ჰერტა მიულერი “ცხოვრების ბნელი მხარეები”

28 Sep


ჰერტა მიულერი
ჰერტა მიულერი, გერმანელი მწერალი,პოეტი და ესეისტი დაიბადა 1953 წელს რუმინეთის გერმანულ სოფელში ბანატის რეგიონში, ეს იყო შვაბური კათოლიკური სოფელი. ჰ. მიულერის ნაწარმოებები ძირითადად ეხება ჩაუშესკუს დროინდელ რუმინეთში დიქტატურისგან ჩაგრული ადამიანების ცხოვრებას. ეს რეჟიმი მან თავად გამოსცადა. უშიშროების სამსახურზე უარის თქმის გამო იგი სამსახურიდან დაითხოვეს. შემდეგ დასავლეთ ბერლინში გადასახლდა და დღემდე იქ ცხოვრობს
მეუღლესთან, მწერალ რიხარდ ვაგნერთან ერთად. 2009 წელს მიენიჭა ნობელის პრემია; მას უწოდეს ქალი, რომელიც პოეტური კონცენტრაციითა და პროზაული გულახდილობით აღწერს დაჩაგრულთა პეიზაჟს. ახასიათებს მეტაფორული აზროვნება; ერთი თემის სხვადასხვაგვარად ვარირება; უშუალო გადასვლა რეალურიდან ირეალურ სამყაროში (ვთქვათ, სიზმარში). ყოველგვარი ზედმეტი ემოციებისა და პათეტიკის გარეშე აღწერს უმძიმეს ამბებს.
განსხვავებულია მისი ენობრივი მხარეც, ერთი შეხედვით მარტივი, სინამდვილეში
რთული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მანერით. აქ წარმოდგენილი მოთხრობა არის მისი პირველი წიგნიდან „ცხოვრების ბნელი (ან: პრაგმატული) მხარეები.“

ცხოვრების ბნელი მხარეები
Niederungen

გამოსათხოვარი სიტყვა

ორთქლში გახვეულ მატარებლს სადგურზე ნათესავები მისდევდნენ.
ყოველ ნაბიჯზე მაღლა შემართულ ხელს ენერგიულად იქნევდნენ.
მატარებლის სარკმელთან ახალგაზრდა კაცი იდგა. ფანჯრის მინა მას მკლავებამდე სწვდებოდა. მკერდთან თეთრი გაქუცული ყვავილების თაიგული ეჭირა. სახე გაშეშებოდა. ახალგაზრდა ქალს სადგურიდან ხელში აყვანილი უფერული ბავშვი გამოჰყავდა. ქალი კუზიანი იყო.
მატარებელი ომში მიდიოდა.
ტელევიზორი გამოვრთე.
მამა შუა ოთახში კუბოში იწვა. კედლებზე იმდენი სურათი ეკიდა, რომ კედელი აღარ ჩანდა. ერთ სურათზე მამა იმ სკამის ნახევარი სიმაღლისა იყო, რომელსაც ჩაბღაუჭებოდა. ტანზე კაბა ეცვა და ასე იდგა თავისი მოგრეხილი და მსუქანი, ნაკეცებიანი ფეხებით. მსხალივით თავი ჰქონდა და სულ მთლად მოტვლეპილი.
მეორე სურათზე მამა ნეფე იყო. აქ მას მხოლოდ მკერდის ნახევარი მოუჩანდა. მეორე ნახევარი თეთრი, გაქუცული ყვავილების თაიგულს წარმოადგენდა, რომელიც დედას ხელში ეჭირა. თავები ერთმანეთისთვის ისე ახლოს მიედოთ, რომ მათი ყურის ბიბილოები ერთმანეთს ეხებოდა.
ერთ-ერთ სურათზე მამა სარივით გაჭიმული იდგა ღობის წინ. მისი მაღალყელიანი ფეხსაცმელების ქვეშ თოვლი იდო. თოვლი იმდენად თეთრი იყო,
რომ მამა თითქოს სიცარიელეში იდგა. ხელი მისალმების ნიშნად, თავს ზემოთ ჰქონდა აწეული. პიჯაკის საყელოზე რუნები ჰქონდა გამოსახული.
სურათზე, რომელიც გვერდით ეკიდა, მამას მხრზე თოხი ჰქონდა გადებული. უკან სიმინდის ღერო მოჩანდა, ზეცისკენ რომ აღმართულიყო.
მამას თავზე ფარფლებიანი ქუდი ეხურა, ქუდი ფართო ჩრდილს ქმნიდა და სახეს უფარავდა.
მომდევნო სურათზე მამა სატვირთო მანქანის საჭესთან იჯდა. მანქანა პირუტყვით იყო დატვირთული. მამას ყოველ კვირას საქონელი გადაჰყავდა ქალაქის სასაკლაოზე. მას თხელი სახე ჰქონდა მკვეთრი კონტურებით.
ყველა სურათში მამა შუა მოძრაობაში, რაღაც მიმიკით იყო გაშეშებული. ყველა მათგანში ისე გამოიყურებოდა, თითქოს არ იცოდა, შემდეგ რაღა უნდა ექნა. მაგრამ მამამ ყოველთვის იცოდა, რაც უნდა ექნა. ამიტომაც ყველა ეს სურათი ყალბი იყო. მრავალი ყალბი სურათის, მისი ყველა ყალბი სახის გამო, ოთახში სიცივემ დაისადგურა. მე სკამიდან წამოდგომა მსურდა, მაგრამ ჩემი კაბა ხეს მიეყინა. კაბა შავი და გამჭვირვალე იყო. როცა ადგილიდან წამოდგომას დავაპირებდი, ტკაცუნობდა. მე მასში, როგორც მინაში ჩამოსხმული, ისე ვიჯექი. მაინც წამოვდექი და მამას სახეს ხელი შევახე. ის კიდევ უფრო ცივი იყო, ვიდრე ოთახში მყოფი საგნები. გარეთ ზაფხული იდგა. ბუზები ფრენისას ჭუპრებს ყრიდნენ. სოფელი ფართო ქვიშიანი გზის გასწვრივ გადაჭიმულიყო. ეს გზა იყო ცხელი და მოყავისფრო და ადამიანს თავისი ბრჭყვიალებით თვალებს წვავდა. სასაფლაო ქვა-ღორღიანი იყო. საფლავებზე დიდი ქვები ეწყო. როცა ძირს დავიხედე, შევნიშნე, რომ ფეხსაცმლის ძირები გვერდზე მომქცეოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში თურმე საკუთარი ფეხსაცმლის თასმებს ვაბიჯებდი. მათი ბოლოები – გრძელი და სქელი – ქუსლებს უკან ერთმანეთში გადახლართულიყო.
ორმა მობარბაცე პატარა კაცმა კატაფალკიდან კუბო გადმოიღო და ორი გახეხილი თოკით საფლავში ჩაუშვა. კუბო ქანაობდა. მათი მკლავები და თოკები თანდათან უფრო გრძელდებოდა. მშრალი ამინდის მიუხედავად, საფლავი წყლით იყო სავსე.
„მამაშენის სინდისზე ბევრი მიცვალებულია,“ – მითხრა მთვრალი კაცებიდან ერთ-ერთმა.
მე კი მივუგე: „ის ომში იყო. ყოველი ოცდახუთი მოკლულისთვის ჯილდოს აძლევდნენ. მან ბევრი ჯილდო ჩამოიტანა.“
„ჭარხლის ერთ ველზე მამაშენმა ქალი გააუპატიურა. – თქვა პატარა კაცმა. – ოთხ
სხვა ჯარისკაცთან ერთად. მამაშენმა ქალს ფეხებს შორის ჭარხალი შეურჭო. როცა წამოვედით, ქალს სისხლი მოსდიოდა. ის რუსი იყო. მას შემდეგ ჩვენ ყველანი მთელი კვირების მანძილზე ყოველგვარ იარაღს ჭარხალს ვეძახდით.“
„გვიანი შემოდგომა იდგა, – თქვა პატარა კაცმა. – ჭარხლის ფოთლები ყინვისაგან
შავი და მოჭმუჭნული იყო.“ – და შემდეგ ამ პატარა კაცმა საფლავზე მოზრდილი
ქვა მიიტანა.
მეორე მთვრალმა პატარა კაცმა საუბარი განაგრძო: „ახალ წელს ერთ გერმანულ პატარა ქალაქში ოპერაში ვიყავით. მომღერალი ქალი ისე გამგმირავი მკივანა ხმით მღეროდა, როგორც მაშინ იმ რუსმა ქალმა იყვირა. ჩვენ რიგრიგობით დავტოვეთ დარბაზი. მამაშენი ბოლომდე დარჩა. მას შემდეგ ის კვირების მანძილზე ყველა სიმღერას ჭარხალს ეძახდა და ყველა ქალსაც ასევე – ჭარხლს.“
პატარა კაცმა არაყი გადაჰკრა. და მუცელში სასმელი აუბუყბუყდა. „მუცელში იმდენი არაყი მაქვს, რამდენიც გრუნტის წყლებია საფლავებში.“ – თქვა პატარა კაცმა. შემდეგ მანაც ერთი მსხვილი ქვა საფლავზე მიიტანა.
თეთრი მარმარილოს ჯვრის გვერდით სასაფლაოს ორატორი იდგა. ის ჩემკენ წამოვიდა. ორივე ხელი კოსტუმის ჯიბეში ჰქონდა ჩამალული. ორატორს ღილკილოში ხელისგულისოდენა ხავერდოვანი ვარდი ჰქონდა გარჭობილი. როცა გვერდით მომიდგა, პიჯაკის ჯიბიდან ერთი ხელი ამოიღო. ეს მომუშტული ხელი იყო. მას თითების გასწორება უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო. ტკივილისაგან თვალები გაუსივდა. და იგი თავისთვის ჩუმად ატირდა.
„ამ სოფლის ხალხთან (შენიანებთან) ომში ვერაფერს გახდები, ისინი ბრძანებას არ ემორჩილებიან.“ – თქვა მან.
შემდეგ ორატორმაც ერთი მომსხო ქვა საფლავზე მიიტანა.
ახლა სქელი კაცი მომიდგა გვერდით. მას რუმბივით თავი ჰქონდა და ყოვლად უსახური იყო.
„მამაშენი წლების განმავლობაში ჩემ ცოლთან იწვა, – თქვა მან. – სიმთვრალეში გამომტეხა და ფული მომპარა.“
იგი ერთ-ერთ ქვაზე ჩამოჯდა.
შემდეგ ვიღაც ნაოჭებიანი, ჩამომხმარი ქალი მომიახლოვდა, მიწაზე დააფურთხა და – ფუიო – მითხრა.
საფლავის მეორე ბოლოში მგლოვიარეთა კრებული იდგა. საკუთარ სხეულზე დავიხედე და შემეშინდა, რადგან მკერდი მომიჩანდა. გავიყინე. თვალები ყველას

ჩემკენ მოეპყრო. – ცარიელი თვალები. ეს იყო მხოლოდ მგესლავი (მჩხვლეტავი) გუგები ქუთუთოების ქვეშ.
კაცებს მხარზე თოფები ეკიდათ და ქალები კი, კრიალოსნებს აწკაპუნებდნენ.
ორატორი თავის ვარდს აწვალებდა. მან ვარდს ერთი წითელი ფურცელი
მოწყვიტა და შეჭამა.
შემდეგ ხელით ნიშანი მომცა. ვიცოდი, რომ ახლა სიტყვით უნდა გამოვსულიყავი. ყველამ მე შემომხედა.
თავში აზრად არაფერი მომდიოდა. თვალები ყელის გავლით, შუბლზე ამივიდა.
ხელი პირთან მივიტანე და თითები მოვიკვნიტე. ხელის გულზე საკუთარი კბილების ანაბეჭდები მოჩანდა. კბილები გამიხურდა. პირის კუთხეებიდან სისხლი მხრებისკენ მოწვეთავდა. ქარმა კაბის ერთი სახელო გამიხია. ის ჰაერში ფრიალით გამოეკიდა, თან შავი…
ერთმა კაცმა თავისი ჯოხი მსხვილ ქვაზე მიაყუდა. თოფი დაუმიზნა და სახელოს ესროლა. როცა სახელო ჩემს წინ დაეცა, ის მთლად სისხლში იყო ამოსვრილი. მგლოვიარეთა კრებულმა ტაში დასცხო.
მკლავი გამიშიშვლდა. ვგრძნობდი, ჰაერზე როგორ მიქვავდებოდა.
ორატორმა ნიშანი მისცა. ტაში მიწყნარდა.
„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი თავყრილობით (თემით). ჩვენი გულმოდგინება (მოხერხება) გვიცავს დაღუპვისაგან. არავის მივცემთ ჩვენი გალანძღვის უფლებას, – თქვა მან. – არ დავუშვებთ საკუთარი სახელის გატეხვას. ჩვენი გერმანული თემის სახელით, შენ სიკვდილი მოგესაჯა.“
თოფები ყველამ ჩემკენ მომართა. თავში გამაყრუებელი სროლის ხმა მიტრიალებდა.
დავეცი, მაგრამ მიწამდე არ მიმიღწევია, ჰაერში მათ თავებზე ირიბად გაწოლილი დავრჩი. ჩუმად კარს ხელი ვკარი. დედაჩემმა ყველა ოთახი დაასუფთავა (დააცარიელა).
იმ ოთახში, სადაც გვამი იმყოფებოდა, ახლა ერთი გრძელი მაგიდა იდგა. ეს იყო სასაკლაო მაგიდა. მასზე ერთი ცარიელი თეთრი თეფში და გაქუცული ყვავილების თეთრი თაიგულიანი ვაზა იდგა.
დედას შავი გამჭვირვალე კაბა ეცვა. ხელში დიდი დანა ეჭირა. დედა სარკესთან მივიდა, დიდი დანით თავისი ჭაღარა მსხვილი ნაწნავი მოიჭრა. ორივე ხელით მაგიდასთან მიიტანა და ერთი ბოლოთი თეფშზე დადო.
„მთელი ჩემი ცხოვრება შავებში ვივლი.“ – თქვა მან. ნაწნავის ერთ ბოლოს ცეცხლი წაუკიდა. ნაწნავი მაგიდის ერთი ბოლოდან მეორემდე აღწევდა და ასაფეთქებელი მავთულივით იწვოდა. ცეცხლი გიზგიზებდა და იქაურობას ნთქავდა.
„რუსეთში თმები გადამპარსეს. ეს ყველაზე ნაკლები სასჯელი იყო, – თქვა მან. შიმშილისაგან ვბარბაცებდი. ღამით ჭარხლის ველზე მივბობღავდი. დარაჯს თოფი ჰქონა გადაკიდული. რომ დავენახე, მომკლავდა. მინდორზე ფოთოლიც არ იძროდა. გვიანი შემოდგომა იყო, ჭარხლის ფოთლები გაშავებული და მოჭმუჭნული იყო ყინვისაგან.“
დედას ვეღარ ვხედავდი. ნაწნავი ჯერ კიდევ იწვოდა. ოთახი კვამლით იყო სავსე.
„მათ შენ მოგკლეს,“ – მითხრა დედაჩემმა.
ჩვენ ერთმანეთს ვეღარ ვხედავდით, ოთახში იმდენი კვამლი იდგა. მე მისი ნაბიჯების ხმა ახლოს მესმოდა. გაწვდილ ხელებს მისკენ ვაცეცებდი. თავისი გამხმარი ხელით ერთბაშად თმებში მწვდა. თავს მიჯანჯღარებდა. მე ვყვიროდი.
თვალები გადმოვქაჩე. ოთახი დატრიალდა.
თეთრი, გაქუცული ყვავილების წრეში ვიწექი და ჩაკეტილი ვიყავი.

შემდეგ ისეთი გრძნობა მქონდა, რომ საცხოვრებელი კორპუსი გადაყირავდებოდა
და მიწაში ჩაიცლებოდა.
მაღვიძარამ დარეკა. შაბათი დილა იყო, ექვსის ნახევარი.

გერმანულიდან თარგმნა რუსუდან ბეჟაშვილმა.

8 Responses to “ჰერტა მიულერი “ცხოვრების ბნელი მხარეები””

  1. katerina October 25, 2013 at 5:27 pm #

    გადავირიე, ისე მომეწონა!!! ძალიან, ძალიან მაგარი მოთხრობაა!!! მადლობა

  2. rusa111 October 26, 2013 at 2:23 pm #

    რას ლაპარაკობ, ხალხს შეეშინდა. ეს რა ტიპის ქალიაო (მწერალი).
    მართლა მაგარი ვინმეა, ოღონდ საშიში სიუჟეტები აქვს. რა ქნას მძიმე ცხოვრება ჰქონდა!..

    • Anonymous October 28, 2013 at 10:44 pm #

      ის კადრები მაქვს ნანახი, ჰერტა მიულერს ნობელის პრემიას რომ გადასცემენ:

      დგას კაფანდარა, უცნაურად დაბნეული , მოულოდნელობისგან ჯერ გონზე ვერ მოსული, თითქოს ნათხოვარ, თუ ძონძების მაღაზიაში ნაუცბათევად ნაყიდ კაბაში გამოხვეული მწერალი ქალი შვედეთის დიდი ქალაქის მაღალი საზოგადოების წინაშე. თავს უკრავს მკაცრი ფეისკოდით შემოსილ პუბლიკას, ლამის წელში იხრება, მერე სწორდება და ცდილობს მომენტისთვის შესაფერისი ღირსების გამომხატველი მზერა შეინარჩუნოს. გამოსდის კიდეც , მაგრამ მახვილი თვალი აუცილებლად შენიშნავს ტუჩის დაშვებულ კიდეებს. არა, უკმაყოფილო ვერ იქნება ის ამ წუთებში, შეუძლებელია. ალბათ , გაოგნებული უნდა იყოს ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებით და კიდევ რამდენჯერმე თავს უხრის შეკრებილ პუბლიკას, ქალბატონისთვის ზედმეტად შეუფერებლია მისი ასეთი თავმდაბლობა.

      ასე მხოლოდ სოცსისტემაში ნაცხოვრები ადამიანები იქცევიან , ძალადობაგამოვლილები, მორჩილებას მიჩვეულები, სიამაყედაკარგულები.. . ჰერტა მიულერიც არ ჰგავს ჭეშმარიტ გერმანელს , მისი გერმანული სხვაგვარად ჟღერს, ერთდროულად უცხო და მშობლიურია. . .

      ენა აახლოებს და აშორებს ადამიანებს ერთმანეთისაგან, ენა წარმოშობს კონფლიქტებსა და მერე მათ მოგვარებას ცდილობს… ცხოვრების ბნელი მხარეების , თუ ზოგადად დედამიწაზე არსებული ბნელი ადგილების აღწერა გერმანულ ენას საუკეთესოდ ხელეწიფება, მისი სინტაქსი ისეთი მოქნილია და დახვეწილი, რომ რეალობა და სიზმარი გრიმების ბრუტალური , პირველწყარო- ზღაპრების სამყაროს უახლოვდება . რა საჭიროა კუდიანი დედაბერი, როცა არსებობს კოლექტიური მორალი, რომელიც ინდივიდის ბედს წყვეტს და განაჩენი გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მერე რა, რომ სიზმარი და ცხადი ერთმანეთს მთვრალი კაცებივით , თუნდაც მთვრალი ქალებივით გადახვევიან და მწერალი ამაოდ ცდილობს მათ დაშორებას. . . მე ამ ამბის გაგრძელებას ველოდები, რუსუდან.

  3. rusa111 October 29, 2013 at 3:59 pm #

    ჰო, განსხვავებული გერმანულია, გეთანხმები. თუმცა მისთვის მშობლიური ენაა. რუმინულად დღესაც აქცენტით საუბრობსო, ამბობენ.
    ამბის გაგრძელებას რაც შეეხება, ეს ერთი მოთხრობაა წიგნიდან Niederungen, თუმცა მთარგმნელების ჯგუფი ვაპირებთ მოთხრობები დავინაწილოთ და მთელი წიგნი ვთარგმნოთ, თუ გამომცემელი გამოჩნდება.

    • Anonymous October 30, 2013 at 9:45 am #

      წარმატებებს გისურვებთ🙂

      • rusa111 October 31, 2013 at 11:18 am #

        დიდი მადლობა!

  4. salomeaa November 7, 2013 at 3:10 pm #

    ჰერტა მიულერის ესსეები მაქვს წაკითხული, ის ნამდვილად იმსახურებს იყოს საუკეთესო ქალ მწერლებს შორის. ძალიან მძაფრი იყო ეს მოთხრობა, გამცრა… მადლობა ამ ბლოგისთვის. წაგიკითხავთ…

  5. rusa111 November 8, 2013 at 6:46 pm #

    ესსეების წიგნი “მეფე დაიხრება და კლავს” გაქვს ალბათ მხედველობაში, ძლიერია!..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: