Archive | ნოემბერი, 2013

სტრინდბერგის “შემოდგომა”

19 ნოე

სტრინდბერგის „შემოდგომა“

ცოლ-ქმარს ერთმანეთი ჩუმად, თავისებურად უყვარდა. ათი წელია ერთად იყვნენ. როცა ბავშვები გაჩნდნენ, მათი გრძნობა უფრო მოვალეობაში გადაიზარდა. ქმარს ახალი სამსახურის გამო, ქალაქის ერთი თვით დატოვება უწევს. კაცი მატერიალური უზრუნველმყოფელია, ქალი ბავშვებს უვლის. ქალის სილამაზე ამასობაში ოდნავ შებღალულა, მაგრამ ის ხომ მხოლოდ ქმარზე არ ზრუნავს, არამედ იმ „კომუნაზე, რომელიც თავად შექმნა.“ – ასე ქმარი იმშვიდებს თავს. – თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ „იქნებ უფრო მეტხანსაც შეენარჩუნებინა ახალგაზრდობა, ამდენი სული რომ არ ჰყოლოდა გამოსაკვები, მარტო რომ ყოფილიყო, თუმცა წამითაც არ უნანია ეს.“
ოჯახიდან მოშორებულ ქმარს ათი წლის წინანდელი მეუღლე-სატრფო ენატრებოდა.
„ინანიებდა ყოველ უხეშ სიტყვას, ყოველ სიმწარეს, რაც კი ამ ხნის განმავლობაში შეახვედრა ცოლს.“ უგზავნის სასიყვარულო წერილებსა და ლამაზ ღია ბარათებს… ამიტომაც სწერდა მას არა როგორც ოჯახის დედას, არამედ, როგორც საცოლეს, საყვარელს. გონებაში ამოუტივტივდა დავიწყებული მელოდიები, რომანსები, ჩიტები თუ ყვავილთა სურნელი. არც პასუხები აყოვნებდა და გაჩაღდა ერთი რომანტიკული მიმოწერა. მაგრამ მივლინების დროც იწურებოდა და კაცს გული მღელვარებით ევსებოდა: „მას მიმოწერა საყვარელთან ჰქონდა. მაგრამ დიასახლისსა და დედაში იპოვიდა სატრფოს?“ და რადგან ცოლის ხილვა წინსაფარში არ სურდა, გადაწყვიტა, მას იმ სასტუროში შეხვედროდა, სადაც თაფლობის თვე გაატარეს და ბედნიერი მოგონებები ჰქონდათ. ამაზე მან ცოლს წერილობით აცნობა და მისი მხრიდანაც აღტაცებული თანხმობა მიიღო. ორი დღის შემდეგ კაცი დათქმულ ადგილას ჩადის,
სექტემბრის სასიამოვნო დღეა, სასტუმროს მყუდროებაზე ზრუნავს და ა. შ. ნუთუ ჩამოვა, თუ ბავშვების ავადმყოფობა შეაჩერებს, ან რაიმე სხვა მიზეზი? „ბავშვებზე ახლა ისე ფიქრობდა, როგორც რაღაც დაბრკოლებაზე, რომელმაც ცოლს დააშორა.“
აი, თეთრ ცხვირსახოცს უქნევს ცოლი გემიდან. ქალი თითქოს ის არის და არც არის. საუბარი თავიდანვე ისე ვერ აეწყო. შემდეგ ქმარმა გასეირნება შესთავაზა. ამ პატარა კურორტზე შემოდგომის განწყობა სუფევდა: ბაღები დაცარიელებული, ხეები შემოძარცვული, ყვავილები დაყვავილებული, სასტუმროებში სიჩუმე…
მოძებნეს ის აგარაკი, რომელშიც ადრე ცხოვრობდნენ. აგარაკი „აივნითა და ერთი ბეწო ბაღით.“ „და მაშინვე წამოიშალა მოგონებები. აი, ამ ოთახში დაიბადა მათი სიყრმის შვილი. …აი, ვარდის ბუჩქი, რომელიც თვითონ დარგეს. კვლები კი, რომლებშიც მარწყვს რგავდნენ, გაიბარდა და პატარა მდელოებად იქცა. ორ იფანზე კიდევ ჩანდა მათი საქანელების თოკების კვალი.“
შემდეგ რესტორანში ისევ ძველ მაგიდასთან სადილი და წარსულის თავბრუდამხვევი მოგონებები…
„–იმღერე რამე, უთხრა ქმარმა და როიალს სახურავი ახადა.“
მცირედი ყოყმანის შემდეგ, ქალი ამღერდა: „რას ეძახიან ქვეყანას, ჩემი მიჯნური რომ ცხოვრობს?“ მაგრამ, სამწუხაროდ, ხმას ძალა და სისუფთავე დაჰკარგვოდა. ბგერები ყალბად ჟღერდა. „სიმღერა ხან ყვირილს წააგავდა, სულის საბრალო, სასოწარკვეთილ ყვირილს, რომელმაც იცის, რომ დღე გავიდა და საღამო ახლოვდება.“
რომ დაამთავრა, ერთხანს ელოდა, რომ ქმარი მივიდოდა, მაგრამ ამაოდ. ოთახში სიჩუმე სუფევდა. როცა ქალი საკამით შემოტრიალდა, დაინახა, რომ ქმარი დივანზე იჯდა და ტიროდა.
შემდეგ ცოლს მადლობა გადაუხადა, ყავაზე მშვიდი საუბარი ჰქონდათ ცხოვრებისეულ საკითხებზე.
კაცი საძინებელში შევიდა. ქალი ერთხანს დიასახლისს ესაუბრა: ჯერ ხახვის დამწნილებაზე, შემდეგ შალეულის რეცხვაზე.
ქალმა საძინებლის კარზე რომ დააკაკუნა, პასუხი არავინ გასცა, ხოლო როცა კარი შეაღო, ქმარს ეძინა.
მეორე დღეს გაისეირნეს, მთაზე ძლივს ავიდნენ, ფეხები აღარ ემორჩილებოდათ. ბოლოს ქმარმა სამსახურზე დაიწყო საუბარი, ცოლმა – ბავშვებზე. ქმარმა თავისი ფიქრიც გაანდო: „დავბერდით, დედიკო, ჩვენი გაზაფხული წავიდა, და კმაყოფილი ვიყოთ იმით, რაც გვქონდა. თუ წინააღმდეგი არა ხარ, პირდაპირ საღამოს გემით დავბრუნდეთ შინ.“
რას იტყვით, მართლაც ყველაფერს თავისი დრო აქვს, არა?

Advertisements

ჰერმან ჰესეს ბრძნული აზრები

11 ნოე

ჰერმან ჰესეს ბრძნული აზრები
ჰ. ჰესეს ბრძნული აზრები

მგონი უკვე მითქვამს, ჰერმან ჰესე თუ რაოდენ პატივსაცემი მწერალი და პიროვნებაა ჩემთვის. გარდა ნაწარმოებებისა, აღტაცებაში მოვყავდი მის მიერ სხვადასხვა თემაზე გამოთქმულ აზრებს, რაც ჩემს აზროვნებასთან თითქმის თანხვედრაში მოდიოდა. დღეს გადავწყვიტე, ზოგიერთი მათგანი შემოგთავაზოთ. მაგალითად, წიგნის კითხვის შესახებ ამბობს, რომ ზოგიერთს ძალზე ეძნელება კითხვა, მაგრამ კითხულობს იმისათვის, რომ აქედან განათლება უნდა მიიღოს, რაც ასე აუცილებელია, მეორენი კითხულობენ გასართობად, დროის მოსაკლავად და, ამდენად, მათთვის სულ ერთია, რას წაიკითხავენ. ეს მეხსიერებით აღდგენილი მოსაზრება იყო, ახლა მოდით, მივყვეთ ჰესეს სიტყვებს:

უგუნური და გაფანტული განწყობით კითხვა, ეს იგივეა, რაც მშვენიერ გარემოში თვალახვეული სეირნობა. უნდა ვიკითხოთ არა იმისთვის, რომ დავივიწყოთ საკუთარი თავი და ჩვენი ყოველდღიურობა, არამედ, რათა უფრო ძლიერ შევინარჩუნოთ ცხოვრების საზრდელი კიდევ უფრო მოწიფული ცნობიერებით.
წერილიდან „კითხვის შესახებ“.

რელიგიაზე

…ხშირად მეუბნებიან, რომ დღეს ღვთისმოსავი (მოწიწებული) ადამიანები აღარ არსებობენ. მაშინ, ასევე მშვენივრად შეგვეძლო გვეთქვა, რომ დღეს არავითარი მუსიკა და აღარავითარი ცისფერი ზეცა აღარ არსებობს. მე ვფიქრობ, ბევრი ღვთისმოსავია ირგვლივ. თავად მეც ასეთი ვარ, მაგრამ ყოველთვის ასეთი როდი ვიყავი.
…ღვთისმოსაობა სხვა არაფერია, თუ არა ნდობა. ნდობა კი გააჩნია ყოველ ჩვეულებრივ, ჯანსაღ, კეთილგანწყობილ ადამიანს, ბავშვს, ველურს.
…ნდობა საკუთარი თავისადმი არის დასაწყისი. არა ანგარიშსწორებით, დანაშაულით
(ან: ცოდვით) და შებღალული სინდისით, არც თვითგვემითა და მსხვერპლშეწირვით მოიპოვება რწმენა. ყველა ეს მცდელობანი იმ ღმერთისადმია მიმართული, რომლებიც ჩვენს გარეთ ცხოვრობენ. ღმერთი, რომლისაც ჩვენ უნდა გვწამდეს, ჩვენშია. ვინც საკუთარ თავს უარს ეუბნება, ის ღმერთს თანხმობას ვერ ეტყვის.

ჩემთვის ჰუმანისტური იდეალი რელიგიურზე მეტად სათაყვანებელი როდია, და ასევე არც რელიგიებს შორის მივანიჭებდი რომელიმეს უპირატესობას. სწორედ ამიტომ არ შემეძლო თავი რომელიმე ეკლესიის კუთვნილებად ჩამეთვალა, რადგან იქ სულის სიმაღლე და თავისუფლება არ არის, რადგან ყოველი მათგანი თავს საუკეთესოდ, ერთადერთად მიიჩნევს და ყოველ იმ ადამიანს კი, ვინც მათ არ ეკუთვნის, გზააბნეულად თვლიან.
წიგნიდან „რჩეული წერილები“.

აზარტულ თამაშებზე

დიახ, ფულზე თამაში მიმზიდველი და სასიკეთო მეჩვენებოდა, მაგრამ მაინც ვაიძულებდი თავს, მის ჩრდილოვან მხარეებზეც დავფიქრებულიყავი, უფრო სწორად, საკუთარ თავზე გამომეცადა მისი გავლენა. …მე თუ მკითხავთ, სავსებით უმართებულოა ის აზრი, რომ ამ დროს ადამიანს ემუქრება იოლი გამდიდრების საფრთხე და ამიტომ შესაძლოა, მან პატიოსანი შრომისადმი პატივისცემა დაკარგოს; ამასთანავე თითქოს მოთამაშე იმ საფრთხის წინაშე იდგეს, რომ მთელ ფულს წააგებს, ხოლო სათამაშო ბურთულებისა და მონეტების ბზრიალ-ტრიალის თვალმოუშორებლად ყურება მოთამაშეს აკარგვინებს მთელი ბურჟუაზიულ-ეკონომიკური მორალის საფუძველთა საფუძვლის – ფულისადმი უსაზღვრო მოწიწებას.
…ეს ყოველივე ანგარიშგასაწევია, მაგრამ არა მგონია, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
საფრთხე ეგზომ სერიოზული იყოს. როგორც ფსიქოლოგს, მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი სულით ავადმყოფი სულაც არ იგრძნობს თავს უბედურად, თუ მას უეცრად ხელიდან გამოეცლება მთელი ქონება და დაეკარგება ფულის სიწმინდისადმი რწმენა, ვფიქრობ, სწორედ ეს უნდა იყოს მისთვის ერთადერთი უტყუარი ხსნა. …თამაშის ნაკლი მხოლოდ ის არის (და ამით აზარტული თამაშები საოცრად ჰგავს ალკოჰოლიანი სასმელებით გაბრუებას), რომ ამ დროს ადამიანი გარეშე გამაღიზიანებლებით აღიგზნება და ეს აღგზნება წმინდა მექანიკური და მატერიალური ხასიათისაა.
წიგნიდან „დამსვენებელი“ (თარგმანი ნანა გოგოლაშვილისა).

ადამიანის ინდივიდუალურ ბუნებაზე

ყოველ ადამიანს თავისი სამშვინველი აქვს, რომელიც შეუძლებელია სხვაში აგერიოს.
ორ ადამიანს შეუძლია ერთად იაროს, ისაუბრონ, ერთად იყვნენ. მაგრამ მათი სამშვინველები ყვავილებივითაა, ყველას თავისი ფესვები აქვს, ვერც ერთი მივა მეორესთან, მაშინ ფესვები უნდა მიატოვოს და სწორედ ეს არ შეუძლია. ყვავილები თავის სურნელსა და თესლს აგზავნიან, რადგან ერთმანეთთან უნდათ; თესლი რომ სწორ ადგილას მოხვდეს, ამისათვის ყვავილი ვერაფერს იზამს, ამას ქარი უზრუნველყოფს, და ისიც მიჰქრის და მოჰქრის თავის ნებაზე.
მოთხრობიდან „კნულპი“.

რას არ უწოდებენ ჰესეს მკითხველები მთელ მსოფლიოში: მისტერიული და ეგზოტიკური; ღრმა და ზედაპირული ერთდროულად; ელეგანტური და მარტივი, სტილის მხრივ; კლასიკური გიტარისტი; მთამსვლელი; პოტენციური წმინდანი; პაციფისტურად განწყობილი და ა. შ. არ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ერთი ადამიანისთვის ძალზე ბევრია?