთ და აღფრთოვანდით!

ვილჰელმ ჰაუფი “ზღაპარი-ალმანახი”

6 ივლ

                     ვილჰელმ ჰაუფი

                    ზღაპარი – ალმანახი

ერთ მშვენიერ შორეულ სამეფოში, რომლის მარადმწვანე ბაღებში, თქმულების თანახმად, მზე არასოდეს ჩადის, თურმე დასაბამიდან მეფობდა დედოფალი ფანტაზია. იგი საუკუნეების მანძილზე უშურველად აფრქვევდა მადლს, ავლენდა სრულქმნილ სათნოებას და ყველგან სამართლიან სიყვარულს იმსახურებდა. დედოფლის გული მეტად დიდი იყო საიმისოდ, რომ მხოლოდ თავისი ქვეყნისთვის მოეფინა მოწყალება და, მეფური სიდიადით აღჭურვილი, მარადიულ სიყმაწვილესა და მშვენიერებაში, ხშირად ეშვებოდა მიწაზე, რადგან მის ყურთასმენას მისწვდენოდა იქ მცხოვრებ ადამიანთა უხალისო და ჯაფით აღსავსე სვე-ბედის ამბავი. მათი სევდის გასაქარვებლად, დედამიწის ველ-მინდვრებზე დააბიჯებდა იგი და ადამიანებს ყველაზე უფრო მშვენიერ ძღვენს სთავაზობდა თავისი სამეფოდან.

თავისზე არანაკლებ სალუქ შვილებსაც ხშირად აგზავნიდა დედოფალი ადამიანთათვის ბედნიერების მოსატანად. ერთხელ დედამ შენიშნა, თუ რაოდენ დანაღვლიანებული დაბრუნდა დედამიწიდან მისი უფროსი ქალიშვილი _ ზღაპარი. იგი ნამტირალევი ჩანდა.

– რა დაგემართა, ზღაპარო ჩემო?- ჰკითხა დედოფალმა, – მოგზაურობისას ისე დაღილხარ და დაქანცულხარ, რომ არც კი გინდა დედას გაანდო შენი წუხილი?

– ეჰ, დედოფალო, ეს რომ მარტო ჩემი სატკივარი იყოს, ასე როდი ვინაღვლებდი, მაგრამ ეს ამავე დროს შენიცაა.

– გამიზიარე, შვილო ჩემო, შენი სატკივარი, თორემ მწუხარება ლოდივითაა, მძიმედ აწვება გულზე ადამიანს. გაზიარებული ჭირი კი სანახევრო ჭირია.

– რაკი ასე გსურს, მაშ ყური მიგდე: შენ კარგად უწყი, თუ რა ხალისით მივდიოდი ღარიბ-ღატაკთა ქოხებთან. მათ წინ ჩამოვჯდებოდი, რომ სამუშაოს შემდეგ საუბრით გამერთო ისინი. თვითონაც სალმის ნიშნად, მეგობრულად მიწვდიდნენ ხელს გამოჩენისთანავე და კმაყოფილი ღიმილით მაცილებდნენ განშორებისას. ახლა კი…

– იქნებ გეჩვენება, ჩემო კარგო, – უთხრა დედოფალმა და შვილს ცრემლიან ლოყაზე მიეფერა.

– მერწმუნე, დედა, არ მეჩვენება. – მიუგო ზღაპარმა. _ მათ აღარ ვუყვარვარ; სადაც კი მივალ, ყველგან ცივი მზერით მხვდებიან; აღარსად უხარიათ ჩემი ხილვა. ბავშვეებიც კი, რომლებსაც ადრე ასე ვუყვარდი, დამცინიან და ნაადრევად დაბრძენებულებივით ზურგს მაქცევენ.

– შენ როგორ ფიქრობ, ზღაპარო, ადამიანები ასე რატომ შეიცვალნენ?

– აი რა ხდება, ადამიანებს ჭკვიანი დარაჯები დაუყენებიათ. ისინი ყველაფერს უთვალთვალებენ, რაც კი შენი საუფლოდან მოდის, დედოფალო ფანტაზიავ! და თუ ვინმე თავზეხელაღებული გაბედავს და ჩვენკენ გამოიხედავს, ისეთ წივილ-კივილს ასტეხენ, რომ ვაი მას, _ ან მოკლავენ, ანდა ისე გააშავებენ იმათ თვალში, ვისაც მათი სიტყვისა სჯერა, რომ მცირედი სიყვარულისა და ნდობის იმედსაც აღარ უტოვებენ. ეჰ, ჩემს ძმებს, სიზმრებს რა ენაღვლებათ, ლაღად და მსუბუქად დაქრიან დედამიწაზე, სულაც არ ადარდებთ იმ ჭკვიან კაცთა იქ ყოფნა. ეწვევიან მთვლემარე ადამიანს და ქსოვენ და ხატავენ მისი გულისა თუ თვალის საამებელს!

– შენი ძმები, ჩემო კარგო, მსუბუქნი არიან და არა გაქვს მიზეზი, მათ შენატროდე. იმ მესაზღვრე დარაჯებს კი მე კარგად ვიცნობ; ადამიანებს ისინი არცთუ ისე უსამართლოდ დაუყენებიათ; ერთი თავქარიანი არსება დადიოდა და თავს ისე აჩვენებდა, თითქოს ჩემი სამეფოდან იყო…

– მერე, მაგაზე მე, შენს ქალიშვილს რატომ უნდა მაგებინონ პასუხი? _ თქვა ზღაპარმა, _ რომ იცოდე, როგორ მომექცნენ; ერთი კუდიანი დედაბერი მომიგზავნეს, მემუქრებოდნენ, აღარ შემოგიშვებთო.

– ეგ როგორ? ჩემს ქალიშვილს აღარ შეუშვებენ?! შესძახა დედოფალმა და რისხვისაგან ლოყები აუელვარდა. _ მე უკვე ვხვდები, საიდანაც მოდის ეს ამბავი, ბოროტმა ნათლიდედამ მოგვცხო ჩირქი.

– მოდამ? შეუძლებელია, _ შესძახა ზღაპარმა, _ ის ხომ ყოველთვის მეგობრულად გვექცეოდა?!

– ო! კარგად ვიცნობ მაგ ორპირს, -მიუგო დედოფალმა, _ მაგრამ მის ჯიბრზე კიდევ ერთხელ სცადე, შვილო, სიკეთის მქნელი არ უნდა შეჩერდეს.

– თავლაფდასხმული რომ გამომისტუმრონ, ანდა კუთხეში მიმაგდონ ჩემი ნახვის არმოსურნე ადამიანებმა?!

– მოდისაგან გასულელებული მოზრდილები თუ ნაკლებ გაფასებენ, პატარებს მიმართე; ისინი ხომ ჩემი სიყვარულები არიან; სწორედ მათ ვუგზავნი საამურ სურათებს და სიზმრებს, შენი ძმების მეოხებით; მე თვითონაც ხშირად ვწვევივარ, გულში ჩამიკრავს, დამიკოცნია და მათთან ერთად მითამაშია. ისინი უკვე კარგად მიცნობენ, თუმცა ჩემი სახელი არ იციან. ხშირად შემინიშნავს, როგორ უღიმიან ღამით ჩემს ვარსკვლავებს, დილაობით კი ჩემი, ქათქათა ბატკნის მსგავსი ღრუბლების გამოჩენაზე სიხარულით როგორ შემოჰკრავენ ხოლმე ტაშს, როცა იზრდებიან, მაშინაც ვუყვარვარ, ცუგრუმელა გოგონებს ფერადი გვირგვინების დაწვნაში ვშველი; მოუსვენარი ყმაწვილებიც კი მშვიდდებიან, როცა მე, კლდის ქიმზე წამომჯდარი, მათკენ მივაპყრობ მზერას. შორეული ლურჯი მთების ნისლიანი საფარიდან მაღალ კოშკებსა და ბრწყინვალე სასახლეებს ამოვატივტივებ, ხოლო საღამოს, მეწამულ ღრუბლებში მამაც ცხენოსანთა ლაშქარს ან მლოცველთა სასწაულებრივ მსვლელობას ვუჩვენებ.

– ო, კეთილო ბავშვებო! _ აღმოხდა გრძნობამორეულ ზღაპარს._  იყოს ნება შენი, მათი გულისათვის ბედს კიდევ ერთხელ ვცდი.

– მიდი, შვილო, მათთან, _ უთხრა დედოფალმა. – მე ცოტა უფო ლამაზად ჩაგაცმევ, პატარებს რომ მოეწონო და აღარც დიდებმა გამოგაგდონ; აბა შეხედე, როგორ მოგწონს ალმანახის სამოსი? ეს მინდა ჩაგაცვა.

– ალმანახისა? მეტისმეტია, დედა, ასე კეკლუცად მოკაზმული ხალხს როგორ ვეჩვენო!

მაგრამ დედოფალმა ანიშნა და მსახურებმაც ალმანახის მშვენიერი სამოსელი მოართვეს. ზედ ფერად-ფერადი ლამაზი ფიგურები იყო ამოქარგული.

პირისფარეშებმა გრძელი თმა დაუწნეს მშვენიერ ასულს; ოქროს ქალამნები ბაფთებით შეუკრეს და ალმანახის მშვენიერი ტანსაცმლით შემოსეს.

მორცხვი ზღაპარი ვერც კი ბედავდა, თვალი შეევლო თავისი მორთულო-ბისათვის, დედა კი კმაყოფილებით აკვირდებოდა და შვილს გულში იკრავდა.

– წადი, — უთხრა მან პატარას, _ დამილოცნიხარ. თუ აბუჩად აგიგდეს ან       დაგცინეს, ჩემთან გამობრუნდი, და იმედი მომავალ თაობაზე დავამყაროთ, იქნებ მათ ბუნების უფრო მეტი სიყვარული გამოიჩინონ და კვლავ სიხარულით მოგაპყრონ თვალი.

ასე ბრძანა დედოფალმა ფანტაზიამ და ზღაპარიც მიწაზე დაეშვა. აფორიაქებული უახლოვდებოდა იმ ადგილს, სადაც ჭკვიანი დარაჯები იდგნენ, პატარა თავი დაბლა დაეხარა, მშვენიერი სამოსი ტანზე მჭიდროდ შემოეტმასნა და გაუბედავი ნაბიჯით ჭიშკარს უახლოვდებოდა.

-,,შეაჩერეთ!” – დაიძახა ერთმა ჩახრინწული ხმით. — ,,ესეც ახალი ალმანახი!.. გააგდეთ!”  ამის გაგონებაზე ზღრაპარი უფრო აკანკალდა; სიბნელიდან ვიღაც კაცები გამოცვივდნენ; ხელში წვეტიანი კალმები ეჭირათ და ზღაპრის წინააღმდეგ მოემარჯვებინათ. ერთ-ერთი პირდაპირ მისკენ წამოვიდა და ტლანქი  ხელით ნიკაპში ატაკა კალმის წვერი. ,,თავი ასწიეთ, ქალბატონო  ალმანახო, თვალებში შემოგხედოთ კაცმა, მართლაც ნამდვილი ხართ თუ არა!” – შეუყვირა მან. სახეშეფაკლულმა ზღაპარმა თავი ასწია და თავის უძირო  თვალები შეანათა. – ზღაპარი, – წამოიძახეს დარაჯებმა და დამცინავად ახარხარდნენ. – რაო, ზღაპარო, ეს რა განგიზრახავს? ამ კოსტიუმით რატომ წამობრძანებულხარ? _ ასე დედამ ჩამაცვა, _ მიუგო სულმთლად აწურულმა ზღაპარმა. _ მაშ ასეა საქმე? ჩვენი გაცურება უნდოდა? ვერ მოგართვით! აქედან გაგვეცალე და თვალით აღარ დაგვენახო! _ ერთხმად შეჰყვირეს დარაჯებმა და ბასრი კალმები აღმართეს.

– მე მხოლოდ ბავშვებთან მინდოდა მისვლა. ნუთუ ამის ნებასაც არ დამრთავთ? _ სთხოვა ზღაპარმა.

– ისედაც ბევრი გვყავს შენისთანა, ჩვენს ბავშვებს სისულელეებით რომ კვებავენ! _ იყვირა დარაჯთაგან ერთ-ერთმა.

– მოდი, ვნახოთ ამჯერად, რა შეუძლია, _თქვა მეორემ.

ზღაპარმა ხელი აღმართა და საჩვენებელი თითით ჰაერში რაღაც ნიშნები შემოხაზა. და ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდნენ ფერადი გამოსახულებები: ქარავნები, დარახტული ტაიჭები, ბედაურებზე ამხედრებული რაინდები, კარვები უდაბნოს ქვიშაში; თოლიები და გემები მღელვარე ზღვებზე; გარინდული ტყეები თუ ხალხმრავალი ქუჩები და მოედნები; მებრძოლები თუ მშვიდობიანი მომთაბარეები. ყველაფერმა ამან ცოცხალ სურათებად, ფერად წყებად გაირბინა.

ზღაპარი გულმოდგინედ აღმოაცენებდა სურათს სურათზე ერთმანეთის მიყოლებით და ისე გაერთო, რომ ვერც კი შენიშნა, ჭიშკრის დარაჯებს თანდათანობით როგორ მოერიათ რული. ის იყო ახალი სახიერება უნდა ეჩვენებინა, რომ მასთან ერთი თავაზიანი კაცი მივიდა და ხელი ჩასჭიდა. შემდეგ მძინარეებზე მიუთითა და უთხრა: _ აბა შეხედე, კეთილო ზღაპარო, ამათთვის შენი ფერადი ამბები ხომ არაფერია! სწრაფად შედი ჭიშკარში, ვერც კი მიხვდებიან, აქ თუ ხარ, ასე რომ, შეგიძლია მათდა შეუმჩნევლად, უდარდელად დაადგე გზას. შვილებთან მინდა მიგიყვანო; ჩემს სახლში ერთ მყუდრო ადგილს მოგიჩენ, სადაც შეგეძლება დასახლდე და მშვიდად იცხოვრო; ჩემი გოგო-ბიჭები კი თავიანთი ტოლ-ამხანაგებით მოვლენ შენთან და მოგისმენენ. ხომ გინდა?

– ო, სიხარულით წამოგყვები შენს ცუგრუმელებთან; როგორ მინდა გავახალისო მათი სიცოცხლე და ამით მეც გავიხარო!

კეთილმა კაცმა მეგობრულად დაუკრა თავი ზღაპარს და მიეხმარა, რომ მძინარე დარაჯებს გაპარვოდა. როგორც კი თავი სამშვიდობოს იგრძნო, ზღაპარმა ღიმილით მიმოიხედა და ჭიშკარში შესრიალდა.

გერმანულიდან თარგმნა

 რუსუდან ბეჟაშვილმა

ზიუსკინდის “მტრედი.”

2 ივლ

                               პატრიკ ზიუსკინდი

(მოკლე ბიოგრაფია)

დაიბადა 26.08.1949 წელს ამბახში შტარნბერგის ტბასთან. მიუნხენში ისტორიის ფაკულტეტზე სწავლისას დაიწყო წერა. იგი ასევე სამხრეთ საფრანგეთში სწავლობდა მუსიკას. თავდაპირველად წერდა პროზაულ ნაწარმოებებს, რომლებიც არ ქვეყნდებოდა და კინოსცენარებს, რომლებსაც არ იღებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავად ფორტეპიანოზე უკრავდა, დაწერა შესანიშნავი მონოლოგი ,,კონტრაბასი” 1980 წელს. მიუნხენის დადგმის შემდეგ, 1981 წელს, ეს პიესა ევროპაში ყველაზე ხშირად დადგმულ ნაწარმოებთა რიცხვს განეკუთვნებოდა. მისი რომანი ,,სუნამო” რა ხანია ბესთსელერად იქცა და თარგმნილია 33 ენაზე. ,,მტრედში” პარიზის ამ ჩუმი ბინადარის თანამგრძნობნი ვხდებით ჩვენ, ისევე როგორც ,,ბატონი ზომერისა” და ,,კონტრაბასის” გმირების, მათ ეკუთნის ჩვენი გული და ავტორი გვაიძულებს ბოლომდე თანავუგრძნოთ მათ. მისი  პერსონაჟები განასახიერებენ სწორედ იმ სურვილებსა თუ მონატრებას, რომლებიც კითხვისას ცოცხლდებიან ასევე ჩვენშიც. ამის წყალობით, იგი ლიტერატურული ესენციის გარკვეულ ნაწილს გვჩუქნის.

მწერალი და მუსიკოსი პატრიკ ზიუსკინდი დღემდე მიუნხენში ცხოვრობს. წერს ასევე კინოსცენარებსა და ლიტერატურულ ესეებს.

 

                                პატრიკ ზიუსკინდის ,,მტრედი”

თანამედროვე გერმანელმა მწერალმა პატრიკ ზიუსკინდმა უკვე რა ხანია ჩვენშიც მოიპოვა პოპულარობა. თუმცა რომანმა ,,სუნამო” თავისი სკანდალურობის გამო, მას ყველაზე მეტად გაუთქვა სახელი, მისი ნატიფი იუმორი და თხრობის ლაღი მანერა, ლიტერატურის თეორეტიკოსთა აზრით, მის ნოველებში გაცილებით უკეთ გამოვლინდა.

ამ ვრცელ ნოველაში ,,მტრედი” მოთხრობილია პარიზის ერთ-ერთი ბანკის დარაჯ იონათან ნოელის ამბავი. იგი მარტოხელა კაცია და ცხოვრებაში მხოლოდ სიმყუდროვეს ეძებს, სწორედ ამის გამო, მოიწყო ოთახი ერთ-ერთი შენობის სხვენში, მაგრამ ერთხელაც დერეფანში ჩნდება მტრედი, რომელიც საფრთხეს უქმნის მის მყუდრო ცხოვრებას და თავგზას უბნევს იონათანს. ,, …შენი ცხოვრება მცდარი იყო, შენ იგი გაფლანგე; როცა რაღაც მტრედს სასოწარკვეთამდე მიჰყავხარ, მაშინ უნდა მოკლა იგი, მაგრამ შენ არ შეგიძლია მისი მოკვლა. … სწორედ ბუზს, ლოკოკინას ან პატარა ხოჭოს კი, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში თბილსისხლიან არსებას, როგორიცაა მტრედი _ ვერასოდეს.” ამ პატარა არსების გამოჩენა, როგორიცაა ფრინველი მტრედი, ლამის გლობალურ ტრაგედიამდეა აყვანილი ამ პატარა მოქალაქის ცხოვრებასა და გონებაში, იგი სახლიდანაც კი გარბის საკუთარი აკვიატების გამო, რომ აქ ყოველივე უწმინდურობით გაივსება, ის მტრედს ვერ გააგდებს, ისინი გამრავლდებიან და იონათანის მთელ საცხოვრებელ სივრცეს დაიკავებენ, თავად კი თვლის, რომ უძლურია, ამ ყოველივეს წინ აღუდგეს. ასე ხომ ცხოვრებაშიც ხშირად გვემართება, ზოგჯერ რაიმე პრობლემა ისე ძლიერ შეგვიპყრობს, რომ ერთ წრეზე ვტრიალებთ და გამოსავალი ვერ გვიპოვია; მაგრამ საკმარისია, გარედან შეხედო მოვლენას, სხვა თვალით, და უმალ გაგინათდეს გონება. თუმცა აქ, ისევე როგორც ყოველ ლიტერატურულ ნაწარმოებში, მთავარია ის, თუ როგორ მოგვითხრობს ამ ყოველივეს ავტორი. ფაქიზი ფსიქოლოგიზმი, თვითირონიული პათეტიკა, ­– და რაც მთავარია –, გლობალურ სამყაროში მარტო დარჩენილი ადამიანისადმი თანაგრძნობა, სწორედ თხრობის ამგვარი მანერის გამო  შეიყვარა იგი მკითხველმა. დასავლეთში მას ევროპული თხრობითი ტრადიციების ღირსეულ გამგრძელებლად მიიჩნევენ თანამედროვე ნოველისტიკაში. როცა მის ნოველებს კითხულობ, გრძნობ, რომ მისი გმირების ყველა ეს პრობლემა შენც გეხება, რაღაც ნაწილი იონათან ნოელისა თუ ბატონი ზომერისა შენშიც არის…

ოლდოს ჰაქსლი გვეუბნება, ,,…რომ რასაც მკითხველები იღებენ მწერლისაგან, არასოდეს არ არის მწერლის იდეები, ის თვით მკითხველის საკუთარი აზრებია. როცა ისინი ცდილობენ მიბაძონ მას ან მისი თხზულების გმირებს, ყოველივე, რასაც კი ოდესმე მოიმოქმედებენ, არის მათი საკუთარი პოტენციური როლის მოქმედება.“ შეიძლება შენ კითხულობ ყოველ მწერალთან, გარკვეული დოზით, იმას, რისი წაკითხვაც გინდა, (უფრო სწორად, რისი აღქმის უნარიც გაქვს), მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ზიუსკინდთან ეს პროცესი ძალზე ბუნებრივია და თან ადვილად გასაგები, აქ თითქოს ის ფიქრობს შენსავით და არა პირიქით… თითქოს ამ ყველაფერს რა ხანია, ელოდი…

აქ კვლავაც შეხვდებით ჩვენთვის უკვე ცნობილი ნოველების მსგავსად (,,ბიძგი სიღრმისაკენ,” ,,ბრძოლა,” ,,მეტრ მუსარის ანდერძი”), აკვიატებული აზრების ტყვეობაში ჩავარდნილი ადამიანის ვნებებს. იკითხეთ ზიუსკინდი, ნაწარმოებები ხომ საკუთარ თავზე ყველაზე უკეთ თავად მეტყველებენ!

                 რუსუდან ბეჟაშვილი