ჰერმან ჰესეს ბრძნული აზრები

11 Nov

ჰერმან ჰესეს ბრძნული აზრები
ჰ. ჰესეს ბრძნული აზრები

მგონი უკვე მითქვამს, ჰერმან ჰესე თუ რაოდენ პატივსაცემი მწერალი და პიროვნებაა ჩემთვის. გარდა ნაწარმოებებისა, აღტაცებაში მოვყავდი მის მიერ სხვადასხვა თემაზე გამოთქმულ აზრებს, რაც ჩემს აზროვნებასთან თითქმის თანხვედრაში მოდიოდა. დღეს გადავწყვიტე, ზოგიერთი მათგანი შემოგთავაზოთ. მაგალითად, წიგნის კითხვის შესახებ ამბობს, რომ ზოგიერთს ძალზე ეძნელება კითხვა, მაგრამ კითხულობს იმისათვის, რომ აქედან განათლება უნდა მიიღოს, რაც ასე აუცილებელია, მეორენი კითხულობენ გასართობად, დროის მოსაკლავად და, ამდენად, მათთვის სულ ერთია, რას წაიკითხავენ. ეს მეხსიერებით აღდგენილი მოსაზრება იყო, ახლა მოდით, მივყვეთ ჰესეს სიტყვებს:

უგუნური და გაფანტული განწყობით კითხვა, ეს იგივეა, რაც მშვენიერ გარემოში თვალახვეული სეირნობა. უნდა ვიკითხოთ არა იმისთვის, რომ დავივიწყოთ საკუთარი თავი და ჩვენი ყოველდღიურობა, არამედ, რათა უფრო ძლიერ შევინარჩუნოთ ცხოვრების საზრდელი კიდევ უფრო მოწიფული ცნობიერებით.
წერილიდან „კითხვის შესახებ“.

რელიგიაზე

…ხშირად მეუბნებიან, რომ დღეს ღვთისმოსავი (მოწიწებული) ადამიანები აღარ არსებობენ. მაშინ, ასევე მშვენივრად შეგვეძლო გვეთქვა, რომ დღეს არავითარი მუსიკა და აღარავითარი ცისფერი ზეცა აღარ არსებობს. მე ვფიქრობ, ბევრი ღვთისმოსავია ირგვლივ. თავად მეც ასეთი ვარ, მაგრამ ყოველთვის ასეთი როდი ვიყავი.
…ღვთისმოსაობა სხვა არაფერია, თუ არა ნდობა. ნდობა კი გააჩნია ყოველ ჩვეულებრივ, ჯანსაღ, კეთილგანწყობილ ადამიანს, ბავშვს, ველურს.
…ნდობა საკუთარი თავისადმი არის დასაწყისი. არა ანგარიშსწორებით, დანაშაულით
(ან: ცოდვით) და შებღალული სინდისით, არც თვითგვემითა და მსხვერპლშეწირვით მოიპოვება რწმენა. ყველა ეს მცდელობანი იმ ღმერთისადმია მიმართული, რომლებიც ჩვენს გარეთ ცხოვრობენ. ღმერთი, რომლისაც ჩვენ უნდა გვწამდეს, ჩვენშია. ვინც საკუთარ თავს უარს ეუბნება, ის ღმერთს თანხმობას ვერ ეტყვის.

ჩემთვის ჰუმანისტური იდეალი რელიგიურზე მეტად სათაყვანებელი როდია, და ასევე არც რელიგიებს შორის მივანიჭებდი რომელიმეს უპირატესობას. სწორედ ამიტომ არ შემეძლო თავი რომელიმე ეკლესიის კუთვნილებად ჩამეთვალა, რადგან იქ სულის სიმაღლე და თავისუფლება არ არის, რადგან ყოველი მათგანი თავს საუკეთესოდ, ერთადერთად მიიჩნევს და ყოველ იმ ადამიანს კი, ვინც მათ არ ეკუთვნის, გზააბნეულად თვლიან.
წიგნიდან „რჩეული წერილები“.

აზარტულ თამაშებზე

დიახ, ფულზე თამაში მიმზიდველი და სასიკეთო მეჩვენებოდა, მაგრამ მაინც ვაიძულებდი თავს, მის ჩრდილოვან მხარეებზეც დავფიქრებულიყავი, უფრო სწორად, საკუთარ თავზე გამომეცადა მისი გავლენა. …მე თუ მკითხავთ, სავსებით უმართებულოა ის აზრი, რომ ამ დროს ადამიანს ემუქრება იოლი გამდიდრების საფრთხე და ამიტომ შესაძლოა, მან პატიოსანი შრომისადმი პატივისცემა დაკარგოს; ამასთანავე თითქოს მოთამაშე იმ საფრთხის წინაშე იდგეს, რომ მთელ ფულს წააგებს, ხოლო სათამაშო ბურთულებისა და მონეტების ბზრიალ-ტრიალის თვალმოუშორებლად ყურება მოთამაშეს აკარგვინებს მთელი ბურჟუაზიულ-ეკონომიკური მორალის საფუძველთა საფუძვლის – ფულისადმი უსაზღვრო მოწიწებას.
…ეს ყოველივე ანგარიშგასაწევია, მაგრამ არა მგონია, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
საფრთხე ეგზომ სერიოზული იყოს. როგორც ფსიქოლოგს, მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი სულით ავადმყოფი სულაც არ იგრძნობს თავს უბედურად, თუ მას უეცრად ხელიდან გამოეცლება მთელი ქონება და დაეკარგება ფულის სიწმინდისადმი რწმენა, ვფიქრობ, სწორედ ეს უნდა იყოს მისთვის ერთადერთი უტყუარი ხსნა. …თამაშის ნაკლი მხოლოდ ის არის (და ამით აზარტული თამაშები საოცრად ჰგავს ალკოჰოლიანი სასმელებით გაბრუებას), რომ ამ დროს ადამიანი გარეშე გამაღიზიანებლებით აღიგზნება და ეს აღგზნება წმინდა მექანიკური და მატერიალური ხასიათისაა.
წიგნიდან „დამსვენებელი“ (თარგმანი ნანა გოგოლაშვილისა).

ადამიანის ინდივიდუალურ ბუნებაზე

ყოველ ადამიანს თავისი სამშვინველი აქვს, რომელიც შეუძლებელია სხვაში აგერიოს.
ორ ადამიანს შეუძლია ერთად იაროს, ისაუბრონ, ერთად იყვნენ. მაგრამ მათი სამშვინველები ყვავილებივითაა, ყველას თავისი ფესვები აქვს, ვერც ერთი მივა მეორესთან, მაშინ ფესვები უნდა მიატოვოს და სწორედ ეს არ შეუძლია. ყვავილები თავის სურნელსა და თესლს აგზავნიან, რადგან ერთმანეთთან უნდათ; თესლი რომ სწორ ადგილას მოხვდეს, ამისათვის ყვავილი ვერაფერს იზამს, ამას ქარი უზრუნველყოფს, და ისიც მიჰქრის და მოჰქრის თავის ნებაზე.
მოთხრობიდან „კნულპი“.

რას არ უწოდებენ ჰესეს მკითხველები მთელ მსოფლიოში: მისტერიული და ეგზოტიკური; ღრმა და ზედაპირული ერთდროულად; ელეგანტური და მარტივი, სტილის მხრივ; კლასიკური გიტარისტი; მთამსვლელი; პოტენციური წმინდანი; პაციფისტურად განწყობილი და ა. შ. არ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ერთი ადამიანისთვის ძალზე ბევრია?

9 Responses to “ჰერმან ჰესეს ბრძნული აზრები”

  1. nancygaladriel November 11, 2013 at 5:51 pm #

    ჰესემ იმხელა გარდატეხა მოახდინა ჩემში,რომ უკვე დიდი ხანია რომელ მწერალსაც არ უნდა გავეცნო,მასზე ახლოს ვერავინ მოდის ჩემს შინაგან სამყაროსთან.
    უიშვიათესი და უგენიალურესი მწერალი,ადამიანი და შემოქმედია.

  2. katerina November 11, 2013 at 9:11 pm #

    ეს ყველაფერი ერთი ადამიანისთვის ძალზე ბევრია?-თუ ჰესეზეა ლაპარაკი, ბევრი კი არა ცოტაა🙂 მახსოვს ემოცია “ტრამალის მგლის” მერე, ორი ღამე არ მეძინა…

  3. rusa111 November 12, 2013 at 5:33 am #

    ეს ყველაფერი ბევრია, რადგან ერთი ადამიანი ამდენს იტევს. გეთანხმებით მეგობრებო,
    სწორედ ამის თქმა მსურდა, რაოდენ მნიშვნელოვანია ჰესე ჩემთვის!

  4. Kejeradze November 12, 2013 at 10:55 am #

    ჩველებრივი ადამიანისთვის ბევრია, ჰესესთვის – ცოტა🙂 გერმანული ლიტერატურა თავისთავად გამორჩეული მგონია, ჰესე – გამორჩეული გამორჩეულთა შორის.

  5. rusa111 November 12, 2013 at 12:46 pm #

    მხოლოდ აქ ჩამოთვლილით ნუ იმსჯელებთ, ჰესემ ზომაზე მეტი იცხოვრა და შექმნა. იღვაწა და ბევრიც იტანჯა. ყოველთვის წარმატებული როდი იყო. ომის წლებში სამშობლოს მოღალატედაც კი შერაცხეს.

  6. lia111 November 23, 2013 at 12:28 pm #

    ბევრიც არის და ცოტაც. ჰესეს სამყარო ამოუცნობი და წინააღმდეგობებით სავსეა. ჩემთვის ეს სამყარო ახლობელია.

  7. Nino December 20, 2013 at 11:44 am #

    Hesse mec miyvars, marTla brZenia!

  8. პოლის ბლოგი February 19, 2014 at 11:28 pm #

    Reblogged this on პოლის ბლოგი.

  9. პოლის ბლოგი February 19, 2014 at 11:29 pm #

    ოჰ, ჩვენი ‘მგელუკა’❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: