ცრემლიანი სათვალის გამო

26 Jul

ცრემლიანი სათვალის გამო „ცრემლიანი სათვალის“ გამო

საინფორმაციო საშუალებებიდან შევიტყვეთ, რომ გოგი გვახარიას სტატიების ციკლი „ცრემლიანი სათვალე“ ჟურნალ „ცხელ შოკოლადში“ რომ იბეჭდებოდა და ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულს ეხებოდა, წიგნად გამოიცა. ამ ინფორმაციამ გამახარა, რადგან სიამოვნებით ვკითხულობდი და რამე აუცილებლად გამომრჩებოდა, ისე რომ ერთად თავმოყრილის ხილვით და წაკითხვით, კიდევ ერთხელ, დიდი სიამოვნება გველის. ამ სტატიების კითხვისას მეც უნებურად დავფიქრდი, თავად სად ვიყავი ამ დროს. უბის წიგნაკში პატარა შთაბეჭდილებაც ჩამიწერია და მინდა რამდენიმე წლის შემდეგ ბლოგის მკითხველებს გაგიზიაროთ.

ოთხმოცდაათიანი წლების ამბებს რომ ვკითხულობ, გაოცებული ვარ, ნეტა მე სად ვიყავი ამ წლებში, თითქოს ვარ და არცა ვარ, არადა უცხო ენების ინსტიტუტი უკვე კარგა ხნის დამთავრებული მქონდა და საქმე იმაში გახლდათ, რომ ანთროპოსოფიულ სულის მეცნიერებას ვეუფლებოდი, რომელიც გვეუბნება, რომ პოლიტიკა მისი შესწავლის საგანი არ არის (ეტყობა ზედმეტად პირდაპირ მესმოდა ეს ამბავი). არქეოლოგიურ ექსპედიციაშიც ვმუშაობდი მთარგმნელად, სადაც იმხანად ჩვენში ახლად შემოსული მრავალპარტიულობის ფონზე, თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენილი იყო თავმოყრილი და „ცხელ-ცხელი“ ამბებიც მოჰქონდათ სამსახურში (უნდა გითხრათ, რომ ეს თბილისის ექსპედიცია იყო და დიღომში ვიდექით). მე ყოველივე ამას ლიტერატურული ნაწარმოებივით აღვიქვამდი და თავად არანაირად ვერეოდი. პარალელურად გერმანიაში გასამგზავრებლად ვემზადებოდი ვალდორფის პედაგოგიკის შესასწავლად. საორგანიზაციო საქმეებზე პერიოდულად მიხდებოდა წასვლა-წამოსვლა და რადგან პოლიტიკა „ჩემი საქმე არ იყო,“ თითქოს ისტორიის ამ ფურცელმა გვერდით ჩამიარა. აი კიდევ ერთი წერილი წავიკითხე ჟურნალ „ცხელ შოკოლადში“ გოგი გვახარიას რუბრიკიდან „ცრემლიანი სათვალე“ და სათვალე მართლაც გამიცრემლიანდა.
ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, რომ ეს იქნებ ღმერთის მადლი (წყალობა) იყო, რომ ყველაზე რთულ წლებს ამარიდა ჩემ ქვეყანაში, იქნებ ბედისწერულად არ მეხებოდა- მეთქი, – ინკარნაციის კანონს თუ გავითვალისწინებთ –, მაგრამ მოქალაქოებრივი სამართლიანობის განცდა, ცხადია, ყოველთვის მქონდა და მოგვიანებით კიდევ უფრო გამიმძაფრდა, თუმცა მიტინგებზე მოსიარულეთა რიცხვს არასოდეს ვეკუთვნოდი. იმდროს კი რუსთაველზე გახლდით ( მართალია გავლით), როცა ზვიადი მთავრობის სასახლიდან გარეთ გამოვიდა და ქვეყნის დამოუკიდებლობა მოგვილოცა. – ესაც ხომ ბედისწერაა, ისევე, როგორც ყოველი შეხვედრა ამქვეყნად.
მდუმარე განსჯით ვუმზერდი მოვლენებს, თუმცა ასეთ აგრესიულ განვითარებას როგორ წარმოვიდგენდი. თბილისის ომი რომ დაიწყო, სასწავლებლად წასასვლელი საბუთები (გერმანიისთვის) უკვე გამზადებული მქონდა, თან კერძო მოსწავლეებთან დავდიოდი. მათაც ვეუბნებოდი, ყურადღება არ მიექციათ ტყვიების ხმებისთვის, ზოგჯერ მეცადინეობას რომ გვაწყვეტინებდა, და მაქსიმალური კონცენტრაცია თავად საგნისკენ მიემართათ. გვჯეროდა, რომ ამით აურის გასპეტაკებას ხელს ვუწყობდით. ვცდილობდი, საკუთარ უნართა მობილიზაცია მომეხდინა, ხოლო როცა სამშობლოს დასჭირდებოდა, სწორედ მაშინ მის სასარგებლოდ გამომეყენებინა.
დამიძახა თუ არა სამშობლომ, ეს არ ვიცი. ეგ არის, დროდადრო თარგმანებს ვაქვეყნებ გაჭირვებით…
მომიტევეთ, ზედმეტი გულახდილობა თუ გამოვიდა. (29.05.07)

9 Responses to “ცრემლიანი სათვალის გამო”

  1. lia111 July 29, 2013 at 1:19 pm #

    ასეთი გულახდილობა ნამდვილად დასაფასებელია. უბრალოდ ჩანაწერი, ზედმეტი კეკლუცობის და პოზიორობის გარეშე. მართლაც – ვიღაც მოვლენათა შუაგულში იყო, ვიღაც გარედან აკვირდებოდა, ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი იყო ცხოვრების რიტმი არ დარღვეულიყო . . .
    ყველას თავისი გზა აქვს და ყველა ერთად ვქმნიდით იმას, რაც იქმნებოდა.

  2. rusa111 August 4, 2013 at 7:00 pm #

    რა გითხრა, ხშირად ისეთი გრძნობა მაქვს, რომ იქ არა ვარ, სადაც უნდა ვიყო.

    • lia111 August 6, 2013 at 4:14 pm #

      ვინ იცის, ვინ სად და როდის უნდა იყოს. თუმცა სუბიექტური განცდა, ცხადია, მნიშვნელოვანია.

  3. Nino August 9, 2013 at 10:54 am #

    ჩვენ მაშინ აკადემიის სტუდენტები ვიყავით და ის უშუქობა და ყველაფერი რომანტიკულად აღიქმებოდა ჩვენგან…

  4. rusa111 August 9, 2013 at 3:31 pm #

    საინტერესოა, ახალგაზრდები ყველაფერს რომანტიკულად უყურებენ. ისე, ჩემს მიდგომაშიც თავისებური რომანტიკა იყო, რომ არ ვერეოდი.

  5. anania September 9, 2013 at 10:45 pm #

    წიგნი რომ წაიკითხე, ყველაზე უფრო რა დაგამახსოვრდა?

  6. rusa111 September 10, 2013 at 9:55 am #

    ბევრი რამ, მაგრამ ფიქრია ლებანიძის გარდაცვალებაზე რომ ამბობს: “ვერასოდეს დავიჯერებ,რომ ფიქრია რაღაც გადაუხარშავი, მოუნელებელი დარდის, ე.ი. კიბოს მსხვერპლი გახდა.”
    გამიკვირდა, საიდან იცოდა გოგიმ კიბოს ფსიქოლოგიური საფუძველი, ალბათ ფსიქოლოგი ნაცნობებისგან. ექიმები ხომ მარტო ფიზიოლოგიას უყურებენ.

    • lia111 September 12, 2013 at 1:37 pm #

      ექიმს გააჩნია.

  7. rusa111 September 12, 2013 at 4:48 pm #

    შენზე არ ვამბობ, ჩემო უნივერსალურო!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: