Tag Archives: გერმანული პროზა

ჰერტა მიულერი “ცხოვრების ბნელი მხარეები”

28 სექ


ჰერტა მიულერი
ჰერტა მიულერი, გერმანელი მწერალი,პოეტი და ესეისტი დაიბადა 1953 წელს რუმინეთის გერმანულ სოფელში ბანატის რეგიონში, ეს იყო შვაბური კათოლიკური სოფელი. ჰ. მიულერის ნაწარმოებები ძირითადად ეხება ჩაუშესკუს დროინდელ რუმინეთში დიქტატურისგან ჩაგრული ადამიანების ცხოვრებას. ეს რეჟიმი მან თავად გამოსცადა. უშიშროების სამსახურზე უარის თქმის გამო იგი სამსახურიდან დაითხოვეს. შემდეგ დასავლეთ ბერლინში გადასახლდა და დღემდე იქ ცხოვრობს
მეუღლესთან, მწერალ რიხარდ ვაგნერთან ერთად. 2009 წელს მიენიჭა ნობელის პრემია; მას უწოდეს ქალი, რომელიც პოეტური კონცენტრაციითა და პროზაული გულახდილობით აღწერს დაჩაგრულთა პეიზაჟს. ახასიათებს მეტაფორული აზროვნება; ერთი თემის სხვადასხვაგვარად ვარირება; უშუალო გადასვლა რეალურიდან ირეალურ სამყაროში (ვთქვათ, სიზმარში). ყოველგვარი ზედმეტი ემოციებისა და პათეტიკის გარეშე აღწერს უმძიმეს ამბებს.
განსხვავებულია მისი ენობრივი მხარეც, ერთი შეხედვით მარტივი, სინამდვილეში
რთული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მანერით. აქ წარმოდგენილი მოთხრობა არის მისი პირველი წიგნიდან „ცხოვრების ბნელი (ან: პრაგმატული) მხარეები.“

ცხოვრების ბნელი მხარეები
Niederungen

გამოსათხოვარი სიტყვა

ორთქლში გახვეულ მატარებლს სადგურზე ნათესავები მისდევდნენ.
ყოველ ნაბიჯზე მაღლა შემართულ ხელს ენერგიულად იქნევდნენ.
მატარებლის სარკმელთან ახალგაზრდა კაცი იდგა. ფანჯრის მინა მას მკლავებამდე სწვდებოდა. მკერდთან თეთრი გაქუცული ყვავილების თაიგული ეჭირა. სახე გაშეშებოდა. ახალგაზრდა ქალს სადგურიდან ხელში აყვანილი უფერული ბავშვი გამოჰყავდა. ქალი კუზიანი იყო.
მატარებელი ომში მიდიოდა.
ტელევიზორი გამოვრთე.
მამა შუა ოთახში კუბოში იწვა. კედლებზე იმდენი სურათი ეკიდა, რომ კედელი აღარ ჩანდა. ერთ სურათზე მამა იმ სკამის ნახევარი სიმაღლისა იყო, რომელსაც ჩაბღაუჭებოდა. ტანზე კაბა ეცვა და ასე იდგა თავისი მოგრეხილი და მსუქანი, ნაკეცებიანი ფეხებით. მსხალივით თავი ჰქონდა და სულ მთლად მოტვლეპილი.
მეორე სურათზე მამა ნეფე იყო. აქ მას მხოლოდ მკერდის ნახევარი მოუჩანდა. მეორე ნახევარი თეთრი, გაქუცული ყვავილების თაიგულს წარმოადგენდა, რომელიც დედას ხელში ეჭირა. თავები ერთმანეთისთვის ისე ახლოს მიედოთ, რომ მათი ყურის ბიბილოები ერთმანეთს ეხებოდა.
ერთ-ერთ სურათზე მამა სარივით გაჭიმული იდგა ღობის წინ. მისი მაღალყელიანი ფეხსაცმელების ქვეშ თოვლი იდო. თოვლი იმდენად თეთრი იყო,
რომ მამა თითქოს სიცარიელეში იდგა. ხელი მისალმების ნიშნად, თავს ზემოთ ჰქონდა აწეული. პიჯაკის საყელოზე რუნები ჰქონდა გამოსახული.
სურათზე, რომელიც გვერდით ეკიდა, მამას მხრზე თოხი ჰქონდა გადებული. უკან სიმინდის ღერო მოჩანდა, ზეცისკენ რომ აღმართულიყო.
მამას თავზე ფარფლებიანი ქუდი ეხურა, ქუდი ფართო ჩრდილს ქმნიდა და სახეს უფარავდა.
მომდევნო სურათზე მამა სატვირთო მანქანის საჭესთან იჯდა. მანქანა პირუტყვით იყო დატვირთული. მამას ყოველ კვირას საქონელი გადაჰყავდა ქალაქის სასაკლაოზე. მას თხელი სახე ჰქონდა მკვეთრი კონტურებით.
ყველა სურათში მამა შუა მოძრაობაში, რაღაც მიმიკით იყო გაშეშებული. ყველა მათგანში ისე გამოიყურებოდა, თითქოს არ იცოდა, შემდეგ რაღა უნდა ექნა. მაგრამ მამამ ყოველთვის იცოდა, რაც უნდა ექნა. ამიტომაც ყველა ეს სურათი ყალბი იყო. მრავალი ყალბი სურათის, მისი ყველა ყალბი სახის გამო, ოთახში სიცივემ დაისადგურა. მე სკამიდან წამოდგომა მსურდა, მაგრამ ჩემი კაბა ხეს მიეყინა. კაბა შავი და გამჭვირვალე იყო. როცა ადგილიდან წამოდგომას დავაპირებდი, ტკაცუნობდა. მე მასში, როგორც მინაში ჩამოსხმული, ისე ვიჯექი. მაინც წამოვდექი და მამას სახეს ხელი შევახე. ის კიდევ უფრო ცივი იყო, ვიდრე ოთახში მყოფი საგნები. გარეთ ზაფხული იდგა. ბუზები ფრენისას ჭუპრებს ყრიდნენ. სოფელი ფართო ქვიშიანი გზის გასწვრივ გადაჭიმულიყო. ეს გზა იყო ცხელი და მოყავისფრო და ადამიანს თავისი ბრჭყვიალებით თვალებს წვავდა. სასაფლაო ქვა-ღორღიანი იყო. საფლავებზე დიდი ქვები ეწყო. როცა ძირს დავიხედე, შევნიშნე, რომ ფეხსაცმლის ძირები გვერდზე მომქცეოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში თურმე საკუთარი ფეხსაცმლის თასმებს ვაბიჯებდი. მათი ბოლოები – გრძელი და სქელი – ქუსლებს უკან ერთმანეთში გადახლართულიყო.
ორმა მობარბაცე პატარა კაცმა კატაფალკიდან კუბო გადმოიღო და ორი გახეხილი თოკით საფლავში ჩაუშვა. კუბო ქანაობდა. მათი მკლავები და თოკები თანდათან უფრო გრძელდებოდა. მშრალი ამინდის მიუხედავად, საფლავი წყლით იყო სავსე.
„მამაშენის სინდისზე ბევრი მიცვალებულია,“ – მითხრა მთვრალი კაცებიდან ერთ-ერთმა.
მე კი მივუგე: „ის ომში იყო. ყოველი ოცდახუთი მოკლულისთვის ჯილდოს აძლევდნენ. მან ბევრი ჯილდო ჩამოიტანა.“
„ჭარხლის ერთ ველზე მამაშენმა ქალი გააუპატიურა. – თქვა პატარა კაცმა. – ოთხ
სხვა ჯარისკაცთან ერთად. მამაშენმა ქალს ფეხებს შორის ჭარხალი შეურჭო. როცა წამოვედით, ქალს სისხლი მოსდიოდა. ის რუსი იყო. მას შემდეგ ჩვენ ყველანი მთელი კვირების მანძილზე ყოველგვარ იარაღს ჭარხალს ვეძახდით.“
„გვიანი შემოდგომა იდგა, – თქვა პატარა კაცმა. – ჭარხლის ფოთლები ყინვისაგან
შავი და მოჭმუჭნული იყო.“ – და შემდეგ ამ პატარა კაცმა საფლავზე მოზრდილი
ქვა მიიტანა.
მეორე მთვრალმა პატარა კაცმა საუბარი განაგრძო: „ახალ წელს ერთ გერმანულ პატარა ქალაქში ოპერაში ვიყავით. მომღერალი ქალი ისე გამგმირავი მკივანა ხმით მღეროდა, როგორც მაშინ იმ რუსმა ქალმა იყვირა. ჩვენ რიგრიგობით დავტოვეთ დარბაზი. მამაშენი ბოლომდე დარჩა. მას შემდეგ ის კვირების მანძილზე ყველა სიმღერას ჭარხალს ეძახდა და ყველა ქალსაც ასევე – ჭარხლს.“
პატარა კაცმა არაყი გადაჰკრა. და მუცელში სასმელი აუბუყბუყდა. „მუცელში იმდენი არაყი მაქვს, რამდენიც გრუნტის წყლებია საფლავებში.“ – თქვა პატარა კაცმა. შემდეგ მანაც ერთი მსხვილი ქვა საფლავზე მიიტანა.
თეთრი მარმარილოს ჯვრის გვერდით სასაფლაოს ორატორი იდგა. ის ჩემკენ წამოვიდა. ორივე ხელი კოსტუმის ჯიბეში ჰქონდა ჩამალული. ორატორს ღილკილოში ხელისგულისოდენა ხავერდოვანი ვარდი ჰქონდა გარჭობილი. როცა გვერდით მომიდგა, პიჯაკის ჯიბიდან ერთი ხელი ამოიღო. ეს მომუშტული ხელი იყო. მას თითების გასწორება უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო. ტკივილისაგან თვალები გაუსივდა. და იგი თავისთვის ჩუმად ატირდა.
„ამ სოფლის ხალხთან (შენიანებთან) ომში ვერაფერს გახდები, ისინი ბრძანებას არ ემორჩილებიან.“ – თქვა მან.
შემდეგ ორატორმაც ერთი მომსხო ქვა საფლავზე მიიტანა.
ახლა სქელი კაცი მომიდგა გვერდით. მას რუმბივით თავი ჰქონდა და ყოვლად უსახური იყო.
„მამაშენი წლების განმავლობაში ჩემ ცოლთან იწვა, – თქვა მან. – სიმთვრალეში გამომტეხა და ფული მომპარა.“
იგი ერთ-ერთ ქვაზე ჩამოჯდა.
შემდეგ ვიღაც ნაოჭებიანი, ჩამომხმარი ქალი მომიახლოვდა, მიწაზე დააფურთხა და – ფუიო – მითხრა.
საფლავის მეორე ბოლოში მგლოვიარეთა კრებული იდგა. საკუთარ სხეულზე დავიხედე და შემეშინდა, რადგან მკერდი მომიჩანდა. გავიყინე. თვალები ყველას

ჩემკენ მოეპყრო. – ცარიელი თვალები. ეს იყო მხოლოდ მგესლავი (მჩხვლეტავი) გუგები ქუთუთოების ქვეშ.
კაცებს მხარზე თოფები ეკიდათ და ქალები კი, კრიალოსნებს აწკაპუნებდნენ.
ორატორი თავის ვარდს აწვალებდა. მან ვარდს ერთი წითელი ფურცელი
მოწყვიტა და შეჭამა.
შემდეგ ხელით ნიშანი მომცა. ვიცოდი, რომ ახლა სიტყვით უნდა გამოვსულიყავი. ყველამ მე შემომხედა.
თავში აზრად არაფერი მომდიოდა. თვალები ყელის გავლით, შუბლზე ამივიდა.
ხელი პირთან მივიტანე და თითები მოვიკვნიტე. ხელის გულზე საკუთარი კბილების ანაბეჭდები მოჩანდა. კბილები გამიხურდა. პირის კუთხეებიდან სისხლი მხრებისკენ მოწვეთავდა. ქარმა კაბის ერთი სახელო გამიხია. ის ჰაერში ფრიალით გამოეკიდა, თან შავი…
ერთმა კაცმა თავისი ჯოხი მსხვილ ქვაზე მიაყუდა. თოფი დაუმიზნა და სახელოს ესროლა. როცა სახელო ჩემს წინ დაეცა, ის მთლად სისხლში იყო ამოსვრილი. მგლოვიარეთა კრებულმა ტაში დასცხო.
მკლავი გამიშიშვლდა. ვგრძნობდი, ჰაერზე როგორ მიქვავდებოდა.
ორატორმა ნიშანი მისცა. ტაში მიწყნარდა.
„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი თავყრილობით (თემით). ჩვენი გულმოდგინება (მოხერხება) გვიცავს დაღუპვისაგან. არავის მივცემთ ჩვენი გალანძღვის უფლებას, – თქვა მან. – არ დავუშვებთ საკუთარი სახელის გატეხვას. ჩვენი გერმანული თემის სახელით, შენ სიკვდილი მოგესაჯა.“
თოფები ყველამ ჩემკენ მომართა. თავში გამაყრუებელი სროლის ხმა მიტრიალებდა.
დავეცი, მაგრამ მიწამდე არ მიმიღწევია, ჰაერში მათ თავებზე ირიბად გაწოლილი დავრჩი. ჩუმად კარს ხელი ვკარი. დედაჩემმა ყველა ოთახი დაასუფთავა (დააცარიელა).
იმ ოთახში, სადაც გვამი იმყოფებოდა, ახლა ერთი გრძელი მაგიდა იდგა. ეს იყო სასაკლაო მაგიდა. მასზე ერთი ცარიელი თეთრი თეფში და გაქუცული ყვავილების თეთრი თაიგულიანი ვაზა იდგა.
დედას შავი გამჭვირვალე კაბა ეცვა. ხელში დიდი დანა ეჭირა. დედა სარკესთან მივიდა, დიდი დანით თავისი ჭაღარა მსხვილი ნაწნავი მოიჭრა. ორივე ხელით მაგიდასთან მიიტანა და ერთი ბოლოთი თეფშზე დადო.
„მთელი ჩემი ცხოვრება შავებში ვივლი.“ – თქვა მან. ნაწნავის ერთ ბოლოს ცეცხლი წაუკიდა. ნაწნავი მაგიდის ერთი ბოლოდან მეორემდე აღწევდა და ასაფეთქებელი მავთულივით იწვოდა. ცეცხლი გიზგიზებდა და იქაურობას ნთქავდა.
„რუსეთში თმები გადამპარსეს. ეს ყველაზე ნაკლები სასჯელი იყო, – თქვა მან. შიმშილისაგან ვბარბაცებდი. ღამით ჭარხლის ველზე მივბობღავდი. დარაჯს თოფი ჰქონა გადაკიდული. რომ დავენახე, მომკლავდა. მინდორზე ფოთოლიც არ იძროდა. გვიანი შემოდგომა იყო, ჭარხლის ფოთლები გაშავებული და მოჭმუჭნული იყო ყინვისაგან.“
დედას ვეღარ ვხედავდი. ნაწნავი ჯერ კიდევ იწვოდა. ოთახი კვამლით იყო სავსე.
„მათ შენ მოგკლეს,“ – მითხრა დედაჩემმა.
ჩვენ ერთმანეთს ვეღარ ვხედავდით, ოთახში იმდენი კვამლი იდგა. მე მისი ნაბიჯების ხმა ახლოს მესმოდა. გაწვდილ ხელებს მისკენ ვაცეცებდი. თავისი გამხმარი ხელით ერთბაშად თმებში მწვდა. თავს მიჯანჯღარებდა. მე ვყვიროდი.
თვალები გადმოვქაჩე. ოთახი დატრიალდა.
თეთრი, გაქუცული ყვავილების წრეში ვიწექი და ჩაკეტილი ვიყავი.

შემდეგ ისეთი გრძნობა მქონდა, რომ საცხოვრებელი კორპუსი გადაყირავდებოდა
და მიწაში ჩაიცლებოდა.
მაღვიძარამ დარეკა. შაბათი დილა იყო, ექვსის ნახევარი.

გერმანულიდან თარგმნა რუსუდან ბეჟაშვილმა.

Advertisements

ჰერმან ჰესე “ლეგენდა ინდოელ მეფეზე”

15 დეკ

 ჰერმან ჰესე

 

ლეგენდა ინდოელ მეფეზე

 

დიდი ხნის წინათ, ძველ ინდოეთში, როცა იქ ჯერ კიდევ ღმერთების კრებულს  

ეთაყვანებოდნენ, მრავალი საუკუნის წინ, ვიდრე ყოვლად ამაღლებული გაუტამა ბუდა გაჩნდებოდა, ცხოვრობდა ერთი ყმაწვილი მეფე. ბრაჰმანების მიერ კურთხეული, ის იყო სრულუფლებიან მმართველობას შესდგომოდა. ორი მოგვი, ვისთანაც მას განსაკუთრებით ახლო მეგობრობა აკავშირებდა, მოძღვრავდენენ მას, არიგებდნენ, რათა საკუთარი სხეული მარხვით განეწმინდა, სისხლში მჩქეფარე ქარიშხლები საკუთარი ნებისთვის დაემორჩილებინა და გონება ყოვლად ძლიერის  აღსაქმელად მოემზადებინა.

  იმავე დროს ბრაჰმანებს შორის სულ უფრო მწვავდებოდა კამათი ღმერთების თვისებებსა და მათი ძალაუფლების ნორმებზე, ერთი ღმერთის მეორესთან ურთიერთობისა თუ   მათი ყოვლად  ძლიერთან ურთიერთობის გამო. სხვა მოაზროვნეები კი უკვე უარყოფდნენ რომელიმე  ღვთაებათა არსებობას, რადგან თვლიდნენ, რომ ღმერთების არსი სწორედ უხილავი მთლიანობის ხილვად ნაწილებში მდგომარეობს. მეორენი  მწვავედ აკრიტიკებდნენ ამ შეხედულებას და ძველ ღვთაებებს ემხრობოდნენ, მათ სახელებსა და ხატებას, და ამტკიცებდნენ, რომ სწორედ ყოვლად  ძლიერი   არის არა რაიმე არსებითი მატერიალურის შემცველი, არამედ მხოლოდ ღმერთების ერთობლიობის სახელი. იგივე ხდებოდა ჰიმნების წმინდა ტექსტებთან მიმართებაშიც; რომლებზეც ერთნი ამბობდნენ, თითქოს ისინი შესაქმეს არსი ყოფილიყოს და იქნებ  მათი შეცვლაც იყო შესაძლებელი, მაშინ როცა სხვანი მათ მარადიულად და ერთადერთ შეუცვლელადაც კი მიიჩნევდნენ. აქ, ისევე როგორც საერთოდ (ზოგადად) წმინდა შემეცნების სხვა სფეროებშიც საბოლოო ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა  ეჭვებსა და კამათში ვლინდებოდა, იმის თაობაზე, თუ რა არის თავად სული, ან კიდევ სახელი მისი, თუმცა ზოგიერთი ამ სხვაობასაც არ აღიარებდა და სიტყვას, არსებასა და მსგავსებას განუყოფელ ნაწილებად განიხილავდნენ. თითქმის ორიათასი წლის შემდეგაც შუასაუკუნეების დასავლეთის კეთილშობილი გონნი ლამის ისევ იმაზე კამათობდნენ. როგორც მაშინ, ასევე ახლაც, ამ კამათში სერიოზულ მოაზროვნეებთან და თავდადებულ მებრძოლებთან ერთად, არაერთი გაზულუქებული ფარისეველი მონაწილეობდა, რომლებსაც ჭეშმარიტება სულაც არ ენაღვლებოდათ, სულმოკლედ მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, როგორმე არ დაეშვათ ეჭვი მსხვერპლისა და ქურუმთა აუცილებლობის შესახებ; რომ თითქოს ღმერთებზე აზრისა და მსჯელობის თავისუფლება მათ  რაიმე სიკეთემდე არ მიიყვანდა; ეშინოდათ მღვდელმსახურთა ძალაუფლებისა და შემოსავლების შემცირებისა. ამ დროს ისინი ხალხს ტყავს აძრობდნენ: ოჯახში თუ ვინმე ავად გახდებოდა,  ან ძროხა, ან საქონელი – მღვდელი უმალ იქ გაჩნდებოდა და ვერანაირი ძალით მათგან თავს ვეღარ დააღწევდით, ვიდრე ბოლო პერანგსაც არ გაგხდიდნენ შესაწირავის საბაბით.  

  საბოლოო ჭეშმარიტების თაობაზე კამათში თანხმობას ბოლო არ უჩანდა იმ ორ ბრაჰმანსაც კი, რომელთაც განსაკუთრებული ადგილი ეკავათ ცოდნას მოწყურებულ მეფის მასწავლებელთა შორის. და რადგან ისინი გამოჩენილ ბრძენთა დიდებას აკნინებდნენ, მათი უთანხმოების შემყურე მეფე ძალზე ნაღვლობდა და დროდადრო ფიქრობდა: ,,თუ ბრძენთა შორის ამ ორ ყველაზე  ჭკვიან ადამიანსაც არ შეუძლია

ჭეშმარიტებაზე კამათი საბოლოოდ გადაჭრას, როგორღა შემიძლია მე, მეცნიერებებში გაუცნობიერებელს, ვიმედოვნებდე, რომ ოდესმე მივიღებ ჭეშმარიტ ცოდნას? თუმცა  ეჭვი არ მეპარება, რომ შესაძლოა არსებობდეს ერთადერთი განუყოფელი ჭეშმარიტება, მაგრამ როგორც ჩანს, თავად ბრაჰმანებისთვისაც მიუწვდომელია იგი,   ისინი უძლურნი არიან, რომ  მთელ ამ კამათს ბოლო მოუღონ.“

  და როცა ამის შესახებ მასწავლებლებს ეკითხებოდა, პასუხობდნენ:

 – გზები ბევრია, მიზანი – ერთი. ჩასწვდი, ჩაახშე ვნება საკუთარ გულში, იკითხე წმინდა ჰიმნები და იფიქრე მათზე. 

მეფე  ხალისით მიჰყვებოდა მათ რჩევას და მასში, შესაბამისად, შემეცნებაც იზრდებოდა, მაგრამ  სასურველ  მიზანს მაინც ვერ მიაღწია, რაც აბსოლუტური ჭეშმარიტების განეჭვრიტაში მდგომარეობდა. სისხლში მჩქეფარე ვნებების გადალახვით, გურმანობასა და ხორციელ ტკბობაზე უარის თქმით, მან თითქმის უარყო საკვები, რომელიც ახლა მხოლოდ ერთი ბანანითა და რამოდენიმე მარცვალი ბრინჯით შემოიფარგლებოდა დღეში, იგი განიწმინდა ხორცით და სულით, შეძლო მთელი თავისი გულმოდგინება, ძალა და მწყურვალი სამშვინველი სანუკვარი საბოლოო მიზნისაკენ მიემართა. წმინდა ტექსტები, რომლებიც მას თავდაპირველად, თითქოს ცარიელი და სევდიანი ეჩვენებოდა, თვალწინ გადაეშალა მთელი თავისი ჯადოსნური მშვენიერებით; რაშიც მან  დიდი ნუგეში ჰპოვა და  კამათსა და ცნობიერების ვარჯიშისას სულ უფრო მეტად იპყრობდა მწვერვალებს. მაგრამ  სანუკვარი საიდუმლოს უდიდესი გამოცანის გასაღების პოვნა მაინც ვერ შეძლო, რაც    მის ცხოვრებას ძალზე ამწუხრებდა.

  მეფემ გადაწყვიტა, საკუთარი სხეული მკაცრად გამოეცადა.    თავისი განსასვენებელის ყველაზე შორეულ და საკრალურ ადგილას ჩაიკეტა ორი დღისა და ღამის განმავლობაში ყოველგვარი საკვების გარეშე; მისი სარეცელ ცივი ქვის იატაკი წარმოადგენდა, რომელზეც შიშველს ეძინა. ღონემიხდილი მისი სხეული სიწმინდით  გაჟღენთილიყო,  თხელი სახე შინაგანი შუქით გასხივოსნებული;   მის სხივმოსილ მზერას ბრაჰმანთაგან ვერავინ უძლებდა. და აი ორმოცი დღის შემდეგ მან ყველა ბრაჰმანი  გონების სავარჯიშოდ ტაძარში მოიწვია, რთული საკითხების გადასაჭრელად, ხოლო მათ შორის ყველაზე ბრძენ და მჭევრმეტყველთათვის საჩუქრად   თეთრი გვირგვინები დააწესა შუბლზე ოქროს მორთულობით.

  მღვდელნი და ბრძენნი მობრძანდნენ, ადგილებზე ჩამოსხდნენ და შეიქნა აზრთა   ბრძნული პაექრობა. მათ თითქოს მოჰყავდათ ცალკეული რგოლები და მთელი ჯაჭვიც კი, გრძნობად და სულიერი სამყაროს სრული თანხმობის დასამოწმებლად, გონებას ავარჯიშებდნენ  წმინდა ჰიმნების განხილვისას, საუბრობდნენ ბრაჰმასა და ატმანზე. ისინი ას ხელა უძველეს არსებას  ქარს ადარებდნენ, ცეცხლს  – წყალს, წყალში გახსნილ მარილს  – კავშირს კაცსა და ქალს შორის. იგონებდნენ შედარებებსა და სახებას (ხატებს) ბრაჰმისათვის, რომელმაც საკუთარ თავზე უფრო ძლევამოსილი ღმერთები შექმნა. ასევე განსხვავებას პოულობდნენ შემოქმედ ბრაჰმასა და იმ ბრაჰმას შორის, რომელიც ყოველ ამ ქმნილებას საკუთარ არსებაში მოიცავდა. ყველანი ცდილობდნენ იგი საკუთარი თავისთვისაც შეედარებინათ; მთელი კრებული მჭევრმეტყველებით ბრწყინავდა საუბარში იმის თაობაზე, ატმანი უფრო ხანდაზმულია თუ არა, საკუთარ სახელს შეეფერბა თუ არა, მისივე არსება, ან იგი მხოლოდ მის ქმნილებას ხომ არ წარმოადგენს.

  მეფე სულ ახალ-ახალ შეჯიბრებებს აცხადებდა, ბრძენ მოგვებს გამოცდას უწყობდა

 სულ ახალ-ახალი შეკითხვებით. და რაც უფრო გულმოდგინედ იქცეოდნენ ბრაჰმანები და რაც უფრო მეტი ენამზეობა ჟღერდა ტაძრის კრებულს შორის, მეფე მით უფრო მეტად მარტოსულად გრძნობდა  თავს და სულში მით უფრო მეტ ობლობას განიცდიდა. და რაც უფრო მეტს ეკითხებოდა და ისმენდა საპასუხო საუბრებს და თანხმობის ნიშნად თავს რომ უქნევდა და ღირსეულებს  აჯილდოებდა, მით უფრო მოუთმენლად სწვავდა მის გულს ჭეშმარიტების წყურვილი. და რადგან ბრაჰმანთა პასუხები და მსჯელობანი,  – როგორც თავად დარწმუნდა, – მხოლოდ ჭეშმარიტების გარშემო ტრიალებდა, ისე რომ არც კი ეხებოდა მას, ტაძარში მყოფთაგან ვერავინ შეძლო ამ სიბრძნით ბოლომდე განმსჭვალულიყო. ამ კითხვების, შექებისა და ჯილდოების მონაცვლეობაში მას საკუთარი თავი სხვა ბავშვებთან თამაშით გართულ ბიჭად მიაჩნდა, რასაც მოწიფული მამაკაცები ღიმილით უცქერენ.

  და აი, ბრაჰმანთა ხმაურიან შუაგულ  თავყრილობაში მეფე სულ უფრო იძირებოდა საკუთარ არსებაში, ჩაეკეტა თავისი გრძნობების კარი და მთელი ნება და მგზნებარება ჭეშმარიტებისთვის მიეძღვნა, რის შესახებაც მისთვის ცნობილი იყო, რომ ის  ყოვლისმომცველია, და რომ იგი ყოველივე არსებაშია დამალული  – თავად მასშიც. და რადგან იგი შინაგანად განწმენდილი იყო, მან, ორმოცი დღისა და ღამის განმავლობაში საკუთარი თავიდან გამოაძევა სამშვინველისა და სხეულის მთელი წიდა.  – მაშინ კი,  უმალ შუქი შეიჭრა მის არსებაში და კმაყოფილების გრძნობა დაეუფლა; და რაც უფრო ღრმად იძირებოდა საკუთარ თავში, მით უფრო მკვეთრად ანათებდა ეს შუქი მისი შინაგანი თვალის წინაშე; მსგავსად იმისა, როცა ადამიანი ბნელი გამოქვაბულიდან გასასვლელისკენ მიდის, ყოველ ნაბიჯზე სულ უფრო ნათლად და დამატყვევებლად ასხივებს შუქი თავისუფლების მოახლოებისას.

  ამასობაში ბრაჰმანები განუწყვეტლივ ხმაურობდნენ და კამათობდნენ, სულაც არ ენაღვლებოდათ მეფე, რომელიც უკვე რა ხანია დუმდა, ისე ჩანდა, თითქოს იგი ყრუ-მუნჯი  ყოფილიყო. მოგვები კი სულ უფრო ხურდებოდნენ, მათი ხმები კი  უფრო მძლავრად და მკვეთრად ჟღერდა, ნაწილს კი შური ღრღნიდა იმ მშვენიერი ძროხების დანახვაზე, რომლებიც სხვებს უნდა დარჩენოდა.

  ბოლოს, როგორც იქნა, ერთ-ერთმა ბრაჰმანმა თვალი ჰკიდა მდუმარე მეფეს. მან შუა გზაზე შეწყვიტა საუბარი და გაწვდილი თითით მასზე მიანიშნა, მისი თანამოსაუბრეც დადუმდა და მანაც იგივე მოიმოქმედა და მესამეც ასევე მოიქცა, და იმ დროს, როცა ტაძრის მეორე ბოლოში ბევრი ისევ ხმაურობდა და ორატორობდა, მეფის ირგვლივ სრული სიჩუმე ჩამოვარდა. საბოლოოდ ყველანი მიჩუმდნენ, ადგილიდან არ იძროდნენ და თავის მბრძანებელს მიშტერებოდნენ. მეფე კი პირდაპირ იჯდა, მისი გაყინული მზერა უსასრულობაში იმზირებოდა,მისი სახე მსგავსი იყო შორეული ნათურების თვალშისაცემი, ცივი ნათებისა. ყველა ბრაჰმანმა ქედი მოიხარა  გაცისკროვნებული მეფის წინაშე და მიხვდნენ, რომ მათი კამათი მხოლოდ ბავშვური გართობა იყო, მაშინ, როცა იქვე, მათ გვერდით, მეფის სახით, თავად ღმერთი განსხეუდა – როგორც ყველა ღვთაების ერთობლიობა.

   მეფემ კი მთელი თავისი გრძნობები ერთად შეადუღაბა და შინაგანი სამყაროსაკენ მიმართა, იგი ამ დროს თავად ჭეშმარიტებას ჭვრეტდა, განუყოფელს იმ  თავანკარა ნათებისაგან, რომელიც მას ტკბილი თავდაჯერებულობით მსჭვალავდა, როგორც მზის სხივი გამსჭვალავს  ბუნებრივად ფერად ქვას ანუ თვალმარგალიტს და შემდეგ თავად ეს თვალმარგალიტი იქცევა სინათლედ და მზედ და საკუთარ თავში აერთიანებს შემოქმედსა და შემოქმედებას. გონს მოსულმა  მეფემ, როცა ბრაჰმანებს თვალი მოავლო, – მის თვალებში სიცილი აირეკლებოდა  თავის ქალა კი მზის დისკოსავით უნათებდა. მაშინ განიძარცვა სამეფო სამოსელი, დააგდო ტაძარი, დატოვა მშობლიური ქალაქი, ქვეყანა და შიშველ-ტიტველი ტყეებისაკენ გაემართა, საიდანაც უკან აღარასოდეს დაბრუნებულა.

 

 

ჰერმან ჰესეს “ტრამალის მგელი”

21 აგვისტო

                                            ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელი“

 

ამ რომანზე ბევრი თქმულა და ბევრიც დაწერილა, მაგრამ მე მსურს ჩემი პირადი დამოკიდებულება გამოვხატო ამ მწერლისა და პიროვნების მიმართ, რომლის მსგავსი ჰუმანისტი ნაკლებად მეგულება მსოფლიო სააზროვნო სივრცეში.  სიცოცხლეში   დაახლოებით ასეთ  რჩევას აძლევდა თავად  ჰესე ახალგაზრდებს: – იკითხეთ ჰესე არა იმიტომ, რომ ის ცნობილია, ან მოდური, არამედ მხოლოდ  მაშინ, თუ ეს ლიტერატურა თქვენთვის მართლა საჭიროა და ახლობელი. –  სპეციალისტთა აზრით, ჰერმან ჰესე დღემდე არის მწერალი, რომელსაც ყველაზე მეტად კითხულობენ და ყველაზე ხშირად თარგმნიან გერმანულენოვან ავტორთა შორის. მისი ნაწარმოებების გახსენებისას პირველი, რაც აზროვნებაში ამოგიტივტივდება, არის ალბათ, აზრის სიღრმე და ენის სიმარტივე. თითქოს შენს პრობლემებზე გესაუბრება, სწორედ იმ კითხვებზე გცემს პასუხს, რაც ასე გაწვალებდა. მის მოთხრობებსა თუ რომანებში სიმპათიის გამომწვევი ყველა ადამიანი ხომ არანებაყოფლობითი აუტსაიდერია, საზოგადოებისგან გარიყული ადამიანი. ასეთივეა ამ წიგნის მთავარი გმირი ჰარი ჰალერიც; გარკვეულწილად, საკუთარ დროსა და საკუთარ თავში დაეჭვებული ადამიანი. ჰარი ჰალერი ორმოცდაათიოდე წლის კაცი იყო, თავად საკუთარ თავს „ტრამალის მგელს“ უწოდებდა. გულჩათხრობილი, მარტოსული, ველური, მფრთხალი კაცი. მისი ჩანაწერებიდან ჩანს, თვითშთაგონების წყალობით, თუ როგორ ცდილობდა, ამ სიმარტოვეში განგების ძალა დაენახა. უცხო ქალაქში ბინა რომ იქირავა, დიასახლისს სთხოვა, პოლიციაში ნუ განაცხადებთ ჩემს აქ ყოფნას, იქ სიარულის თავი არა მაქვსო. თქვენს ქალაქში სიძველეების გაცნობა და ბიბლიოთეკაში მუშაობა მსურსო.

ჰარი ჰალერს ტყავის ჩემოდანზე მრავალი ქვეყნის სამოგზაურო კომპანიის იარლიყი და სასტუმროს ნიშანი ეკრა. გონიერი კაცის დახვეწილი ნაკვთები ჰქონდა. ტრამალის მგლის მზერაში მთელი ჩვენი დროის ამაო ორომტრიალი არეკლილიყო, რაც აშკარად გვამცნობდა ჩვენი ზერელე ცხოვრების მოჩვენებითობას. ჰალერი ტანჯვის გენია იყო, მაგრამ ეს პესიმიზმი სამყაროს სიძულვილით არ იყო გამოწვეული, უპირველეს ყოვლისა, მას საკუთარი თავის ზიზღი ედო საფუძვლად.

აღმზრდელებსა თუ მასწავლებლებს მისი „ნებისყოფის დათრგუნვა“ უცდიათ, რაც ვერ მოახერხეს, – ანუ, პიროვნების დათრგუნვა, – მაგრამ თავი კი შეაძულეს. (ფრთხილად, პედაგოგებო!). ის ყოველგვარი სისასტიკისა თუ ბოროტების ფესვებს სულ საკუთარ თავში ხედავდა და ჯავრსაც საკუთარ თავზევე იყრიდა.

სხვების მიმართ ცდილობდა სიყვარული გამოეჩინა და სამართლიანი ყოფილიყო.

მაგრამ საკუთარი თავის სიძულვილი ხომ ადამიანთა მოდგმის სიძულვილს ნიშნავს. ეს კაცს ისეთსავე სასოწარკვეთაში აგდებს, როგორც თავკერძობა. – ასე ფიქრობს ავტორიც და წიგნის გმირიც. მათ შორის ბევრია საერთო თვისებები. მაგალითად, ჰარის ჰქონდა აკვარელით შესრულებული ნახატები (ისევე, როგორც ჰესეს), ბევრი წიგნი: გოეთე, ლესინგი, ჟან პოლი, იაკობი, ლიხტენბერგი, დოსტოევსკი, – სწორედ ის მწერლები, რომლებიც ჰესეს უყვარდა, რაც ასევე წიგნის ავტობიოგრაფიულობაზე მიანიშნებს. წიგნის გმირს სულიერი ინტერესით აღსავსე ცხოვრება გააჩნდა, მაგრამ უწესრიგობის ნიშნით აღბეჭდილი.

„კაცი უნდა ამაყობდეს ტკივილით: ყოველგვარი ტკივილი ჩვენი მაღალი დანიშნულების შეხსენებაა მხოლოდ!“ – შესანიშნავია, არა? და ეს ნიცშემდე ოთხმოცი წლით ადრე ითქვა! – ტკივილის მნიშვნელობას კვლავ შეგვახსენებს ავტორი.

თუმცა ჰესეს ეს პერსონაჟები სამყაროს გამაკეთილშობილებელნი არიან თავიანთი ძიებებითა და სულიერი წინააღმდეგობებით. ეს წიგნი, როგორც ზემოთ ვივარაუდეთ, ავტობიოგრაფიულია და კომპოზიციურად საკმაოდ რთულადაა

აგებული. აქ იგი ძირითადად ადამიანური ბუნების გაორებაზე გვესაუბრება, ხან რომ ადამიანად გრძნობს თავს,ხან კი – ტრამალის მგლად. ადამიანურში მოიაზრება სული, მგლურში – ინსტინქტები. მაგრამ ავტორი იქვე გვეუბნება, რომ ამგვარი აზროვნებით ჰარი ჰალერი იმ ველურს ჰგავდა, რომელმაც მხოლოდ ორამდე იცის თვლა, რადგან ადამიანს მხოლოდ ორი კი არა, ხახვის ფურცლებივით, უამრავი შრე აკრავს გარსო. ასე რომ ადამიანის მხოლოდ ორბუნებოვნად განხილვა, მისი აზრით,

ძალზე მარტივია და პრიმიტიული.

მთავარი გმირი დროსა და სივრცეში მოგზაურობს, ეკამათება გოეთეს და მუსიკაზე ესაუბრება მოცარტს.

წიგნის დასაწყისში მოცემულია ჰარი ჰალერის ჩანაწერები, რომელსაც ქვესათაურად აწერია: „მხოლოდ შეშლილთათვის.“ უიმედო და სნეული კაცი თითქოს თვითმკვლელობაზეც ფიქრობს, მაგრამ იმავდროულად თავს ინუგეშებს. ჰარის დაავადება მხოლოდ ერთი კაცისა როდი გახლავთ, ეს თავად დროის დაავადებაა; ნევროზი იმ თაობისა, რომელსაც ჰარი ჰალერი მიეკუთვნებოდა. ის სჭირდათ არა მხოლოდ სუსტ პიროვნებებს, არამედ სწორედ ძლიერებს – სულიერებსა და ნიჭიერებს. ეს დაავადება რომანში გმირის მერყევ პოზიციად ვლინდება სიცოცხლესა და თვითმკვლელობას შორის, მოწესრიგებულ ბიურგერულ ცხოვრებასა და გაუცხოების გრძნობას შორის. რომანტიკული ჰალერი არის თანამედროვე მოხეტიალე, რომელმაც ნიცშეს მოძღვრება გაითავისა. ის დაუნდობელი კრიტიკოსია იმ საზოგადოებისა, რომელმაც ერთი ომი უკან მოიტოვა და ახალი კონფლიქტისთვის ემზადება.

თავისი ბიურგერული ბინიდან, რომელიც ერთი სახლის სხვენში მდებარეობდა (ტრამალის მგელი კი ვარ, მაგრამ ბიურგერული ცხოვრებაც თავისკენ მეწევაო), პირდაპირ უცხოეთისკენ გაუყვება გზას, – ეს ხომ სულიერი მოგზაურობაა სხვადასხვა დროსა და სივრცეში. ამ დროს წააწყდება წარწერას მოცეკვავე ასოებით „მაგიური თეატრი“. დაეხეტება ბაზრის მოედანზე, ათვალიერებს აფიშებს, მაგრამ ეს ყველაფერი თითქოს მხოლოდ ნორმალური ადამიანებისთვისაა, მისთვის –არა. მის მახსოვრობაში სადღაც მოსმენილი მუსიკის ჰანგი გაიელვებს და ხვდება, რომ ამ ჰანგს მის სულში მშვენიერი ყვავილი გაუშლია. და მიუხედავად იმისა, რომ გზაკვალარეული ნადირი ერქვა, მაინც ხედავდა აზრს ამ „სულელურ“ არსებობაში: „ჩემს სულში რაღაც ეხმიანებოდა მიღმა სამყაროდან მიღწეულ შორეულ ძახილს, იჭერდა მას და გონებაში უთვალავ სურათს ბადებდა.“ ყუთჩამოკიდებული კაცი, ხალხს მაგიური თეატრისკენ რომ მოუხმობდა, ყუთიდან პატარა წიგნს ამოიღებს და ჰარის ჩუქნის, რომელიც აღმოჩნდება – „ტრაქტატი ტრამალის მგელზე“ და მთელ მის ცხოვრებას ასახავს: კაცისა, რომლიც ორ ფეხზე იდგა, ადამიანივით ეცვა, მაგრამ მაინც ტრამალის მგელი იყო. „წარმოდგენითაც ვერ წარმოიდგენდა, რომ თავისუფლება ფულზე ან კეთილდღეობაზე გაეცვალა. ტრამალის მგლის ცდუნება არც ქალებს შეეძლოთ და არც ძლიერთ ამა ქვეყნისა.“

საინტერესოა ჰესეს აზრი იუმორზე. ამ ორბუნებოვნებაში ხეტიალისას აღმოაჩენს, რომ ადამიანს საუკეთესო რამ გამოუგონია, იუმორის სახით: „იუმორი უბედურ, მაგრამ მაღალნიჭიერ ადამიანთა გამოგონებაა, მხოლოდ მას ძალუძს ქმნა შეუძლებლისა; იგი თავს უყრის და საკუთარი სხივებით აცისკროვნებს ადამიანური ბუნების ყველა კუთხე-კუნჭულს. … და თუ ტრამალის მგელი მოახერხებს საკუთარი სულის ჯოჯოხეთიდან გამოწრიტოს ეს ჯადოსნური სასმელი, ხსნის გზაც ეს იქნება მისთვის.“

ერთი სიტყვით, ეს არის წიგნი ღირებულებებზე, ცხოვრებისეულ პოლარობებზე, სადაც ერთამნეთს უპირისპირდება ჰუმანიზმი და ვერაგობა, ბიურგერული ცხოვრება და გიჟური სწრაფვა კოსმიური საიდუმლოებებისაკენ, ომი და მშვიდობა, მუსიკაში – ჯაზი და კლასიკა.

წიგნში დასამახსოვრებელია მისი აღშფოთება, როცა პროფესორთან სტუმრობისას,

ამ ოჯახში გოეთეს ზედმიწევნით ოსტატურად შესრულებულ პორტრეტს წააწყდება, რაოდენ გაღიზიანდება მწერლის გაზულუქებული სახის ხილვით. – მას ხომ სხვაგვარი გოეთე უყვარდა!

ასევე ომის სიძულვილსაც დიდი ადგილი უკავია ნაწარმოებში. სტატიაზე გაზეთში, როცა ეუბნებიან: „თქვენს მოგვარეზე, ვიღაც პუბლიცისტ ჰალერზე სტატია არისო დაბეჭდილი; ეტყობა ერთი უთვისტომო არაკაცი უნდა იყოს, კაიზერს დასცინის და ბრძანებს, ჩემს სამშობლოს ჩვენ მტრებზე ნაკლები დანაშაული როდი მიუძღვის ომის გაჩაღებაშიო!“  ჰესეს ომისადმი ამგვარი განწყობა ხომ ცნობილია, რის გამოც იგი სამშობლოს მოღალატედ შერაცხეს და პირველი მსოფლიო ომის დროს, მწერალი შვეიცარიაში გადასახლდა. მხოლოდ 1946 წლიდან, მას შემდეგ, რაც მან ნობელის პრემია მიიღო, კვლავ გახდა აქტუალური საკუთარ სამშობლოში და ისევ დაიწყეს მისი წიგნების გამოცემა.

ამ ნაწარმოების ფილმად გადაღებისას, ასევე ერთ-ერთი მოტივი ომის წინააღმდეგ გზავნილი უნდა ყოფილიყო; ამერიკელებმა ხომ სწორედ ვიეტნამის ომის დროს განიზრახეს მასზე ფილმის გადაღება. „…არავინ ცდილობს, საკუთარი თავი და შვილები იხსნას მომავალი ომისა და მასობრივი ხოცვა-ჟლეტისგან; …განა ასე ძნელია, შენსავე სულს ჩაუღრმავდე და ჰკითხო, აბა რამდენად ურევია ჩემი ხელი ამ არეულ-დარეულობასა და ბოროტებაში, ამქვეყნად რომ სუფევს?!“

ძნელია, სიუჟეტურად გადმოსცე ეს ფერწერული ნააზრევი და მოდით, ისევ თავად ავტორს მივუგდოთ ყური: „…თუმცა წიგნი სულიერ ტანჯვაზე მოგვითხრობს, იგი მაინც სასოწარკვეთილი კი არა, რწმენასთან წილნაყარი კაცის ნაღვაწია. …მეამებოდა, თუ მკითხველი ყურად იღებდა ჩემს შეგონებას და ირწმუნებდა, რომ მართალია, ტრამალის მგელზე დაწერილი ეს წიგნი მის სულიერ სენსა და შინაგან ხელმოცარულობას აღწერს, მაგრამ ეს ის სატკივარია, რომელიც სიკვდილს კი არა, განკურნებას ელტვის.“

მეგობარი ქალი ჰერმინე ცდილობს ამ ცხოვრებაზე იმედგაცრუებულ ჰარის სიცოცხლის ხალისი დაუბრუნოს: ასწავლის ცეკვას, – ტრამალის მგლის აღზრდა, ესეც სამყაროსადმი მიდგომის ახალი ჟღერადობაა: „როგორ იტყვი, რომ ცხოვრებაში რაიმე ძალისხმევა გამოიჩინე, თუ ცეკვაც კი არ გინდა სცადო.“ – ასევე ჰერმინე გააცნობს საქსოფონისტ პაბლოს, რომელიც სრულიად საპირისპირო სამყაროს და გემოვნების ადამიანია, ვიდრე თავად ავტორი. მაგრამ ერთი მხრივ შურით ამბობს მასზე: „მე რომ დაკვრა მცოდნოდა, ან საქსოფონის წრიპინი ჯაზში, ამ ქვეყნად უცხო არ ვიქნებოდი.“ შინაგანი ტანჯავა ამ უსაშველო გაორების გამო, მაინც არ ასვენებს ტრამალის მგელს და ნაწარმოების ბოლოს კლავს ჰერმინეს. რაც აგრეთვე ეტყობა ჰესეს იუმორის ნაწილია; აღმოჩნდება, რომ მან ნახატს ჩაასო დანა (რომელიც ასევე ანარეკლი აღმოჩნდება) და მაგიური თეატრის ადმინისტრაცია მას მარადიულ სიცოცხლეს მიუსჯის. „ …ამ საქციელით მან მარტოოდენ ჩვენი მაღალი ხელოვნება როდი შეურაცხყო! იგი არაიუმორისტული გზით შეეცადა, ჩვენი თეატრი თვითმკვლელობის იარაღად გამოეყენებინა!“

მოვლენათა მსვლელობისას ისიც ირკვევა, რომ ჰერმინე იგივე ჰერმანია ერთდროულად, ანუ ჰარის ალტერ ეგო, მისი არსებობის მეორე მხარე.

„მაგიური თეატრი“ კი მწერლის გადახურებული ფანტაზიის ნაყოფად კი არ უნდა განვიხილოთ, არამედ, როგორც პროცესის აქტუალურობის საბოლოო წერტილი. რეალობის კომპლექსურად ჩვენების უნარი ზოგადად ჰესეს პოეტიკიდან მომდინარეობს, რათა გასდოს ხიდი რეალობასა და იდეალს შორის.

იმ ირონიის წყალობით, ცხოვრებას რომ თვალს შეავლებ და საპირისპირო მოვლენას მიიღებ, პაბლო და მოცარტი ერთმანეთის მოწინააღმდეგენი კი აღარ გამოდიან, არამედ პოლუსები, რომლებსაც სინამდვილის ამგვარ ასახვაში, მუსიკალური თვალსაზრისით, საკუთარი გამართლება აქვთ მათ ამ თანაარსებობაში.

ბიურგერული დეკადანსისადმი ჰესეს კრიტიკას, რომელიც მაგიურ თეატრში ირონიულადაა გამოყვანილი, მხოლოდ ერთმანეთის საწინააღმდეგო ფენომენების შეხვედრით შეეძლო ფორმის მიღება, როგორიცაა, მაგალითად, მოცარტის გარდასახვა პაბლოში, რითაც საკმაოდ პრობლემატურად და ღიად სრულდება რომანი.

ამგვარი მოულოდნელობებისა და მრავალწახნაგოვან მოვლენათა ოსტატურად ასახვის გამო გვიყვარს ჰესეს ლიტერატურა, სადაც თავისუფლებისაკენ სწრაფვას არა აქვს საზღვარი; და სწორედ ამგვარი „შეშლილების“ წყალობით ვითარდება და წინ მიიწევს სამყარო.

რუსუდან ბეჟაშვილი.