Archive | უცხოური ლიტერატურა RSS feed for this section

ჰერმან ჰესეს ბრძნული აზრები

11 ნოე

ჰერმან ჰესეს ბრძნული აზრები
ჰ. ჰესეს ბრძნული აზრები

მგონი უკვე მითქვამს, ჰერმან ჰესე თუ რაოდენ პატივსაცემი მწერალი და პიროვნებაა ჩემთვის. გარდა ნაწარმოებებისა, აღტაცებაში მოვყავდი მის მიერ სხვადასხვა თემაზე გამოთქმულ აზრებს, რაც ჩემს აზროვნებასთან თითქმის თანხვედრაში მოდიოდა. დღეს გადავწყვიტე, ზოგიერთი მათგანი შემოგთავაზოთ. მაგალითად, წიგნის კითხვის შესახებ ამბობს, რომ ზოგიერთს ძალზე ეძნელება კითხვა, მაგრამ კითხულობს იმისათვის, რომ აქედან განათლება უნდა მიიღოს, რაც ასე აუცილებელია, მეორენი კითხულობენ გასართობად, დროის მოსაკლავად და, ამდენად, მათთვის სულ ერთია, რას წაიკითხავენ. ეს მეხსიერებით აღდგენილი მოსაზრება იყო, ახლა მოდით, მივყვეთ ჰესეს სიტყვებს:

უგუნური და გაფანტული განწყობით კითხვა, ეს იგივეა, რაც მშვენიერ გარემოში თვალახვეული სეირნობა. უნდა ვიკითხოთ არა იმისთვის, რომ დავივიწყოთ საკუთარი თავი და ჩვენი ყოველდღიურობა, არამედ, რათა უფრო ძლიერ შევინარჩუნოთ ცხოვრების საზრდელი კიდევ უფრო მოწიფული ცნობიერებით.
წერილიდან „კითხვის შესახებ“.

რელიგიაზე

…ხშირად მეუბნებიან, რომ დღეს ღვთისმოსავი (მოწიწებული) ადამიანები აღარ არსებობენ. მაშინ, ასევე მშვენივრად შეგვეძლო გვეთქვა, რომ დღეს არავითარი მუსიკა და აღარავითარი ცისფერი ზეცა აღარ არსებობს. მე ვფიქრობ, ბევრი ღვთისმოსავია ირგვლივ. თავად მეც ასეთი ვარ, მაგრამ ყოველთვის ასეთი როდი ვიყავი.
…ღვთისმოსაობა სხვა არაფერია, თუ არა ნდობა. ნდობა კი გააჩნია ყოველ ჩვეულებრივ, ჯანსაღ, კეთილგანწყობილ ადამიანს, ბავშვს, ველურს.
…ნდობა საკუთარი თავისადმი არის დასაწყისი. არა ანგარიშსწორებით, დანაშაულით
(ან: ცოდვით) და შებღალული სინდისით, არც თვითგვემითა და მსხვერპლშეწირვით მოიპოვება რწმენა. ყველა ეს მცდელობანი იმ ღმერთისადმია მიმართული, რომლებიც ჩვენს გარეთ ცხოვრობენ. ღმერთი, რომლისაც ჩვენ უნდა გვწამდეს, ჩვენშია. ვინც საკუთარ თავს უარს ეუბნება, ის ღმერთს თანხმობას ვერ ეტყვის.

ჩემთვის ჰუმანისტური იდეალი რელიგიურზე მეტად სათაყვანებელი როდია, და ასევე არც რელიგიებს შორის მივანიჭებდი რომელიმეს უპირატესობას. სწორედ ამიტომ არ შემეძლო თავი რომელიმე ეკლესიის კუთვნილებად ჩამეთვალა, რადგან იქ სულის სიმაღლე და თავისუფლება არ არის, რადგან ყოველი მათგანი თავს საუკეთესოდ, ერთადერთად მიიჩნევს და ყოველ იმ ადამიანს კი, ვინც მათ არ ეკუთვნის, გზააბნეულად თვლიან.
წიგნიდან „რჩეული წერილები“.

აზარტულ თამაშებზე

დიახ, ფულზე თამაში მიმზიდველი და სასიკეთო მეჩვენებოდა, მაგრამ მაინც ვაიძულებდი თავს, მის ჩრდილოვან მხარეებზეც დავფიქრებულიყავი, უფრო სწორად, საკუთარ თავზე გამომეცადა მისი გავლენა. …მე თუ მკითხავთ, სავსებით უმართებულოა ის აზრი, რომ ამ დროს ადამიანს ემუქრება იოლი გამდიდრების საფრთხე და ამიტომ შესაძლოა, მან პატიოსანი შრომისადმი პატივისცემა დაკარგოს; ამასთანავე თითქოს მოთამაშე იმ საფრთხის წინაშე იდგეს, რომ მთელ ფულს წააგებს, ხოლო სათამაშო ბურთულებისა და მონეტების ბზრიალ-ტრიალის თვალმოუშორებლად ყურება მოთამაშეს აკარგვინებს მთელი ბურჟუაზიულ-ეკონომიკური მორალის საფუძველთა საფუძვლის – ფულისადმი უსაზღვრო მოწიწებას.
…ეს ყოველივე ანგარიშგასაწევია, მაგრამ არა მგონია, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
საფრთხე ეგზომ სერიოზული იყოს. როგორც ფსიქოლოგს, მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი სულით ავადმყოფი სულაც არ იგრძნობს თავს უბედურად, თუ მას უეცრად ხელიდან გამოეცლება მთელი ქონება და დაეკარგება ფულის სიწმინდისადმი რწმენა, ვფიქრობ, სწორედ ეს უნდა იყოს მისთვის ერთადერთი უტყუარი ხსნა. …თამაშის ნაკლი მხოლოდ ის არის (და ამით აზარტული თამაშები საოცრად ჰგავს ალკოჰოლიანი სასმელებით გაბრუებას), რომ ამ დროს ადამიანი გარეშე გამაღიზიანებლებით აღიგზნება და ეს აღგზნება წმინდა მექანიკური და მატერიალური ხასიათისაა.
წიგნიდან „დამსვენებელი“ (თარგმანი ნანა გოგოლაშვილისა).

ადამიანის ინდივიდუალურ ბუნებაზე

ყოველ ადამიანს თავისი სამშვინველი აქვს, რომელიც შეუძლებელია სხვაში აგერიოს.
ორ ადამიანს შეუძლია ერთად იაროს, ისაუბრონ, ერთად იყვნენ. მაგრამ მათი სამშვინველები ყვავილებივითაა, ყველას თავისი ფესვები აქვს, ვერც ერთი მივა მეორესთან, მაშინ ფესვები უნდა მიატოვოს და სწორედ ეს არ შეუძლია. ყვავილები თავის სურნელსა და თესლს აგზავნიან, რადგან ერთმანეთთან უნდათ; თესლი რომ სწორ ადგილას მოხვდეს, ამისათვის ყვავილი ვერაფერს იზამს, ამას ქარი უზრუნველყოფს, და ისიც მიჰქრის და მოჰქრის თავის ნებაზე.
მოთხრობიდან „კნულპი“.

რას არ უწოდებენ ჰესეს მკითხველები მთელ მსოფლიოში: მისტერიული და ეგზოტიკური; ღრმა და ზედაპირული ერთდროულად; ელეგანტური და მარტივი, სტილის მხრივ; კლასიკური გიტარისტი; მთამსვლელი; პოტენციური წმინდანი; პაციფისტურად განწყობილი და ა. შ. არ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ერთი ადამიანისთვის ძალზე ბევრია?

Advertisements

ლიონ ფოიხტვანგერის “ცრუ ნერონი”

22 ოქტ

ლიონ ფოიხტვანგერის „ცრუ ნერონი“

ცხრა დედ-მამის შვილიდან უფროსი ვაჟი, გერმანული აზროვნების გენიის მნიშვნეელოვანი წარმომადგენელი ლიონ ფოიხტვანგერი 1884 წლის 7 ივლისს მიუნხენში დაიბადა. გერმანისტიკას, ფილოსოფიას და ანთროპოლოგიას სწავლობდა მიუნხენისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. წიგნის თაროდან მისი რომანი შემომეფეთა და სიამოვნებით გადავიკითხე, მითუმეტეს, რომ ცხოვრების ამაოება და ადამიანთა თვალთმაქცობა ყველა დროისათვის აქტუალური, და აქედან გამომდინარე, მარადიული თემებია. 1935/36 წლებში შექმნილი რომანი „ცრუ ნერონი” ისტორიული ალეგორიებით აზროვნების შესანიშნავი მაგალითია. მოგეხსენებათ, რომანის შექმნის წლები ჰიტლერის ძალაუფლების აღზევების პერიოდია. ავტორმა მასში ძალადობრივი ხელისუფლების წარმავალობა იწინასწარმეტყველა და სატირულად აღწერა იგი.
მოქმედება რომის იმპერიასა და მის აღმოსავლეთ ნაწილ შუამდინარეთში ხდება, ძირითადად მესოპოტამიაში. როგორც ჩანს, ოდითგანვე პირადი მტრობა იყო ხშირად სახელმწიფოებრივი დაპირისპირების მიზეზი. სწორედ ამ მიზნით დაჭირდა პოლიტიკოსთა ერთ ნაწილს ნერონის „მკვდრეთით აღდგომა“, რომელიც აღმოსავლეთში – მესოპოტამიის ქალაქ ედესაში იყო დაბანაკებული. ამისთვის მექოთნე ტერენციუსი, მისი იმპერატორთან საოცარი მსგავსების გამო, მშვენივრად გამოიყენეს. ეს ყოველივე სენატორ ვარონს მოუვიდა თავში აზრად; ჯერ კიდევ ნერონის სიცოცხლეში, მან აღმოაჩინა ტერენციუსის საოცარი მსგავსება იმპერატორთან და გართობის მიზნით, წარუდგინა კიდეც მბრძანებელს. „ ერთ მშვენიერ დღეს, როცა ხელდებული ტერენციუსი ვარონს ეახლა, განცვიფრებულმა ვარონმა დაინახა, რომ ეს სახემოღრუბლული მექოთნე ტყუპის ცალივით ჰგავდა პირქუშ იმპერატორს. ნერონიც ასევე ბეცი იყო, ასევე იჭმუხნიდა შუბლს და ქვედა ტუჩსაც ასევე სწევდა წინ. სენატორს ჩინებული აზრი დაებადა. ჟინიანი იმპერატორისთვის ახალ-ახალი გასართობები უნდა გამოენახათ; და ვარონმა მექოთნეს უბრძანა, პალატინზე გამოცხადებულიყო იმპერეტორ ნერონთან წარსადგომად.“ მას შემდეგ ტერენციუსი არაერთხელ გამოცხადებულა იმპერატორის წინაშე: ბაძავდა მას სიარულში, მიმიკებით, ხმით, რაზეც იმპერატორი ძალზე ხალისობდა.
როგორც ვთქვით, პირადი მტრობა ხშირად იყო კინკლაობის საბაბი პოლიტიკოსთა შორის. რომანში ასეთ დაპირისპირებულ ორ მხარეს წარმოადგენს ერთი მხრივ სენატორი ვარონი და მეორე მხრივ საიმპერატორო პროვინცია სირიის გუბერნატორი ცეიონი. ვარონი მუდამ სარგებლობდა იმპერატორ ნერონის ყურადღებით და მასთან დაახლოებული პირი იყო, ხოლო ცეიონი კი ვერაფრით დაუმეგობრდა მას. ახლა, რადგან ქვეყანას გონებაშეზღუდული მმართველები ჰყავდა, ვარონის აზრით, ამიტომაც გაიკეთა ცეიონმა დიდებული კარიერა და გუბერნატორი გახდა. ამ ორ ადამიანს სძულდა ერთმანეთი, თუმცა სკოლის ამხანაგები იყვნენ. სწორედ გუბერნატორზე შურისსაძიებლად გამოიყენა ვარონმა ცრუ ნერონი.
ვარონი ახალგაზრდა მეფე ფილიპეს ეუბნება: „თუ რომს ყველაფერზე დავეთანხმებით, დღეს თუ ხვალ შთაგვნთქავს, … მაგრამ თუკი ამ მაცდუნებელ საბაბს ჩავეჭიდებით, და წინააღმდეგობას გავუწევთ, ვინ იცის,იქნებ მაშინაც,მაგრამ … ჯობია ახლა გვქონდეს მეათედი შანსი, ვიდრე მომავალში – არავითარი.“ ან კიდევ სხვაგან ასე ამბობს: „თუკი აღმოსავლეთი დაინახავს, რომ ნერონი ცოცხალია, …მაშინ მარტო მისი სახელიც და არსებობაც კი რომისთვის განუწყვეტელი მუქარა იქნება…“
ნერონი, იულიუს კეისრის უკანასკნელი შთამომავალი, თუმცა დიდი გონიერებით არ გამოირჩეოდა სამხედრო საქმეში, მაგრამ სამაგიეროდ , თავისი გულუხვობის გამო, ჯარისკაცებს იგი უყვარდათ. საჩუქრებით აღფრთოვანებული ჯარი ცრუ ნერონსაც ადვილად მიემხრო. კაპიტან ტრებონზე (ვინც მოგვიანებით მთავარსარდალი გახდა,) შემდეგ მოსაზრებას ვხვდებით წიგნში: „მან, რა თქმა უნდა, კარგად იცოდა, რომ ეს კაცი ნამდვილი იმპერატორი არ იყო; მიუხედავად ამისა, მაინც ისე მეფურად იჯდა და ამ ამბავმა კიდევ უფრო მოხიბლა ტრებონი. მან ამ გვირგვინის წინაშე ჯარისკაცული მოკრძალება იგრძნო,იგრძნო, რომ ისინი ერთმანეთისთვის არიან გაჩენილნი და თანამზრახველნი იქნებიან. და ნებაყოფლობით დაემორჩილა, როგორც ყაჩაღები ემორჩილებიან ხოლმე თავიანთ ატამანს.“ თავის მხრივ „ნერონიც“
კმაყოფილი იყო ამ არჩევანით: „ტერენციუსი ყველა პატარა კაცის დარად, მუდამ რჩეული საზოგადოებისკენ მიილტვოდა, მაგრამ ნამდვილ თავისუფლებას თავის მსგავსთა წრეში გრძნობდა და მას პირველი შეხვედრისთანავე მოეწონა კაპიტანი ტრებონი, როგორც მდაბიოს მოეწონება ხოლმე მდაბიო. … მადლობელი იყო ვარონისა, რომ ლაშქრის მთავარსარდლად სწორედ ეს კაცი გამოუძებნა.“
უცნაური და სახალისო ის არის, რომ პერსონაჟთა უმრავლესობამ იცის ცრუ ნერონის ნამდვილი წარმომავლობის ამბავი, მაგრამ მისი თავდაჭერილობითა და მანერებით მაინც აღფრთოვანებულნი არიან, ეს კიდევ უფრო თავშესაქცევ საკითხავად ხდის ამ წიგნს. ადამიანთა თვალთმაქცობას არა აქვს საზღვარი. ნერონის საყვარელი, კლავდია აქტა, რომელიც რომიდან სირიაში სპეციალურად ჩამოვიდა ამ „ახალი“ ნერონის სანახავად, ცეიონს ეუბნება: „არავისზე არ ვაპირებ „შურისძიებას“, …ვინც სასიკვდილოდ გაწირეს ჩემი მეგობარი და იმპერატორი. მე ვიცი, რომ ნერონი მკვდარია, ჩემი თვალით ვნახე მისი ნეშტი და გახვრეტილი ყელი, საიდანაც სისხლი და სიცოცხლე გამოვიდა. მე დავწვი ცხედარი, …მაგრამ იქნებ ეს მეორე შემიყვარდეს და მაშინ იგი გახდება ნერონი.“
ამ გამოგონილ პოლიტიკოსის თავგასულობა იქამდე მიდის, რომ ადგენს „დასასჯელთა“ სიას, სადაც საკუთარი მეუღლე კაიაც კი შედის. ერთადერთი ადამიანი, ვინც ბოლომდე არ ირწმუნა ტერენციუსის ნერონობა. 318 „დასაჯელიდან“ მხოლოდ 14-მა უშველა თავს, დანარჩენები დახოცეს. ქურუმთუხუცესმა შენიშნა: – ვინც ასეთ სისხლიან ღამეს აწყობს, მას საკუთარი თავის რწმენა დაუკარგავსო. ამ დროისათვის მართლაც დაღმა იყო დაშვებული ტერენციუს-ნერონის ბედის ბორბალი. ამ ამბავმა მისდამი საყოველთაო ზიზღი გამოიწვია.
თუმცა ე. წ. ნერონმა სენატში თავი იმართლა, მართალია, დახოცილთა შორის მისი მეგობრებიც მოჰყვნენ, მაგრამ ის იძულებული იყო ასე მოქცეულიყო, რადგან იმპერიაზე ზრუნავდა და ამით აღკვეთა შეთქმულება. იგი ისე მგზნებარედ ლაპარაკობდა, თავადვე სჯეროდაო ეს ყველაფერი. – გვეუბნება ავტორი.
ეს სისხლიანი ღამე გახდა ნერონ-ტერენციუსის დაცემის დასაწყისი.
ერთი დრო არავის შერჩებაო, როგორც ქართველები იტყვიან, არც ამათ შერჩათ; პირადი კინკლაობით დაწყებული ეს მასკარადიც დასრულდა. მესვეურები მწარედ დაისაჯნენ, მაგრამ მწერალი ბრძნულ შეგონებასაც შეგვახსენებს, რომ „წყვდიადის გარეშე გაუგებარი იქნებოდა სინათლის აზრი.“
ვინც ცრუ ნერონის უკან იდგა, მართალია ვიწრო, მდაბალი ინტერესები ამოძრავებდათ, მაგრამ უნებურად, იმპერიის ორი ნაწილის გაერთიანებას ემსახურებოდნენ: „ის, რაც ნერონისა და მისი მომხრეების უღიმღამო თამაშიდან დარჩა, ეს იყო გაერთიანების იდეა, ბოროტი კი არა, მესიანური. …ბოლოსდაბოლოს ყოველი ცალკეული სიგიჟე ემსახურება გონებას, რომელიც დროს აწესრიგებს და
წინ მიჰყავს იგი.“
ისტორიული რომანის ოსტატი ლიონ ფოიხტვანგერი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხატვრული ხერხებით დასცინის ყოველგვარ ძალადობას და ამ გზაზე არსებულ ფარისევლობასა თუ სიყალბეს. წიგნში ნერონ-ტერენციუსი, კნოპსი და ტრებონი – ბევრის აზრით –, ჰიტლერ, გებელს და გიორინგის ანალოგიაა. მარიონეტული „ქმნილება“, რომელიც ისტორიულად კრიზისულ პერიოდში ტყუილისა და ნახევრად სიმართლის ამაზრზენი ნაზავით და მასების რეალური ინტერესების უგულებელყოფით, გარკვეული პერიოდის მანძილზე ბატონობდა. თანამედროვეებმა წიგნს „დიდ ომში შერკინების მამაცი აღიარება“ (mutiges Bekenntnis zum Ausfechten der grossen Schlacht) უწოდეს. ბ. ბრეხტის აზრით, ფოიხტვანგერი ამ წიგნში საუკეთესო სატირიკოსად მოგვევლინა.
შტეფან ცვაიგისადმი მიწერილ წერილში კი თავად ავტორი ამბობს: „მე მსურდა, რაც შეიძლება ტიპიური ფორმით ამესახა იმ ადამიანის განვითარება, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ დიდად არაა საამისოდ მოწოდებული, მრავალი მილიონი ადამიანის ბედს წარმართავს და განსაზღვრავს. მაგრამ „ცრუ ნერონის“ პოლიტიკური ფონი რამდენად მსგავსი ან საპირისპირო იყო დღევანდელ გერმანიასთან მიმართებაში, ეს ნაკლებად მაღელვებდა…“

ხორხე ლუის ბორხესი “ქვიშის წიგნი”

31 აგვისტო


ხორხე ლუის ბორხესი
ქვიშის წიგნი (მოთხრობები)

ამ წიგნს არც თავი აქვს და არც ბოლო, თან არც ერთ სხვა წიგნს არ ჰგავს და მოსვენებას გიკარგავს. ჯერ ცდუნება გეწევა მისი შეძენისაკენ, ხოლო საბოლოოდ მაინც იძულებული ხარ, ხელი გაიცალო მისგან. – ბორხესის „ქვიშის წიგნზეა“, რა თქმა უნდა, საუბარი.
„ფოთლის დამალვა უმჯობესი ტყეშიაო“ – ახსენდება მოთხრობის გმირს და წიგნს ეროვნული ბიბლიოთეკის სარდაფში გაზეთებსა და რუკებთან ინახავს. –
ამგვარად თავისუფლდება საბედისწერო შენაძენისაგან.
მოთხრობა „მედალი“ კი იმ მეფეზეა, , რომელსაც შინაგანი ღირსების გარდა, აღარაფერი შემორჩა და იმ სიმბოლური მედლისა, რომელიც „არც ცხადის ძალით წაერთმის და არც მალვით მოიპარების.“
ღრმა აზრის მოკლე ფორმით გამოხატვის ოსტატი ბორხესი ამ მოთხრობებშიც გვანიჭებს ჩვეულ ლიტერატურულ სიამოვნებას.
მოთხრობა „ეთნოგრაფის“ გმირის მთავარი ფრაზა კი ალბათ ის არის, როცა იგი საიდუმლოს ძიების შემდეგ, პროფესორს ეუბნება: „…საიდუმლო არაფერია იმ გზასთან შედარებით, რომელიც მე განვვლე.“ შემდეგ კი სამეცნიერო საბჭოში მისი გამოქვეყნების გარეშე აგრძელებს ცხოვრებას. ამ საიდუმლოს ძიების გზაზე შინაგანად გამდიდრებული.
მოთხრობაში „სხვა“ იგი თავის ალტერ-ეგოს, მეორე ხორხე ლუის ბორხესს ესაუბრება. ისინი ლიტერატურაზე, სტილზე საუბრობენ და თავად არ სჯერათ, რომ ეს სხვადასხვა ეპოქასა და სივრცეში მართლაც ხდება, ერთი შვეიცარიაში (ჟენევაში) იმყოფება, მეორე ამერიკაში (ბოსტონში). საინტერესო აქ ისაა, რომ ასაკიც სხვადასხვაა და, აქედან გამომდინარე, მოსაზრებათა განსხვავებულობა – დოსტოევსკიზე, უიტმენზე და სხვა. არათანაბრად ნაკითხები არიან და სხვადასხვაგვარი გემოვნება აქვთ. „ბევრს ვფიქრობდი ამ შეხვედრაზე, რომლის შესახებაც არავისთვის მიამბია.
…შეხვედრა რეალური იყო, მაგრამ „სხვა“ სიზმარში მელაპარაკებოდა და ამიტომაც შეეძლო ჩემი დავიწყება. მე კი მას ცხადში ველაპარაკებოდი და მოგონებები დღემდე მტანჯავს.“
მძაფრი გრძნობები, მგლური კანონები აქ (ამ მოთხრობებში) დანის ტრიალიც არ არის უცხო. ვნების ამშლელი ისტორიებია და ამავე დროს დამაფიქრებელი („სამხრეთი“ „კაცი ვარდისფერი კაფედან.“). ისევ ადგილი მზის ქვეშ და ალბათ, ისევ საკუთარი ძალის დემონსტრირება. „… ან რა უნდა გაზრდილიყო ამ სიბინძურეში, ჩვენ გარდა, თავცარიელი ლაქლაქების, რომლებიც ძლიერის წინაშე ლაჩრებად ვიქცევით… მხოლოდ და მხოლოდ ბრიყვი ჩხუბისთავები.“
არანაკლებ სახალისოა ფილოსოფიური ჟანრის მოთხრობების კითხვა, როგორიცაა, მაგალითად „დაღლილი კაცის უტოპია“ ან „პარაცელსიუსის ვარდი“, რომელიც თავისი ფერფლიდან აღმდგარი ვარდის ისტორიით ტანჰოიზერის ლეგენდას გვაგონებს გამხმარი ჯოხის მწვანედ შეფოთლის ანალოგიით. თუმცა პარაცელსიუსი მოწაფეს ეუბნება, რომ რწმენისათვის მან სასწაულები არ უნდა ეძებოს და ისეც ხდება, რომ მოსწავლე იმედგაცრუებული ტოვებს მასწავლებელს, ვარდი კი მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ აღდგება ფერფლისაგან.

ბევრ სხვა „ბრძნულ“ ამბავთან ერთად, ეს ფრაზაც დამამახსოვრდა: „მამაკაცი, რომელიც ხუთ წუთზე მეტ ხანს ფიქრობს ქალზე, კაცი კი არა, ჩვარია.“ („როსენდო ხუარესის ამბავი“). – ესპანურენოვანი (ლათინო-ამერიკელ) კაცების ტიპიური გამონათქვამი. თორემ, მართლა ასე რომ იყოს, ქალთა მოდგმას კაცი მეგობარი აღარ შეგვრჩებოდა.
და განა ვინმეს უფიქრია ქალზე უფრო მეტი, ვიდრე ამ ველურ არსებებს?..
არანაკლებ მძიმე საკითხავია პატარა ადამიანების სვე-ბედი, მაგალითად, მოთხრობაში „გარეწარი ქალი,“ სადაც ძმები ერთი ქალის სიყვარულს ასე უტიფრად ინაწილებენ. ხულიანაც, თავის მხრივ, მორჩილად ასრულებს მოვალეობას, თუმცა უმცროს ძმას ანიჭებს უპირატესობასო, – გვეუბნება ავტორი.
საბოლოოდ ძმები „გონს მოეგებიან“, რათა საზოგადოების საწინააღმდეგო ცხოვრების წესი მიატოვონ და ხულიანას ერთ ბორდელის მეპატრონეს მიჰყიდიან, ფულს კი შუაზე გაიყოფენ (თითქოს ადვილად შეელიენ ხულიანას „ნუშისფერ თვალებსა“ და „მუქ კანს“).
„ტურდერში ნილსენებმა … თავიანთ უწინდელ ცხოვრებასთან ამჯობინეს დაბრუნება – მამაკაცების გარემოცვაში. და ისევ შეუდგნენ ჩხუბებს, გარჩევებსა და ძიძგილაობას.“
ფიქრობთ, აქ მთავრდება ამ ციცქნა მოთხრობის ისტორია? – ნურას უკაცრავად!
ძმები ბორდელში სიარულს არ იშლიან და საბოლოოდ ერთ-ერთი მათგანი კლავს ქალს. – პატარა ადამიანებს პრობლემის გადაჭრის ამგვარად მარტივი ხერხი გააჩნიათ… მაგრამ, „…ახლა კიდევ ერთი ძაფი აკავშირებდათ: ქალი, ტკივილით მიტანილი მსხვერპლად, და მისი დავიწყების აუცილებლობა.“
ახალი რა უნდა თქვა ბორხესზე, ალბათ ყველა მკითხველი თავისი კუთხით გაიხსენებს და კიდევ ერთხელ ვისიამოვნებთ.

ფრანც კაფკა “მონადირე გრაკხუსი”

30 ივნ

ფრანც კაფკა

მონადირე გრაკხუსი

ორი ბიჭი სანაპიროს ჯებირზე კამათელს აგორებდა. კაცი ქანდაკების საფეხურზე ხმალამოღებული ძეგლის ჩრდილში გაზეთს კითხულობდა. გოგონა ჭასთან პატარა ჭურჭელს წყლით ავსებდა. ხილით მოვაჭრე თავის საქონელთან იწვა და ზღვას გასცქეროდა. დუქნის სიღრმეში კარისა და ფანჯრის ღრეჩოებიდან ღვინით მოქეიფე ორი კაცი მოჩანდა. მედუქნე კი წინ, მაგიდასთან იჯდა და თვლემდა. კარჭაპი (ბარჟა, ნავი) უხმაუროდ შემოცურდა პატარა ნავსადგურში, თითქოს წყლის ზედაპირზე ტივტივებსო. კაცი ცისფერ კიტელში ქვემოთ დაეშვა და რგოლებში თოკი გაუყარა. ვერცხლისფერღილებიან მუქ პიჯაკებში გამოწყობილ ორ კაცს ბოცმანის უკან საკაცე მოჰქონდა, რომელზეც ყვავილებიან, ფოჩებმოვლებულ აბრეშუმის გადასაფარებელზე, აშკარად, კაცი იწვა.
სანაპიროზე ჩამოსულებს ყურადღებას არავინ აქცევდა, მაშინაც კი, როცა საკაცე ჩამოდგეს, ბოცმანის ლოდინში, რომელიც ჯერ კიდევ თოკით იყო დაკავებული, მათთან არავინ მისულა და არც არაფერი უკითხავს, მათთვის დაკვირვებით არავის შეუხედავს.
მესაჭე ცოტა ხანს შეყოვნდა ვინმე ქალის გამო, რომელსაც მკერდზე ბავშვი ჰყავდა მიკრული, თან გაშლილი თმებით, სწორედ იმ დროს გემბანზე გამოჩნდა. შემდეგ ბოცმანი მოვიდა და მეზღვაურებს მოყვითალო ორსართულიან სახლზე მიუთითა, რომელიც მარცხნივ წყლის პირას აღმართულიყო. კაცებმა ტვირთი წამოიკიდეს და ვიწრო სვეტებისაგან ნაშენ დაბალ ჭიშკარში შეიტანეს. პატარა ბიჭმა ფანჯარა გამოაღო, შენიშნა, გვამი სახლში როგორ გაუჩინარდა და ფანჯარა ისევ სწრაფად დახურა. ახლა უკვე ჭიშკარიც ჩაკეტეს, იგი შავი მუხის ხისგან მზრუნველად იყო გამოთლილი. მტრედების ჯოგი, მანამდე რომ ზარის (სამრეკლოს) ირგვლივ ტრიალებდა, ახლა სახლის წინ დაეშვა. თითქოს სახლში საკვები ელოდათ, მტრედები ისე გულმოდგინედ მოგროვდნენ ჭიშკართან. ერთი მეორე სართულამდე აფრინდა და ნისკარტით ფანჯრის მინაზე მიაკაკუნა. ესენი ღია ფერის, კარგად მოვლილი ფრინველები იყვნენ. შორიდან ქალმა მათ ბარჟიდან მარცვლები გადაუყარა, მათ საკენკი აკენკეს და ქალთან მიფრინდნენ.
კაცი, ტრაურის ბაფთიანი ცილინდრის ქუდით, ვიწრო, ნავსადგურთან მკვეთრად დაქანებული პატარა ქუჩით ქვემოთ დაეშვა. მან ირგვლივ ყურადღებით მიმოიხედა, ყველაფერი აღელვებდა – კუთხეში ნაგვის დანახვაზე სახე მოეღრიცა. ძეგლის საფეხურებზე ხილის ნაფცქვენები ეყარა, გვერდით რომ ჩაუარა, თავისი ჯოხით ქვევით მოისროლა. კაცმა სახლის კარზე მიაკაკუნა, თან ცილინდრი შავხელთათმანიან მარჯვენა ხელში მოიქცია. კარი მაშინვე გაუღეს, ორმოცდაათი პატარა ბიჭი შპალიერივით აეკრა გრძელ დერეფანს და კაცს თავი დაუკრეს.
კიბეზე ბოცმანი ჩამოვიდა და ბატონს მიესალმა, მეორე სართულზე, ზევით გაუძღვა. მათ მსუბუქად ნაგებ ლამაზ ლოჯიით შემოვლებულ ეზოს ჩაუარეს და ორივენი ერთ-ერთ დიდ ცივ ოთახში შევიდნენ სახლის უკანა მხარეს, ბიჭები იქვე იდგნენ და პატივისცემის ნიშნად, დისტანცია დაიკავეს. უკან სახლი აღარ იდგა, პირდაპირ მხოლოდ მორუხო-მოშავო შიშველი კლდე მოჩანდა. მეზღვაურები იმით იყვნენ დაკავებული, რომ საკაცის თავთან გრძელ სანთლებს ამაგრებდნენ და ანთებდნენ, მაგრამ ამით იქაურობა არ განათებულა, მხოლოდ აქამდე არსებული ჩრდილები შეირხა და კედლებზე აციმციმდა. საკაციდან გადასაფარებელი გადაეგდოთ. იქ ერთი გაჩეჩილთმიანი, წვერიანი კაცი იწვა, მზისგან დამწვარი სახით, მონადირეს გავდა. იგი უძრავად იწვა და, როგორც ჩანს, უგონოდაც – თვალდახუჭული,მაგრამ ამისდა მიუხედავად, მხოლოდ გარემო მიანიშნებდა, რომ ის, სავარაუდოდ, მიცვალებული იყო.
ბატონი საკაცესთან მივიდა, მწოლიარეს ცალი ხელი შუბლზე დაადო, შემდეგ მუხლი მოიყარა და ლოცვა დაიწყო. ბოცმანმა მეზღვაურებს ანიშნა, ოთახი დაეტოვებინათ, ისინი გავიდნენ, გაყარეს ბიჭები, გარეთ რომ მოეყარათ თავი, და კარი გაიხურეს. მაგრამ ბატონისთვის ეს სიჩუმეც არ აღმოჩნდა საკმარისი, მან ბოცმანს გადახედა, ,ის უცებ მიხვდა და პატარა კარით მეორე ოთახში გავიდა. საკაცეზე მწოლიარემ უცებ თვალები გაახილა, ტკივილიანი ღიმილით მზერა ბატონისკენ მიმართა და უთხრა: „შენ ვინ ხარ?“ – ბატონი დიდი გაკვირვებვის გარეშე მუხლიჩოქიდან წამოდგა და მიუგო: „ქალაქ რივას ბურგომისტრი გახლავართ.“
საკაცეზე მწოლიარემ თავი დაუკრა, დასუსტებული ხელით სავარძლისაკენ მიუთითა და მას შემდეგ, რაც ბურგომისტრმა მისი შემოთავაზება მიიღო, უთხრა: „ეს მე კი ვიცოდი, ბატონო ბურგომისტრო, მაგრამ უცებ ყველაფერი დამავიწყდა, თავბრუ მეხვევა და მაინც მირჩევნია, ვიკითხო, ყველაფერი რომც ვიცოდე. ალბათ თქვენც მოგეხსენებათ, რომ მე მონადირე გრაკხუსი ვარ.“
„რა თქმა უნდა,– მიუგო ბურგომისტრმა. – მე ამაღამ მაცნობეს თქვენს შესახებ. კარგა ხნის ჩაძინებულები ვიყავით. უცებ, შუაღამისას ჩემმა ცოლმა წამოიძახა: ‘სალვატორე’, – ეს ჩემი სახელია, – ‘შეხედე, მტრედი ფანჯარასთან!’ ეს მართლაც მტრედი იყო, მაგრამ მამალივით დიდი. ის ჩემ ყურთან მოფრინდა და ჩამჩურჩულა: ‘ხვალ მკვდარი მონადირე გრაკხუსი ჩამოდის, დახვდი მას ქალაქის სახელით’.“
მონადირემ თავი დაუკრა და ენის წვერი ტუჩებზე მოატარა: „დიახ,მტრედები ყოველთვის ჩემს წინ მოფრინავენ. მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო ბურგომისტრო, რივაში უნდა დავრჩე?“
„ამის თქმა ჯერ გადაჭრით არ შემიძლია, – უპასუხა ბურგომისტრმა – თქვენ მკვდარი ხართ?“
„დიახ – მიუგო მონადირემ – როგორც ხედავთ. – მრავალი წლის წინათ, როგორც ჩანს, ძალზე დიდი ხნის წინ, შვარცვალდში – ეს გერმანიაშია – კლდიდან ჩამოვვარდი, არჩვს რომ მივსდევდი. მას შემდეგ მკვდარი ვარ.“
„მაგრამ თქვენ ცოცხალიც ხომ ხართ?“ – უთხრა ბურგომისტრმა.
„გარკვეულწილად, – დაეთანხმა მონადირე, – გარკვეულწილად ცოცხალი ვარ, ჩემი სიკვდილის ხომალდმა სხვა გეზი აიღო, საჭე არასწორი გზით მიმართა, მძღოლის უყურადღებობის ერთი წამი, თუ ჩემი უმშვენიერესი სამშობლოდან გადახვევა, მე არ ვიცი, ეს რა იყო, მხოლოდ ის ვიცი, რომ მიწაზე დავრჩი და მას შემდეგ ჩემი ხომალდი მიწიერ წყლებში დაცურავს. ამგვარად, სიკვდილის შემდეგ, დედამიწის ყოველ კუთხეში ვმოგზაურობ, თუმცა მე მხოლოდ მშობლიური მთების წიაღში სიცოცხლე მსურდა.“
„და იმქვეყნიურ სამყაროსთან კავშირი არა გაქვთ?“ – ჰკითხა შუბლშეკრულმა ბურგომისტრმა.
„მე ჯერ კიდევ იქითკენ მიმავალ დიდ კიბეზე ვიმყოფები. – მიუგო მონადირემ. – ნავი ხან ზევით წამიყვანს, ხან ქვევით, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, სულ მოძრაობაში ვარ. მონადირე კაცი პეპელად ვიქეცი. ნუ გეცინებათ.“
„არ მეცინება,“ – გააპროტესტა ბურგომისტრმა.
„ძალიანაც კარგი, ჭკვიანურია. – მიუგო მონადირემ, – სულ მოძრაობაში ვარ. თითქოს ავიღებ დიდ სიჩქარეს და ზეცის კარიბჭე გამინათებს, მაგრამ უცებ ისევ ძველ, რომელიღაც მიწიერ წყალში გაჩხერილ ნავზე მეღვიძება. ჩემი წარსული სიკვდილის მთავარი შეცდომა კაიუტიდან დაცინვით მიღრენს. იულია, ნავის მესაჭის მეუღლე აკაკუნებს საკაცესთან დილის სასმელი მოაქვს, იმ ქვეყნისა, რომლის სანაპიროსაც სწორედ იმ მომენტში ჩავუვლით ხოლმე. მე ხის ტახტზე ვწევარ, დიდი სასიამოვნო სანახავი არ გახლავართ – ჭუჭყიანი მიცვალებულის პერანგი, თმა, წვერი რუხი და შავი, ერთმანეთში არეული. ფეხებზე ერთი დიდი აბრეშუმის ყვავილებიანი და ფოჩიანი გადასაფარებელი მაფარია. თავთან ეკლესიის სანთელი მინთია. კედელზე, ჩემს პირდაპირ პატარა სურათი კიდია, ეტყობა ბუშმანია, რომელიც მახვილით მემუქრება და თავად, როგორც ჩანს, დიდებულად მოხატული ფარის ქვეშ იმალება. ასეთი სულელური გამოსახულებები გემებზე გვხვდება, ეს კი ერთ-ერთი ყველაზე უფრო სულელურია. სხვა მხრივ, ჩემი ხის გალია სულ მთლად ცარიელი იქნებოდა. გვერდითი კედლის ხვრელიდან სამხრეთული ღამის თბილი ჰაერი შემოდის და მესმის წყლის ხმაური, ძველ ნავს რომ ეხეთქება.
მას შემდეგ ვწევარ აქ, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი მონადირე გრაკხუსი ჩემს სამშობლოში – შვარცვალდში არჩვს მივსდევდი და კლდეზე გადავიჩეხე, ხევში სისხლისგან დავიცალე, მოვკვდი და ამ ნავს მეორე ნაპირამდე უნდა მივეყვანე. კიდევ მახსენდება, თავიდან როგორი სიხარულით გავიშხლართე ამ ჩემს სარეცელზე. მშობლიურ მთებს ჩემგან ასეთი სიმღერა ჯერ არ მოუსმენიათ, როგორც მაშინ, ჯერ კიდევ ბრწყინავმა ამ ოთხმა კედელმა. მე სიამოვნებით ვიცხოვრე და სიამოვნებითაც მოვკვდი, სანამ ბორტზე ავიდოდი, უსარგებლო ბარგივით სიხარულით მოვისროლე ჩემი მონადირის ჩანთა, რომელსაც მუდამ ამაყად ვატარებდი და მიცვალებულის ხალათში ისე შევსრიალდი, როგორც ქალიშვილი საქორწილო კაბაში. აქ ვიწექი და ველოდი. შემდეგ მოხდა უბედურება.“
„რთული ბედისწერაა, – უთხრა ბურგომისტრმა, თან უარყოფის ნიშნად ხელი ასწია. – და მასში თქვენ არანაირი ბრალი არ მიგიძღვით?“
„არანაირი, – უთხრა მონადირემ, – მე მონადირე ვიყავი, განა ეს დანაშაულია? მონადირე ვიყავი შვარცვალდში, სადაც მაშინ მგლები ჯერ კიდევ იყო. მე მათ მივსდევდი, ვესროდი, ვახვედრებდი, ვატყავებდი, განა ეს დანაშაულია? ჩემი საქმიანობა ნაკურთხი იყო. ‘შვარცვალდის დიდი მონადირე’ მერქვა, განა ეს ცოდვაა?“
„ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა, – მიუგო ბურგომისტრმა, – თუმცა ამაში დანაშაულს ვერ ვხედავ, მაგრამ, მაშ ვინაა დამნაშავე?“
„ბოცმანი, – უთხრა მონადირემ. – არავინ წაიკითხავს იმას, რასაც მე ახლა ვწერ, ჩემს საშველად არავინ მოვა; ჩემი შველა რომც დაესახათ მიზნად, ყველა სახლის ყველა კარი დაიხურებოდა, ყველა ფანჯარა დაიგმანებოდა, ყველანი საწოლში ჩაწვებოდნენ თავზე საბანგადაფარებულები, მთელი დედამიწა ღამის თავშესაფრად გადაიქცეოდა. და ეს სწორიც იქნებოდა, რადგან მე არავინ მიცნობს, რომც სცოდნოდათ ჩემს შესახებ, ჩემი ადგილსამყოფელი არ ეცოდინებოდათ, ადგილსამყოფელიც რომ სცოდნოდათ, არ ეცოდინებოდათ, იქ როგორ მოვეხელთებინე, ამგვარად, არ ეცოდინებოდათ, როგორ დამხმარებოდნენ. ჩემი დახმარება გსურდეს, ეს ავადმყოფობაა, რომელსაც ლოგინში მკურნალობენ.
ეს ვიცი, მაგრამ დახმარების სათხოვნელად როდი ვყვირი, თავად ისეთ მომენტებშიც კი, როცა თავს ვერ ვერევი, როგორშიც მაგალითად, ახლა ვიმყოფები. ამაზე ინტენსიურად ვფიქრობ. მაგრამ ასეთი აზრების ადვილად განდევნისათვის საკმარისია, ირგვლივ მიმოვიხედო და გავიაზრო, თუ სად ვიმყოფები – შემიძლია ვამტკიცო, – საუკუნეებია ასე ვცხოვრობ.“
„ეს განსაკუთრებული რამაა, განსაკუთრებული – უთხრა ბურგომისტრმა.– და ახლა ფიქრობთ რივაში დარჩენას?“
„არა, მე არ ვფიქრობ, – უთხრა მონადირემ სიცილით, და ბურგომისტრს ხელი მუხლზე დაადო, რომ დაცინვა შეერბილებინა. – მე აქ ვარ, სხვა არაფერი ვიცი, არაფერი შემიძლია (ძალმიძს). ჩემი ნავი მესაჭის გარეშეა დარჩენილი დ ქარით იმართება, რომელიც სიკვდილის ყველაზე უფრო ქვედა რეგიონებში ქრის.

გერმანულიდან თარგმნა რუსუდან ბეჟაშვილმა.

ფრანსუაზ საგანის “მფარველი ანგელოზი”

18 იან

Image

ფრანგული რომანი
ფრანსუაზ საგანის “მფარველი ანგელოზი”. ეს რომანი ავტორის მორიგი ავანტიურაა, თუმცა ვერ იტყვი, რომ ურიგო საკითხავია.ასაკში შესული ქალის სასიყვარულოთავგადასავლები, მცირეწლოვანი თაყვანისმცემლები აქაც კვლავ შეგხვდებათ. “მე დოროთი სეიმური მქვია. 45 წლის ვარ და სახეზე ოდნავ შემპარვია ჭკნობა, რადგან ცხოვრებაში საკუთარი თავისთვის გადაჭრით არაფერი ამიკრძალავს. სცენარისტი გახლავართ, სხვათა შორის, სახელგანთქმულიც. მამაკაცებს ჯერ კიდევ რჩებათ თვალი ჩემზე, შეიძლება იმიტომაც, რომ არც თავად ვარ გულგრილი მათ მიმართ.”
როგორც ამბობენ, “მფარველი ანგელოზი” მწერლის ყველაზე გულწრფელი რომანია, იგი 1968 წელს დაიწერა. მეტად თავშესაქცევია ეს სასიყვარულო ისტორიები, გიჟური თავაწყვეტილი ქროლა სწრაფი “იაგუარით”. მოქმედება მეოცე საუკუნის ლოს-ანჯელესში ვითაარდება. მსუბუქი ირონია, სევდა, სიკეთე კვლავ თანმდევ თვისებებად რჩება, რაც ფ. საგანის რომანებისათვის ზოგადადაა დამახასიათებელი. ქალის მიერ შეფარებული ავარიის მსხვერპლი ლუისი, შინ საცხოვრებლად რომ წამოიყვანს, ჰოლივუდში თავბრუდამხვევი კარიერის შემდეგაც თვლის, რომ საკუთარი “მფარველი ანგელოზის” გვერდით სურს ცხოვრება.
მოკლედ, ეს წიგნი მანქანაში საკითხავად ან საარდადეგებოდ,ზედგამოჭრილია.

ჰერმან ჰესე “ლეგენდა ინდოელ მეფეზე”

15 დეკ

 ჰერმან ჰესე

 

ლეგენდა ინდოელ მეფეზე

 

დიდი ხნის წინათ, ძველ ინდოეთში, როცა იქ ჯერ კიდევ ღმერთების კრებულს  

ეთაყვანებოდნენ, მრავალი საუკუნის წინ, ვიდრე ყოვლად ამაღლებული გაუტამა ბუდა გაჩნდებოდა, ცხოვრობდა ერთი ყმაწვილი მეფე. ბრაჰმანების მიერ კურთხეული, ის იყო სრულუფლებიან მმართველობას შესდგომოდა. ორი მოგვი, ვისთანაც მას განსაკუთრებით ახლო მეგობრობა აკავშირებდა, მოძღვრავდენენ მას, არიგებდნენ, რათა საკუთარი სხეული მარხვით განეწმინდა, სისხლში მჩქეფარე ქარიშხლები საკუთარი ნებისთვის დაემორჩილებინა და გონება ყოვლად ძლიერის  აღსაქმელად მოემზადებინა.

  იმავე დროს ბრაჰმანებს შორის სულ უფრო მწვავდებოდა კამათი ღმერთების თვისებებსა და მათი ძალაუფლების ნორმებზე, ერთი ღმერთის მეორესთან ურთიერთობისა თუ   მათი ყოვლად  ძლიერთან ურთიერთობის გამო. სხვა მოაზროვნეები კი უკვე უარყოფდნენ რომელიმე  ღვთაებათა არსებობას, რადგან თვლიდნენ, რომ ღმერთების არსი სწორედ უხილავი მთლიანობის ხილვად ნაწილებში მდგომარეობს. მეორენი  მწვავედ აკრიტიკებდნენ ამ შეხედულებას და ძველ ღვთაებებს ემხრობოდნენ, მათ სახელებსა და ხატებას, და ამტკიცებდნენ, რომ სწორედ ყოვლად  ძლიერი   არის არა რაიმე არსებითი მატერიალურის შემცველი, არამედ მხოლოდ ღმერთების ერთობლიობის სახელი. იგივე ხდებოდა ჰიმნების წმინდა ტექსტებთან მიმართებაშიც; რომლებზეც ერთნი ამბობდნენ, თითქოს ისინი შესაქმეს არსი ყოფილიყოს და იქნებ  მათი შეცვლაც იყო შესაძლებელი, მაშინ როცა სხვანი მათ მარადიულად და ერთადერთ შეუცვლელადაც კი მიიჩნევდნენ. აქ, ისევე როგორც საერთოდ (ზოგადად) წმინდა შემეცნების სხვა სფეროებშიც საბოლოო ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა  ეჭვებსა და კამათში ვლინდებოდა, იმის თაობაზე, თუ რა არის თავად სული, ან კიდევ სახელი მისი, თუმცა ზოგიერთი ამ სხვაობასაც არ აღიარებდა და სიტყვას, არსებასა და მსგავსებას განუყოფელ ნაწილებად განიხილავდნენ. თითქმის ორიათასი წლის შემდეგაც შუასაუკუნეების დასავლეთის კეთილშობილი გონნი ლამის ისევ იმაზე კამათობდნენ. როგორც მაშინ, ასევე ახლაც, ამ კამათში სერიოზულ მოაზროვნეებთან და თავდადებულ მებრძოლებთან ერთად, არაერთი გაზულუქებული ფარისეველი მონაწილეობდა, რომლებსაც ჭეშმარიტება სულაც არ ენაღვლებოდათ, სულმოკლედ მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, როგორმე არ დაეშვათ ეჭვი მსხვერპლისა და ქურუმთა აუცილებლობის შესახებ; რომ თითქოს ღმერთებზე აზრისა და მსჯელობის თავისუფლება მათ  რაიმე სიკეთემდე არ მიიყვანდა; ეშინოდათ მღვდელმსახურთა ძალაუფლებისა და შემოსავლების შემცირებისა. ამ დროს ისინი ხალხს ტყავს აძრობდნენ: ოჯახში თუ ვინმე ავად გახდებოდა,  ან ძროხა, ან საქონელი – მღვდელი უმალ იქ გაჩნდებოდა და ვერანაირი ძალით მათგან თავს ვეღარ დააღწევდით, ვიდრე ბოლო პერანგსაც არ გაგხდიდნენ შესაწირავის საბაბით.  

  საბოლოო ჭეშმარიტების თაობაზე კამათში თანხმობას ბოლო არ უჩანდა იმ ორ ბრაჰმანსაც კი, რომელთაც განსაკუთრებული ადგილი ეკავათ ცოდნას მოწყურებულ მეფის მასწავლებელთა შორის. და რადგან ისინი გამოჩენილ ბრძენთა დიდებას აკნინებდნენ, მათი უთანხმოების შემყურე მეფე ძალზე ნაღვლობდა და დროდადრო ფიქრობდა: ,,თუ ბრძენთა შორის ამ ორ ყველაზე  ჭკვიან ადამიანსაც არ შეუძლია

ჭეშმარიტებაზე კამათი საბოლოოდ გადაჭრას, როგორღა შემიძლია მე, მეცნიერებებში გაუცნობიერებელს, ვიმედოვნებდე, რომ ოდესმე მივიღებ ჭეშმარიტ ცოდნას? თუმცა  ეჭვი არ მეპარება, რომ შესაძლოა არსებობდეს ერთადერთი განუყოფელი ჭეშმარიტება, მაგრამ როგორც ჩანს, თავად ბრაჰმანებისთვისაც მიუწვდომელია იგი,   ისინი უძლურნი არიან, რომ  მთელ ამ კამათს ბოლო მოუღონ.“

  და როცა ამის შესახებ მასწავლებლებს ეკითხებოდა, პასუხობდნენ:

 – გზები ბევრია, მიზანი – ერთი. ჩასწვდი, ჩაახშე ვნება საკუთარ გულში, იკითხე წმინდა ჰიმნები და იფიქრე მათზე. 

მეფე  ხალისით მიჰყვებოდა მათ რჩევას და მასში, შესაბამისად, შემეცნებაც იზრდებოდა, მაგრამ  სასურველ  მიზანს მაინც ვერ მიაღწია, რაც აბსოლუტური ჭეშმარიტების განეჭვრიტაში მდგომარეობდა. სისხლში მჩქეფარე ვნებების გადალახვით, გურმანობასა და ხორციელ ტკბობაზე უარის თქმით, მან თითქმის უარყო საკვები, რომელიც ახლა მხოლოდ ერთი ბანანითა და რამოდენიმე მარცვალი ბრინჯით შემოიფარგლებოდა დღეში, იგი განიწმინდა ხორცით და სულით, შეძლო მთელი თავისი გულმოდგინება, ძალა და მწყურვალი სამშვინველი სანუკვარი საბოლოო მიზნისაკენ მიემართა. წმინდა ტექსტები, რომლებიც მას თავდაპირველად, თითქოს ცარიელი და სევდიანი ეჩვენებოდა, თვალწინ გადაეშალა მთელი თავისი ჯადოსნური მშვენიერებით; რაშიც მან  დიდი ნუგეში ჰპოვა და  კამათსა და ცნობიერების ვარჯიშისას სულ უფრო მეტად იპყრობდა მწვერვალებს. მაგრამ  სანუკვარი საიდუმლოს უდიდესი გამოცანის გასაღების პოვნა მაინც ვერ შეძლო, რაც    მის ცხოვრებას ძალზე ამწუხრებდა.

  მეფემ გადაწყვიტა, საკუთარი სხეული მკაცრად გამოეცადა.    თავისი განსასვენებელის ყველაზე შორეულ და საკრალურ ადგილას ჩაიკეტა ორი დღისა და ღამის განმავლობაში ყოველგვარი საკვების გარეშე; მისი სარეცელ ცივი ქვის იატაკი წარმოადგენდა, რომელზეც შიშველს ეძინა. ღონემიხდილი მისი სხეული სიწმინდით  გაჟღენთილიყო,  თხელი სახე შინაგანი შუქით გასხივოსნებული;   მის სხივმოსილ მზერას ბრაჰმანთაგან ვერავინ უძლებდა. და აი ორმოცი დღის შემდეგ მან ყველა ბრაჰმანი  გონების სავარჯიშოდ ტაძარში მოიწვია, რთული საკითხების გადასაჭრელად, ხოლო მათ შორის ყველაზე ბრძენ და მჭევრმეტყველთათვის საჩუქრად   თეთრი გვირგვინები დააწესა შუბლზე ოქროს მორთულობით.

  მღვდელნი და ბრძენნი მობრძანდნენ, ადგილებზე ჩამოსხდნენ და შეიქნა აზრთა   ბრძნული პაექრობა. მათ თითქოს მოჰყავდათ ცალკეული რგოლები და მთელი ჯაჭვიც კი, გრძნობად და სულიერი სამყაროს სრული თანხმობის დასამოწმებლად, გონებას ავარჯიშებდნენ  წმინდა ჰიმნების განხილვისას, საუბრობდნენ ბრაჰმასა და ატმანზე. ისინი ას ხელა უძველეს არსებას  ქარს ადარებდნენ, ცეცხლს  – წყალს, წყალში გახსნილ მარილს  – კავშირს კაცსა და ქალს შორის. იგონებდნენ შედარებებსა და სახებას (ხატებს) ბრაჰმისათვის, რომელმაც საკუთარ თავზე უფრო ძლევამოსილი ღმერთები შექმნა. ასევე განსხვავებას პოულობდნენ შემოქმედ ბრაჰმასა და იმ ბრაჰმას შორის, რომელიც ყოველ ამ ქმნილებას საკუთარ არსებაში მოიცავდა. ყველანი ცდილობდნენ იგი საკუთარი თავისთვისაც შეედარებინათ; მთელი კრებული მჭევრმეტყველებით ბრწყინავდა საუბარში იმის თაობაზე, ატმანი უფრო ხანდაზმულია თუ არა, საკუთარ სახელს შეეფერბა თუ არა, მისივე არსება, ან იგი მხოლოდ მის ქმნილებას ხომ არ წარმოადგენს.

  მეფე სულ ახალ-ახალ შეჯიბრებებს აცხადებდა, ბრძენ მოგვებს გამოცდას უწყობდა

 სულ ახალ-ახალი შეკითხვებით. და რაც უფრო გულმოდგინედ იქცეოდნენ ბრაჰმანები და რაც უფრო მეტი ენამზეობა ჟღერდა ტაძრის კრებულს შორის, მეფე მით უფრო მეტად მარტოსულად გრძნობდა  თავს და სულში მით უფრო მეტ ობლობას განიცდიდა. და რაც უფრო მეტს ეკითხებოდა და ისმენდა საპასუხო საუბრებს და თანხმობის ნიშნად თავს რომ უქნევდა და ღირსეულებს  აჯილდოებდა, მით უფრო მოუთმენლად სწვავდა მის გულს ჭეშმარიტების წყურვილი. და რადგან ბრაჰმანთა პასუხები და მსჯელობანი,  – როგორც თავად დარწმუნდა, – მხოლოდ ჭეშმარიტების გარშემო ტრიალებდა, ისე რომ არც კი ეხებოდა მას, ტაძარში მყოფთაგან ვერავინ შეძლო ამ სიბრძნით ბოლომდე განმსჭვალულიყო. ამ კითხვების, შექებისა და ჯილდოების მონაცვლეობაში მას საკუთარი თავი სხვა ბავშვებთან თამაშით გართულ ბიჭად მიაჩნდა, რასაც მოწიფული მამაკაცები ღიმილით უცქერენ.

  და აი, ბრაჰმანთა ხმაურიან შუაგულ  თავყრილობაში მეფე სულ უფრო იძირებოდა საკუთარ არსებაში, ჩაეკეტა თავისი გრძნობების კარი და მთელი ნება და მგზნებარება ჭეშმარიტებისთვის მიეძღვნა, რის შესახებაც მისთვის ცნობილი იყო, რომ ის  ყოვლისმომცველია, და რომ იგი ყოველივე არსებაშია დამალული  – თავად მასშიც. და რადგან იგი შინაგანად განწმენდილი იყო, მან, ორმოცი დღისა და ღამის განმავლობაში საკუთარი თავიდან გამოაძევა სამშვინველისა და სხეულის მთელი წიდა.  – მაშინ კი,  უმალ შუქი შეიჭრა მის არსებაში და კმაყოფილების გრძნობა დაეუფლა; და რაც უფრო ღრმად იძირებოდა საკუთარ თავში, მით უფრო მკვეთრად ანათებდა ეს შუქი მისი შინაგანი თვალის წინაშე; მსგავსად იმისა, როცა ადამიანი ბნელი გამოქვაბულიდან გასასვლელისკენ მიდის, ყოველ ნაბიჯზე სულ უფრო ნათლად და დამატყვევებლად ასხივებს შუქი თავისუფლების მოახლოებისას.

  ამასობაში ბრაჰმანები განუწყვეტლივ ხმაურობდნენ და კამათობდნენ, სულაც არ ენაღვლებოდათ მეფე, რომელიც უკვე რა ხანია დუმდა, ისე ჩანდა, თითქოს იგი ყრუ-მუნჯი  ყოფილიყო. მოგვები კი სულ უფრო ხურდებოდნენ, მათი ხმები კი  უფრო მძლავრად და მკვეთრად ჟღერდა, ნაწილს კი შური ღრღნიდა იმ მშვენიერი ძროხების დანახვაზე, რომლებიც სხვებს უნდა დარჩენოდა.

  ბოლოს, როგორც იქნა, ერთ-ერთმა ბრაჰმანმა თვალი ჰკიდა მდუმარე მეფეს. მან შუა გზაზე შეწყვიტა საუბარი და გაწვდილი თითით მასზე მიანიშნა, მისი თანამოსაუბრეც დადუმდა და მანაც იგივე მოიმოქმედა და მესამეც ასევე მოიქცა, და იმ დროს, როცა ტაძრის მეორე ბოლოში ბევრი ისევ ხმაურობდა და ორატორობდა, მეფის ირგვლივ სრული სიჩუმე ჩამოვარდა. საბოლოოდ ყველანი მიჩუმდნენ, ადგილიდან არ იძროდნენ და თავის მბრძანებელს მიშტერებოდნენ. მეფე კი პირდაპირ იჯდა, მისი გაყინული მზერა უსასრულობაში იმზირებოდა,მისი სახე მსგავსი იყო შორეული ნათურების თვალშისაცემი, ცივი ნათებისა. ყველა ბრაჰმანმა ქედი მოიხარა  გაცისკროვნებული მეფის წინაშე და მიხვდნენ, რომ მათი კამათი მხოლოდ ბავშვური გართობა იყო, მაშინ, როცა იქვე, მათ გვერდით, მეფის სახით, თავად ღმერთი განსხეუდა – როგორც ყველა ღვთაების ერთობლიობა.

   მეფემ კი მთელი თავისი გრძნობები ერთად შეადუღაბა და შინაგანი სამყაროსაკენ მიმართა, იგი ამ დროს თავად ჭეშმარიტებას ჭვრეტდა, განუყოფელს იმ  თავანკარა ნათებისაგან, რომელიც მას ტკბილი თავდაჯერებულობით მსჭვალავდა, როგორც მზის სხივი გამსჭვალავს  ბუნებრივად ფერად ქვას ანუ თვალმარგალიტს და შემდეგ თავად ეს თვალმარგალიტი იქცევა სინათლედ და მზედ და საკუთარ თავში აერთიანებს შემოქმედსა და შემოქმედებას. გონს მოსულმა  მეფემ, როცა ბრაჰმანებს თვალი მოავლო, – მის თვალებში სიცილი აირეკლებოდა  თავის ქალა კი მზის დისკოსავით უნათებდა. მაშინ განიძარცვა სამეფო სამოსელი, დააგდო ტაძარი, დატოვა მშობლიური ქალაქი, ქვეყანა და შიშველ-ტიტველი ტყეებისაკენ გაემართა, საიდანაც უკან აღარასოდეს დაბრუნებულა.

 

 

Windows on the World

27 ნოე

                                                 ფრედერიკ ბეგბედერი

                                                 Windows on the World

                                               „ფანჯრები მსოფლიოზე“

გლობალურ სამყაროში ტექნიკურ პროგრესთან ერთად, საფრთხის რისკებიც იზრდება. რაშიც ამ წიგნმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა. წიგნში თავზარდამცემი 11 სექტემბერია აღწერილი. Windows on the Word   რესტორანია ჩრდილოეთ ცათამბჯენის 107-ე სართულზე, სადაც ძირითადი მოქმედება ვითარდება. რესტორნის კლიენტები ხედებს სურათებს უღებენ: „ხედები, იცოცხლე, მსოფლიოში ულამაზესია. მართკუთხა შენობების თავზე რკალად იკვეთება ზღვა, რომელზეც გემების ნაკვალევი გეომეტრიულ ფიგურებს ხაზავს. თოლიებიც კი არ დაფრინავენ ასე მაღლა.“

მამა თავის ორ ვაჟს სკოლას აცდენინებს და ისინი რესტორანში მიჰყავს. ეს თხრობის ერთი ხაზია, წიგნში ასევე არის მეორე – პარიზელი კაცის მონათხრობი პარიზის „მეშვიდე ციდან.“ მხატვრული ნაწარმოებიდან ამგვარი მოვლენების გაცნობა სწორედ იმიტომაცაა უფრო ამაღელვებელი, რომ ის კონკრეტულ ადამიანთა თვალთახედვას აცნობს მკითხველს და აქედან გამომდინარე, უფრო გასაგებ და თანაგრძნობის გამომწვევ ამბად იქცევა. გაზეთში ამოკითხული სტატისტიკური ინფორმაცია თითქოს ყურს აბსტრაქტულად ხვდება და ქარივით ჩაგიქროლებს. კონკრეტულ ვითარებაში კი შენც ამ ამბის თანაზიარი ხდები: „ერთად სასაუზმოდ მოსული თანამშრომლები დამუნჯდებიან. … მიმტანი ქალი, გაშტერებული, ჩაის დასხმას მანამდე გააგრძელებს, სანამ ფინჯანს არ აავსებს და ლამბაქზე არ გადმოიღვრება. არსებობს წამები, რომლებიც უსაშველოდ დიდხანს გრძელდება, გეგონება, ვიღაცამ

DVD ფლეიერზე  Pause-ის ღილაკს დააჭირა თითი. ამ რამდენიმე ამოსუნთქვაში დრო სერიოზულად იწელება. სულ მალე ყველა ერთმანეთს გაიცნობს, აპოკალიფსის მხედრებად იქცევა სამყაროს დასასრულს შეუერთდება.“  

გარდა ამისა, ავტორი გვამცნობს, რომ დაჯახებიდან ჩამონგრევამდე გავიდა საათი და ორმოცდახუთი წუთი და ეს ჯოჯოხეთიც ამდენივე ხანს გრძელდებოდა, … და ალბათ ეს წიგნიცო, დასძენს იგი.

ყოველი განსაცდელისას ადამიანი ხომ რაღაცას სწავლობს, რა გვასწავლა მსოფლიო სავაჭრო ცენტრმა? „ჩვენი უძრავი ქონებაც მოძრავია. ის, რაც აქამდე ურღვევი გვეგონა, თურმე სულ ადვილად იმსხვრევა, … კოშკები მოძრაობენ, ხოლო ცათამბჯენები ცას კი არა, მიწას ებჯინებიან.“

ჩემთვის ძალზე საინტერესო იყო წიგნში ყოველივე ეს, მასთან ერთად, კულტუროლოგიური მომენტებიც, რომ არ არსებობს საფუძველი, ევროპელთა და ამერიკელთა მხრიდან ერთმანეთის სიძულვილისა და რომ თავის დროზე ყველა ამერიკელი ევროპელი იყო (თეთრი ამერიკელები იგულისხმება, ალბათ). ასევე საინტერესოა, რა რეზონანსი გამოიწვია ამ ამბავმა სხვადასხვა სტატუსისა თუ პროფესიის ადამიანებში პარიზში. სნობი, პარანოიკი, ნარცისი, მარკეტინგის თანამშრომელი და ა.შ., ყველა თავისებურ რეპლიკას წამოისვრის, ერთი დამწუხრებული ქალბატონი კი უბრალოდ ამბობს:

„ჩემს ამერიკელ მეგობრებს უნდა დავურეკო, ვიკითხო მათი ამბავი!“

ელვის სისწრაფით ჩავიკითხე წიგნის სტრიქონები. დამდნარი ლითონის უზარმაზარი მასა, აალებული ნაყინის მანქნები, შოკში ჩავარდნილი თანამშრომლები, მწყობრიდან გამოსული ლიფტები, სახურავზე ასასვლელი ჩაკეტილი კარი, მაშველთა ამაო ლოდინი და ვინ იცის, კიდევ რამდენი რამ იპყრობს მკითხველის გაფაციცებულ ყურადღებას, ან კიდევ, ის ბრაზილიელი მწეველი კაცი რად ღირს, განაწყენებული რომ გამოდის შენობიდან აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე – მოწევა მხოლოდ შენობის გარეთაა ნებადართული და ისიც დემონსტრაციულად ტოვებს იქაურობას და ლიფტისკენ მიეშურება. ალბათ, მთელი ცხოვრება მოსაგონრად ექნება კაცს ასეთი იღბლიანი განაწყენება!

საინტერესოა, როგორ იქცევიან სიკვდილის მოახლოებისას ადამიანები: ვინ ასდოლარიანების შეკვრას გადმოისვრის ცათამბჯენიდან და თავადაც სიცილ-ხარხარით გადმოფრინდება, ვინ სექსში ჰპოვებს უკანასკნელ ბედნიერებას… ვინ სასიყვარულო გზავნილებით ანუგეშებს გულისსწორს და ბოდიშს უხდის, რომ უფრო მეტად არ დააფასა თავის დროზე მისი სიყვარული.

უკვე ირკვევა, რომ ეს უბედური შემთხვევა კი არა, ტერორისტული აქტია და აქაც ეგზისტენციალური სიტყვა გაისმის ერთ-ერთი თანამშრომლისგან: „ვის შეიძლებოდა ეს ჩაედინა? ვისაც გინდა! ამერიკა იმდენ ადამიანს სძულს, მათ შორის ამერიკელებსაც. …რატომ უნდა ებრძოლო დანარჩენ მსოფლიოს, თუ ის ისედაც არ არსებობს შენთვის. სისულელე, აბსურდი…“

ტურისტული თვალითაც გიპყრობს ეს ყოველივე, რადგან მაინც უცხოელის დაწერილია და თუ თავად არ გინახავს, მეტად თვალსაჩინოდ აღწერს ცათამბჯენის სიახლოვეს განცდილ შეგრძნებებს: „…ქუჩა დერეფანს ჰგავდა, რომელსაც აქეთ-იქით მაღალი შენობები კედლებივით მიუყვებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთის გიჟმაჟმა მდინარემ კანიონის ფსკერზე ჩამიტანა, თავი ქალაქში კი არა, უფსკრულის ძირში მეგონა.“ ან კიდევ: „ამ ორი ბეტონის კოლოსმა უბრალოდ კი არ გამაოგნა, არამედ ფიზიკურად დამთრგუნა. …ძალა, რომელიც ამ ცათამბჯენების შემქმნელთა შთაგონების წყაროდ იქცა, არ შეიძლება ადამიანს ეკუთვნოდეს. თუმცა კოლონებს შორის დაშორება ისეთი იყო, იფიქრებდი, არქიტექტორმა მამაჩემის მხრების სიგანით გაზომაო.“

ასე და ამგვარად, ბევრი სახალისო მომენტიცაა წიგნში, რაც ავტორს, უთუოდ, დამსახურებად უნდა ჩავუთვალოთ. თავშესაქცევი საკითხავი ტრაგიკულ თემაზე, ალბათ ასეც შეიძლებოდა გვეწოდებინა…