არქივი | ივლისი, 2013

ცრემლიანი სათვალის გამო

26 ივლ

ცრემლიანი სათვალის გამო „ცრემლიანი სათვალის“ გამო

საინფორმაციო საშუალებებიდან შევიტყვეთ, რომ გოგი გვახარიას სტატიების ციკლი „ცრემლიანი სათვალე“ ჟურნალ „ცხელ შოკოლადში“ რომ იბეჭდებოდა და ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულს ეხებოდა, წიგნად გამოიცა. ამ ინფორმაციამ გამახარა, რადგან სიამოვნებით ვკითხულობდი და რამე აუცილებლად გამომრჩებოდა, ისე რომ ერთად თავმოყრილის ხილვით და წაკითხვით, კიდევ ერთხელ, დიდი სიამოვნება გველის. ამ სტატიების კითხვისას მეც უნებურად დავფიქრდი, თავად სად ვიყავი ამ დროს. უბის წიგნაკში პატარა შთაბეჭდილებაც ჩამიწერია და მინდა რამდენიმე წლის შემდეგ ბლოგის მკითხველებს გაგიზიაროთ.

ოთხმოცდაათიანი წლების ამბებს რომ ვკითხულობ, გაოცებული ვარ, ნეტა მე სად ვიყავი ამ წლებში, თითქოს ვარ და არცა ვარ, არადა უცხო ენების ინსტიტუტი უკვე კარგა ხნის დამთავრებული მქონდა და საქმე იმაში გახლდათ, რომ ანთროპოსოფიულ სულის მეცნიერებას ვეუფლებოდი, რომელიც გვეუბნება, რომ პოლიტიკა მისი შესწავლის საგანი არ არის (ეტყობა ზედმეტად პირდაპირ მესმოდა ეს ამბავი). არქეოლოგიურ ექსპედიციაშიც ვმუშაობდი მთარგმნელად, სადაც იმხანად ჩვენში ახლად შემოსული მრავალპარტიულობის ფონზე, თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენილი იყო თავმოყრილი და „ცხელ-ცხელი“ ამბებიც მოჰქონდათ სამსახურში (უნდა გითხრათ, რომ ეს თბილისის ექსპედიცია იყო და დიღომში ვიდექით). მე ყოველივე ამას ლიტერატურული ნაწარმოებივით აღვიქვამდი და თავად არანაირად ვერეოდი. პარალელურად გერმანიაში გასამგზავრებლად ვემზადებოდი ვალდორფის პედაგოგიკის შესასწავლად. საორგანიზაციო საქმეებზე პერიოდულად მიხდებოდა წასვლა-წამოსვლა და რადგან პოლიტიკა „ჩემი საქმე არ იყო,“ თითქოს ისტორიის ამ ფურცელმა გვერდით ჩამიარა. აი კიდევ ერთი წერილი წავიკითხე ჟურნალ „ცხელ შოკოლადში“ გოგი გვახარიას რუბრიკიდან „ცრემლიანი სათვალე“ და სათვალე მართლაც გამიცრემლიანდა.
ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, რომ ეს იქნებ ღმერთის მადლი (წყალობა) იყო, რომ ყველაზე რთულ წლებს ამარიდა ჩემ ქვეყანაში, იქნებ ბედისწერულად არ მეხებოდა- მეთქი, – ინკარნაციის კანონს თუ გავითვალისწინებთ –, მაგრამ მოქალაქოებრივი სამართლიანობის განცდა, ცხადია, ყოველთვის მქონდა და მოგვიანებით კიდევ უფრო გამიმძაფრდა, თუმცა მიტინგებზე მოსიარულეთა რიცხვს არასოდეს ვეკუთვნოდი. იმდროს კი რუსთაველზე გახლდით ( მართალია გავლით), როცა ზვიადი მთავრობის სასახლიდან გარეთ გამოვიდა და ქვეყნის დამოუკიდებლობა მოგვილოცა. – ესაც ხომ ბედისწერაა, ისევე, როგორც ყოველი შეხვედრა ამქვეყნად.
მდუმარე განსჯით ვუმზერდი მოვლენებს, თუმცა ასეთ აგრესიულ განვითარებას როგორ წარმოვიდგენდი. თბილისის ომი რომ დაიწყო, სასწავლებლად წასასვლელი საბუთები (გერმანიისთვის) უკვე გამზადებული მქონდა, თან კერძო მოსწავლეებთან დავდიოდი. მათაც ვეუბნებოდი, ყურადღება არ მიექციათ ტყვიების ხმებისთვის, ზოგჯერ მეცადინეობას რომ გვაწყვეტინებდა, და მაქსიმალური კონცენტრაცია თავად საგნისკენ მიემართათ. გვჯეროდა, რომ ამით აურის გასპეტაკებას ხელს ვუწყობდით. ვცდილობდი, საკუთარ უნართა მობილიზაცია მომეხდინა, ხოლო როცა სამშობლოს დასჭირდებოდა, სწორედ მაშინ მის სასარგებლოდ გამომეყენებინა.
დამიძახა თუ არა სამშობლომ, ეს არ ვიცი. ეგ არის, დროდადრო თარგმანებს ვაქვეყნებ გაჭირვებით…
მომიტევეთ, ზედმეტი გულახდილობა თუ გამოვიდა. (29.05.07)

ლაშა ბუღაძის “ლიტერეტურული ექსპრესი”

15 ივლ

                                                                                      რუსუდან ბეჟაშვილი

 

ლაშა ბუღაძის ,,ლიტერატურული ექსპრესი”

 

მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მხრიდან გაუთავებლად გვიკიჟინებენ, თითქოს ლიტერატურა რა ხანია, მოძველდა, მასში ახალს ვეღარაფერს აღმოაჩენ, მრავალი ალტერნატივა გააჩნიაო და ა. შ. ჩვენ და ჩვენისთანები,  ვისთვისაც ლიტერატურა საკვებია და ჰაერივით აუცილებელი, ჯიუტად მაინც ვაგრძელებთ კითხვას. ,,მწერლობა ხომ ენას იყენებს … და ანალიტიკურ მთლიანობას წარმოადგენს, რომელიც სამყაროს გამოხატვის საშუალებას იძლევა, რომელზეც მეცნიერების შექმნა ან მითების შეთხზვაა შესაძლებელი. …მას (ენას) იდეების, სახეების მშვენიერების შესაქმნელად იყენებენ. ამიტომაც მათ გარეშე საერთოდ ვერაფერს გავხდებოდით. ენა კაცობრიობის ყველაზე უცნაური გამოგონებაა, რომელიც ყველაფერს წინ უსწრებს და ყველაფერს ანაწევრებს. უენოდ არც მეცნიერება იარსებებდა, არც ტექნიკა, არც კანონები, არც ხელოვნება, არც სიყვარული.” ჟან მარი ლე კლეზიოს ეს სიტყვები ახლახანს წავიკითხე და აღტაცებას ვერ ვმალავ, საკუთარი ნაფიქრივით ვეთანხმები. და კიდევ: ,,…ყველას უნდა მიუწვდებოდეს ხელი კულტურაზე. ამისთვის კი იდეალური იარაღი წიგნია, მთელი თავისი არქაულობით. პრაქტიკულია, მოსახერხებელია, ეკონომიურია. განასაკუთრებული ტექნოლოგიური დამუშავება არ სჭირდება და ნებისმიერ კლიმატურ პირობებში კარგად ინახება.” ალბათ, სათაურით მიხვდით, რომ ამჯერად ლაშა ბუღაძის ბოლო წიგნზე ,,ლიტერატურული ექსპრესი” მსურს საუბარი. პირველ რიგში ამ თაობას მადლობა უნდა ვუთხრა, რომ მათი წყალობით, საქართველოში წიგნი დღესაც ,,მოდაშია”.

    წიგნის ანოტაციაში ვკითხულობთ: ,,ლიტერატურული ექსპრესი” ექსპერიმენტული მატარებელია, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქს სტუმრობს, მგზავრები კი ევროპელი, მათ შორის ქართველი მწერლებიც არიან.” როგორც ჩანს, ეს ექსპერიმენტი მართლაც ხდება ბევრისთვის ახალი წიგნის დაწერის იმპულსი. ამის მაგალითია წინამდებარე ავტორი.

პირველ რიგში ვიტყვი, რომ სახალისო ტექსტია, ისიც  მოგეხსენებათ, რომ ლაშა ბუღაძეს კარგი იუმორი აქვს. მწერალთა და ლიტერატორთა ჯგუფი მატარებლით მოგზაურობს, როგორც ჩანს, ერთმანეთისაგან შემოქმედებითი იმპულსის მისაღებად და აზრთა ურთიერთგაზიარებისათვის. ეს რამდენად გამოსდით,  სიუჟეტში თანდათან იკვეთება. როგორც ჩანს, ეგოცენტრიზმი ლიტერატურაში დროის სენია და არა მხოლოდ ქართული. ყურადღებას იპყრობს ავტორის კულტუროლოგიური მსჯელობანი; კერძოდ, ვეთანხმები, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა სავსეა ეგოცენტრული პროვინციალიზმით (შესაძლოა ბევრი შემეკამათოს, გთხოვთ, ვისაც არ ეხება, საკუთარ თავზე ნუ მიიღებს) და კიდევ, ძველი თაობის მწერლები რომ ბილწსიტყვაობენ, ამაზრზენი საკითხავია. თუმცა, ისაც უნდა ვთქვა, რომ ჩემს ,,ესთეტიკურ ყურებს” სხვა შემთხვევაშიც აღიზიანებს ამგვარი რამეები.

    ავტორი წუხს, რომ სათანადო ადეკვატურობით ვერ გამოხატავს საკუთარ სასიყვარულო განცდებს; ქართულ ენაზე ეს გამოდის ან ბილწი, ან ძალზე უგულო და აგრესიული და რომ ჩვენთან მხოლოდ მინიშნებებით უნდა დაკმაყოფილდე. დიახ, ჩვენ ამგვარ კულტურულ-ენობრივ სივრცეში ვცხოვრობთ და მე, როგორც მკითხველს, ისევე როგორც მაყურებელს _ სავსებით მაკმაყოფილებს მინიშნებები და მეტიც, ვფიქრობ, რომ მხატვრულ ნაწარმოებში ყველაფერი როდი უნდა იყოს გაშიშვლებული, მინიშნებების შემთხვევაში ხომ გაცილებით მეტია სივრცე ფანტაზიისათვის, რის წყალობითაც ნაწარმოები ხდება უფრო იდუმალი და უფრო ,,მხატვრულიც”, თუ გნებავთ. თუმცა იუმორით თუ შევხედავთ, ალბათ ყველაფერი ასატანია. ლაშას ეს აქვს, ენის სიმსუბუქე და ძალაუნებურად, თითქოს ,,პატიობ”, არადა ეხება ისეთ თემებს, რომ ბეწვის ხიდზე გავლაა საჭირო, რათა ბანალობაში არ გადავარდე, ვფიქრობ, ავტორი ახერხებს ამ ბეწვის ხიდზე გავლას.

    საინტერესოა, თუნდაც, შედარებები ქართულ და უცხოურ ხასიათს შორის; მოგეხსენებათ, წიგნში აღწერილია მრავალეროვან მწერალთა მატარებლით მოგზაურობა სხვადასხვა ქალაქებში. ამ უჩვეულო ატმოსფეროში ურთიერთობენ ჩვენი წიგნის გმირები, რომელთა უმრავლესობა მწერალია (პოეტი, რეცენზენტი და ა.შ.). როცა ჰელენა ქართველ მწერალ ზაზას თავისი მთვრალი ქმრის სასტუმროს ნომერში აყვანას თხოვს და განუწყვეტლივ უბოდიშებს: ,,უკაცრავად, ძალიან მრცხვენია… ჩემი  ქმარია, ძალიან დათვრა.  მივხვდი, რაღაც უნდა მეთქვა. ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩენილ სიმპათიურ ქართველ გოგონას აუცილებლად ვეტყოდი: ,,არა გრცხვენიათ, რაზე მიხდით ბოდიშს, ” ან უბრალოდ, მოკლედ და თანაგრძნობით: ,,კარგით, რა.” მაგრამ რაკი ევროპაში ვიყავი, ამიტომ ასეთი რამ უნდა მეთქვა, რასაც მხოლოდ ევროპელი თუ იტყოდა. აი, თუნდაც ეს, მაგალითად:  _ექიმი ხომ არ გამოვიძახოთ?” და ა.შ.

    თხრობის ლაღი და თვითირონიული სტილის საილუსტრაციოდ, კიდევ ერთ პატარა ფრაგმენტს მოვიყვან: ,,…თუმცა ერთბაშად ვერც მივხდი, რა უნდა მექნა. ჩემ თვალწინ სრულიად უცნობი, ჩემზე ორი თავით მაღალი მამაკაცი გაშხლართულიყო და ერთი წამითაც არ ფიქრობდა თავისით წამოდგომას. მე კი ვერაფრით ვხვდებოდი, როგორ უნდა წამომეყენებინა ეს მასა: ხელებზე მოვჭიდებოდი, თუ პირდაპირ იღლიის ქვეშ შემედო მისთვის თავი და ზურგზე გადმომეკიდა? საბოლოოდ ერთიც გავაკეთე და მეორეც. ხელებით ჩემკენ მოვქაჩე, ერთი მარჯვენა, მხარზე გადმოვიდე, ჩემივე საკუთარი მარცხენა კი ზურგს უკან შევუცურე და ასე შევეცადე მის წამოწევას.”

ადგილი მზის ქვეშ,  მარადიული თემა  ყველა დროში:  პრესტიჟულ  ჟურნალში მოსახვედრად  აქტუალობაზე მსჯელობს მწერალი, აქაც  ლაშასეული იუმორით, ცხადია:  ,,როგორ უნდა გამოიცნოს  მწერალმა,  რომელი რეგიონი იქნება,  ვთქვათ, გაისად პრიორიტეტული.  იგეგმება სადმე რამე ომი?  …  უნდა გამოაცხადონ: 2020  წელს აქტუალური  იქნება  რომანები გაეროზე …   ხო, ასეა,  სწორედ რეგიონია მნიშვნელოვანი  და არა შენ …  რადგან რეგიონი შენს ტალანტზე    მიმზიდველია .”

    წიგნში მოულოდნელ სასიამოვნო სიახლეს წარმოადგენს ლიტერატურული ექსპრესის ბინადართა წერილები ახლობელ ადამიანებთან საკუთარ მშობლიურ ენებზე, წერილებს თან ერთვის ქართული თარგმანიც. სწორედ ამ წერილებში ყველაზე მეტად ვლინდება გულწრფელი დამოკიდებულება ერთმანეთისა და ასევე მათი საქმიანობის, ანუ მწერლობისადმი. ერთ-ერთი მწერლის წერილიდან (ბულგარელი) ამგვარი სახის ჩივილი ისმის,როგორც ჩანს, ასევე საყოველთაოდ აქტუალური: ,,როგორ უნდა მოვთხოვოთ კითხვა სკოლის მოსწავლეს, როცა თავად პროფესიონალ მწერლებს ეზარებათ კითხვა? მკითხველები მწერლებშიც გადაშენდნენ. და მე ეხლა სწორედ ამის მომსწრე ვარ. აქ მყოფნი მწერლებს უწოდებენ საკუთარ თავს, მაგრამ სრულ გულგრილობას იჩენენ მათ გვერდით მცხოვრებ, … შედარებით წარმატებული მწერლის მიმართ.” … ბოლოს, ამ მოგზაურობის აპოთეოზია ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება. ლაშა რის ლაშა იქნებოდა, რომ ამგვარი რამ არ ეთქვა (ორგანიზატორი, როცა მისადმი ოვაცია არ წყდება, ამბობს): ,, – ეს დარბაზი ნახევარი საათით გვაქვს ნაქირავები, ასე რომ, თუკი დროულად არ შევწყვეტთ აპლოდისმენტებს, შესაძლოა, ფოიეში მოგვიხდეს გამარჯვებულის დაჯილდოვება.”

     ერთ რამედ ღირს ილიკოს პერსონაჟი – ე.წ. ,,მარადი სტუდენტი” გერმანიიდან (ქართველი), რომელიც, ასე ვთქვათ, მეურვედ მიუჩინეს ქართველ მწერლებს. შემდეგ, როგორც მისი ელექტრონული წერილიდან ირკვევა, მას სხვა ფუნქციაც ჰქონდა დაკისრებული (მაგრამ,ყოველივეს როდი გავამხელ). ილიკოს მოსწონს ყველაფერი უფასო და სასტუმროში წვრილმან ხელმრუდობასაც არ თაკილობს. და ბოლოს, ამ ნივთების გამოფენასაც აწყობს: ,,დღის ბოლოს ილიკომ სხვადასხვა სასტუმროდან წამოღებული ნივთების გამოფენა მოაწყო თავის ნომერში. რა აღარ გვანახა: ხალათები (სამი ცალი), ერთჯერადი ფლოსტები (ორი წყვილი), ტელეფონი (!), კოვზები, ტყავის საქაღალდე (წარწერით; Hotel Maritim), გერმანულენოვანი ბიბლია (,,ლუთერის თარგმანია ესა, უჯრაში იდო”), მოდილიანის რეპროდუქცია (,,ჩემ ძველ გოგოს გავს, ისიც ეგეთი მკერდის და წითელი კანის პატრონი იყო”) და ერთიც, ნათურა.”

მოკლედ, უხვად შეხვდებით ტიპაჟების მრავალფეროვნებას _ ქართველ თუ უცხოელთა; ეს გახლავთ, ალბათ, ყველა მკითხველისთვის ძალზე ნაცნობი და ცოცხალი სახეები…

,, …ჩემი უკანასკნელი ვარშავული შთაბეჭდილება სწორედ ილიკოს მოწყობილი გამოფენა იყო. ჰელენა არც ფოიეში, არც ლიფტში, არც ქუჩებში… და არც სადგურზე შემხვედრია.” ვინ არის ჰელენა? ალბათ,  ესეც უნდა ვთქვათ.

_ ერთი სიტყვით, მწერალ ზაზას სასიყვარულო ობიექტი. ამ ამბავზე ბევრს ვერაფერს მოგახსენებთ; ესაა ჩვეულებრივი სამკაული ნებისმიერი ნაწარმოებისათვის და უფრო მეტად მწერალ ზაზას ფანტაზიებში ვითარდება. ერთი კი ცხადია, ამგვარი რამ მართლაც სტაცებს გულსა და გონებას ადამიანს: ,,რაღაცის დაწერა დავაპირე, მაგრამ ცარიელ ფურცელს რომ დავხედე, ისევ ჩვეულმა შიშმა ამიტანა. … ის ორგანო (თუ ორგანოები), რითაც უნდა მეწერა, რუსულ ტანკებს, წინა და ამჟამინდელ ელენეებს ჰქონდათ დაკავებული.”

   უკვე მოგახსენეთ, რომ ყურს მჭრის მოჭარბებული სკაბრეზი, თუმცა, როგორც მკითხველისთვის, ჩემთვის წიგნში სხვა რამ უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ საწყენია (ავტორი იმდენად ბუნებრივ იერს აძლევს ამგვარ მეტყველებას), ნუთუ მართლა ასე ბილწია მამაკაცთა _ და მითუმეტეს, მწერალთა _ აზრები თუ სიტყვები, როდესაც ჩვენ გვერდით არ ვართ? და უნებურად ფიქრობ, ნუთუ მხოლოდ ქალთა საზოგადოებაში კეკლუცობისთვის არსებობს ნორმალური მეტყველება? იმედს ვიტოვებ, რომ მთლად ასეც არაა…

მკითხველისთვის აგრეთვე საინტერესოა წიგნში ასახული დღევანდელი ლიტერატურული პროცესები, თუნდაც ამ კონკრეტული მწერლის თვალით, მწერლების ურთიერთობა ერთმანეთთან, პრაგმატიზმამდე დასული შემოქმედება და ა. შ. და როგორც თეოდორ ფონტანე იტყოდა: ,,რა ევალება რომანს? მან ჩვენ, ყოველგვარი გადაჭარბებულისა და სიმახინჯის უარყოფით, უნდა მოგვითხროს ამბავი, რისაც ჩვენ გვჯერა. მან შეთხზული სამყარო, მყისიერად, რეალურ არეალად უნდა წარმოგვიდგინოს.” თუმცა, ამ შემთხვევაში, პირიქით, რეალური არეალი მხატვრულ თხზულებად გვევლინება, მაგრამ მთავარი ხომ სათქმელის გამოთქმის ხერხია, აგერ საუკუნეებია, ყველა მწერალი თავისებურად რომ ცდილობს. მწერლობის მარილიც ხომ სწორედ სტრიქონებს მიღმა იმალება.  

ზემოთ აღნიშნული ღირსებების გარდა, ეს წიგნი, უბრალოდ, მოწყენილობის წინააღმდეგ საბრძოლველადაც შეიძლება წაიკითხოს კაცმა. მოწყენილობამ ხომ ზოგჯერ ავადმყოფობის დონეზეც შეიძლება დაგრიოს ხელი. მოწყენილობა გაურკვეველი და ძნელად შესაცნობი სახით, ვნებს და ანელებს სულს, შთანთქავს აზროვნებას. ამ დროს ყველაზე უფრო სულელური მითქმა-მოთქმაც ახალშობილი ვირუსივით ჰყვავის და იფურჩქნება. _ ბოლოს და ბოლოს ესეც ხომ, სადღაც წამიკითხავს. _ ასე შეუმჩნევლად აყალიბებს წიგნი ჩვენს აზროვნებასა და მეტყველებას. ლაშას ამ წიგნსაც მკვეთრად ატყვია დროის ნიშანი, რაც ალბათ, თავისთავად ცხადია, მაგრამ ნაკლები სკაბრეზი, თუ შეიძლება, უამისოდ თქვენი ნაწარმოებები უფრო მშვენიერია, ბატონებო…