კნუტ ჰამსუნი და მისი “დედოფალი თამარი”

9 Sep

კნუტ ჰამსუნი და მისი ,,დედოფალი თამარი”

                                                      (ჩემი არქივიდან)

ზოგისთვის მწერლობა ,,შინაგანი მზერის სიტყვებად ქცევაა,” ვისთვის ,,ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლა ნუგეშის საპოვნელად.” ჩვენი თანამედროვე ო. ფამუქი შვედურ აკადემიაში თავის სანობელო სიტყვაში იმასაც ამბობს, რომ ,,მწერალი ისეთი რამეების შესახებ საუბრობს, რაც ყველამ იცის, მაგრამ არ იცის, რომ იცის. ამ ცოდნის კვლევა და მისი ზრდის პროცესზე დაკვირვება სასიამოვნოა, მკითხველი ერთდროულად მოგზაურობს ნაცნობსა და ფანტასტიკურ სამყაროში.” ამ ყოველივესთან ერთად, მწერლობა ჩემთვის არის კულტურათა დიალოგი და სწორედ იმ შრეებში შეღწევა, რაც ფიზიკურად დროსა თუ სივრცეში შეუძლებელია. ხშირად უცხო თვალით დანახული ჩვენი სამშობლოც ხომ ჩვენთვის მეტად მრავლისმეტყველი და საინტერესოა. ამგვარ ლიტერატურას მიეკუთვნება კნუტ ჰამსუნის ,,ზღაპრული ქვეყანა” და ნაწილობრივ, ,,დედოფალი თამარი”.

დიდი ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი, ბუნებითა თუ ადამიანებით, თავისი საოცარი ქვეყნის (პირადად, ჩემთვის აღმოჩენა იყო ეს ნათელთვა ლებიანი სტუმართმოყვარე ერი.) დღემდე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შვილია. ბოლო დროს უსამართლოდ მივიწყებული მისი რომანები: ,,პანი,” ,,ვიქტორია,” ,,შიმშილი,” ,,მისტერიები” მთელ მსოფლიოშია ცნობილი. (თუმცა ახლა უკვე ჩვენშიც დაიწყეს ჰამსუნის წიგნების გამოცემა). წიგნისათვის ,,მიწის მადლი” 1920 წელს, მოგეხსენებათ, მინიჭებული აქვს ნობელის პრემია. მწერალმა 1899 წელს კავკასიაში იმოგზაურა, რუსეთიდან ეტლით მოემგზავრებოდა მეუღლესთან ერთად; დღევანდელი გადმოსახედიდან თითქმის წარმოუდგენელი, მაგრამ _ დამეთანხმებით _ მეტად რომანტიკული მოგზაურობა უნდა ყოფილიყო, რაც მის ზღაპრულ ქვეყანაში აისახა კიდეც ჩრდილო-ევროპელის პრაგმატული აზროვნებით აღქმული შთაბეჭდილებები. ,,ამ მოგზაურობამ მრავალი ფიქრი და განცდა აღუძრა მწერალს – პიროვნებას, რომელმაც სრული გადატრიალება მოახდინა ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში.” ნათქვამია ქართული გამოცემის წინათქმაში (ოლიკო ჟღენტი). ორივე ნაწარმოები გამოიცა 1903 წელს დანიასა და გერმანიაში. თუ პირველი _ ,,ზღაპრული ქვეყანა” დოკუმენტური პროზის ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს, მეორე _ ,,დედოფალი თამარი”, ჩემი აზრით, უფრო რომანტიკულ ფანტაზიად მოიაზრება (რადგან აქ ისტორიული პასაჟები და პერსონაჟებიც კი თითქმის პირობითია). მასში ნაკლებია ისტორიული შესაბამისობა, მაგრამ უდაოდ ატყვია დიდი ოსტატის ხელი. თავად ჰამსუნისთვის, როგორც ამბობენ, ეს განსაკუთრებით საყვარელი პიესა ყოფილა. აქ იგი გვიჩვენებს უძველესი ქრისტიანული ქვეყნის სამეფო ინტრიგებს, კარის ცხოვრებას, რომლის სათავეში დგას ქალი-მეფე, ვინც ერთდროულად არის დედა და არის მონარქი. ნაზი, ქალური არსება დედობრივი ინსტინქტებით და ამავე დროს ძლიერი, პრინციპული მმართველი.

პიესა ,,დედოფალი თამარი” დაიდგა 1904 წელს ოსლოს ეროვნულ თეატრში. იგი სავსე იყო აღმოსავლური ეგზოტიკის ელემენტებით, ცეკვებით და მართლაც დიდი წარმატება ხვდა წილად, რადგან ეს ნორვეგიის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეებს უძღოდა წინ (1905 წ.). 20-იანი წლების შემდეგ არაერთგზის  დაიდგა გერმანიის სხვადასხვა  ქალაქებში.

რაც შეეხება თავად პიესას, როგორც ევროპელი კაცის ნააზრევი, რომელსაც არც იმდენ ხანს უცხოვრია აქ (როგორც ცნობილია, იგი ინკოგნიტოდ იმყოფებოდა თბილისში და მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ შეიტყვეს, რომ აქ იყო დიდი ნორვეგიელი მწერალი.), რომ ქართული ყოფის ისტორიისა თუ ხასიათის ნიუანსებს ღრმად ჩასწვდომოდა, თუმცა ეს არის მშვენიერი ნაწარმოები ქართველი დედოფლის თემაზე; იმ დედოფლისა, რომელზეც, როგორც ჩანს ბევრი ესმოდა კავკასიაში მოგზაურობის დროს; ხედავდა, თუ როგორ გაიდეალებული ჰყავდა იგი ხალხს საუკუნეების მანძილზე, ყოველ ნაბიჯზე მისი სახელობის ეკლესიას აწყდებოდა და, ალბათ, ყოველივე ამან შთააგონა ფერებითა და სახეებით მდიდარი ეს პიესა. თვალშისაცემია და ნიშნეული აგრეთვე ქრისტიანთა და მუსლიმანთა ესოდენ მჭიდრო ურთიერთობა და თითქოს ,,მტერ-მოყვრული” დამოკიდებულება. ამ მხრივ საინტერესოა ფატიმატი, თამარის მხევალი, მასთან მეტად დაახლოებული, რომელიც ერთი მხრივ ერთგულია დედოფლისა, წვლილი მიუძღვის მისი შვილის აღზრდაშიც, მაგრამ თუ საქმე სარწმუნოებამდე მიდგა, ის შეუვალია და დედოფლის ღალატსაც როდი ერიდება. შესამჩნევია ისიც, რომ ამ ორი რელიგიის მიმდევარნი ერთმანეთს ეჯიბრებიან სიკეთის ქმნაშიც. ხშირად გაისმის (ორივე მხრიდან) : ,,ქრისტიანი ცოტათი ხომ უნდა სჯობდეს მუსლიმანს!” ან კიდევ პირიქით, როდესაც ფატიმატი უფლისწულ გიორგის გადაარჩენს, დედოფლის ვათჟსაც ხმლით იცავს მტრული გარემოცვისაგან, შემდეგ თამარს სამადლობელ სიტყვაზე მიუგებს: ,,_აბა, მუსლიმანი ოდნავ მაინც ხომ უნდა სჯობდეს ქრისტიანს?” _ რაზეც დედოფალი  პასუხობს: ,,მეც ვეცდები სიკეთე ვაკეთო, ჩემო ფატიმატ…” მიუხედავად იმისა, რომ პიესაში გვხვდება ქართულ-მართლმადიდებლური ყოფისათვის უცხო ტერმინები: პრიორი (ლათ. კათოლიკური მონასტრის წინამძღოლი), აბატი (ლათ. კათოლიკე მამათა მონასტრის ან სააბატოს წინამძღოლი, იგი ემორჩილება ეპისკოპოსს), ჰეტმანი (დაქირავებული არმიის წინამძღოლი, მაგ. პოლონეთსა და უკრაინაში მე-15 – მე-16 სს), თუ მათ სიმბოლურად შევხედავთ (რადგან ავტორს, როგორც ჩანს, ხელი არ მიუწვდებოდა ქართულ ტერმინებზე), პიესა მთლიანობაში თბილ, რომანტიკულ სახასიათო გარემოს ქმნის და ზედმეტი არქაულობითაც როდი ჭრის ყურს თანამედროვე მკითხველს.

პიესაში დედოფლის მეუღლეს, უფლისწულ გიორგის,ებრძვის რა მას, ტახტის დაპყრობა კი არ სურს, არამედ – ურჩი დედოფლის მორჯულება სწადია, რადგან მისი აზრით, ქალი გაუორგულდა ქმარს. კულმინაციურ მომენტში, როცა მისი ვაჟი ტუველთა ტყვეობაშია (ტუველები _ ანთროპოლოგიურად მონღოლოიდები, ტუველთა ეთნოგენეზში მონაწილეობდნენ, ძირითადად ცენტრალური აზიის ძველი თურქულენოვანი ტომები და მათ მიერ ასიმილირებული მონღოლურენოვანი ჯგუფები.), დედობრივი გრძნობა ჭარბობს ყოველივეს, იგი მზადაა დათმოს სახელმწიფო ძალაუფლება ვაჟის სიცოცხლის სანაცვლოდ. კნუტ ჰამსუნის სხვა ნაწარმოებებისაგან განსხვავებით, პიესას იღბლიანი დასასრული აქვს; საბოლოოდ, ცოლ-ქმარს შორის კვლავ თანხმობა და მშვიდობა დაისადგურებს.

ლიტერატურის კრიტიკოსთა შორის კამათის მიუხედავად, არის ეს რომანტი-კული კომედია, ფსიქოლოგიური დრამა თუ მოდერნი, მკითხველს პიესა უდაოდ დიდ სიამოვნებას მიანიჭებს, რომელიც დიდი ნორვეგიელის მიერაა ხელდასხმული.

ქართულ თარგმანს, სამწუხაროდ, გვიან ხვდა წილად მზის სინათლეზე გამოჩენა, მაგრამ ,,სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!” როგორც ერთი ამერიკელი კრიტიკოსი ამბობს: ,,…ხელოვანთა თითოეული თაობა სინამდვილის ხორცზე ქონის მოსაცილებლად იძულებულია სულ ახალი და ახალი ხერხები ეძებოს. ზოგჯერ ეს ძიება მხატვარს აიძულებს იმ ბილიკს დაადგეს, რომელიც მხოლოდ მონიშნულია რომელიმე გენიოსის მიერ, რათა კიდევ უფრო განავითაროს იგი და გაკვალოს იდუმალისაკენ…” ვფიქრობ, ეს კვალის ძიება იყო დიდი ნორვეგიელი მწერლის მიერ სამხრეთულ ქვეყანაში და არც თუ ურიგო დასაწყისი თავისი დროისათვის. ახალი გზებისა და ხერხების ძიება და ალბათ უფრო მეტი და კომპეტენტური ცოდნა ერთმანეთის კულტურათა შესახებ ჩვენი და შემდგომ თაობათა ვალია. დღეს ხომ ტერიტორიული დაბრკოლებაც აღარ არის პრობლემა. მე კი 90-იან წლებში  ნორვეგიაში მოგზაურობის დროს, ერთ-ერთ სკოლაში შეხვედრისას მითხრეს, თქვენი ხილვით და თქვენთან საუბრით, თითქოს საქართველო უფრო მოგვიახლოვდაო. ალბათ ყოველ შეხვედრას ახლავს თავისი დადებითი მომენტი.

კნუტ ჰამსუნი ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალია. დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში 1859 წ. 4 აგვისტოს. 14 წლიდან ეწეოდა მოხეტიალე ცხოვრებას, მრავალი პროფესია გამოიცვალა, ორჯერ იყო ამერიკაში. 1898 წელს იმოგზაურა ფინეთში, რუსეთში, ირანში, თურქეთში, იყო კავკასიაშიც, კერძოდ, საქართველოში და როგორც მოგახსენეთ, ამ მოგზაურობიდან იშვა პიესა ,,დედოფალი თამარი” და შთაბეჭდილებები ,,ზღაპრულ ქვეყანაში”. ქართულ ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: ,,ჰამსუნის ადრეულ შემოქმედე-ბაში აშკარაა ბ. ბენსონის, ხოლო მოგვიანებით _ დოსტოევსკის, ნიცშესა და სტრინბერგის გავლენა. ჰამსუნი იმთავითვე დაუპირისპირდა ნატურალიზმს თავისი ლაღი ფანტაზიითა და ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზით; ამავე დროს მის ნაწარმოებებში აშკარად ჩანს სინამდვილის ეროტულ-გრძნობადი აღქმა-წვდომა, ბუნების ექსტაზური განცდა-შეგრძნება. ჰამსუნის რომანებში გამოხატულია ქვეცნობიერი სულიერი ცხოვრების უწვრილმანესი ნიუანსები. მისი თხრობის მანერა ახდენს ყველა იმ სტილური საშუალების სინთეზირებას, რომელიც მოპოვებულია ნატურალიზმიდან მოყოლებული იმპრესიონიზმის ჩათვლით, რაც ჰამსუნის ნაწარმოებებს განუმეორებელ მიმზიდველობას სძენს.” (ნ. კაკაბაძე).

მე არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს იკამათებენ ლიტერატურის კრიტიკოსები კნუტ ჰამსუნის სტილსა თუ მიმდინარეობაზე, მაგრამ ერთი ცხადია, მისი წიგნები მაღალღირებული ლიტერატურის მოყვარულ მკითხველს კიდევ დიდხანს მიანიჭებს სიამოვნებას.

ლაჟვარდოვანი ფიორდებისა და ზვიადი მთების ქვეყანაში ალბათ არა მხოლოდ მითოლოგიური გმირების გამო სვამენ ნორვეგიის, როგორც გოლიათების სამშობლოს სადღეგრძელოს.

ივნისი 2008 წ.

13 Responses to “კნუტ ჰამსუნი და მისი “დედოფალი თამარი””

  1. Kejeradze September 9, 2012 at 8:53 pm #

    “ზღაპრული ქვეყნისგან” ცოტა უფრო მეტს ველოდი… ამიტომ ჰამსუნის თამარის გაცნობა დროებით გადაიდო…როგორც მივხვდი, მართლაც “ჰამსუნისაა” და არა “ჩვენი”🙂

  2. rusa111 September 10, 2012 at 5:12 pm #

    რას გულისხმობ, რა არის “ჩვენი”? ქართველის დაწერილი?

    • Kejeradze September 10, 2012 at 8:39 pm #

      ქართველებისთვის ნაცნობი თამარი ვიგულისხმე – რეალური, ისტორიული პიროვნება… როგორც ჩანს, ჰამსუნის თამარს “ჩვენს” თამართან ბევრი არაფერი აქვს საერთო…

  3. rusa111 September 11, 2012 at 7:46 pm #

    ხო, მასეა, როგორც ჩანს, იმდროისათვის ესეც დიდი ამბავი იყო, რომ ამ სიშორეზე ყურადღება მოგვაქციეს. ზღაპრულ ქვეყანაზე მეც იგივე აზრი მაქვს და ამიტომაც არ მივუძღვენი პოსტი. როგორც პიესა თავისთავად, კარგია და მწერალიც,რათქმა უნდა!

  4. rusa111 September 13, 2012 at 7:16 am #

    სათაური მაგ მხრივ ზუსტად შემირჩევია–”მისი”დედოფალი თამარი–ახლა მივხვდი, რას გულისხმობდი, არადა თავიდან ამაზე არ მიფიქრია, ეს “მისი” მაშინ პიესას ეხებოდა, დედოფალსაც მშვენივრად მიესადაგა-შენი არ იყოს, კეჟერაძე!

  5. Nugo September 15, 2012 at 1:23 pm #

    კნუტ ჰამსუნი ფაშისტი იყო, რუსა?

  6. rusa111 September 15, 2012 at 4:02 pm #

    როგორ გითხრა, როგორც პატარა ქვეყნის შვილი,ერთი პერიოდი გატაცებული იყო ჰიტლერის იდეებით,რადგან ნაციონალური იდეა ხიბლავდა. მაგრამ ამაზე გაუთავებელ ლაპარაკს მისი ლიტერატურა ბევრად ჯობია!

  7. katerina September 24, 2012 at 7:38 pm #

    ვაი! ეს წიგნი არ ვიცი. აი “მისტერიები” კი სათვალავი დავკარგე რამდეჯრე მაქვს წაკითხული. ნაგელი ჩემი სიყვარულია❤. ვეცდები გავეცნო ამ წიგნს.

  8. rusa111 September 24, 2012 at 7:47 pm #

    ინტელექტმა გამოსცა ზღაპრულ ქვეყანასთან ერთად.

  9. lia111 October 18, 2012 at 4:40 pm #

    თამარს თამარ-მეფესთან საერთო მხოლოდ სახელი აქვს. თუმცა, ჰამსუნი ალბათ ფიქრობდა, რომ რეალურ ისტორიას აღწერდა. მე მგონი, ეს უბრალოდ ზღაპარია, ჩრდილოელი მწერლის მიერ მისთვის ეგზოტიკურ სამყაროში დანახული .

  10. rusa111 October 19, 2012 at 1:07 pm #

    ჰო, მაგრამ კარგი ზღაპარი – დიდი მწერალი ყველაფერზე კარგად წერს, ეს ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ისტორია ყველამ კარგად იცოდეს.

  11. Marita ♕ November 29, 2012 at 10:04 am #

    სამწუხაროდ არ მაქვს წაკითხული, მაგრამ “მისტერიების” შემდეგ ეს მწერალი შემიყვარდა!! აუცილებლად ვნახავ, ეჭვი მეპარება მაგრამ მაინც ვიმედოვნებ რომ ანგელზე უფრო საინტერესო პერსონაჟს გავიცნობ.

  12. rusa111 November 29, 2012 at 1:10 pm #

    ეს სულ სხვა სახის ნაწარმოებია, მაგრამ რადგან ასე თუ ისე ჩვენ გვეხება, საინტერესოა!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: