“ავადმყოფი” ლიტერატურა

4 Oct

                                       

 

(ისევ მთარგმნელთა სამუშაო კვირეულის თემებზე)

გოეთეს ინსტიტუტში მთარგმნელობითი სამუშაო კვირის ფარგლებში გერმანულიდან ქართულად მთარგმნელთა ჯგუფში წარმოდგენილი იყო ოთხი ნაწარმოები. ესენი იყვნენ (და არიან) თანამედროვე ავტორები შემდეგი წიგნებით წარმოდგენილნი: დავით ვაგნერი, ორაზროვანი სათაურით „ახალი სიცოცხლეებისათვის“; ოლგა გრიაზნოვა „რუსი ისაა, ვისაც არყის ხეები უყვარს“;

მიხაელ კუმპფმიულერი „ცხოვრების მშვენიერი მხარე“; რომელიც კაფკას ცხოვრების ბოლო წელს ეხებოდა და ბენიამინ შტაინი წიგნით „Replay“.

ჩვენი ერთობლივი მუშაობისას გაირკვა, რომ ამ ოთხივე ნაწარმოებს ავადმყოფობა აერთიანებდა. ჟანრობრივად თუ სიუჟეტურად აბსოლუტურად სხვადასხვა ნაწარმოებებს ჰქონდათ ერთი საერთო რამ, ანუ ჰყავდათ ძალიან მძიმე დაავადებით შეპყრობილი პერსონაჟი, რაც მათ ცხოვრებას მთლიანად ავსებს, უცვლის ფსიქიკას და ბედისწერულად განაპირობებს მათ მომავალს.

დავით ვაგნერის „ახალი სიცოცხლეებისათვის“ არის მოთხრობა, რომელიც ძირითადად ღვიძლის იმპლანტაციაზეა და დაწვრილებით არის აღწერილი მკურნალობის ყოველი პროცედურა თავისი დეტალებით. მოთხრობის გმირი ბავშვობიდან დაავადებულია ჰეპატიტით, თავი აქვს გასიებული, ხშირად ემართება სისხლდენა ღებინების სახით, მგრძნობიარე კანი, რომელიც იოლად ულურჯდებადა ა.შ.

პირველი წაკითხვისას ისეთი განცდა მქონდა, რომ თავად ავტორმა გადაიტანა ყოველივე ეს, მაგრამ როგორც საქმეში უკეთ ჩახედულებმა ამიხსნეს, ეს ასე არაა. მაგრამ უსაზღვროა ინტერესი დაავადების ყოველი ნიუანსისადმი და კიდევ უფრო მეტად – პროცედურებისადმი, რაც ალბათ მათემატიკური სიზუსტითაა აღწერილი;

ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა. მაგრამ მიუხედავად უიმედო მდგომარეობისა, ეს ადამიანი მთელი ცხოვრება იბრძვის და ტკივილს არ ნებდება, თუმცა ტკივილებს უკვე თითქმის ვეღარც კი გრძნობს. „ისეთი მოზარდი, როგორიც მე გახლავართ, ისე გამოიყურება, როგორც ვინმე ბღენძი, სახეზე უფრო სქელი ვარ, ვიდრე ჰელმუტ კოლი. …თვალის წვეთების მიღება ესაჭიროება, რაც თვალის გუგებს ქინძისთავივით უპატარავებს …და ისე გამოიყურება, თითქოს ჰეროინის ზემოქმედების ქვეშ იყოს. …სულ უფრო მეტად იღებს მედიკამენტებს, მედიკამენტების გვერდითი მოვლენების საწინააღმდეგოდ, რომლებსაც ასევე თავიანთი გვრდითი მოვლენები გააჩნიათ. მაინც სულ ერთია, მხოლოდ გვერდით მოვლენებზეღა ვამჩნევ, რომ ავად ვარ.“

მოთხრობის საკვანძო მომენტს წარმოადგენს სიტყვების მსგავსებაზე აგებული მოკლე ტექსტური შეტყობინება, რაც სათაურშიც აისახა. როდესაც მთავარი პერსონაჟი საავადმყოფოში მიდის, გამოსამშვიდობებელ მესიჯად აგზავნის შემდეგ ტექსტს: „მივდივარ ახალი ღვიძლისთვის (Leber)“ და შემდეგ აღმოჩნდება, რომ დაუწერია: …ახალი სიცოცხლისათვის (Leben); თუ არტიკლსაც გავითვალისწინებთ, შეიძლება მრავლობით რიცხვშიც წარმოვიდგინოთ; ანუ ახალი სიცოცხლეებისათვის. გერმანულში ერთი ასოს შეცვლა ქმნის ამ აზრობრივ ცვლილებას და თარგმნისას სწორედ ეს გახლდათ ყველაზე რთული მომენტი, ალბათ წარმოგიდგენიათ.

ხოლო რაც შეეხება სიუჟეტურ მსვლელობას, თუ მას გავყვებით, ვიგებთ, რომ ღვიძლის გადანერგვა წარმატებით ხორციელდება და ოპტიმისტურად განწყობილი გმირი ამბობს: – მე მაქვს ღვიძლი, მე ვცოცხლობ!

ოლგა გრიაზნოვას რომანი: „რუსი ისაა, ვისაც არყის ხეები უყვარს” საბჭოთა კავშირიდან ემიგრირებული ოჯახის შთამომავალ ებრაელ გოგონაზე მოგვითხრობს.

აქ გარკვეულწილად ეგზისტენციალური საკითხებია დასმული, რა არის სამშობლო, გაქვს თუ არა სიყვარულის უფლება, როცა არა გაქვს სამშობლო და სხვა. მთავარი გმირი მარია კოგანი ჟურნალისტის კარიერის შექმნაზე ოცნებობს, მაგრამ მისი შეყვარებული ელიასი მძიმედ ავად ხდება, უჩირქდება ქვედა კიდური და მეორე ოპერაციის შემდეგ იღუპება. აქაც შთამბეჭდავადაა აღწერილი მკურნალობის პროცესი, მაგრამ აქ მეტია გრძნობა, ემოცია… ჩანს, რომ ავტორი ქალია, თან ძალზე ახალგაზრდა (დაბ. 1984 წ.). გოგონა არის აღმოსავლური ენების მცოდნე, სურს დაიწყოს ახალი სამუშაო და ელიასის გარდაცვალების შემდეგ, ისტორიულ სამშობლოში – ისრაელში მიდის. და როგორც ფრაგმენტებიდან ირკვევა, არც თუ უიმედოდ განწყობილი ხვდება ახალ ბედისწერას. თუმცა გაოცებულია ზედმეტი უსაფრთხოების ზომებით ისრაელის აეროპორტში, სადაც კომპიუტერსაც კი უფეთქებენ, სავარაუდო ტერაქტის პევენციის მიზნით. ოლგა გრიაზნოვა იმ თაობის ამბავს გვიყვება, რომელმაც არ იცის საზღვრები, მაგრამ არც სამშობლო გააჩნია.

სევდიანად იხსენებს საკუთარ ნათესავებს, ასე დაფანტულად რომ არიან სხვადასხვა ქვეყნებში მაცხოვრებელნი. „ჩემს ნათესავებს უპირველეს ყოვლისა, სურათებით ვიცნობდი, რომლებსაც ისინი რეგულარულად გვიგზავნიდნენ. განსაკუთრებით სევდიანი იყო სურათები ოჯახური დღესასწაულებიდან – დეიდებს ჯერ კიდევ ჰქონდათ დამტვრეული ღიმილი სახეზე შემორჩენილი, მათი ქმრები კი ამასაც აღარ ცდილობდნენ და კამერაში ნაღვლიანად იყურებოდნენ.“

მაგრამ, მიუხედავად მთელი ამ სევდისა და ტრაგიზმისა, რისი საილუსტრაციო მომენტებიც არაერთგზის გვხვდება წიგნში, ნაწარმოები იმედიანად სრულდება, როგორც უკვე მოგახსენეთ; მარია კოგანი ჩადის ისრაელში და ბედნიერია ახალი სამუშაოს მოლოდინში: „…აეროპორტის ავტოსადგომზე ცხელმა ნესტიანმა ჰაერმა დამიბერა, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ტროპიკებში. უცებ აქ ყოფნის სიხარული დამეუფლა. მიხაროდა ახალი სამუშაო და ისიც, რომ ალბათ ჩემი ცხოვრება ჯერ არ დასრულებულიყო.“

მიხაელ კუმპფმიულერის „ცხოვრების მშვენიერი მხარე“ ყველაზე რომანტიკული ნაწარმოებია ამ ოთხს შორის, მაგრამ, სამწუხაროდ, აქაც გმირების სრულ ბედნიერებას ავადმყოფობა უშლის ხელს. წიგნში ლაპარაკია ფრანც კაფკას სიცოცხლის ბოლო წელზე, როდესაც იგი ტუბერკულიოზით იყო დაავადებული და საკუთარ დასთან და მის სამ შვილთან ერთად ბალტიის ზღვაზე, მიურიცში  ისვენებდა. აქ ის გაიცნობს დორა დიამანტს, ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ქალიშვილს და მათ ერთმანეთი უყვარდებათ. დორა მზარეულია და ოჯახურ სასტუმროში  მუშაობს. „დორა სამზარეულოს მაგიდასთან ზის და ვახშმისთვის თევზებს ასუფთავებს. რამდენი დღე ფიქრობდა ამ კაცზე და აი, ისიც. … თან მარტოა, სანაპიროზე რომ ქალი იყო, ის არ ახლავს. კარში დგას და ჯერ თევზებს უყურებს, მერე – დორას ხელებს, დორას ჰგონია, რომ ჩუმად საყვედურობს, მაგრამ, რაც მთავარია, ისაა, სანაპიროს კაცი. დორა ისე იბნევა, რომ აღარ ესმის, კაცი რას ამბობს, მის ხელებზე ამბობს რაღაცას: რა ნაზი ხელებია და რა სისხლიანი საქმის კეთება უწევთო. თან ცნობისმოყვარედ შესცქერის, გაოცებული, რომ ამას აკეთებს – მზარეულის საქმეს.“ (ფრაგმენტები ანა კორძაია-სამადაშვილის თარგმანიდან).

პირველ შეხვედრას ბევრი რომანტიკული დღე მოჰყვება და ისინი დიდი სიყვარულით დაუკავშირდებიან ერთმანეთს. „… დორა არაფერს ამბობს, მას საკუთარი დაკვირვებები აქვს, თავისას ფიქრობს, თავისასაა მინდობილი, თითქოს

ეს კაცი და ის რამდენიმე წამი, რაც მის სიახლოვეში გაატარა, სწორედ ის ყოფილიყო, რასაც უნდა მიენდო. …დორაში კი რაღაც ჩაიღვარა, ბგერა თუ სურნელი, რაღაც, რაც თავიდან არაფერია და მერე კი სრულიად დაუფლებას უქადის.“

ალბათ სწორედ ეს არის ცხოვრების ის მშვენიერი მხარე, რომელსაც არც თუ დიდი ადგილი უკავია სიცოცხლის მანძილზე, მაგრამ რაც სამუდამოდ გამახსოვრდება და რისთვისაც ღირს მოსვლა ამქვეყნად. დორა ბერლინში ცხოვრობს, იქ თითქმის შემთხვევით მოხვდა, აი უკვე სამი წელია. ისინი ბერლინზე საუბრობენ. „… დოქტორი ეკითხება, სად ცხოვრობს, როგორია იქაურობა, უცნაური რამეები აინტერესებს,პურის, რძის და გათბობის ფასები, ქუჩაში რა განწყობაა ახლა, ომის დამთავრებიდან ხუთი წლის თავზე. ბერლინი უხეში და დაძაბულია და აღმოსავლელი ლტოლვილებითაა სავსე, – ჰყვება დორა, – იმ უბანში, სადაც ის ცხოვრობს, უამრავს შეხვდები, ყველგან ნახავ ამღერებულ, კონკებში გახვეულ ოჯახებს, რომლებიც წარმოშობით საშინელი (საზიზღარი) აღმოსავლეთიდან არიან.“

ეს სწორედ იმ პერიოდის ბერლინია, როცა დორასა და კაფკას უყვართ ერთანეთი. დორა თავიდანვე აღტაცებულია მისით (კაფკათი), დოქტორს ეძახის და იცის, რომ მწერალია. კაფკა თავდაპირველად წუხს, რატომ შევხვდი სწორედ ახლა, როცა ასე ავად ვარო. საბოლოოდ ისინი ბერლინში ერთად სახლდებიან და კაფკა ბედნიერი მიდის ამ ქვეყნიდან.

წიგნს ახლავს კაფკას დღიურები და წერილები, ანუ საკმაოდ ვრცელი დოკუმენტური მასალა.

თავდაპირველად, მთარგმნელთა ჯგუფი თითქოს სკეპტიკურად განეწყო კაფკაზე დაწერილი  ამ წიგნის მიმართ, მაგრამ მასზე ცნობების მოძიებისა და მეტი ინფორმაციის მიკვლევის შემდეგ, მიმაჩნია, რომ საინტერესო საკითხავი უნდა იყოს.

აქაც ისევ ავადმყოფობა და ბედნიერი დასასრული…

ბენიამინ შტაინის „Replay.  ბენიამინ შტაინი აღმოსავლეთ გერმანიაში დაბადებული მწერალია (ბერლინი 1970 წ.). წერდა რელიგიის წინააღმდეგ და მსგავს თემებზე. ამის შესანიშნავი ნიმუში წინამდებარე ნაწარმოებშიც მოიპოვება, როცა ნაწარმოების მთავარი გმირი ბარ-მიცვას დღესასწაულისთვის ემზადება (ეს დაახლოებით იგივეა ებრაელებთან, რაც კონფირმაცია ქრისტიანი მოზარდებისათვის), მას რელიგიის მასწავლებელს მიუჩენენ და იგი შემდეგნაირად ახასიათებს მას: „ჩემი მასწავლებელი ერთი უჟმური მოხუცი იყო. ლაპარაკის დროს დორბლებს ჰყრიდა. მისი პირიდან ამოსული სუნი კი გულს მირევდა. წარმოდგენა არა მაქვს, რა ხდებოდა მის შიგნეულში. როცა პირდაპირ ვეჯექი, თვალს ვერ ვუსწორებდი მისი ყურებიდან ამოფეთქილ ჭაღარა, ჯაგარა თმის ბღუჯას, რაც ჩემში ერთდროულად ზიზღსა და აღფრთოვანებას იწვევდა. რელიგია, ვფიქრობდი, ალბათ, ყარს და ყურებში ეკალ-ბარდები ეზრდება-მეთქი.“ (ფრაგმენტები ნანა ჭიღლაძის თარგმანიდან).

ერთ მშვენიერ დილას, როცა ედ როზენი გამოიღვიძებს, ხედავს, რომ საწოლის ბოლოს რაღაც ჩლიქია გამოშვერილი, რაც მას ნამდვილად არ ეკუთვნის. ედ როზენი

პროგრამების ექსპერტია, საკომუნიკაციო საშუალება უნიკომის თანაავტორი და პირველი მატარებელი (მომხმარებელი). ეს არის იმპლანტანტი, რომელსაც გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე რომელიმე სმარტფონს. იგი თავისი მფლობელის

გრძნობებს, აღქმებს აფორმირებს და ქმნის იმას, რასაც ჩვენ რეალობას ვეძახით; რაც შესაძლებელია Replay-ს  მეშვეობით, უსასრულოდ განმეორებადი და ცვალებადი იყოს: პირველ რიგში ეროტიკული მიზიდულობა. და ეს მფლობელს ძალზე კონტროლირებადს ხდის. როზენის შეფ მიტანამ და მისმა ფირმამ ამ გამოგონებით ტრიუმფალურ წარმატებას დაუდეს საფუძველი და ამით არაერთ  მშვიდობის დამრღვევს გამოუხმეს. ვიდრე, მოულოდნელად, ამ ბედნიერი სამყაროს წინააღმდეგ ამბოხს არ გამოიწვევს, რამაც იქნებ ამ ჩლიქის ამბავიც აგვიხსნას.

ავტორს ნევრო-იმპლანტანტის საშუალებით,მკითხველი ტოტალური გამჭვირვალობის სამყაროში შეჰყავს. ამ პროგრამის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის Replay-ზე შეიძლება დააყენო, რათა ბედნიერი მომენტები კვლავ და კვლავ განიცადო.

მთავარი გმირი აქაც დაავადებულია, აქვს მარჯვენა თვალის ამოძრავების პრობლემა.

„ჩემი ბავშვობის საუკეთესო დრო თვალის ექიმებთან და კლინიკებში გავატარე, სადაც ჩემი მშობლები აღიარებულ და თვითმარქვია ოფთალმოლოგიის ვარსკვლავებს ჩემზე ოპერაციების ჩატარების უფლებას აძლევდნენ. ამ ოპერაციებს წარმატება არ მოჰყოლია. შედეგად კიდევ ერთმა ნაიარევმა დამიმახინჯა თვალი და საბოლოოდ ქუთუთოზე ძალაუფლებაც დავკარგე.“ ეს ნაკლი თავის მხრივ ყმაწვილში გარკვეულ კომპლექსებს იწვევს, ფიქრობს, რომ მას არ შეიყვარებენ და ალბათ ამიტომაც დასჭირდა კიბერ-სფეროში ასეთი აღმოჩენის მიღწევა. „იმის შიში, რომ არასოდეს შემიყვარებდნენ, ჩრდილივით ეფინებოდა ყოველდღიურობას, ყოველ სასიხარულო წუთს, ყოველგვარ წარმატებას დიდობის გზაზე. …ვიყავი უსიყვარულობისა და შეურაცხყოფის მოლოდინში და მაშინაც კი, როცა ვინმე სიყვარულით მხვდებოდა, ყველაფერი თვალთმაქცობად მეჩვენებოდა.“

ნაწარმოებში გამოგონილი და უტოპიური სამყაროა გამოყვანილი, სადაც ტექსტებსა და ფილმებს შინაგანი თვალით ხედავ და Replay-ს საშუალებით შეგიძლია კვლავ გამოუხმო. ედ როზენი ახალი საზოგადოების პროტოტიპად გვევლინება. ერთმანეთში არეული ოცნება და რეალობა ზოგიერთმა ლიტერატორმა კაფკას „მეტამორფოზასაც“ კი შეადარა. ზოგი კი მას ჯორჯ ორუელის „1984“-ის ლოგიკურ გაგრძელებად მიიჩნევს.

„უსიამოვნოდ დამაჯერებელი“; – მსგავს მოსაზრებასაც წავაწყდი, წიგნის შეფასებისას.

მაინც საით მიდის ლიტერატურა, ან რატომაა ასე „ავად“? იქნებ იმიტომ, რომ ავადმყოფი გამოჯანმრთელებისკენ მიისწრაფვის, არასრულყოფილი –სრულყოფილებისაკენ. და სწორედ ეს მისწრაფების პროცესია ყველაზე საინტერესო.

ან იქნებ იმიტომ, რომ ყოველი დაავადება სამყაროს განსხვავებული კუთხით შემეცნების საშუალებაა?

7 Responses to ““ავადმყოფი” ლიტერატურა”

  1. მოლი ბლუმი October 4, 2012 at 6:45 pm #

    გრიაზნოვას წიგნმა დამაინტერესა. თუმცა, ოთხივე მძიმე წასაკითხი იქნება. არ ვარ მე ასეთი დეტალიზაციის მუშტარი. კრისტიან ბერნარიც ძლივს წავიკითხე თავის დროზე.

  2. rusa111 October 4, 2012 at 6:54 pm #

    ჩვენ, მთარგმნელები ჯერ არც ერთმა არ აღგვაფრთოვანა, მაგრამ მერე მე პირადად დავფიქრდი და ინტერნეტში მეტი ინფო მოვიძიე. ტყუილად ხომ არ წარმოადგენდნენ, ალბათ იფიქრეს, რომ ვინმეს თარგმნის სურვილი გაგვიჩნდებოდა. განსაკუთრებით გრიაზნოვაზეა თურმე იქ ამბავი ატეხილი.

  3. Kejeradze October 4, 2012 at 7:31 pm #

    გრიაზნოვა საინტერესო ჩანს… ზოგადად “ავადმყოფ ლიტერატურას” ვერიდები – ჯერომის გმირისა არ იყოს, საკუთარ თავში ვეძებ ყველა დაავადებას🙂

  4. rusa111 October 5, 2012 at 3:36 pm #

    საერთოდ მეც ვერიდები, მაგრამ ახლა თავს მოგვახვიეს და ვეცადე, საინტერესო მეპოვა მასში. მე კუმპფმიულერის “ცხოვრების მშვენიერი მხარე” ყველაზე მეტად მხიბლავს.

  5. Nino October 11, 2012 at 10:25 am #

    საინტერესოა, მართლა საით მიდის ლიტერატურა? თან რეკლამას უკეთებენ ამ კიბერნეტიკას. ისე, ებრაელთა პრობლემა მართლა აქტუალურია და ეს უსამშობლობა.

  6. lia111 October 19, 2012 at 4:25 pm #

    ბედნიერება მქონდა ვაგნერის ნაწარმოების ნაწყვეტის წაკითხვისა. სწორედ იმ ნაწყვეტის, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტის მდგომარეობა. არ ვიცი, შეიძლება მთლიანი სურათისთვის ასეთი დეტალები მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ კითხვისას ესთეტური სიამოვნება არ მიმიღია. თუმცა სიტყვათა თამაში (Leben-Leber) და აქედან წარმოქმნილი გაუგებრობები სახალისოა.

  7. rusa111 October 19, 2012 at 5:31 pm #

    სიამოვნებისა რა გითხრა, ეს სიტყვების თამაშჲც მაინცდამაინც დიდი ვერაფერი შედევრია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: