არქივი | სექტემბერი, 2012

ნაჩუქარი წიგნები

25 სექ

(მთარგმნელთა სამუშაო კვირეულის გამოძახილი)

სექტემბრის დასაწყისში გოეთეს ინსტიტუტში მთარგმნელთა სამუშაო კვირეული გაიმართა. ერთმანეთის პარალელურად მუშაობდა ორი ჯგუფი: გერმანულიდან ქართულად მთარგმნელები და ქართულიდან გერმანულად, რომლებიც ნაწყვეტებს თარგმნიდნენ თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებებიდან. (ეს იყვნენ ძირითადად შერეული ოჯახების წარმომადგენლები, ან ბედნიერი შემთხვევის წყალობით განსწავლული ქართველოლოგები). დღის მეორე ნახევარში ერთმანეთს ვუზიარებდით მუშაობის შედეგს და ვმსჯელობდით იმაზე, რაც ჩვენთვის ყველაზე რთული იყო იმ დღეს. ეს ძალზე სასარგებლო აზრთა ურთიერთგაზიარება იყო. მაგრამ ამჯერად სამუშაო პროცესზე არ ვაპირებ საუბარს. ბოლო დღეს ერთმანეთს ვჩუქნიდით ჩვენ თარგმნილ წიგნებს, მონაწილე ავტორები – თავის საკუთარს. სათარგმნ ავტორთა შორის იყვნენ ანა კორძაია-სამადაშვილი და გელა ჩქვანავა, რომელთაც ასევე წაიკითხეს ფრაგმენტები დასკვნით საღამოზე თავიანთ გერმანელ მთარგმნელებთან ერთად. ასე და ამგვარად დამიგროვდა წიგნები, რომლებიც უკვე წავიკითხე და მსურს შთაბეწდილება გაგიზიაროთ. მონაწილეთა შორის იყო მთარგმნელი მაია მირიანაშვილი, ქვემოთ მის მიერ თარგმნილ ორ ჯიბის წიგნზეც მოგახსენებთ ორიოდ სიტყვას.

ანა კორძაია-სამადაშვილი „შუშანიკის შვილები“ პატარა თბილისური ამბავია თავისი „პატარა“ პერსონაჟებით. ძველი ქალაქის ძველ ნაცნობ-მეგობრებს, თუ მეზობლებს ზოგჯერ შურთ ერთმანეთის, ზოგჯერ ჩხუბობენ, ხან ერთად ქეიფობენ, ხანაც ერთმანეთს ლანძღავენ, მაგრამ, რაც მთავარია, უერთმანეთოდ არ შეუძლიათ – ეს მათი ცხოვრებაა. „შუშანიკი სულებს აჩენს და თბილისის ოკრო-ბოკრო ქუჩებში უშვებს. შ. შ. ადვილად საცნობი ხალხია. მათ ადვილად მიატოვებენ ხოლმე, მაგრამ ძნელად ივიწყებენ. …შ. შ. სიხარული არიან, უაზრო, მაგრამ სიხარული. რომ გაიფიქრებ, ნეტა რა მიხარიაო, იცოდე – შუშანიკის შვილმა გვერდით ჩაგიარა.“

ეს ერთადერთი ფილოსოფიური ადგილია და ისიც წიგნის ყდაზეა გამოტანილი, მთელი მოთხრობა ამ სტილში დაწერილი არ გეგონოთ. მე მას უფრო ეთნო-ფსიქოლოგიურს ვუწოდებდი. გარემო, სადაც ვირთხისა და თაგვის სუნი ტრიალებს; ძველი, კარგი ცხოვრების ნაშთებითღა სულდგმულობენ პერსონაჟები, მაგრამ თავისებურად აქაც უყვართ ადამიანებს ერთმანეთი. ასე უბრალოდ წერენ დღეს პატარა ნაწარმოებებს, ასევე უბრალო მეტყველებით, რამაც შეიძლება მკითხველს ვერაფერი დიდი სიამოვნება მოგანიჭოს (ანუ, პერსონაჟთა ამგვარმა მეტყველებამ), მაგრამ ალბათ ამასაც აქვს თავისი მნიშვნელობა, თუნდაც იმისათვის, რომ ფსკერზე მყოფ ამ ადამიანთა საუბრის სტილი შემოინახოს.

თუმცა ერთ-ერთი პერსონაჟის ნათქვამი თავადაც მშვენივრად მენიშნა: „– აჰა, დავდივარ ქალაქში, რომელსაც სულ უფრო ნაკლებად ვცნობ და რომელშიც სულ უფრო ნაკლებად საყვარელი ადამიანი მეგულება. არ მინდა,მაგრამ მაინც დავდივარ,

აბა, რა ვქნა?“

რობერტ ვალზერი „ორი მოთხრობა“ (თარგმანი მ. მირიანაშვილისა). რობერტ ვალზერი შვეიცარიელი მწერალია, იგი მე-20 საუკუნის გარიჟრაჯზე მოღვაწეობდა.

ამ პატარა ჯიბის წიგნში, მთარგმნელისაგან საჩუქრად რომ მივიღე, შესულია მოთხრობები: „გასეირნება“ და „მარია.“ მოთხრობები ავტობიოგრაფიულია და „გასეირნებაში“ სწორედაც რომ დასეირნობს ავტორი და ამ სეირნობის ფონზე ცხოვრებისეულ ფილოსოფიას გვიზიარებს. ხან სადალაქოში შეივლის, ხან წიგნების მაღაზიაში ან ბანკში. ადამიანებს ესაუბრება და ზოგჯერ აბსურდული კამათით მათ პროვოცირებასაც არ ერიდება. განსაკუთრებულია მისეული ბუნების აღქმა, გასულიერებული და ახლობელი – ანუ პოეტის მზერით გაფაქიზებული.

როგორც მოგახსენეთ, სეირნობისას ავტორი თან  ფილოსოფიურად გვესაუბრაბა:

„…შემრცხვა, რომ მე ვსეირნობდი, მაშინ, როცა სხვები ჯაფასა და მუშაობაში იყვნენ ჩაფლულნი. თუმცა მეც ხომ ვმუშაობ, ვქმნი რაღაცას, თანაც მაშინ, როცა ყველა აქ მომუშავეს თავისუფალი საღამო აქვს და ისვენებს.“

ასევე ძალზე საინტერესოა, როგორ ადარებს მწერლის შრომას ომსა და მის ხელმძღვანელობას: „…დავრწმუნდი, რომ ომის გაძღოლის ხელოვნება ისევე რთულია, ისეთსავე მოთმინებას მოითხოვს, როგორსაც ლექსისა და მოთხრობის თხზვა. მწერლებსაც, ისევე, როგორც გენერლებს, დიდი მომზადება სჭირდებათ, ვიდრე წერას, ბრძოლის წამოწყებას გაბედავდნენ. უფრო სწორად, …შექმნილ წიგნსა თუ ნაწარმოებს წიგნის ბაზრამდე მიიტანენ. …წიგნებს მოჰყვება შეფასებები, ზოგჯერ ისეთი სასტიკი და დაუნდობელიც კი, რომ წიგნს ადგილზევე კლავს, ავტორს კი აეჭვებს.“

მოთხრობა „მარია“ ასევე სეირნობის დროს განცდილზე მოგვითხრობს; აქ ძირითადად ორი ქალის კონტრასტული ტიპია ნაჩვენები: დიასახლისი ფრაუ ბანდი და სიყვარულისა და სიცოცხლის ხალისის განსხეულება –მარია. თუ პირველი ცხოვრებამობეზრებული, მოწიფული ინტელექტუალია, მეორე – „სიზმრისეული არსება“. ვისი ხილვაც ბედნიერებით ავსებდა მწერალს. ამ მოთხრობის კითხვისას თავი ნოვალისისეულ ზღაპრის სამყაროში გეგონებათ: რომანტიკული გარემო, გასულიერებულ მცენარეთა გარემოცვაში მოსეირნე პოეტი, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ცხოვრების ფილოსოფიის იმ სიბრძნეს, რომ ჩვენ, ადამიანები „..თავს ვიტანჯავთ; რაღაც აკვიატებული ძიებითა და ლტოლვით ვართ შეპყრობილნი, …არც ვცდილობთ, თავს ოდნავადაც არ ვიწუხებთ, რომ გავთავისუფლდეთ ამისაგან. ჩვენი სწრაფვა ბედნიერებისაკენ აშკარად ბევრად უფრო მშვენიერია, …მნიშვნელოვანია, იქნებ ბევრად უფრო სასურველიცაა, ვიდრე თვით ბედნიერება.“

კარლ ზელიგი „ხეტიალი რობერტ ვალზერთან ერთად“ (თარგმანი მ. მირიანაშვილისა). რობერტ ვალზერისადმი ჩემი ინტერესი მასზე დაწერილმა წიგნმა შეავსო. თავისი სიცოცხლის ბოლო წლები მწერალმა სულით დაავადებულთა სახლში გაატარა, სადაც მას პერიოდულად სტუმრობდა კარლ ზელიგი, მისი მეურვე – მწერალი და კრიტიკოსი, იმავდროულად, ქველმოქმედი მრავალი შემოქმედი ადამიანისათვის. და ეს წიგნიც სწორედ მათი შეხვედრებისა და საუბრების ჩანაწერებია. ესაა ესთეტიკური აზროვნების არაჩვეულებრივი ნიმუში: „–დიალექტზე განზრახ არასოდეს დამიწერია,ეს მასების ლაქუცად მიმაჩნია. ხელოვანმა დისტანცია უნდა დაიჭიროს, მასებს ხელოვანისადმი მოკრძალება უნდა ჰქონდეთ.“ – ამ აზრის გათვალისწინება ალბათ ჩვენ თანამედროვე მწერლებსაც არ აწყენდათ.
ეს წიგნი თითქოს გაგრძელებაა მისი მოთხრობისა „გასეირნება“, მაგრამ ამ შემთხვევაში, კარლ ზელიგი გვიამბობს და რადგან აქ აზრთა გაზიარებასა აქვს ადგილი, უფრო საჭირბოროტო დიალოგები იმართება; საუბრობენ სტილზე, ქალებზე, პოლიტიკაზე, მხატვრობაზე და ა. შ.

ომის წლებში ერთ-ერთი სეირნობისას ვალზერი ასეთ რამეს ამბობს ჰიტლერზე: „ნეტავი როდის მოეღება ბოლო ამ შტერი ჰიტლერის სიჯიუტეს; იმას, ვინც ასე ააფრინეს ცაში, სხვა ბედი არც ეწევა, ისევ მიწაზე მოუწევს დახეთქება. ჰიტლერი ცინიკური თვითკმაყოფილებით არის ჰიპნოზირებული. ხალხის საკეთილდღეოდ ვეღარაფერს შეიგრძნობს.“ – როგორია, რას იტყვით?

მოკლედ, ძალზე ვისიამოვნე ამ პატარა წიგნით, მაიას თარგმანებიც ყოველთვის მხიბლავს, „ალი და ნინოდან“ მოყოლებული (ალბათ გახსოვთ).

ჩვენთვის, ვფიქრობ, დღესაც ძალზე აქტუალურია, მაგალითად, ეს ფრაზა: „ზოგი მღვდელი ისე იქცევა, თითქოს ისევ ლუთერის … ხანაში ცხოვრობდეს. თავი ასკეტებად მოაქვთ. ფიქრობენ, ტრადიციებს არ ვუღალატოთო. დღეს კი უფრო მნიშვნელოვანი რამეებია საჭირო! მაგალითად, უფრო ნაკლები ილაპარაკონ ღმერთზე და მეტი აკეთონ ისე, როგორც ღმერთს სწადია.“  წიგნებში, როგორც სკივრში, ისეა მარგალიტები ჩამალული და მათ აღმოჩენა ჭირდებათ. როცა ამგვარ მარგალიტებს აღმოაჩენ, და თან ისინი თუ შენს აზრებსაც ემთხვევა, ბედნიერი ხარ. ლიტერატურა ხომ ამ გზითაც გვჩუქნის ბედნიერებას: თურმე წლების წინ (1947 წ.

26 მაისი.) იყო კაცი, ვინც ამა თუ იმ საკითხზე შენსავით ფიქრობდა.

ასევე აქტუალურია და თითქმის ამომწურავი მისი მოსაზრებები სტალინზე. ზელიგი ამბობს,ნაშუადღევს გზაზე ხანგრძლივად ვილაპარაკეთ სტალინის იდუმალ გარდაცვალებაზეო. აი, რა უთქვამს პოეტს: „ის თავის ირგვლივ ყველას ნებას რთავდა, რომ მისთვის გუნდრუკი ეკმიათ, რაც ყოველთვის მზარავდა. გარს მარტო მონები ერტყა, ბოლოს გააღმერთეს. ჩვეულებრივ ადამიანად ცხოვრება უკვე აღარ შეეძლო. იქნებ მასში მართლაც იყო რაღაც გენიალური, მაგრამ ხალხს ურჩევნია, სასტიკმა პიროვნებამ მართოს. გენიაში მუდამ არის რაღაც ბოროტი, რაც ხალხმა ტკივილით, სისხლით, მარცხით უნდა ზიდოს.“

ამგვარი ბრძნულად თავშესაქცევი წიგნია კ. ზელიგის „ხეტიალი რობერტ ვალზერთან ერთად.“ ელიო ფროლიხის ბოლოსიტყვაობაში საუბარია კარლ ზელიგის ღვაწლზე არა მხოლოდ ვალზერის, არამედ მრავალი ხელოვანის მიმართ და მის ქველმოქმედებაზე. მან შეულამაზებლად შემოგვინახა წიგნში მწერლის ნააზრევი ამა

თუ იმ საკითხზე, რითაც დიდი ღვაწლი დასდო ლიტერატურის ისტორიას. ეს გახლდათ რ. ვალზერის სიცოცხლის ბოლო ათი წლის ჩანაწერები. თავად კარლ ზელიგმა მხოლოდ ხუთი წელი იცოცხლა ვალზერის გარდაცვალების შემდეგ.

გელა ჩქვანავა „ჭიანჭველები.“ ეს ცამეტი მოთხრობისაგან შემდგარი კრებულია. გელა ჩქვანავას აქამდე არ ვიცნობდი და მინდა ვთქვა, რომ სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. ესაა ევროპული და ქართული ნოველის ტრადიციის შესანიშნავი გაგრძელება. მას თან მოაქვს 70-იანი წლების რომანტიკა, თითქოს ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები მოულოდნელად, ბედისწერით გადაჯაჭვულნი აღმოჩნდებიან; შემდეგ ამბავს მოსდევს ღია დასასრული და პერსონაჟები თითქოს ჩვენში განაგრძობენ სიცოცხლეს. მინდა ავღნიშნო ავტორის ფაქიზი დამოკიდებულება ენისადმი, პასუხისმგებლობა მკითხველის მიმართ ( შეგრძნება იმისა, რომ მწერალი ხარ და არა უბრალოდ, ქუჩაში მოლაყბე), რაც უკვე ასეთი იშვიათობა გახდა დღეს: აზრის მხატვრულ მეტაფორად ქცევის უნარი. მაგ. „ნიაღვარი ციმციმ მოაქანებდა სიგარეტის ცარიელ კოლოფს.“ ან კიდევ ეს საოცარი ხატი: „მისი ღია ფერის ლაბადა წვიმის წვეთებით იწინწკლებოდა და თვალსა და ხელს შუა მუქდებოდა.“

გარდა ამისა, მკითხველს ხიბლავს დრამატული სიტუაციიდან სახალისო საკითხავის შექმნის საოცრად სხარტი მანერა. ძალზე ვიხალისე „საცობშიც“, „პარკშიც“ და ორ სადარბაზოში ერთდროულად გაჭედილ მეუღლეთა სიტუაციაზეც, დენი რომ ითიშება და მეუღლეები სხვადასხვაგვარად დაწყვილებულნი რომ იჭედებიან ლიფტში (სახურავზე ანტენის დასამაგრაბლად, სხვადასხვა საჭიროებებზე უხდებოდათ ასვლა-ჩასვლა). მათი შვილი კი წინ და უკან დარბის ამბების მისატანად, ან სატელეფონო ზარის განსახორციელებლად.

მთარგმნელთა კვირეულის ფარგლებში თანამედროვე ქართული ლიტერატურის მიმოხილვისას, შვეიცარიელმა ქალბატონმა რახელმა გელა ჩქვანავას ლიტერატურა ჰემინგუეის შეადარა. შესაძლოა, ჰემინგუეის ლიტერატურაზე აღზრდილი თაობა მისი გავლენისაგან არც იყოს თავისუფალი. ალბათ ესაც იგულისხმებოდა, ზემოთ ევროპული ნოველის ტრადიციაზე რომ მოგახსენეთ.

მალტე შუხარტი „გოეთეს ბიოგრაფიის მოტივები“ (თარგმანი რუსუდან ბეჟაშვილისა). ორიოდ სიტყვას ჩემ თარგმნილ წიგნზეც მოგახსენებთ, არაერთი ეგზემპლარი რომ გავაჩუქე ამ კვირეულის ფარგლებში; ასე რომ, ისიც ნაჩუქარ  წიგნებში ჩაითვლება.

ეს არის გოეთეს ბიოგრაფიის განსხვავებული გააზრება, კერძოდ, როგორ მივაწოდოთ მოზარდს იგი. ავტორი: პედაგოგი და ლიტერატორი მალტე შუხარტი გვთავაზობს, მოზარდს ბიოგრაფიები აუცილებლად დაბადებიდან გარდაცვალებამდე მოვლენების აღწერით კი არ შევასწავლოთ, არამედ, ავარჩიოთ ის ემოციური მომენტები, რაც მოზარდ ადამიანს თავის ასაკში ყველაზე მეტად აღელვებს. გოეთეს შემთხვევაში, წიგნში ყურადღება გამახვილებულია, მაგალითად, როგორ მიდის იგი ღმერთის რწმენამდე ძლიერი ავადმყოფობის შემდეგ. როგორ ეჭვიანობს შეყვარებულზე და სიცხიანი გარბის თეატრში, რათა ნახოს, თუ ვისთან ერთადაა მისი სატრფო. არანაკლები ხალისითაა ასახული მომენტი, როცა ყმაწვილი გოეთე ლამის ციხეში ხვდება, რადგან ერთ ყალთაბანდთა ჯგუფს დაუმეგობრდა და მათი თხოვნით, სასიყვარულო ბარათებს რითმავდა. იმათ კი ამ ბარათებით რეალური პიროვნებები შეცდომაში შეჰყავდათ. და ა. შ.

წიგნის ბოლოს, ყმაწვილი გოეთეს პიროვნების უკეთ წარმოსაჩენად, დავურთეთ თომას მანის წერილი „გოეთეს ვერთერი.“

მოკლედ, ეს გახლავთ გოეთეს ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი განსხვავებული წიგნი. და როგორც შესავალშიც მოგახსენეთ, მისი კითხვისას დიდ სიამოვნებას გისურვებთ!

არადა. რომ არა ეს პროფესიული კვირეული, ამ წიგნებზე ხომ არ ვისაუბრებდით?

სტამბოლი-თბილისი

15 სექ

                                             სტამბოლი – თბილისი

 

ჩვენ, ქართველებს ხომ მუდამ ევროპა გვიზიდავდა, ყოველ შემთხვევაში, ჩემს ბავშვობასა და ახალგაზრდობაში ასე იყო, – პირადად მე აღმოსავლური არაფერი მაინტერესებდა. რატომ? მრავალცოლოანობის, ჰარამხანების, ჩადრების სამყაროსთან აბა რა გვესაქმებოდა? ან კიდევ ჩვენი პატარა ქვეყნის გმირული ისტორია გამუდმებით მრავალრიცხოვან მუსლიმებთან ბრძოლა არ იყო, საკუთარი თვითმყოფადობისა და ქრისტიანული რწმენის შესანარჩუნებლად?

უცებ ჩემი ცნობიერების არეალში ჩნდება თურქი მწერალი ორჰან ფამუქი და მისი რა წიგნიც კი ჩამივარდება ხელში, გასაოცარი ინტერესით ვნთქავ. ამჯერად ლაპარაკია მის ავტობიოგრაფიულ წიგნზე „სტამბოლი“. ის ერთი თბილისელი ბიჭივით გვიყვება თავისი ცხოვრების ამბავს. აღმოვაჩინე,რომ თურმე არის სადღაც სამყარო ჩვენს მიკროსამყაროსთან ასეთი მსგავსი და ახლობელი. ვეცდები, ამ წიგნიდან ჩვენთვის სულიერად ახლობელი მომენტები გავიხსენო თბილისური პარალელებით.

ერთი და ყველაზე მთავარი ნათესაობა ხომ ევროპა-აზიის გასაყარზე მდებარეობაა და ის განსაკუთრებული იერ-სახე, რასაც ამ ორი კულტურის თანხვედრა ქმნის.

ყველა ქალაქს ხომ თავისი ბედისწერა აქვს, ბედისწერას ისტორია აყალიბებს, ისტორიას – ადამიანები. ადამიანებიც ხშირად თავის ქალაქს გვანან და პირიქით…

„რა აზრი დევს ნეტავ მაინცდამაინც მსოფლიოს ამ წერტილში, დროის ამ მონაკვეთში

ჩვენს მოვლინებაში?“ – აზრი უდაოდ დევს, – საიდუმლოება ბედისწერის კანონშია.

ბევრი ნაცნობი თვისება მენიშნა-მეთქი რომ ვამბობ, თუნდაც ეს რად ღირს – ადამიანები სუფრასთან სიამოვნებით საუბრობენ და ერთად ყოფნით ხალისობენო

და საკმარისია, რაიმე ქონებრივ გაყოფაზე ჩამოვარდეს სიტყვა, მაშინვე სახე ეცვლებათ და მოიღუშებიანო. (ბავშვობაში მსგავსი რამ მეც რამდენჯერმე გამკვირვებია). ცხადია, ნათესავთა კრებულზეა საუბარი, მაგრამ სუფრა და ქეიფი

კი იქ მართლაც სხვანაირი იქნება.

წიგნში თხრობა ავტორისათვის ჩვეული სილაღით მიმდინარეობს. შენც მისდევ ფიქრთა მსვლელობას, თითქოს შენც მასავით ფანჯრიდან გასცქერი ბოსფორის სრუტეს და მოწმე ხდები მსოფლიო კატასტროფებისა. რატომ გვაინტერესებს სხვათა აზრი ჩვენს შესახებო? სვამს კითხვას ავტორი და თავადვე პასუხობს:

„რატომ მაინტერესებს ასე დასავლელი მოგზაურების აზრი სტამბოლზე…? ნაწილობრივ იმიტომ, რომ ხანდახან ნერვალად, ფლობერად ან დე ამიჩისად წარმოვიდგენ თავს, ზუსტად ისე, როგორც ბავშვობაში ხატვის დროს უტრილოდ წარმოვიდგენდი; იმიტომ, რომ მე, როგორც პიროვნება, მათთან წარმოსახვით საუბარსა და კამათში ჩამოვყალიბდი. მეორე მიზეზი ის მგონია, რომ გასული საუკუნეების ჩემი ქალაქის გარეგნული სახისა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ უცხოური წიგნებიდან უფრო მეტი გავიგე, ვიდრე თურქი მწერლებისაგან, რომლებიც სტამბოლისადმი არავითარ ინტერესს არ იჩენდნენ.“

თბილისში მგონი ეს ამბავი პირიქით იყო – კი გვაინტერესებდა სხვათა აზრი ჩვენი ქალაქის შესახებ და ვამაყობდით კიდეც  იმ ლამაზი სიტყვებით, რასაც მას უძღვნიდნენ მსოფლიოს პოეტები, მაგრამ გულის სიღრმეში გვჯეროდა, რომ მხოლოდ ჩვენ, თბილისის ბინადართ, მის უბეში გამოზრდილებს გვესმოდა ქალაქის ნამდვილი ბუნება.

აკი აქედან ერევანში გადასახლებულმა სტუმარმა ერთხელ გვითხრა კიდეც: „Тбилиси не просто красивый город,  Тбилиси – вкус и запах особый.»

ამ გემოსა და სუნის შეგრძნება მგონი მხოლოდ საკუთარ შვილს შეუძლია, – უცხო ეგზოტიკას ეძებს; მას არ სტკივა და ყოველ ქალაქს ხომ სატკივარიც ბევრი აქვს. რამდენი სახე შეიძლება გქონდეს შენ, ქალაქო – საძაგელიც და მშვენიერიც. განსაკუთრებით მრავალსახოვანი უნდა იყოს ევროპა- აზიის გზის გასაყარზე მყოფი ქალაქი. ამ მხრივ თბილისსა და სტამბოლს მსგავსი ბედისწერა აქვთ. „…ამიტომ სულ უფრო მიყვარდებოდა ქალაქის ვიწრო, ღარიბული ქუჩებისა და შესახვევების სევდა.“

ო. ფამუქს თუ ოდესღაც ეგონა, სამყაროს ცენტრში ვცხოვრობო, თბილისელებს მაგ მხრივ, პირიქით, უკმარისობის გრძნობა აქვთ: სხვაგან თურმე ასეაო, სულ ამას ამბობენ, იმას კი არა – ჩვენთან ასეაო. მაგრამ რაც არ უნდა უცნაური იყოს, საკუთარი თავი ყველა ქართველს მართლაც სამყაროს ცენტრი ჰგონია.

ჭაბუკი ორჰანი (სტუდენტობის დროს) ჩივის: „ძალიან მარტოდ ვიგრძენი თავი, როცა მივხვდი, რა ადგილი მიჭირავს სამყაროში, რა უზარმაზარი და რთულია იგი, რომ ჩემი რწმენა შერყეულია, ცოდნა კი – არასაკმარისი.“

საკუთარი ქალაქი ჯერ სამყაროს ათვლის წერტილია, შემდეგ გზამკვლევი ცხოვრების გზაზე. ორი კულტურის გასაყარზე მცხოვრებთ გამუდმებით გაორება გვდევს თან: ერთი მხრივ აჩქარებული პროგრესი, მეორე მხრივ – ტრადიციების ერთგულება. ბევრს უჭირს შუალედის დაცვა; ჩვენშიც ბევრია დროის მოთხოვნით, რობოტად ქცეული, ან კიდევ ტრადიციებს ჩაბღაუჭებული, ეთნოგრაფიულ ექსპონატად დარჩენილი. ზოგიერთ ახალბედა ჩამოსულს ძალზე აღიზიანებს ტერმინი „ნამდვილი თბილისელი“ და წლებს ითვლიან,ამდენი და ამდენი ხანია, რაც ჩამოვედიო. იმას კი ვერ ხვდებიან,რომ თბილისელობა პირველ რიგში ის განუმეორებელი ხასიათია, დასავლეთ-აღმოსავლეთის ის კულტურული ნაზავი, ჰარმონიულად რომ ჩამოყალიბდა საუკუნეების მანძილზე. სწორედ ეს განსაკუთრებულობაა, – ჩემი აზრით, – რომ ხიბლავს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ ადამიანს. ერთდროულად ევროპაშიც ხარ და აზიაშიც, და თან ბოლომდე არც ერთგან… თბილისში.

ჩვენს თურქ თანამოაზრესაც მოზარდობისას ურთიერთობები თვალთმაქცობად მიაჩნდა: „…აქ ჩემს ადგილს ვერ ვპოულობდი. უფრო და უფრო მიჭირდა, მოვქცეულიყავი ისე, როგორც ‘ჩვენს სამყაროს’ შეეფერებოდა, სადაც ყველა ყველას იცნობს და უნდათ, ერთმანეთს ჰგავდნენ, სადაც ფასდება თავმდაბლობა და ტრადიციები, ისტორიული წარსული, წინაპართა ნაანდერძევი და სადაც პატივისცემით ეპყრობიან უფროს თაობას.“

რა საოცრად ნაცნობი ფრაზებია, ჩვენი მშობლების თაობის თბილისის შვილებიც

ხომ ზუსტად ასე ვგრძნობდით თავს, ერთი მხრივ პასუხისმგებლობა წარსულის ღირებულებებისადმი, მეორე მხრივ – აქედან გაქცევისა და თავისუფლების წყურვილი… მაგრამ ჩვენი ქალაქი ჩვენივე ნაწილია და ვეღარსად გაექცევი. წიგნშიც ხომ ასეა: „…დიდხანს აქ ცხოვრების მერე მიხვდებით,რომ მისი ხედები დაკავშირებულია თქვენს ყველაზე ნამდვილ და ღრმა გრძნობებთან და თან ისე განუყრელად, რომ თითოეული ქუჩა თუ შესახვევი განცდილ შეგრძნებებს გახსენებთ, როგორც რაიმე მელოდია, რომელიც საყვარელ მოგონებებს აგიშლის.“

თავად რა ხანია, სხვა უბანში გადავსახლდი და დღემდე ვერ ვეგუები, რომ აქაურობას ვეკუთვნი. თვით ჩემი ბავშვობის უბანიც აღარ გავს საკუთარ თავს, არც ხალხით, აღარც შენობებითა და სურნელით; ამიტომ დავდივარ თბილისში და თბილისი მენატრება. განა თქვენ არ დაგმართიათ ასე? ორჰან ფამუქიც ნაღვლობს, რომ მის ქალაქში ძველი შენობები, რაც სტამბოლის ხასიათს ქმნიდა, თვალსა და ხელს შუა ქრება.

მოკლედ, მთელი წიგნის კითხვის დროს, მეგონა, რომ თბილისელი ბიჭი თბილისზე გვიამბობდა, იმდენად ნაცნობი იყო ავტორისეული ნაფიქრი და დამოკიდებულება საკუთარი ქალაქისადმი.

აბა ხელოვანის ბედი და ხელოვნებასთან მიდგომა ნახეთ, თითქოს სტამბოლი ხომ უფრო დიდია და ბევრად უფრო ცნობილიც, აბა თბილისი მის მასშტაბებთან როგორ მოვა; საუბარია კონსტანტინოპოლზე – ოდესღაც ძლევამოსილი იმპერიის დედაქალაქზე. – მაგრამ აი, რას ეუბნება სტუდენტ ორჰანს დედამისი, როცა ვაჟს მხატვრობით გატაცებას ატყობს: „ – ეს პარიზი კი არ არის, შემოგევლე, სტამბოლია… მსოფლიოში საუკეთესო მხატვარი რომ იყო, არავინ მოგაქცევს ყურადღებას. …ჩვენ რომ მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სადაც ხელოვნებას აფასებენ, მაშინ კიდევ ჰო…“

ჩვენთან ასე არაა? თითქოს უყვართ ხელოვნება, მაგრამ მხოლოდ სადილზე დასაყოლებელი ვაშლივით, ხელოვანი სიცოცხლეში იშვიათადაა სათანადოდ დაფასებული. გარდაცვლილებს, იცოცხლე, დითირამბებს ვუძღვნით.

აი, ასე ვიმოგზაურე ო. ფამუქის „სტამბოლში“ და სრულიად უცნობ ქალაქში თავი

სამშობლოში მეგონა.

„სტამბოლი“ მრავალპლანიანი რომანია, ყველა საკითხს ვერ შევეხებოდი, ამჯერად, რაც ნიშნეულად თვალში მომხვდა, იმაზე მოგახსენეთ.

კულტურულ განსხვავებაზეც არ მისაუბრია: იქ დომინანტია ისლამი, ჩვენთან ქრისტიანობა, მაგრამ ერთმანეთთან მეგობრობა შეგვიძლია. და მართლაც კარგი კითხვაა: კონსტანტინოპოლის გათურქება: დაპყრობაა თუ დაცემა?

კნუტ ჰამსუნი და მისი “დედოფალი თამარი”

9 სექ

კნუტ ჰამსუნი და მისი ,,დედოფალი თამარი”

                                                      (ჩემი არქივიდან)

ზოგისთვის მწერლობა ,,შინაგანი მზერის სიტყვებად ქცევაა,” ვისთვის ,,ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლა ნუგეშის საპოვნელად.” ჩვენი თანამედროვე ო. ფამუქი შვედურ აკადემიაში თავის სანობელო სიტყვაში იმასაც ამბობს, რომ ,,მწერალი ისეთი რამეების შესახებ საუბრობს, რაც ყველამ იცის, მაგრამ არ იცის, რომ იცის. ამ ცოდნის კვლევა და მისი ზრდის პროცესზე დაკვირვება სასიამოვნოა, მკითხველი ერთდროულად მოგზაურობს ნაცნობსა და ფანტასტიკურ სამყაროში.” ამ ყოველივესთან ერთად, მწერლობა ჩემთვის არის კულტურათა დიალოგი და სწორედ იმ შრეებში შეღწევა, რაც ფიზიკურად დროსა თუ სივრცეში შეუძლებელია. ხშირად უცხო თვალით დანახული ჩვენი სამშობლოც ხომ ჩვენთვის მეტად მრავლისმეტყველი და საინტერესოა. ამგვარ ლიტერატურას მიეკუთვნება კნუტ ჰამსუნის ,,ზღაპრული ქვეყანა” და ნაწილობრივ, ,,დედოფალი თამარი”.

დიდი ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი, ბუნებითა თუ ადამიანებით, თავისი საოცარი ქვეყნის (პირადად, ჩემთვის აღმოჩენა იყო ეს ნათელთვა ლებიანი სტუმართმოყვარე ერი.) დღემდე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შვილია. ბოლო დროს უსამართლოდ მივიწყებული მისი რომანები: ,,პანი,” ,,ვიქტორია,” ,,შიმშილი,” ,,მისტერიები” მთელ მსოფლიოშია ცნობილი. (თუმცა ახლა უკვე ჩვენშიც დაიწყეს ჰამსუნის წიგნების გამოცემა). წიგნისათვის ,,მიწის მადლი” 1920 წელს, მოგეხსენებათ, მინიჭებული აქვს ნობელის პრემია. მწერალმა 1899 წელს კავკასიაში იმოგზაურა, რუსეთიდან ეტლით მოემგზავრებოდა მეუღლესთან ერთად; დღევანდელი გადმოსახედიდან თითქმის წარმოუდგენელი, მაგრამ _ დამეთანხმებით _ მეტად რომანტიკული მოგზაურობა უნდა ყოფილიყო, რაც მის ზღაპრულ ქვეყანაში აისახა კიდეც ჩრდილო-ევროპელის პრაგმატული აზროვნებით აღქმული შთაბეჭდილებები. ,,ამ მოგზაურობამ მრავალი ფიქრი და განცდა აღუძრა მწერალს – პიროვნებას, რომელმაც სრული გადატრიალება მოახდინა ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში.” ნათქვამია ქართული გამოცემის წინათქმაში (ოლიკო ჟღენტი). ორივე ნაწარმოები გამოიცა 1903 წელს დანიასა და გერმანიაში. თუ პირველი _ ,,ზღაპრული ქვეყანა” დოკუმენტური პროზის ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს, მეორე _ ,,დედოფალი თამარი”, ჩემი აზრით, უფრო რომანტიკულ ფანტაზიად მოიაზრება (რადგან აქ ისტორიული პასაჟები და პერსონაჟებიც კი თითქმის პირობითია). მასში ნაკლებია ისტორიული შესაბამისობა, მაგრამ უდაოდ ატყვია დიდი ოსტატის ხელი. თავად ჰამსუნისთვის, როგორც ამბობენ, ეს განსაკუთრებით საყვარელი პიესა ყოფილა. აქ იგი გვიჩვენებს უძველესი ქრისტიანული ქვეყნის სამეფო ინტრიგებს, კარის ცხოვრებას, რომლის სათავეში დგას ქალი-მეფე, ვინც ერთდროულად არის დედა და არის მონარქი. ნაზი, ქალური არსება დედობრივი ინსტინქტებით და ამავე დროს ძლიერი, პრინციპული მმართველი.

პიესა ,,დედოფალი თამარი” დაიდგა 1904 წელს ოსლოს ეროვნულ თეატრში. იგი სავსე იყო აღმოსავლური ეგზოტიკის ელემენტებით, ცეკვებით და მართლაც დიდი წარმატება ხვდა წილად, რადგან ეს ნორვეგიის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეებს უძღოდა წინ (1905 წ.). 20-იანი წლების შემდეგ არაერთგზის  დაიდგა გერმანიის სხვადასხვა  ქალაქებში.

რაც შეეხება თავად პიესას, როგორც ევროპელი კაცის ნააზრევი, რომელსაც არც იმდენ ხანს უცხოვრია აქ (როგორც ცნობილია, იგი ინკოგნიტოდ იმყოფებოდა თბილისში და მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ შეიტყვეს, რომ აქ იყო დიდი ნორვეგიელი მწერალი.), რომ ქართული ყოფის ისტორიისა თუ ხასიათის ნიუანსებს ღრმად ჩასწვდომოდა, თუმცა ეს არის მშვენიერი ნაწარმოები ქართველი დედოფლის თემაზე; იმ დედოფლისა, რომელზეც, როგორც ჩანს ბევრი ესმოდა კავკასიაში მოგზაურობის დროს; ხედავდა, თუ როგორ გაიდეალებული ჰყავდა იგი ხალხს საუკუნეების მანძილზე, ყოველ ნაბიჯზე მისი სახელობის ეკლესიას აწყდებოდა და, ალბათ, ყოველივე ამან შთააგონა ფერებითა და სახეებით მდიდარი ეს პიესა. თვალშისაცემია და ნიშნეული აგრეთვე ქრისტიანთა და მუსლიმანთა ესოდენ მჭიდრო ურთიერთობა და თითქოს ,,მტერ-მოყვრული” დამოკიდებულება. ამ მხრივ საინტერესოა ფატიმატი, თამარის მხევალი, მასთან მეტად დაახლოებული, რომელიც ერთი მხრივ ერთგულია დედოფლისა, წვლილი მიუძღვის მისი შვილის აღზრდაშიც, მაგრამ თუ საქმე სარწმუნოებამდე მიდგა, ის შეუვალია და დედოფლის ღალატსაც როდი ერიდება. შესამჩნევია ისიც, რომ ამ ორი რელიგიის მიმდევარნი ერთმანეთს ეჯიბრებიან სიკეთის ქმნაშიც. ხშირად გაისმის (ორივე მხრიდან) : ,,ქრისტიანი ცოტათი ხომ უნდა სჯობდეს მუსლიმანს!” ან კიდევ პირიქით, როდესაც ფატიმატი უფლისწულ გიორგის გადაარჩენს, დედოფლის ვათჟსაც ხმლით იცავს მტრული გარემოცვისაგან, შემდეგ თამარს სამადლობელ სიტყვაზე მიუგებს: ,,_აბა, მუსლიმანი ოდნავ მაინც ხომ უნდა სჯობდეს ქრისტიანს?” _ რაზეც დედოფალი  პასუხობს: ,,მეც ვეცდები სიკეთე ვაკეთო, ჩემო ფატიმატ…” მიუხედავად იმისა, რომ პიესაში გვხვდება ქართულ-მართლმადიდებლური ყოფისათვის უცხო ტერმინები: პრიორი (ლათ. კათოლიკური მონასტრის წინამძღოლი), აბატი (ლათ. კათოლიკე მამათა მონასტრის ან სააბატოს წინამძღოლი, იგი ემორჩილება ეპისკოპოსს), ჰეტმანი (დაქირავებული არმიის წინამძღოლი, მაგ. პოლონეთსა და უკრაინაში მე-15 – მე-16 სს), თუ მათ სიმბოლურად შევხედავთ (რადგან ავტორს, როგორც ჩანს, ხელი არ მიუწვდებოდა ქართულ ტერმინებზე), პიესა მთლიანობაში თბილ, რომანტიკულ სახასიათო გარემოს ქმნის და ზედმეტი არქაულობითაც როდი ჭრის ყურს თანამედროვე მკითხველს.

პიესაში დედოფლის მეუღლეს, უფლისწულ გიორგის,ებრძვის რა მას, ტახტის დაპყრობა კი არ სურს, არამედ – ურჩი დედოფლის მორჯულება სწადია, რადგან მისი აზრით, ქალი გაუორგულდა ქმარს. კულმინაციურ მომენტში, როცა მისი ვაჟი ტუველთა ტყვეობაშია (ტუველები _ ანთროპოლოგიურად მონღოლოიდები, ტუველთა ეთნოგენეზში მონაწილეობდნენ, ძირითადად ცენტრალური აზიის ძველი თურქულენოვანი ტომები და მათ მიერ ასიმილირებული მონღოლურენოვანი ჯგუფები.), დედობრივი გრძნობა ჭარბობს ყოველივეს, იგი მზადაა დათმოს სახელმწიფო ძალაუფლება ვაჟის სიცოცხლის სანაცვლოდ. კნუტ ჰამსუნის სხვა ნაწარმოებებისაგან განსხვავებით, პიესას იღბლიანი დასასრული აქვს; საბოლოოდ, ცოლ-ქმარს შორის კვლავ თანხმობა და მშვიდობა დაისადგურებს.

ლიტერატურის კრიტიკოსთა შორის კამათის მიუხედავად, არის ეს რომანტი-კული კომედია, ფსიქოლოგიური დრამა თუ მოდერნი, მკითხველს პიესა უდაოდ დიდ სიამოვნებას მიანიჭებს, რომელიც დიდი ნორვეგიელის მიერაა ხელდასხმული.

ქართულ თარგმანს, სამწუხაროდ, გვიან ხვდა წილად მზის სინათლეზე გამოჩენა, მაგრამ ,,სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!” როგორც ერთი ამერიკელი კრიტიკოსი ამბობს: ,,…ხელოვანთა თითოეული თაობა სინამდვილის ხორცზე ქონის მოსაცილებლად იძულებულია სულ ახალი და ახალი ხერხები ეძებოს. ზოგჯერ ეს ძიება მხატვარს აიძულებს იმ ბილიკს დაადგეს, რომელიც მხოლოდ მონიშნულია რომელიმე გენიოსის მიერ, რათა კიდევ უფრო განავითაროს იგი და გაკვალოს იდუმალისაკენ…” ვფიქრობ, ეს კვალის ძიება იყო დიდი ნორვეგიელი მწერლის მიერ სამხრეთულ ქვეყანაში და არც თუ ურიგო დასაწყისი თავისი დროისათვის. ახალი გზებისა და ხერხების ძიება და ალბათ უფრო მეტი და კომპეტენტური ცოდნა ერთმანეთის კულტურათა შესახებ ჩვენი და შემდგომ თაობათა ვალია. დღეს ხომ ტერიტორიული დაბრკოლებაც აღარ არის პრობლემა. მე კი 90-იან წლებში  ნორვეგიაში მოგზაურობის დროს, ერთ-ერთ სკოლაში შეხვედრისას მითხრეს, თქვენი ხილვით და თქვენთან საუბრით, თითქოს საქართველო უფრო მოგვიახლოვდაო. ალბათ ყოველ შეხვედრას ახლავს თავისი დადებითი მომენტი.

კნუტ ჰამსუნი ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალია. დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში 1859 წ. 4 აგვისტოს. 14 წლიდან ეწეოდა მოხეტიალე ცხოვრებას, მრავალი პროფესია გამოიცვალა, ორჯერ იყო ამერიკაში. 1898 წელს იმოგზაურა ფინეთში, რუსეთში, ირანში, თურქეთში, იყო კავკასიაშიც, კერძოდ, საქართველოში და როგორც მოგახსენეთ, ამ მოგზაურობიდან იშვა პიესა ,,დედოფალი თამარი” და შთაბეჭდილებები ,,ზღაპრულ ქვეყანაში”. ქართულ ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: ,,ჰამსუნის ადრეულ შემოქმედე-ბაში აშკარაა ბ. ბენსონის, ხოლო მოგვიანებით _ დოსტოევსკის, ნიცშესა და სტრინბერგის გავლენა. ჰამსუნი იმთავითვე დაუპირისპირდა ნატურალიზმს თავისი ლაღი ფანტაზიითა და ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზით; ამავე დროს მის ნაწარმოებებში აშკარად ჩანს სინამდვილის ეროტულ-გრძნობადი აღქმა-წვდომა, ბუნების ექსტაზური განცდა-შეგრძნება. ჰამსუნის რომანებში გამოხატულია ქვეცნობიერი სულიერი ცხოვრების უწვრილმანესი ნიუანსები. მისი თხრობის მანერა ახდენს ყველა იმ სტილური საშუალების სინთეზირებას, რომელიც მოპოვებულია ნატურალიზმიდან მოყოლებული იმპრესიონიზმის ჩათვლით, რაც ჰამსუნის ნაწარმოებებს განუმეორებელ მიმზიდველობას სძენს.” (ნ. კაკაბაძე).

მე არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს იკამათებენ ლიტერატურის კრიტიკოსები კნუტ ჰამსუნის სტილსა თუ მიმდინარეობაზე, მაგრამ ერთი ცხადია, მისი წიგნები მაღალღირებული ლიტერატურის მოყვარულ მკითხველს კიდევ დიდხანს მიანიჭებს სიამოვნებას.

ლაჟვარდოვანი ფიორდებისა და ზვიადი მთების ქვეყანაში ალბათ არა მხოლოდ მითოლოგიური გმირების გამო სვამენ ნორვეგიის, როგორც გოლიათების სამშობლოს სადღეგრძელოს.

ივნისი 2008 წ.