Archive | ნოემბერი, 2012

Windows on the World

27 ნოე

                                                 ფრედერიკ ბეგბედერი

                                                 Windows on the World

                                               „ფანჯრები მსოფლიოზე“

გლობალურ სამყაროში ტექნიკურ პროგრესთან ერთად, საფრთხის რისკებიც იზრდება. რაშიც ამ წიგნმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა. წიგნში თავზარდამცემი 11 სექტემბერია აღწერილი. Windows on the Word   რესტორანია ჩრდილოეთ ცათამბჯენის 107-ე სართულზე, სადაც ძირითადი მოქმედება ვითარდება. რესტორნის კლიენტები ხედებს სურათებს უღებენ: „ხედები, იცოცხლე, მსოფლიოში ულამაზესია. მართკუთხა შენობების თავზე რკალად იკვეთება ზღვა, რომელზეც გემების ნაკვალევი გეომეტრიულ ფიგურებს ხაზავს. თოლიებიც კი არ დაფრინავენ ასე მაღლა.“

მამა თავის ორ ვაჟს სკოლას აცდენინებს და ისინი რესტორანში მიჰყავს. ეს თხრობის ერთი ხაზია, წიგნში ასევე არის მეორე – პარიზელი კაცის მონათხრობი პარიზის „მეშვიდე ციდან.“ მხატვრული ნაწარმოებიდან ამგვარი მოვლენების გაცნობა სწორედ იმიტომაცაა უფრო ამაღელვებელი, რომ ის კონკრეტულ ადამიანთა თვალთახედვას აცნობს მკითხველს და აქედან გამომდინარე, უფრო გასაგებ და თანაგრძნობის გამომწვევ ამბად იქცევა. გაზეთში ამოკითხული სტატისტიკური ინფორმაცია თითქოს ყურს აბსტრაქტულად ხვდება და ქარივით ჩაგიქროლებს. კონკრეტულ ვითარებაში კი შენც ამ ამბის თანაზიარი ხდები: „ერთად სასაუზმოდ მოსული თანამშრომლები დამუნჯდებიან. … მიმტანი ქალი, გაშტერებული, ჩაის დასხმას მანამდე გააგრძელებს, სანამ ფინჯანს არ აავსებს და ლამბაქზე არ გადმოიღვრება. არსებობს წამები, რომლებიც უსაშველოდ დიდხანს გრძელდება, გეგონება, ვიღაცამ

DVD ფლეიერზე  Pause-ის ღილაკს დააჭირა თითი. ამ რამდენიმე ამოსუნთქვაში დრო სერიოზულად იწელება. სულ მალე ყველა ერთმანეთს გაიცნობს, აპოკალიფსის მხედრებად იქცევა სამყაროს დასასრულს შეუერთდება.“  

გარდა ამისა, ავტორი გვამცნობს, რომ დაჯახებიდან ჩამონგრევამდე გავიდა საათი და ორმოცდახუთი წუთი და ეს ჯოჯოხეთიც ამდენივე ხანს გრძელდებოდა, … და ალბათ ეს წიგნიცო, დასძენს იგი.

ყოველი განსაცდელისას ადამიანი ხომ რაღაცას სწავლობს, რა გვასწავლა მსოფლიო სავაჭრო ცენტრმა? „ჩვენი უძრავი ქონებაც მოძრავია. ის, რაც აქამდე ურღვევი გვეგონა, თურმე სულ ადვილად იმსხვრევა, … კოშკები მოძრაობენ, ხოლო ცათამბჯენები ცას კი არა, მიწას ებჯინებიან.“

ჩემთვის ძალზე საინტერესო იყო წიგნში ყოველივე ეს, მასთან ერთად, კულტუროლოგიური მომენტებიც, რომ არ არსებობს საფუძველი, ევროპელთა და ამერიკელთა მხრიდან ერთმანეთის სიძულვილისა და რომ თავის დროზე ყველა ამერიკელი ევროპელი იყო (თეთრი ამერიკელები იგულისხმება, ალბათ). ასევე საინტერესოა, რა რეზონანსი გამოიწვია ამ ამბავმა სხვადასხვა სტატუსისა თუ პროფესიის ადამიანებში პარიზში. სნობი, პარანოიკი, ნარცისი, მარკეტინგის თანამშრომელი და ა.შ., ყველა თავისებურ რეპლიკას წამოისვრის, ერთი დამწუხრებული ქალბატონი კი უბრალოდ ამბობს:

