ლიონ ფოიხტვანგერის “ცრუ ნერონი”

22 Oct

ლიონ ფოიხტვანგერის „ცრუ ნერონი“

ცხრა დედ-მამის შვილიდან უფროსი ვაჟი, გერმანული აზროვნების გენიის მნიშვნეელოვანი წარმომადგენელი ლიონ ფოიხტვანგერი 1884 წლის 7 ივლისს მიუნხენში დაიბადა. გერმანისტიკას, ფილოსოფიას და ანთროპოლოგიას სწავლობდა მიუნხენისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. წიგნის თაროდან მისი რომანი შემომეფეთა და სიამოვნებით გადავიკითხე, მითუმეტეს, რომ ცხოვრების ამაოება და ადამიანთა თვალთმაქცობა ყველა დროისათვის აქტუალური, და აქედან გამომდინარე, მარადიული თემებია. 1935/36 წლებში შექმნილი რომანი „ცრუ ნერონი” ისტორიული ალეგორიებით აზროვნების შესანიშნავი მაგალითია. მოგეხსენებათ, რომანის შექმნის წლები ჰიტლერის ძალაუფლების აღზევების პერიოდია. ავტორმა მასში ძალადობრივი ხელისუფლების წარმავალობა იწინასწარმეტყველა და სატირულად აღწერა იგი.
მოქმედება რომის იმპერიასა და მის აღმოსავლეთ ნაწილ შუამდინარეთში ხდება, ძირითადად მესოპოტამიაში. როგორც ჩანს, ოდითგანვე პირადი მტრობა იყო ხშირად სახელმწიფოებრივი დაპირისპირების მიზეზი. სწორედ ამ მიზნით დაჭირდა პოლიტიკოსთა ერთ ნაწილს ნერონის „მკვდრეთით აღდგომა“, რომელიც აღმოსავლეთში – მესოპოტამიის ქალაქ ედესაში იყო დაბანაკებული. ამისთვის მექოთნე ტერენციუსი, მისი იმპერატორთან საოცარი მსგავსების გამო, მშვენივრად გამოიყენეს. ეს ყოველივე სენატორ ვარონს მოუვიდა თავში აზრად; ჯერ კიდევ ნერონის სიცოცხლეში, მან აღმოაჩინა ტერენციუსის საოცარი მსგავსება იმპერატორთან და გართობის მიზნით, წარუდგინა კიდეც მბრძანებელს. „ ერთ მშვენიერ დღეს, როცა ხელდებული ტერენციუსი ვარონს ეახლა, განცვიფრებულმა ვარონმა დაინახა, რომ ეს სახემოღრუბლული მექოთნე ტყუპის ცალივით ჰგავდა პირქუშ იმპერატორს. ნერონიც ასევე ბეცი იყო, ასევე იჭმუხნიდა შუბლს და ქვედა ტუჩსაც ასევე სწევდა წინ. სენატორს ჩინებული აზრი დაებადა. ჟინიანი იმპერატორისთვის ახალ-ახალი გასართობები უნდა გამოენახათ; და ვარონმა მექოთნეს უბრძანა, პალატინზე გამოცხადებულიყო იმპერეტორ ნერონთან წარსადგომად.“ მას შემდეგ ტერენციუსი არაერთხელ გამოცხადებულა იმპერატორის წინაშე: ბაძავდა მას სიარულში, მიმიკებით, ხმით, რაზეც იმპერატორი ძალზე ხალისობდა.
როგორც ვთქვით, პირადი მტრობა ხშირად იყო კინკლაობის საბაბი პოლიტიკოსთა შორის. რომანში ასეთ დაპირისპირებულ ორ მხარეს წარმოადგენს ერთი მხრივ სენატორი ვარონი და მეორე მხრივ საიმპერატორო პროვინცია სირიის გუბერნატორი ცეიონი. ვარონი მუდამ სარგებლობდა იმპერატორ ნერონის ყურადღებით და მასთან დაახლოებული პირი იყო, ხოლო ცეიონი კი ვერაფრით დაუმეგობრდა მას. ახლა, რადგან ქვეყანას გონებაშეზღუდული მმართველები ჰყავდა, ვარონის აზრით, ამიტომაც გაიკეთა ცეიონმა დიდებული კარიერა და გუბერნატორი გახდა. ამ ორ ადამიანს სძულდა ერთმანეთი, თუმცა სკოლის ამხანაგები იყვნენ. სწორედ გუბერნატორზე შურისსაძიებლად გამოიყენა ვარონმა ცრუ ნერონი.
ვარონი ახალგაზრდა მეფე ფილიპეს ეუბნება: „თუ რომს ყველაფერზე დავეთანხმებით, დღეს თუ ხვალ შთაგვნთქავს, … მაგრამ თუკი ამ მაცდუნებელ საბაბს ჩავეჭიდებით, და წინააღმდეგობას გავუწევთ, ვინ იცის,იქნებ მაშინაც,მაგრამ … ჯობია ახლა გვქონდეს მეათედი შანსი, ვიდრე მომავალში – არავითარი.“ ან კიდევ სხვაგან ასე ამბობს: „თუკი აღმოსავლეთი დაინახავს, რომ ნერონი ცოცხალია, …მაშინ მარტო მისი სახელიც და არსებობაც კი რომისთვის განუწყვეტელი მუქარა იქნება…“
ნერონი, იულიუს კეისრის უკანასკნელი შთამომავალი, თუმცა დიდი გონიერებით არ გამოირჩეოდა სამხედრო საქმეში, მაგრამ სამაგიეროდ , თავისი გულუხვობის გამო, ჯარისკაცებს იგი უყვარდათ. საჩუქრებით აღფრთოვანებული ჯარი ცრუ ნერონსაც ადვილად მიემხრო. კაპიტან ტრებონზე (ვინც მოგვიანებით მთავარსარდალი გახდა,) შემდეგ მოსაზრებას ვხვდებით წიგნში: „მან, რა თქმა უნდა, კარგად იცოდა, რომ ეს კაცი ნამდვილი იმპერატორი არ იყო; მიუხედავად ამისა, მაინც ისე მეფურად იჯდა და ამ ამბავმა კიდევ უფრო მოხიბლა ტრებონი. მან ამ გვირგვინის წინაშე ჯარისკაცული მოკრძალება იგრძნო,იგრძნო, რომ ისინი ერთმანეთისთვის არიან გაჩენილნი და თანამზრახველნი იქნებიან. და ნებაყოფლობით დაემორჩილა, როგორც ყაჩაღები ემორჩილებიან ხოლმე თავიანთ ატამანს.“ თავის მხრივ „ნერონიც“
კმაყოფილი იყო ამ არჩევანით: „ტერენციუსი ყველა პატარა კაცის დარად, მუდამ რჩეული საზოგადოებისკენ მიილტვოდა, მაგრამ ნამდვილ თავისუფლებას თავის მსგავსთა წრეში გრძნობდა და მას პირველი შეხვედრისთანავე მოეწონა კაპიტანი ტრებონი, როგორც მდაბიოს მოეწონება ხოლმე მდაბიო. … მადლობელი იყო ვარონისა, რომ ლაშქრის მთავარსარდლად სწორედ ეს კაცი გამოუძებნა.“
უცნაური და სახალისო ის არის, რომ პერსონაჟთა უმრავლესობამ იცის ცრუ ნერონის ნამდვილი წარმომავლობის ამბავი, მაგრამ მისი თავდაჭერილობითა და მანერებით მაინც აღფრთოვანებულნი არიან, ეს კიდევ უფრო თავშესაქცევ საკითხავად ხდის ამ წიგნს. ადამიანთა თვალთმაქცობას არა აქვს საზღვარი. ნერონის საყვარელი, კლავდია აქტა, რომელიც რომიდან სირიაში სპეციალურად ჩამოვიდა ამ „ახალი“ ნერონის სანახავად, ცეიონს ეუბნება: „არავისზე არ ვაპირებ „შურისძიებას“, …ვინც სასიკვდილოდ გაწირეს ჩემი მეგობარი და იმპერატორი. მე ვიცი, რომ ნერონი მკვდარია, ჩემი თვალით ვნახე მისი ნეშტი და გახვრეტილი ყელი, საიდანაც სისხლი და სიცოცხლე გამოვიდა. მე დავწვი ცხედარი, …მაგრამ იქნებ ეს მეორე შემიყვარდეს და მაშინ იგი გახდება ნერონი.“
ამ გამოგონილ პოლიტიკოსის თავგასულობა იქამდე მიდის, რომ ადგენს „დასასჯელთა“ სიას, სადაც საკუთარი მეუღლე კაიაც კი შედის. ერთადერთი ადამიანი, ვინც ბოლომდე არ ირწმუნა ტერენციუსის ნერონობა. 318 „დასაჯელიდან“ მხოლოდ 14-მა უშველა თავს, დანარჩენები დახოცეს. ქურუმთუხუცესმა შენიშნა: – ვინც ასეთ სისხლიან ღამეს აწყობს, მას საკუთარი თავის რწმენა დაუკარგავსო. ამ დროისათვის მართლაც დაღმა იყო დაშვებული ტერენციუს-ნერონის ბედის ბორბალი. ამ ამბავმა მისდამი საყოველთაო ზიზღი გამოიწვია.
თუმცა ე. წ. ნერონმა სენატში თავი იმართლა, მართალია, დახოცილთა შორის მისი მეგობრებიც მოჰყვნენ, მაგრამ ის იძულებული იყო ასე მოქცეულიყო, რადგან იმპერიაზე ზრუნავდა და ამით აღკვეთა შეთქმულება. იგი ისე მგზნებარედ ლაპარაკობდა, თავადვე სჯეროდაო ეს ყველაფერი. – გვეუბნება ავტორი.
ეს სისხლიანი ღამე გახდა ნერონ-ტერენციუსის დაცემის დასაწყისი.
ერთი დრო არავის შერჩებაო, როგორც ქართველები იტყვიან, არც ამათ შერჩათ; პირადი კინკლაობით დაწყებული ეს მასკარადიც დასრულდა. მესვეურები მწარედ დაისაჯნენ, მაგრამ მწერალი ბრძნულ შეგონებასაც შეგვახსენებს, რომ „წყვდიადის გარეშე გაუგებარი იქნებოდა სინათლის აზრი.“
ვინც ცრუ ნერონის უკან იდგა, მართალია ვიწრო, მდაბალი ინტერესები ამოძრავებდათ, მაგრამ უნებურად, იმპერიის ორი ნაწილის გაერთიანებას ემსახურებოდნენ: „ის, რაც ნერონისა და მისი მომხრეების უღიმღამო თამაშიდან დარჩა, ეს იყო გაერთიანების იდეა, ბოროტი კი არა, მესიანური. …ბოლოსდაბოლოს ყოველი ცალკეული სიგიჟე ემსახურება გონებას, რომელიც დროს აწესრიგებს და
წინ მიჰყავს იგი.“
ისტორიული რომანის ოსტატი ლიონ ფოიხტვანგერი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხატვრული ხერხებით დასცინის ყოველგვარ ძალადობას და ამ გზაზე არსებულ ფარისევლობასა თუ სიყალბეს. წიგნში ნერონ-ტერენციუსი, კნოპსი და ტრებონი – ბევრის აზრით –, ჰიტლერ, გებელს და გიორინგის ანალოგიაა. მარიონეტული „ქმნილება“, რომელიც ისტორიულად კრიზისულ პერიოდში ტყუილისა და ნახევრად სიმართლის ამაზრზენი ნაზავით და მასების რეალური ინტერესების უგულებელყოფით, გარკვეული პერიოდის მანძილზე ბატონობდა. თანამედროვეებმა წიგნს „დიდ ომში შერკინების მამაცი აღიარება“ (mutiges Bekenntnis zum Ausfechten der grossen Schlacht) უწოდეს. ბ. ბრეხტის აზრით, ფოიხტვანგერი ამ წიგნში საუკეთესო სატირიკოსად მოგვევლინა.
შტეფან ცვაიგისადმი მიწერილ წერილში კი თავად ავტორი ამბობს: „მე მსურდა, რაც შეიძლება ტიპიური ფორმით ამესახა იმ ადამიანის განვითარება, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ დიდად არაა საამისოდ მოწოდებული, მრავალი მილიონი ადამიანის ბედს წარმართავს და განსაზღვრავს. მაგრამ „ცრუ ნერონის“ პოლიტიკური ფონი რამდენად მსგავსი ან საპირისპირო იყო დღევანდელ გერმანიასთან მიმართებაში, ეს ნაკლებად მაღელვებდა…“

9 Responses to “ლიონ ფოიხტვანგერის “ცრუ ნერონი””

  1. rusa111 October 23, 2013 at 3:17 pm #

    მადლობა ცოტნე, წაკითხული გაქვს ფოიხტვანგერი?

    • tsotnee October 24, 2013 at 2:33 pm #

      არა სამწუხაროდ😦 (არც მაქვს რამე), მაგრამ ცრუ ნერონზე იმდენი მსმენია, თან ქარჩხაძის ნათარგმნია.🙂

  2. rusa111 October 24, 2013 at 3:40 pm #

    მეც გვიან დავიწყე მისი კითხვა. მომწონს “გოია” და ტრილოგია იუდეველებზე.
    თვითონაც ებრაელი იყო და ჰიტლერის მიერ დევნილი.

    • tsotnee October 24, 2013 at 4:21 pm #

      ჰო, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, მეც წავიკითხავ!

  3. katerina October 26, 2013 at 3:51 pm #

    ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგად ვიცნობ, ჩემი ნაცნობობა გოიათი და ჰერცოგის უსახური ასულით შემოიფარგლება. საინტერესო იყო.

  4. rusa111 October 28, 2013 at 3:20 pm #

    მადლობა, ძირითადად ისტორიულ თემაზე წერს და ებრაელების პრობლემებზე.

  5. lia111 November 2, 2013 at 3:32 pm #

    დიდი ხნის წინ მაქვს წაკითხული, კარგად აღარც მახსოვს.
    იმ ადამიანთა ბედი, ვინც ბედისწერით აღმოჩნედება ხოლმე რაღაცის სათავეში, რისთვისაც არანაირად მზად არ არის, მართლაც სავალალო და ტრაგიკულია. არანაკლებ ტრაგიკულია მათი ბედი, ვინც ასეთი ცრუ გმირების ქვეშევრდომები ხდებიან ნებით თუ უნებლიედ. ალბათ ყველა დროსა და გარემოს თავისი ცრუ ნერონები ყავს. და არც ჩვენი დრო და ქვეყანაა გამონაკლისი.

  6. rusa111 November 3, 2013 at 9:36 am #

    კლასიკა ამისთვისაც არის მარადიული და ყოველთვის სასიამოვნოა მასთან დაბრუნება.

  7. Nino December 20, 2013 at 11:45 am #

    sainteresoa, magram istoriul wignebs bolo dros aRar vkiTxulob.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: