Archive | აგვისტო, 2012

ჰერმან ჰესეს “ტრამალის მგელი”

21 აგვისტო

                                            ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელი“

 

ამ რომანზე ბევრი თქმულა და ბევრიც დაწერილა, მაგრამ მე მსურს ჩემი პირადი დამოკიდებულება გამოვხატო ამ მწერლისა და პიროვნების მიმართ, რომლის მსგავსი ჰუმანისტი ნაკლებად მეგულება მსოფლიო სააზროვნო სივრცეში.  სიცოცხლეში   დაახლოებით ასეთ  რჩევას აძლევდა თავად  ჰესე ახალგაზრდებს: – იკითხეთ ჰესე არა იმიტომ, რომ ის ცნობილია, ან მოდური, არამედ მხოლოდ  მაშინ, თუ ეს ლიტერატურა თქვენთვის მართლა საჭიროა და ახლობელი. –  სპეციალისტთა აზრით, ჰერმან ჰესე დღემდე არის მწერალი, რომელსაც ყველაზე მეტად კითხულობენ და ყველაზე ხშირად თარგმნიან გერმანულენოვან ავტორთა შორის. მისი ნაწარმოებების გახსენებისას პირველი, რაც აზროვნებაში ამოგიტივტივდება, არის ალბათ, აზრის სიღრმე და ენის სიმარტივე. თითქოს შენს პრობლემებზე გესაუბრება, სწორედ იმ კითხვებზე გცემს პასუხს, რაც ასე გაწვალებდა. მის მოთხრობებსა თუ რომანებში სიმპათიის გამომწვევი ყველა ადამიანი ხომ არანებაყოფლობითი აუტსაიდერია, საზოგადოებისგან გარიყული ადამიანი. ასეთივეა ამ წიგნის მთავარი გმირი ჰარი ჰალერიც; გარკვეულწილად, საკუთარ დროსა და საკუთარ თავში დაეჭვებული ადამიანი. ჰარი ჰალერი ორმოცდაათიოდე წლის კაცი იყო, თავად საკუთარ თავს „ტრამალის მგელს“ უწოდებდა. გულჩათხრობილი, მარტოსული, ველური, მფრთხალი კაცი. მისი ჩანაწერებიდან ჩანს, თვითშთაგონების წყალობით, თუ როგორ ცდილობდა, ამ სიმარტოვეში განგების ძალა დაენახა. უცხო ქალაქში ბინა რომ იქირავა, დიასახლისს სთხოვა, პოლიციაში ნუ განაცხადებთ ჩემს აქ ყოფნას, იქ სიარულის თავი არა მაქვსო. თქვენს ქალაქში სიძველეების გაცნობა და ბიბლიოთეკაში მუშაობა მსურსო.

ჰარი ჰალერს ტყავის ჩემოდანზე მრავალი ქვეყნის სამოგზაურო კომპანიის იარლიყი და სასტუმროს ნიშანი ეკრა. გონიერი კაცის დახვეწილი ნაკვთები ჰქონდა. ტრამალის მგლის მზერაში მთელი ჩვენი დროის ამაო ორომტრიალი არეკლილიყო, რაც აშკარად გვამცნობდა ჩვენი ზერელე ცხოვრების მოჩვენებითობას. ჰალერი ტანჯვის გენია იყო, მაგრამ ეს პესიმიზმი სამყაროს სიძულვილით არ იყო გამოწვეული, უპირველეს ყოვლისა, მას საკუთარი თავის ზიზღი ედო საფუძვლად.

აღმზრდელებსა თუ მასწავლებლებს მისი „ნებისყოფის დათრგუნვა“ უცდიათ, რაც ვერ მოახერხეს, – ანუ, პიროვნების დათრგუნვა, – მაგრამ თავი კი შეაძულეს. (ფრთხილად, პედაგოგებო!). ის ყოველგვარი სისასტიკისა თუ ბოროტების ფესვებს სულ საკუთარ თავში ხედავდა და ჯავრსაც საკუთარ თავზევე იყრიდა.

სხვების მიმართ ცდილობდა სიყვარული გამოეჩინა და სამართლიანი ყოფილიყო.

მაგრამ საკუთარი თავის სიძულვილი ხომ ადამიანთა მოდგმის სიძულვილს ნიშნავს. ეს კაცს ისეთსავე სასოწარკვეთაში აგდებს, როგორც თავკერძობა. – ასე ფიქრობს ავტორიც და წიგნის გმირიც. მათ შორის ბევრია საერთო თვისებები. მაგალითად, ჰარის ჰქონდა აკვარელით შესრულებული ნახატები (ისევე, როგორც ჰესეს), ბევრი წიგნი: გოეთე, ლესინგი, ჟან პოლი, იაკობი, ლიხტენბერგი, დოსტოევსკი, – სწორედ ის მწერლები, რომლებიც ჰესეს უყვარდა, რაც ასევე წიგნის ავტობიოგრაფიულობაზე მიანიშნებს. წიგნის გმირს სულიერი ინტერესით აღსავსე ცხოვრება გააჩნდა, მაგრამ უწესრიგობის ნიშნით აღბეჭდილი.

„კაცი უნდა ამაყობდეს ტკივილით: ყოველგვარი ტკივილი ჩვენი მაღალი დანიშნულების შეხსენებაა მხოლოდ!“ – შესანიშნავია, არა? და ეს ნიცშემდე ოთხმოცი წლით ადრე ითქვა! – ტკივილის მნიშვნელობას კვლავ შეგვახსენებს ავტორი.

თუმცა ჰესეს ეს პერსონაჟები სამყაროს გამაკეთილშობილებელნი არიან თავიანთი ძიებებითა და სულიერი წინააღმდეგობებით. ეს წიგნი, როგორც ზემოთ ვივარაუდეთ, ავტობიოგრაფიულია და კომპოზიციურად საკმაოდ რთულადაა

აგებული. აქ იგი ძირითადად ადამიანური ბუნების გაორებაზე გვესაუბრება, ხან რომ ადამიანად გრძნობს თავს,ხან კი – ტრამალის მგლად. ადამიანურში მოიაზრება სული, მგლურში – ინსტინქტები. მაგრამ ავტორი იქვე გვეუბნება, რომ ამგვარი აზროვნებით ჰარი ჰალერი იმ ველურს ჰგავდა, რომელმაც მხოლოდ ორამდე იცის თვლა, რადგან ადამიანს მხოლოდ ორი კი არა, ხახვის ფურცლებივით, უამრავი შრე აკრავს გარსო. ასე რომ ადამიანის მხოლოდ ორბუნებოვნად განხილვა, მისი აზრით,

ძალზე მარტივია და პრიმიტიული.

მთავარი გმირი დროსა და სივრცეში მოგზაურობს, ეკამათება გოეთეს და მუსიკაზე ესაუბრება მოცარტს.

წიგნის დასაწყისში მოცემულია ჰარი ჰალერის ჩანაწერები, რომელსაც ქვესათაურად აწერია: „მხოლოდ შეშლილთათვის.“ უიმედო და სნეული კაცი თითქოს თვითმკვლელობაზეც ფიქრობს, მაგრამ იმავდროულად თავს ინუგეშებს. ჰარის დაავადება მხოლოდ ერთი კაცისა როდი გახლავთ, ეს თავად დროის დაავადებაა; ნევროზი იმ თაობისა, რომელსაც ჰარი ჰალერი მიეკუთვნებოდა. ის სჭირდათ არა მხოლოდ სუსტ პიროვნებებს, არამედ სწორედ ძლიერებს – სულიერებსა და ნიჭიერებს. ეს დაავადება რომანში გმირის მერყევ პოზიციად ვლინდება სიცოცხლესა და თვითმკვლელობას შორის, მოწესრიგებულ ბიურგერულ ცხოვრებასა და გაუცხოების გრძნობას შორის. რომანტიკული ჰალერი არის თანამედროვე მოხეტიალე, რომელმაც ნიცშეს მოძღვრება გაითავისა. ის დაუნდობელი კრიტიკოსია იმ საზოგადოებისა, რომელმაც ერთი ომი უკან მოიტოვა და ახალი კონფლიქტისთვის ემზადება.

თავისი ბიურგერული ბინიდან, რომელიც ერთი სახლის სხვენში მდებარეობდა (ტრამალის მგელი კი ვარ, მაგრამ ბიურგერული ცხოვრებაც თავისკენ მეწევაო), პირდაპირ უცხოეთისკენ გაუყვება გზას, – ეს ხომ სულიერი მოგზაურობაა სხვადასხვა დროსა და სივრცეში. ამ დროს წააწყდება წარწერას მოცეკვავე ასოებით „მაგიური თეატრი“. დაეხეტება ბაზრის მოედანზე, ათვალიერებს აფიშებს, მაგრამ ეს ყველაფერი თითქოს მხოლოდ ნორმალური ადამიანებისთვისაა, მისთვის –არა. მის მახსოვრობაში სადღაც მოსმენილი მუსიკის ჰანგი გაიელვებს და ხვდება, რომ ამ ჰანგს მის სულში მშვენიერი ყვავილი გაუშლია. და მიუხედავად იმისა, რომ გზაკვალარეული ნადირი ერქვა, მაინც ხედავდა აზრს ამ „სულელურ“ არსებობაში: „ჩემს სულში რაღაც ეხმიანებოდა მიღმა სამყაროდან მიღწეულ შორეულ ძახილს, იჭერდა მას და გონებაში უთვალავ სურათს ბადებდა.“ ყუთჩამოკიდებული კაცი, ხალხს მაგიური თეატრისკენ რომ მოუხმობდა, ყუთიდან პატარა წიგნს ამოიღებს და ჰარის ჩუქნის, რომელიც აღმოჩნდება – „ტრაქტატი ტრამალის მგელზე“ და მთელ მის ცხოვრებას ასახავს: კაცისა, რომლიც ორ ფეხზე იდგა, ადამიანივით ეცვა, მაგრამ მაინც ტრამალის მგელი იყო. „წარმოდგენითაც ვერ წარმოიდგენდა, რომ თავისუფლება ფულზე ან კეთილდღეობაზე გაეცვალა. ტრამალის მგლის ცდუნება არც ქალებს შეეძლოთ და არც ძლიერთ ამა ქვეყნისა.“

საინტერესოა ჰესეს აზრი იუმორზე. ამ ორბუნებოვნებაში ხეტიალისას აღმოაჩენს, რომ ადამიანს საუკეთესო რამ გამოუგონია, იუმორის სახით: „იუმორი უბედურ, მაგრამ მაღალნიჭიერ ადამიანთა გამოგონებაა, მხოლოდ მას ძალუძს ქმნა შეუძლებლისა; იგი თავს უყრის და საკუთარი სხივებით აცისკროვნებს ადამიანური ბუნების ყველა კუთხე-კუნჭულს. … და თუ ტრამალის მგელი მოახერხებს საკუთარი სულის ჯოჯოხეთიდან გამოწრიტოს ეს ჯადოსნური სასმელი, ხსნის გზაც ეს იქნება მისთვის.“

ერთი სიტყვით, ეს არის წიგნი ღირებულებებზე, ცხოვრებისეულ პოლარობებზე, სადაც ერთამნეთს უპირისპირდება ჰუმანიზმი და ვერაგობა, ბიურგერული ცხოვრება და გიჟური სწრაფვა კოსმიური საიდუმლოებებისაკენ, ომი და მშვიდობა, მუსიკაში – ჯაზი და კლასიკა.

წიგნში დასამახსოვრებელია მისი აღშფოთება, როცა პროფესორთან სტუმრობისას,

ამ ოჯახში გოეთეს ზედმიწევნით ოსტატურად შესრულებულ პორტრეტს წააწყდება, რაოდენ გაღიზიანდება მწერლის გაზულუქებული სახის ხილვით. – მას ხომ სხვაგვარი გოეთე უყვარდა!

ასევე ომის სიძულვილსაც დიდი ადგილი უკავია ნაწარმოებში. სტატიაზე გაზეთში, როცა ეუბნებიან: „თქვენს მოგვარეზე, ვიღაც პუბლიცისტ ჰალერზე სტატია არისო დაბეჭდილი; ეტყობა ერთი უთვისტომო არაკაცი უნდა იყოს, კაიზერს დასცინის და ბრძანებს, ჩემს სამშობლოს ჩვენ მტრებზე ნაკლები დანაშაული როდი მიუძღვის ომის გაჩაღებაშიო!“  ჰესეს ომისადმი ამგვარი განწყობა ხომ ცნობილია, რის გამოც იგი სამშობლოს მოღალატედ შერაცხეს და პირველი მსოფლიო ომის დროს, მწერალი შვეიცარიაში გადასახლდა. მხოლოდ 1946 წლიდან, მას შემდეგ, რაც მან ნობელის პრემია მიიღო, კვლავ გახდა აქტუალური საკუთარ სამშობლოში და ისევ დაიწყეს მისი წიგნების გამოცემა.

ამ ნაწარმოების ფილმად გადაღებისას, ასევე ერთ-ერთი მოტივი ომის წინააღმდეგ გზავნილი უნდა ყოფილიყო; ამერიკელებმა ხომ სწორედ ვიეტნამის ომის დროს განიზრახეს მასზე ფილმის გადაღება. „…არავინ ცდილობს, საკუთარი თავი და შვილები იხსნას მომავალი ომისა და მასობრივი ხოცვა-ჟლეტისგან; …განა ასე ძნელია, შენსავე სულს ჩაუღრმავდე და ჰკითხო, აბა რამდენად ურევია ჩემი ხელი ამ არეულ-დარეულობასა და ბოროტებაში, ამქვეყნად რომ სუფევს?!“

ძნელია, სიუჟეტურად გადმოსცე ეს ფერწერული ნააზრევი და მოდით, ისევ თავად ავტორს მივუგდოთ ყური: „…თუმცა წიგნი სულიერ ტანჯვაზე მოგვითხრობს, იგი მაინც სასოწარკვეთილი კი არა, რწმენასთან წილნაყარი კაცის ნაღვაწია. …მეამებოდა, თუ მკითხველი ყურად იღებდა ჩემს შეგონებას და ირწმუნებდა, რომ მართალია, ტრამალის მგელზე დაწერილი ეს წიგნი მის სულიერ სენსა და შინაგან ხელმოცარულობას აღწერს, მაგრამ ეს ის სატკივარია, რომელიც სიკვდილს კი არა, განკურნებას ელტვის.“

მეგობარი ქალი ჰერმინე ცდილობს ამ ცხოვრებაზე იმედგაცრუებულ ჰარის სიცოცხლის ხალისი დაუბრუნოს: ასწავლის ცეკვას, – ტრამალის მგლის აღზრდა, ესეც სამყაროსადმი მიდგომის ახალი ჟღერადობაა: „როგორ იტყვი, რომ ცხოვრებაში რაიმე ძალისხმევა გამოიჩინე, თუ ცეკვაც კი არ გინდა სცადო.“ – ასევე ჰერმინე გააცნობს საქსოფონისტ პაბლოს, რომელიც სრულიად საპირისპირო სამყაროს და გემოვნების ადამიანია, ვიდრე თავად ავტორი. მაგრამ ერთი მხრივ შურით ამბობს მასზე: „მე რომ დაკვრა მცოდნოდა, ან საქსოფონის წრიპინი ჯაზში, ამ ქვეყნად უცხო არ ვიქნებოდი.“ შინაგანი ტანჯავა ამ უსაშველო გაორების გამო, მაინც არ ასვენებს ტრამალის მგელს და ნაწარმოების ბოლოს კლავს ჰერმინეს. რაც აგრეთვე ეტყობა ჰესეს იუმორის ნაწილია; აღმოჩნდება, რომ მან ნახატს ჩაასო დანა (რომელიც ასევე ანარეკლი აღმოჩნდება) და მაგიური თეატრის ადმინისტრაცია მას მარადიულ სიცოცხლეს მიუსჯის. „ …ამ საქციელით მან მარტოოდენ ჩვენი მაღალი ხელოვნება როდი შეურაცხყო! იგი არაიუმორისტული გზით შეეცადა, ჩვენი თეატრი თვითმკვლელობის იარაღად გამოეყენებინა!“

მოვლენათა მსვლელობისას ისიც ირკვევა, რომ ჰერმინე იგივე ჰერმანია ერთდროულად, ანუ ჰარის ალტერ ეგო, მისი არსებობის მეორე მხარე.

„მაგიური თეატრი“ კი მწერლის გადახურებული ფანტაზიის ნაყოფად კი არ უნდა განვიხილოთ, არამედ, როგორც პროცესის აქტუალურობის საბოლოო წერტილი. რეალობის კომპლექსურად ჩვენების უნარი ზოგადად ჰესეს პოეტიკიდან მომდინარეობს, რათა გასდოს ხიდი რეალობასა და იდეალს შორის.

იმ ირონიის წყალობით, ცხოვრებას რომ თვალს შეავლებ და საპირისპირო მოვლენას მიიღებ, პაბლო და მოცარტი ერთმანეთის მოწინააღმდეგენი კი აღარ გამოდიან, არამედ პოლუსები, რომლებსაც სინამდვილის ამგვარ ასახვაში, მუსიკალური თვალსაზრისით, საკუთარი გამართლება აქვთ მათ ამ თანაარსებობაში.

ბიურგერული დეკადანსისადმი ჰესეს კრიტიკას, რომელიც მაგიურ თეატრში ირონიულადაა გამოყვანილი, მხოლოდ ერთმანეთის საწინააღმდეგო ფენომენების შეხვედრით შეეძლო ფორმის მიღება, როგორიცაა, მაგალითად, მოცარტის გარდასახვა პაბლოში, რითაც საკმაოდ პრობლემატურად და ღიად სრულდება რომანი.

ამგვარი მოულოდნელობებისა და მრავალწახნაგოვან მოვლენათა ოსტატურად ასახვის გამო გვიყვარს ჰესეს ლიტერატურა, სადაც თავისუფლებისაკენ სწრაფვას არა აქვს საზღვარი; და სწორედ ამგვარი „შეშლილების“ წყალობით ვითარდება და წინ მიიწევს სამყარო.

რუსუდან ბეჟაშვილი.

Advertisements

დორის ლესინგის “თავისუფალი ქალები”

1 აგვისტო

Image                                                                                                                     

  რუსუდან ბეჟაშვილი

 

დორის ლესინგის „თავისუფალი ქალები“

 

ცნობილი ინგლისელი მწერალი დორის ლესინგი (ტეილორი) ცნობილა, როგორც ქალებზე დაწერილი ნაწარმოებების ავტორი, იგი ქალთა უფლებების პირუთვნელ დამცველადაც გვევლინება და სახელწოდება „თავისუფალი ქალი“ პირველ რიგში თავად შეეფერება. იგი1919 წელსაა დაბადებული, 88 წლისამ მიიღო ნობელის პრემია და დღემდე აქტიურად წერს. როგორც ქალთა ქომაგი, მას ფემინისტად მიიჩნევენ, მაგრამ თავად არ ეთანხმება: „მე არ ვარ ფემინისტი, ინსტინქტურად ვცდილობ, გავექცე ყოველგვარ მოძრაობას.“ ფემინიზმზე სულაც არ მიფიქრია, უბრალოდ, ჩემი გამოცდილება აღვწერეო, ამბობს.

დორის ლესინგის რომანი „თავისუფალი ქალები“ ანუ იგივე „ოქროს რვეული“ შედგება შავი, წითელი, ყვითელი და ლურჯი რვეულებისაგან, სადაც ჩანაწერებს აკეთებს რომანის გმირი, მწერალი ანა ვულფი, მას სურს საგნები და მოვლენები განაცალკევოს, მოაწესრიგოს,რადგან ქაოსისა ეშინია. რომანი მოგვითხრობს ქალის გრძნობებზე, აქ არის აგრესიაც, წყენაც, აღშფოთებაც, სინანულიც და ზოგჯერ სიხარულიც იქნებ. ეტყობა სწორედ ამიტომ იქცა ის ქალთა „გათავისუფლების რუპორად,“ რაც ნამდვილად არ იყო ჩემი მხრივ ჩაფიქრებული და თავისთავად მოხდაო, წინასიტყვაობაში გვეუბნება ავტორი.

გაყრილი ცოლ-ქმარი ოცი წლის ვაჟის მომავალზე კამათობს. ბიზნესმენი მამის და მხატვარი დედის – ასევე ყოფილი სოციალისტის – შეხედულებები ერთმანეთში ვერაფრით თავსდება და ეს კამათი თვეებისა და იქნებ წლების განმავლობაშიც, გრძელდება ურთიერთბრალდებებით და, რაც მთავარია, ყოველგვარი გადაწყვეტილების გარეშე. შვილი ამაზე ინერტულად რეაგირებს, მშობლების კამათს რა ხანია, შეჩვეულია და ამბობს, არაფრის კეთებას ვამჯობინებ, ეს ხომ უნივერსიტეტში სწავლაზე გაცილებით უფრო იაფი ჯდებაო.

ტომი, ანუ ვაჟი, ყმაწვილური შეუპოვრობით დედის მეგობარ ანასაც –მწერალს – ქედმაღლობაში ადანაშაულებს. ეუბნება, რომ მას მარტოობის ეშინია, თუმცა თავად აირჩია ის და ქორწინებაზე უარი თქვა.

„…შენ გეშინია ცხოვრებაზე ის წერო, რასაც ფიქრობ, რადგან შეიძლება ყველას წინაშე გაშიშვლებული, დაუცველი აღმოჩნდე, შეიძლება მარტო დარჩე.“

„…და თუ ეს შიში არაა, მაშინ ზიზღია. როცა პოლიტიკაზე ვლაპარაკობდით, მაშინ თქვი, საშინელებაა, როცა პოლიტიკური ბელადები სიმართლეს არ გეუბნებიანო, ერთმა ტყუილმა შეიძლება ყველაფერი მოწამლოსო. …არადა, ტომები გაქვს დაწერილი, მაგრამ მხოლოდ შენთვის, თვალით არავის უნახავს. შენ ამბობდი, რომ მსოფლიოში უამრავი წიგნია მაგიდის უჯრებში გამოკეტილი, რომ ადამიანები თავიანთი თავისთვის წერენ – იმ ქვეყნებშიც კი, სადაც სიმართლის წერა სახიფათო არ არის. …აი, ასეთ ზიზღზე ვლაპარაკობ.“

ამაზე მამას ეღიმება და ამბობს, თუ ანას ამით მისთვის ლიტერატურული კარიერისადმი ზიზღის ჩანერგვა სურდა,მაშინ ეს მისასალმებელია მხოლოდ.

რაზეც ვაჟი ყურადღებას სრულებით არ ამახვილებს და ანასთან ცხარე კამათს განაგრძობს, თემა: ადამიანების პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ და ა.შ.

შემდეგ ორ ქალბატონს შორის იმართება დიალოგი, სამზარეულოში ყავის მოსადუღებლად რომ გადაინაცვლებენ – ანა და მოლი. ვფიქრობ, წიგნის სტრუქტურული თავისებურების წარმოსაჩენადაა ეს საინტერესო. ამ „ჭორაობაში“

იშლება მათი ცხოვრების პანორამა: ვინ ვისთან მეგობრობს ან ვინ მერამდენედ გაშორდა ცოლს, ვინ რა ნაწარმოებს წერს ნაცნობ მწერალთა წრეში,სინანული ოდესღაც კომუნისტურ პარტიაში ყოფნის გამო და სხვა.

„თავისუფალი ქალების“ ამ ტკბილ-მწარე შეხვედრის შემდეგ, ანა შინ მიდის და თავის რვეულებს, ანუ მწერლურ საქმიანობას უბრუნდება.

„თავისუფალი ქალები“ რატომ ბრჭყალებში? ეს ხომ პირობითია, მათ ავტორმა უწოდა ასე, მაგრამ არიან კი ისინი თავისუფალი? ვისაც მარტო დარჩენისა ეშინია, , ვფიქრობ, ვერ იქნება თავისუფალი, მით უფრო – შინაგანად.

რვეულები გარეგნულად ოთხივე თითქმის ერთნაირი იყო, კვადრატული – პრიალა ყდებით. ჯერ  ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაზები ჩნდებოდა, შემდეგ – სათაური, თითქოს ანამ საკუთარი არსება ოთხ ნაწილად დაყო, შემდეგ კი, ნაწერის ბუნებიდან გამომდინარე, ყოველ ნაწილს საკუთარი სახელი მიანიჭაო.

პირველ, ანუ შავ რვეულში მოთხრობილია  ინგლისის ერთ-ერთ კოლონიაში ანას ცხოვრების ამბები. ირგვლივ მყოფი „ამხანაგები“ ანუ კომუნისტები, თუ როგორ იბრძვიან შავკანიანთა უფლებებისათვის, ასევე მათი მეგობრული თუ სასიყვარულო

ურთიერთობები. განსაკუთრებით საინტერესოა ეს ქალბატონი, ცხადია, იგულისხმება ავტორი, თავისი მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილებით; სავარაუდოდ – მისი პროტოტიპი, მწერალი ანაც, წიგნში. ჩვენთვის უცნობ სფეროებში მოგზაურობა და სხვადასხვა კუთხით დანახული მოვლენები: ლიტერატურაში ეს ზოგადი წესი აქაც სახეზეა. ინტერესით ისრუტავ ამ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელ ამბებს და თითქოს ჩვენთვის ეს დღევანდელობაა:

ქალთა უფლებების წინ წამოწევა, ჰომოსექსუალიზმი, როგორც მოდა და ა.შ.

საინტერესოა მისი მოსაზრებები რომანების წერის ხელოვნებაზე. ფიქრობს,რომ დღეს

ცხოვრების ფილოსოფიით განმსჭვალული რომანები თითქმის აღარ იწერება, მაგალითად ისეთი, როგორსაც თომას მანი წერდა. ჩვენ დღეს ისეთ რომანებს ვეცნობით, სადაც ძირითადად ინფორმაციული მოვლენები გვაინტერსებს და ჩვენთვის მანამდე უცნობ ფენომენთა გაცნობა.

საინტერსოა გმირების აღწერა, ცოცხალი, ნატურალისტური და ამავე დროს განსჯით-ინტელექტუალური. მაგალითად, ავირჩიე სტენლის შესახებ მონათხრობი: „სტენლის გაიძვერა ვუწოდე, თუმცა ეს, რასაკვირველია, სრული აბსურდია. იგი იყო კაცი, რომელიც ძალზე ადრეულ ასაკში მიხვდა, რომ მდიდრებისთვის სხვა კანონები არსებობს, ღარიბებისათვის კი – სრულიად სხვა. ჩემთვის ეს მხოლოდ თეორიულ ცოდნად რჩებოდა, სანამ ლონდონის მუშათა რაიონში არ მომიწია ცხოვრებამ. აი სწორედ მაშინ გავუგე სტენლი ლეტს. …არასოდეს მინახავს სტენლის მოთმინება დაეკარგოს და ამ მკაცრ თვითკონტროლს იყენებდა როგორც იარაღს, რომლის მეშვეობითაც ცდილობდა, ცხოვრებისაგან მაქსიმუმი მიეღო.“

და თავის მეგობარ ჭკვიან თედს ეუბნება: „მეგობარო, ბედმა გაგიღიმა, რომ უფრო მეტი ჭკუა გაქვს, ვიდრე ჩვენს უმეტესობას. მაშ გამოიყენე შანსი, რომელიც გებოძა

და ნაგავში ხელს ნუ აფათურებ. პროლეტარებს საკუთარი თავის გარდა, არავინ და არაფერი აინტერესებთ, და რომ ეს ასეა, შენც იცი და მეც.“

ის კი პასუხობს: „თუ ადამიანები მხოლოდ საკუთარ თავზე აღარ იფიქრებენ, ყველაფერს შევცვლით, ნუთუ არ გესმის?“  – პირველი კომუნისტების რომანტიკული იდეალიზმი, ალბათ გენიშნათ.

ხელოვნებაზე შემდეგ მოსაზრებასაც გვთავაზობს ანა: „…როდესაც რომელიმე ჭეშმარიტებას ესოდენი დაჟინებითა და სიღრმით იკვლევენ, ხოლო ის, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მთელი საუკუნის განმავლობაში ხელოვნების შესწავლის ობიექტი

იყო, უკვე რაღაც შემაშფოთებელ კლიშედაა ქცეული, და უნებურად ეკითხები საკუთარ თავს, – არის კი ნამდვილად უეჭველი?“ – ღირებულებათა ეჭვქვეშ დაყენება, ესაც ხომ სიმპტომატურია ჩვენი დღევანდელობისათვის. ის, რამაც დროს გაუძლო, არ უნდა იწვევდეს დაეჭვებას, დანარჩენი ალბათ, გემოვნების საკითხია.

მისადმი პატივისცემის მიუხედავად, ამ ავტორში ხშირად არის ჩემთვის რაღაც გაუგებარი და მიუღებელი, როგორც მაგალითად, მარიროუზის სიყვარული საკუთარი ძმისადმი, რომელიც ვერც ერთმა კაცმა ვეღარ დაავიწყა. ასევე მანამდე წაკითხულ მის ერთ-ერთ ნაწარმოებში „სიყვარულის ნაყოფი“ (ალბათ ასეა თარგმანში), როცა ყმაწვილს საკუთარი მეგობრის დედა უყვარდება. ან კიდევ „ნაპრალში“ სქესთა წარმოშობის მისეული უცნაური ვერსიები. თუმცა, სწორედ ამაშია მწერლის ინტრიგა, რომ მიგიზიდოს და წაგაკითხოს საკუთარი წიგნები. როგორც თავად ავტორი ამბობს: „სახელდობრ, წიგნი ცოცხლობს და ინარჩუნებს უნარს, შვას აზრი და დისკუსია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მისი გეგმა, ფორმა, ჩანაფიქრი ვერ გაიგეს, რადგან, როდესაც ეს ყველაფერი გასაგები ხდება, წიგნისგან უკვე ვეღარაფერს მიიღებ.“

დანარჩენი, მოდით, ჩვენც ინტრიგად დავტოვოთ…