„ჩემს ამერიკელ მეგობრებს უნდა დავურეკო, ვიკითხო მათი ამბავი!“

ელვის სისწრაფით ჩავიკითხე წიგნის სტრიქონები. დამდნარი ლითონის უზარმაზარი მასა, აალებული ნაყინის მანქნები, შოკში ჩავარდნილი თანამშრომლები, მწყობრიდან გამოსული ლიფტები, სახურავზე ასასვლელი ჩაკეტილი კარი, მაშველთა ამაო ლოდინი და ვინ იცის, კიდევ რამდენი რამ იპყრობს მკითხველის გაფაციცებულ ყურადღებას, ან კიდევ, ის ბრაზილიელი მწეველი კაცი რად ღირს, განაწყენებული რომ გამოდის შენობიდან აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე – მოწევა მხოლოდ შენობის გარეთაა ნებადართული და ისიც დემონსტრაციულად ტოვებს იქაურობას და ლიფტისკენ მიეშურება. ალბათ, მთელი ცხოვრება მოსაგონრად ექნება კაცს ასეთი იღბლიანი განაწყენება!

საინტერესოა, როგორ იქცევიან სიკვდილის მოახლოებისას ადამიანები: ვინ ასდოლარიანების შეკვრას გადმოისვრის ცათამბჯენიდან და თავადაც სიცილ-ხარხარით გადმოფრინდება, ვინ სექსში ჰპოვებს უკანასკნელ ბედნიერებას… ვინ სასიყვარულო გზავნილებით ანუგეშებს გულისსწორს და ბოდიშს უხდის, რომ უფრო მეტად არ დააფასა თავის დროზე მისი სიყვარული.

უკვე ირკვევა, რომ ეს უბედური შემთხვევა კი არა, ტერორისტული აქტია და აქაც ეგზისტენციალური სიტყვა გაისმის ერთ-ერთი თანამშრომლისგან: „ვის შეიძლებოდა ეს ჩაედინა? ვისაც გინდა! ამერიკა იმდენ ადამიანს სძულს, მათ შორის ამერიკელებსაც. …რატომ უნდა ებრძოლო დანარჩენ მსოფლიოს, თუ ის ისედაც არ არსებობს შენთვის. სისულელე, აბსურდი…“

ტურისტული თვალითაც გიპყრობს ეს ყოველივე, რადგან მაინც უცხოელის დაწერილია და თუ თავად არ გინახავს, მეტად თვალსაჩინოდ აღწერს ცათამბჯენის სიახლოვეს განცდილ შეგრძნებებს: „…ქუჩა დერეფანს ჰგავდა, რომელსაც აქეთ-იქით მაღალი შენობები კედლებივით მიუყვებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთის გიჟმაჟმა მდინარემ კანიონის ფსკერზე ჩამიტანა, თავი ქალაქში კი არა, უფსკრულის ძირში მეგონა.“ ან კიდევ: „ამ ორი ბეტონის კოლოსმა უბრალოდ კი არ გამაოგნა, არამედ ფიზიკურად დამთრგუნა. …ძალა, რომელიც ამ ცათამბჯენების შემქმნელთა შთაგონების წყაროდ იქცა, არ შეიძლება ადამიანს ეკუთვნოდეს. თუმცა კოლონებს შორის დაშორება ისეთი იყო, იფიქრებდი, არქიტექტორმა მამაჩემის მხრების სიგანით გაზომაო.“

ასე და ამგვარად, ბევრი სახალისო მომენტიცაა წიგნში, რაც ავტორს, უთუოდ, დამსახურებად უნდა ჩავუთვალოთ. თავშესაქცევი საკითხავი ტრაგიკულ თემაზე, ალბათ ასეც შეიძლებოდა გვეწოდებინა…

Advertisements

ჰაინრიხ ბიოლი “მოცინარი”

9 ნოე

როცა პროფესიას მეკითხებიან, ვიბნევი ხოლმე: ვწითლდები და ხმა მიკანკალებს; სხვა მხრივ თავდაჯერებულ კაცად მიცნობენ. მშურს იმ ადამიანების, ვისაც შეუძლია თქვას: კალატოზი ვარ, პარიკმახერი… ასევე ბუღალტრებისა და მწერლების, შესაშურია მათი აღიარების უბრალოება, რადგან ყველა ეს პროფესია ერთი სიტყვით აიხსნება და ვრცელ ახსნა-განმარტებებს არ მოითხოვს. მე კი იძულებული ვარ, ამგვარ კითხვებზე ასე ვუპასუხო: მოცინარი ვარ. ხოლო ასეთი აღიარება შემდგომ კითვას მოითხოვს: „ამით ცხოვრობთ?“ ჭეშმარიტების შესაბამისად თუ გნებავთ, უნდა მეპასუხა: „დიახ“; და მე მართლაც ჩემი სიცილით ვცხოვრობ და კარგადაც, რადგან ჩემი სიცილი არის – კომერციულად რომ ვთქვათ – , მოთხოვნადი. კარგი, ნასწავლი მოცინარი ვარ: სხვა არავინ იცინის ისე, როგორც მე, სხვა არავინ ფლობს ხელოვნების ჩემეულ ნიუანსებს. მომაბეზრებელი ახსნა-განმარტებების თავიდან ასაცილებლად, კარგა ხანს თავს მსახიობად ვასაღებდი, მაგრამ ჩემი მიმიკური და სამერტყველო უნარები იმდენად მწირია, რომ ეს განსაზღვრება რეალობისაგან მეტად შეუსაბამოდ გამოიყურება: მე მიყვარს ჭეშმარიტება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მოცინარი ვარ. არც კლოუნი ვარ და არც კომიკოსი, ადამიანებს კი არ ვამხიარულებ, არამედ მხიარულებას წარმოვადგენ: რომის იმპერატორივით ვიცინი, ან ვინმე მგრძნობიარე აბიტურიენტივით, მე-17 საუკუნის სიცილი ისევე მემარჯვება, როგორც მე-19 საუკუნისა. და თუ საჭიროა, ყველა საუკუნის სიცილი შემიძლია; საზოგადოების ყველა კლასის, ყველა ასაკობრივი ჯგუფისა. ეს მე უბრალოდ ისევე ვისწავლე, როგორც სხვები მაგალითად, ფეხსაცმელზე ძირების მიკვრას სწავლობენ. ჩემს მკერდში ამერიკის სიცილი სუფევს, აფრიკის სიცილი, თეთრი, წითელი, ყვითელი სიცილი – და შესაბამისი ჰონორარის საფასურად – ავაჟღერებ ხოლმე იმგვარად, როგორც რეჟისურაშია აღწერილი.
ამ მხრივ შეუცვლელიც კი გავხდი: ფირფიტებზე ვიცინი, ვიცინი ფირზეც და ხმის რეჟისორები დელიკატურად მექცევიან. ვიცინი მძიმედ, მოზომილად, ისტერიულად – ვიცინი, როგორც ტრამვაის ვატმანი ან როგორც მოსწავლე, სასურსათო პროდუქტების სფეროს შეგირდი; სიცილი დილით, სიცილი საღამოს, ღამის სიცილი და გარიჟრაჟის სიცილი, მოკლედ: სადაც ყოველთვის და როგორც ყოველთვის უნდა იცინოდნენ, და მე ეს ყოველივე ხელმეწიფება.
ალბათ დამიჯერებთ, რომ ასეთი ხელობა დამქანცველია, მითუმეტეს, რომ – ეს ჩემი სპეციალობაა – ; ვფლობ აგრეთვე გადამდებ სიცილს, ასე გავხდი შეუცვლელი მესამე და მეოთხე რანგის კომიკოსებისათვის, რომლებიც სამართლიანად კანკალებენ თავიანთი ოხუნჯობების გამო, მე კი თითქმის ყოველ საღამოს ვარიეტეში ვზივარ, როგორც გარკვეული სახის კლაკერი, სუსტ მხარეებზე გადამდებად საცინრად. ეს უდიდესი სამუშაოა: ჩემი გულწრფელი, ველური სიცილი არც დროზე ადრე, არც დაგვიანებული უნდა იყოს, ის ზუსტ მომენტში უნდა მოხდეს – შემდეგ, პროგრამის შესაბამისად, ხმამაღალი სიცილი უნდა ავტეხო, მსმენელთა მთელი ჯარი ჩემთან ერთად ფრუტუნებს და ეს სიმძაფრე უნდა შევინარჩუნო.
შემდეგ კი დაქანცული, გარდერობისკენ მივიპარები, პალტოს ვიცვამ, ბედნიერი იმით, რომ ბოლოს და ბოლოს დასვენების საღამოა. სახლში უმეტესად შემდეგი შინაარსის დეპეშები მხვდება: „სასწრაფოდ გვჭირდება თქვენი სიცილი. მიღება სამშაბათს,“… და რამდენიმე საათის შემდეგ გადაჭედილი მატარებლის ვაგონში ვეკვეხები და საკუთარ ბედზე მოვთქვამ.
ყველა მიხვდება, რომ სამუშაო დღის შემდეგ, ან შვებულებისას, სიცილისთვის მაინცდამაინც არ უნდა ვიყო განწყობილი: მწველავს უხარია, როცა ძროხას ივიწყებს, ხოლო კალატოზი – სამშენებლო ბეტონს; დურგალს კი, როგორც წესი, სახლში ყოველთვის მოშლილი კარი ან უჯრები აქვს, რომლებიც ძლივს იღება. კონდიტერს მჟავე კიტრი უყვარს, ყასაბს – მარციპანი და ხაბაზს კი პურს ძეხვი ურჩევნია; ტორიადორებს მტრედების გარემოცვაში ყოფნა მოსწონთ, მოკრივეები ფითრდებიან, როცა მათ შვილებს ცხვირიდან სისხლი მოსდით: მე ეს ყველაფერი კარგად მესმის, რადგან, თავად სამუშაო დღის ბოლოს არასოდეს ვიცინი. მე ყველაზე უფრო მკვდარი ადამიანი ვარ და ხალხი პესიმისთად მთვლის – და ალბათ სამართლიანადაც.
ჩვენი ქორწინების პირველ წლებში ცოლი ხშირად მეუბნებოდა: „გაიცინე, რა!“ მაგრამ თანდათან მისთვის ცხადი გახდა, რომ ამ სურვილის შესრულება არ შემეძლო. მიხარია, რომ ჩემ დაძაბულ სახის კუნთებს და განწყობას ღრმა სერიოზულობით განვმუხტავ ხოლმე. დიახ, სხვისი სიცილიც მაღიზიანებს, რადგან ძალზედ მახსენებს ჩემს პროფესიას. ასე და ამგვარად, ჩვენ ჩუმი, მშვიდი ცოლ-ქმრობა გვაქვს, რადგან ჩემი ცოლიც გადაეჩვია სიცილს: ზოგჯერ ღიმილს ვამჩნევ ხოლმე და მაშინ მეც ვიღიმები. ერთმანეთს ჩუმად ველაპარაკებით, რადგან მძულს ვარიეტეს ხმაური, ხმაური მისაღებ ოთახებში რომაა გამეფებული. ვინც არ მიცნობს, საკუთარ თავში ჩაკეტილ კაცად მთვლის. და იქნებ ვარ კიდეც, რადგან პირს ძალიან ხშირად, მხოლოდ სიცილისთვის ვაღებ.
უძრავი მიმიკით მივაბიჯებ ცხოვრებაში, დროდადრო თავს მხოლოდ ნაზი ღიმილის უფლებას ვაძლევ და ხშირად იმაზე ვფიქრობ, მართლაც გავიცინე თუ არა, მე მგონი, არა. ჩემი და-ძმა ამბობს, რომ ყოველთვის ყველაფერში პირველი ვიყავი.
ასე და ამგვარად, მრავალნაირად ვიცინი, მაგრამ საკუთარ სიცილს სულაც არ ვიცნობ.
გერმანულიდან თარგმნა რუსუდან ბეჟაშვილმა.

ჯონ მაქსველ კუტზეე “სირცხვილი”

1 ნოე

Image ჯონ მაქსველ კუტზეე „სირცხვილი“
ჯ. მ. კუტზეე სამხრეთაფრიკელი ინგლისურენოვანი მწერალია. რომანი „სირცხვილი“ მან 1999 წელს გამოაქვეყნა და ამ წიგნისათვის ბუკერის პრემია მეორედ მიიღო. ის აგრეთვე ნობელის პრემიის ლაურეატიც გახლავთ (2003 წ.). მიუხედავად იმისა, რომ მე მწერლებს პრემიების მიხედვით არ ვსჯი, ჩვენში ამას მნიშვნელობას ანიჭებენ და არა მარტო აქ… თავად რომანს რაც შეეხება, ის კეიპტაუნის უნივერსიტეტის ერთ პროფესორზეა, რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა საკუთარ სტუდენტთან, რის გამოც უნივერსიტეტიდან მიდის. დანაშაულს უმალ აღიარებს და ზედმეტი სენტიმენტების გარეშე ტოვებს იქაურობას. კოლეგები, ჟურნალისტები ამაოდ ცდილობენ რაიმე ხელმოსაჭიდი წამოაცდენინონ.
„ჩვენ პურიტანულ დროში ვცხოვრობთ. პირადი ცხოვრება ყველას განსჯის საგნად იქცა, მისდამი მეტისმეტი ცნობისმოყვარეობა კი რესპექტაბელური გახდა – ცნობისმოყვარეობა და სენტიმენტალობა. მათ სპექტაკლი სჭირდებოდათ: გულში მჯიღის ცემა, მონანიება, ცრემლიც კი… მოკლედ, ტელეშოუ. ასეთი სიამოვნება კი ვერ მივანიჭე.“– უამბობს ქალიშვილს მასთან ფერმაში ჩასვლისას. ამ უსიამოვნების შემდეგ ის ყველაფერს კარგავს, სამსახურს, მდგომარეობას, ბინას… მაგრამ ცდილობს შეინარჩუნოს ღირსება. მუშაობს ბაირონზე, სურს ოპერის დაწერა.
მეორე ამბავია მისი ქალიშვილის ისტორია, არანაკლებ დრამატული. ჩემი აზრით, ეს „სირცხვილი“ ეხება უფრო მეტად შვილს, ვიდრე მამას. ლუსი – კარგი განათლების მქონე ქალიშვილი – სოფლად სახლდება და ფერმერულ ცხოვრებას ირჩევს: უვლის ძაღლებს, ამუშავებს მიწას და შაბათობით საკუთარ პროდუქტს ბაზარზეც ყიდის. თავიდან თითქოს შესაშურია მისი დამოუკიდებლობა, შრომისმოყვარეობა, რაც ერთგვარი თავისუფლების გარანტიაც არის, მაგრამ, აღმოჩნდება, რომ მთლად ასეც არაა საქმე. ფერმაში ჩნდება შავი მუშა (ორივე გაგებით) პეტრასი, რომელიც საკუთარ თავს „მეძაღლეს“ უწოდებს, ლუსის შავ სამუშაოში ეხმარება, მოგვიანებით ყიდულობს მისგან მიწის ნაკვეთის ნახევარს და თანამფლობელი ხდება. ერთი შეხედვით, ერთგული დამხმარეა ლუსის მეურნეობაში, მაგრამ ერთხელაც,მისი არყოფნის დროს, სამკაციანი ჯგუფი თავს ესხმის გოგონას (მამასთან ერთად, ისიც იქაა იმ დროს), აუპატიურებენ და ძარცვავენ მას, მიყავთ მამის მანქანაც. ირკვევა, რომ ეს ხალხი პეტრასისთვის არც ისე უცნობია; ანუ სურთ შექმნან ილუზია, რომ აქ მთლად უსაფრთხო ვითარება არ არის და მას დამცველი ესაჭიროება, რადაც თავად მოაქვს თავი. მამა სთხოვს ქალიშვილს, მიატოვოს აქაურობა, მაგრამ ლუსი უარზეა, თვლის, რომ ეს მისი მარცხი იქნება. ბოლომდე არ ამხელს მიზეზებს, რატომ ჯიუტობს ასე და თან ყველაფერზე თანხმდება, რასაც პეტრასი სთავაზობს. იმ საბედისწერო დღის შემდეგ ორსულად აღმოჩნდება და იმაზეც კი თანახმაა, პეტრასს გაჰყვეს ცოლად, (რომელსაც ფერმაში უკვე ცოლიც ყავს შვილებით, და საყვარელიც) და ვინც სინამდვილეში მისი მფარველი იქნება; მამას კი პირობას აძლევს, რომ მისი სახლი ხელშეუხებლად დარჩება, სადაც მისი ნებართვის გარეშე ვერავინ შევა. პოლიციაც მხოლოდ დაზღვევის გამო გამოიძახა, ძარცვის თაობაზე მოახსენა, გაუპატიურებაზე ხმაც არ დაუძრავს, მამასაც არ აძლევს უფლებას, მეზობლებს უჩივლოს, რადგან აქ სურს ცხოვრების გაგრძელება: „დიახ, გზა, რომელსაც მე ვადგავარ, შესაძლოა მცდარია, მაგრამ თუ ახლა ფერმიდან წავალ, წავალ დამარცხებული და ამ მარცხის გემო მთელი ცხოვრება გამყვება.“– ერთი სიტყვით, ეთნიკური და ეთიკური წინააღმდეგობების გამოსახატავად, ავტორი კომპოზიციურად დატვირთულ სიუჟეტს იყენებს. გმირთა წინააღმდეგობრივ საქციელში მკითხველს ზოგჯერ გარკვევა უჭირს და მართლაც, იქნებ ასეა, როგორც წიგნის ერთ-ერთი გმირი ამბობს: „…როცა ჩაგვავლებენ, ჩვენ ყველანი პატიებას ვითხოვთ. მაშინ ყველანი ვწუხვართ. საქმე ის კი არ არის, ჩადენილის გამო ვწუხვართ თუ არა. საქმე ის არის, რა ვისწავლეთ მომხდარისაგან და რას ვაპირებთ ახლა, როცა ვწუხვართ.“