ფრანც კაფკა “პატარა ქალი”

30 Apr

ფრანც კაფკა

პატარა ქალი

ის ერთი პატარა ქალია, ბუნებით საკმაოდ გამხდარი, და მაინც ძალზე გაკოჭილი, მუდამ ერთსა და იმავე კაბაში ვხედავ, ესაა მოყვითალო-მორუხო, გარკვეულწილად, ხისფერი ქსოვილი სადა არშიით და იმავე ფერის ღილებისმაგვარი საკინძეებით გაწყობილი; ის მუდამ უქუდოდაა, ღია ქერა თმა აქვს, სწორი, არც მთლად უწესრიგოდ, მაგრამ ძალზე თავისუფლად მიშვებული. მიუხედავად იმისა, რომ გაკოჭილია, მაინც მსუბუქად მოძრაობს, და ამ მოძრავ ბუნებაში ხშირად აჭარბებს კიდეც, სიამოვნებით იწყობს ხოლმე ხელებს თეძოებზე და სხეულის ზედა ნაწილს ერთი მოქნევით, მოულოდნელად გვერდით ხრის. შთაბეჭდილება, რასაც მისი ხელები ჩემზე ახდენს, ისაა, რომ ჯერ არ მინახავს ესოდენ გამოკვეთილი თითები; ამის მიუხედავად, მის ხელს არავითარი ანატომიური უცნაურობა არ გააჩნია, სავსებით ნორმალური ხელია.
უნდა მოგახსენოთ, რომ ეს პატარა ქალი ჩემით ძალზე უკმაყოფილოა, ყოველთვის აქვს ჩემდამი რაღაც სასაყვედურო, და რაღაც უსამართლობა სულ ჩემგან ემართება, მას ყოველ ნაბიჯზე ვაბრაზებ (ვაღიზიანებ); სიცოცხლის უწვრილეს ნაწილებად დაყოფა რომ შეიძლებოდეს და ყოველი ნაწილის ცალკე განხილვა, აუცილებლად, ჩემი ცხოვრების ყოველი ნაწილი მისთვის გაბრაზების მიზეზი იქნებოდა. ამაზე ხშირად მიფიქრია, თუ რატომ ვაბრაზებ მას ასე ძლიერ; შესაძლოა, ჩემში ყოველივე მის მშვენიერების, სამართლიანობის გრძნობას, მის ჩვევებს, წარმოდგენებს, მის იმედებს ეწინააღმდეგება, ხომ არსებობენ ამგვარი ერთმანეთის საპირისპირო ბუნების ადამიანები, მაგრამ რატომ წუხს იგი ასე ძლიერ ამის გამო? ჩვენს შორის ხომ იმგვარი ურთიერთობა არ არსებობს, რაც მას ჩემ გამო წუხილს აიძულებდა. საკმარისია, მან მხოლოდ როგორც სრულიად უცხოს, ისე შემომხედოს, რაც მე მართლაც ვარ, და ამის საწინაარმდეგო არც არაფერი მაქვს, პირიქით, მივესალმები ამ აზრს, მან უბრალოდ უნდა დაივიწყოს ჩემი არსებობა, რაც მე თავს არ მომიხვევია და არც არასოდეს მოვახვევდი; – და მთელი ნაღველიც აშკარად გაიფანტებოდა. ჩემი აზრით, მისი საქციელი ჩემთვისაც უხერხულია (მტკივნეულია), ისიც მესმის, რომ ეს უხერხულობა მის მწუხარებასთან შედარებით არაფერია. იმავდროულად ჩემთვის სრულიად გასაგებია, რომ ეს შეყვარებულის წუხილი არ არის; საქმე ამაში როდია, მას ჩემი გამოსწორება როდი სურს, და ყოველივე, რასაც იგი ჩემში აკრიტიკებს, იმ სახისა არ გახლავთ, რომ ჩემი წინსვლა რამენაირად შეაჩეროს. მაგრამ არც ჩემი წინსვლა ანაღვლებს მას, მას სხვა არაფერი აღელვებს, თუ არა მხოლოდ საკუთარი პირადი ინტერესი, კერძოდ იმ ტანჯვის გამო შურისძიება, რომელსაც მე ვაყენებ და კიდევ იმ ტანჯვის ხელის შეშლა, რომელიც ჩემგან მომავალში ელოდება (ემუქრება). ერთხელ უკვე ვცადე, მიმეთითებინა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ განუწყვეტელი ბრაზის უკეთ დასრულება, მაგრამ ამით იმგვარი ქარიშხალი გამოვიწვიე, რომ ასეთ მცდელობას აღარასოდეს გავიმეორებ.
კაცმა რომ თქვას, გარკვეული პასუხისმგებლობა ჩემზეცაა, თუმცა ეს პატარა ქალი ჩემთვის სრულიად უცხოა და ერთდერთი ურთიერთობა, რაც ჩვენს შორის არსებობს, ეს ბრაზია, რომელსაც მე მას ვაყენებ, ან უფრო მეტად ბრაზი, რომელსაც იგი ჩემგან მიყენებულად თვლის, ჩემთვისაც არ შეიძლება სულ ერთი იყოს, თუ როგორ იტანჯება იგი ამ ბრაზისაგან აშკარად, სხეულებრივადაც კი. ბოლო დროს ყოველი მხრიდან სულ უფრო მეტი ცნობები მომდის, რომ იგი ისევ ფერმკრთალი იყო დილით, ღამით, თავის ტკივილით გაწამებული და თითქმის შრომის უუნაროც კი. ამით იგი საკუთარ ახლობლებს დიდ საზრუნავს უჩენს, ისინი ეძებენ მისი მდგომარეობის მიზეზებს, მაგრამ აქამდე ვერ უპოვიათ. მხოლოდ მე ვიცი ეს, ესაა ძველი და სულ მუდამ განახლებადი ბრაზი. მე კი მისი ახლობლების წუხილს არ ვიზიარებ; ქალი ძლიერია და გამძლე; ვისაც ამგვარი გაბრაზება შეუძლია, ალბათ ამ ბრაზის შედეგების გადალახვაც უნდა შეეძლოს; მე იმისი ეჭვიც კი მაქვს – ნაწილობრივ მაინც – რომ თავს მწუხარედ წარმოაჩენს, რათა ამ გზით, გარე სამყაროს დაეჭვება ჩემკენ მომართოს. ღიად რომ განაცხადოს, ჩემი არსებობით მას თუ როგორ ვაწამებ, საამისოდ იგი ძალზე ამაყია; სხვებთან ჩემზე აპელირება მისთვის საკუთარი გრძნობების შელახვა იქნებოდა; მხოლოდ ზიზღის გამო, მარადიული, მისთვის მუდამ მიმზიდველი ზიზღის გამო არის იგი ჩემით დაკავებული. ეს უსუფთაო ამბავი საჯარო რომ გახდეს, მისთვის ზედმეტი სირცხვილი იქნებოდა. მაგრამ ისიც ხომ მეტისმეტია, ამ ამბავზე სულ რომ დუმხარ, თან იმ განუწყვეტელი წნეხის პირობებში, რომელშიც ის იმყოფება. და ამგვარად ცდილობს თავისი ქალური ეშმაკობით შუალედური გზა იპოვოს; დუმილით, ერთი საიდუმლო ტანჯვის მხოლოდ გარეგნული ნიშნებით სურს საქმე საზოგადოებრიობის სამსჯავრომდე მიიტანოს. შესაძლოა, იმედოვნებს კიდეც, როცა საზოგადოება თავის სრულ მზერას ჩემკენ მოაპყრობს, საყოველთაო რისხვა დამატყდება თავს და მთელი თავისი ძალაუფლებით სრული გულგრილობით გამასამართლებს, გაცილებით სწრაფად და ძლიერ, ვიდრე ეს მის, შედარებით სუსტ ბრაზს შეუძლია; შემდეგ კი თავად უკან დაიხევს, ამოისუნთქავს და ზურგს შემაქცევს. თუ მართლაც ამის იმედი აქვს, მაშინ ის ცდება. საზოგადოება მის როლს არ გადაიბარებს; საზოგადოება ვერასოდეს მიპოვის იმდენ სასაყვედუროს, ძლიერი ლუპის ქვეშაც რომ გამატაროს. მე არც ისე უმაქნისი კაცი ვარ, როგორც მას გონია; არ მსურს ვიტრაბახო, თანაც ამ ვითარებაში; თუ განსაკუთრებით გამორჩეული არა ვარ, არც საწინააღმდეგო თვისებებით მოგხვდებით თვალში; მხოლოდ მისთვის, მისი თითქმის თეთრად მოკიაფე თვალთათვის ვარ მე ამგვარი, რაშიც იგი ვერავის დაარწმუნებს. მაშ შემიძლია ამ მხრივ სრულიად მშვიდად ვიყო? არა, არავითარ შემთხვევაში; რადგან, თუ ეს ცნობილი გახდება, რომ მე მას ჩემი საქციელით ვაავადებ, და ზოგიერთი ზედმეტად დაინტერესებული, ინფორმაციის ბეჯითი გამავრცელებელი მზადაა, რომ ეს საკითხი განიხილოს, ან ისე იქცევა, თითქოს განიხილა იგი, მოდის ჩემთან გარე სამყარო და კითხვას მისვამს, თუ რატომ ვაწვალებ საწყალ პატარა ქალს ჩემი გამოუსწორებელი საქციელით და ხომ არა მაქვს განზრახული მისი სიკვდილამდე მიყვანა და ბოლოს და ბოლოს როდის მოვიკრებ გონიერებასა და ელემენტარულ ადამიანურ თანაგრძნობას, რათა შევწყვიტო ყოველივე ეს – თუ გარე სამყარო ამგვარ კითხვას მართლაც დამისვამს, პასუხის გაცემა გამიჭირდება. მაშინ მე უნდა ვაღიარო, რომ ამ ავადმყოფობის ნიშნებისა მაინცდამაინც არ მჯერა და ამით, ალბათ, არასასიამოვნო შთაბეჭდილებას გამოვიწვევ, რომ დანაშაულიდან თავის დაღწევის მიზნით, მისი დადანაშაულება მინდა, თანაც ასე არადელიკატურად? და განა შემეძლო სრულიად ღიად განმეცხადებინა, რომ მაშინაც კი, თუ ამ დაავადების სინამდვილეს დავიჯერებდი, ოდნავი თანაგრძნობაც კი არ მექნებოდა, რადგან ქალი ჩემთვის სრულიად უცხოა, და ურთიერთობა, რაც ჩვენ შორის არსებობს, მხოლოდ მისგან არის გამოგონილი და მხოლოდ მისი მხრიდან არსებოს.
ვერ ვიტყვი, რომ არ დამიჯერებდნენ, ხალხი ან დაიჯერებდა, ან არა, ალბათ უმალ დუმილს ამჯობინებდა; საქმე იქამდე არც მივიდოდა, რომ ეს განსჯის საგანი გამხდარიყო. პასუხს მხოლოდ დაარეგისტრირებდნენ, რომლითაც მე ერთ პატარა ავადმყოფ ქალს მივმართე, ეს კი ჩემთვის ნაკლებად ხელსაყრელი იქნებოდა. აქაც ისევე, როგორც ყველა სხვა პასუხის შემთხვევაში, ხალხის უუნარობა წინ გადამეღობებოდა (ხალხი ვერაფერს გაიგებდა) და ესეც ხომ დღესავით ნათელია, რომ ჩვენს ურთიერთობაში სიყვარული არაფერ შუაშია, რომ ამგვარი ურთიერთობა არ არსებობს და რომც არსებულიყო, ის უპირველეს ყოვლისა, ჩემი მხრიდან გამომდინარე იქნებოდა. თუმცა მე შემეძლო აღტაცებულიც კი ვყოფილიყავი პატარა ქალის კატეგორიული განსჯით და დაუღალავი დასკვნებით, სწორედ მისი უპირატესობის დემონსტრირებით რომ არ ვყოფილიყავი დასჯილი. მასში კი ყოველ შემთხვევაში მეგობრული ურთიერთობის არავითარი კვალი (ნიშან-წყალი) არ არის; ამაში ის სრულიად წელგამართული და მართალია; ჩემი ბოლო იმედიც ამას ემყარება; მის საომარ მოქმედებათა გეგმაში მსგავს გრძნობათა ხილვა რომც შესულიყო, მაშინ ხალხი ამას კი დაიჯერებდა, მაგრამ იგი საკუთარ თავს იმდენად ვერ ფლობდა, რომ ეს მოეხერხებინა. მაგრამ სრულიად გონებაჩლუნგ სახალხო სასამართლოს ვერ დაარწმუნებ, მაინც თავის აზრზე დარჩება, და რა თქმა უნდა, ჩემს წინააღმდეგ განწყობილი.
ამგვარად, მე სხვა აღარაფერი მრჩება, რომ ვიდრე საყოველთაო აზრი ჩაერევა, დროულად თავად შევიცვალო, რომ პატარა ქალის რისხვა როგორმე თავიდან კი არ ავირიდო, რაც წარმოუდგენელია, არამედ ოდნავ მაინც შევარბილო. მართლაც საკუთარი თავისთვის ხშირად მიკითხავს, ამჟამინდელი მდგომარეობა თუ მაკმაყოფილებს, და რომ სულაც არ მინდა, შევიცვალო, და თუ შესაძლებელი იქნებოდა გარკვეუული ცვლილებები განმეხორციელებინა, მაშინაც არ ვიზამდი ამას, მის აუცილებლობაში დარწმუნებულიც რომ ვყოფილიყავი, მაგრამ ერთადერთი – მხოლოდ ამ ქალის დასამშვიდებლად. და მე ეს გულწრფელად ვცადე: ძალა და ენერგია არ დამიკლია,
რაც მსიამოვნებდა კიდეც. აშკარად, ამაზე ქალისთვის ყურადღების გამახვილება საჭირო არ იყო, მსგავს რამეებს ის ჩემზე ადრე ამჩნევდა, ჩემი განზრახვის ყოველ გამოხატულებას შინაგან არსებაში; მაგრამ წარმატებას მაინც ვერ მივაღწიე. ან კი როგორ შემეძლო? მისი უკმაყოფილება ჩემდამი, როგორც ახლა ვიაზრებ, არის ძალზე ურყევი; არაფერს შეუძლია ამის აღმოფხვრა, თავად ჩემი არსების გაქრობასაც კი; ალბათ უსაზღვრო ელდა ეცემოდა, ჩემი თვითმკვლელობის ამბავი რომ გაეგო. მხოლოდ ვერ წარმომიდგენია, რომ ასეთ გონებაგახსნილ ქალს არ შეუძლია ყოველივე ისევე დაინახოს, როგორც მე, და არ ესმოდეს თავისი საყვედურების უსარგებლობა: მთელი ჩემი უდანაშაულობისა და უუნარობის პირობებში, დავაკმაყოფილო მისი სურვილები. ცხადია, ის ამას ხვდება, მაგრამ როგორც მებრძოლი სულის ადამიანი, ბრძოლის ჟინმორეულს ყოველივე ავიწყდება. ჩემი უიღბლო ბუნება კი, რომელსაც ვერ შევცვლი, რადგან ერთხელ და სამუდამოდ მებოძა, საიმისოდაა მიდრეკილი, რომ ყველა განრისხებულს ყურში დამამშვიდებელი სიტყვა ჩასჩურჩულოს. ამ მხრივ ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთმანეთს ვერასოდეს ვერ გავუგებთ. სახლიდან გამოსულს დილის წუთების სიხარული ყოველთვის ამ დამწუხრებული სახის ხილვამ, უგუნებოდ გაბუშტული ტუჩების, გამომცდელმა და უკვე გამოცდის შედეგად მიღებულმა ჩემკენ მოპყრობილმა მზერამ უნდა მომიწამლოს. ამ მზერას დიდი მონდომების შემთხვევაშიც ვერ გავექცევი: ახალგაზრდა ქალის ლოყა მწარე გამჭოლი ღიმილით, მომჩივანი მზერა ცისკენ, თეძოებზე დაწყობილი ხელები, საკუთარი თავის დასამკვიდრებლად, და შემდეგ რისხვით გაფითრება და აკანკალება.
ბოლო ხანს, სულ პირველად, ამ ვითარების გამო თავადაც გაოცებულმა, გავბედე, ერთი ახლო მეგობრისთვის მეთქვა ამ ამბის შესახებ, უბრალოდ ისე, სახვათა შორის, მთელი ამბის მნიშვნელობა რამდენიმე სიტყვით ავუხსენი, როგორც არც ისე მნიშვნელოვანი რამ. უცნაურია, რომ ჩემმა მეგობარმა ეს უყურადღებოდ არ დატოვა, პირიქით, ამას თავის მხრივ, გარკვეული მნიშვნელობაც მიანიჭა, სიტყვა ბანზე არ ამაგდებინა და დაჟინებით მისმენდა. საყურადღებოა, რომ მიუხედავად ამისა, მან ერთ-ერთ გადამწყვეტ მომენტში ეს ამბავი სათანადოდ მაინც ვერ შეაფასა, რადგან სერიოზულად მირჩია, სამოგზაუროდ წავსულიყავი. ამაზე უფრო გაუგებარი რჩევა წარმოუდგენელია; საქმე თითქოს უბრალოდაა, თუ კარგად ჩაიხედავ, აუცილებლად გაერკვევი, მაგრამ არც ისე მარტივად, რომ ჩემი გამგზავრებით ყოველივე, ან ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მაინც მოგვარდეს. პირიქით, გამგზავრებულმა თავი უფრო მეტად უნდა დავიცვა; თუ კი საერთოდ რაიმე გეგმას უნდა მივყვე, ჯობს საკითხი (საქმე) ასე ძველებურად, ვიწრო ჩარჩოებში, საზოგადოებრივი აზრისგან თავისუფალი, ანუ ჩუმად დარჩეს. ამ ამბით გამოწვეული თვალშისაცემი ცვლილებები არ დავუშვა, როგორც წესი, ამაზე არავისთან ვილაპარაკო, მაგრამ ყოველივე ეს არა იმიტომ, რომ რაღაც საშიშ საიდუმლოს წარმოადგენს, არამედ იმის გამო, რომ პირიქით, ეს პატარა, სრულიად პიროვნული და, როგორც ასეთი, ადვილად გადასატანი საქმეა და ასეთადაც უნდა დარჩეს. ამ მხრივ მეგობრის რჩევა მთლად უსარგებლოც არ გამოდგა, მას ჩემთვის ახალი არაფერი უსწავლებია, მაგრამ ჩემი ძირითადი შეხედულება გაამყარა.
უფრო დაწვრილებით დაკვირვებისას როგორც ირკვევა, ცვლილებები, რომლებიც დროთა განმავლობაში შეიძლება მოხდეს, თავად საქმის ცვლილებას არ ნიშნავს, არამედ – მხოლოდ ჩემი შეხედულების განვითარებას მის შესახებ. რამდენადაც ეს შეხედულება ნაწილობრივ უფრო მშვიდი, კაცური ხდება, საქმის არსს უფრო უახლოვდება, მაგრამ ნაწილობრივ წვრილმანებზე განუწყვეტელი გაღიზიანების გამო, გარკვეულ ნერვულ სახეს იღებს.
მე ამ ამბავს უფრო მშვიდად ვუყურებ, რადგან გადამწყვეტი მომენტი, ზოგჯერ რაც არ უნდა ახლოს ჩანდეს, არც ისე მალე მოდის. ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდობის წლებში, მიდრეკილნი არიან ტემპის დაჩქარებისკენ და ამ ე. წ. გადამწყვეტ მომენტს ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებენ. ერთხელ, როცა ჩემი პატარა მოსამართლე ჩემი ერთი შემოხედვით უგონოდ შეიქნა, გვერდით სავარძელში ჩაეშვა, ცალი ხელით საზურგეს ჩაბღაუჭებოდა,მეორეთი – კორსეტს აწვალებდა და რისხვისა და სასოწარკვეთისაგან ცრემლები ლოყებზე ჩამოსდიოდა, მე ვფიქრობდი, განკითხვის დღე ახლოსაა და უმალ მომიწოდებდნენ საიმისოდ, რათა პასუხისმგებლობა მეგრძნო. მაგრამ არავითარი განკითხვის ჟამი, არავითარი პასუხისმგებლობა, ქალებს ხომ ადვილად მისდით გული, გარე სამყაროს არ სცალია, ყველაფერზე ყურადღება გაამახვილოს. და მაინც რა მოხდა მთელი ამ წლების მანძილზე? ისეთი არც არაფერი, გარდა იმისა, რომ ამგვარი შემთხვევები – ხან ძლიერ, ხან სუსტად, – მეორდებოდა და მათი საერთო რაოდენობა გაიზარდა. და კიდევ ის, რომ ხალხი უფრო ახლოს ცდილობს მისვლას, რათა სიამოვნებით ჩაყონ ცხვირი, როგორც კი საამისო შესაძლებლობა მიეცემათ; მაგრამ ისინი ამ შესაძლებლობას ვერ ნახულობენ, საკუთარ ალღოს ეყრდნობიან, რაც საკმარისია მხოლოდ საიმისოდ, რომ თავი გაირთონ, მაგრამ სხვებისთვის ეს არაფრისმაქნისია.
კაცმა რომ თქვას, ყოველთვის ასე იყო, ყოველთვის იყვნენ უსარგებლო, კუთხეში მდგომი უსაქმურები, რომლებიც ეშმაკურად ერევიან, უფრო მეტად, თავს ნათესაური მოტივებით იმართლებენ, სულ ყურადღებით არიან, ყელამდე სავსე „განუმეორებელი ალღოთი“, მაგრამ ყოველივე ამის ერთადერთი შედეგი მხოლოდ ისაა, რომ ისინი კვლავ ერთ ადგილას დგანან – აქ არიან. სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ თანდათან ვისწავლე მათი სახეების გარჩევა; ადრე მჯეროდა, რომ თანდათანობით, ყოველი მხრიდან ერთად მოდიოდნენ, საქმის ვითარების მოცულობა იზრდებოდა და გადამწყვეტი მომენტიც თავისთავად დადგებოდა; დღეს კი უკვე ვიცი, რომ ეს ყოველივე ასაკის ბრალი იყო და გადამწყვეტი მომენტის დადგომასთან ძალიან ცოტა, ან სულაც არაფერი ჰქონდა საერთო. „გადამწყვეტი მომენტი“, თავად ეს სიტყვა, ნეტავ რატომ ვუწოდებ მას ასე მაღალფარდოვნად? ის თუ ოდესმე უნდა დადგეს, – ცხადია, ხვალ და ზეგ არა და ალბათ არც არასოდეს, – თუ საზოგადოება ამ ამბით მაინც დაინტერესდება, რისთვისაც ის, – როგორც მე არა ერთგზის ვიმეორებ, – უუნაროა, თავად თუმცა სიტუაციიდან მთლად უვნებელი ვერ გამოვალ, მაგრამ მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ მე საზოგადოებისთვის ცნობილი ვარ. მის შუქში ვცხოვრობ ნდობით აღსავსე და თავადაც ნდობას ვიმსახურებ. და რომ ეს ჩამორჩენილი მწუხარე ქალი, მოგვიანებით გამოჩნდა, სხვები, ჩემს გარდა, მას ალბათ უმალ ბალახის თესლად აღიქვამდნენ და ყველასათვის სრულიად უხმაუროდ, ჩექმის ქვეშ გასრესდნენ, და რომ ამ ქალს, უარეს შემთხვევაში, შეეძლო მხოლოდ პატარა შტრიხი დაემატებინა იმ „დიპლომისათვის“, რომელშიც მე საზოგადოება როგორც მისთვის კარგა ხნის პატივსაცემ წევრს ამომიცნობს. ეს გახლავთ მოვლენათა დღევანდელი მდგომარეობა, რაც მოუსვენრობის მიზეზს ნაკლებად მაძლევს.
იმას, რომ წლებთან ერთად მაინც ოდნავ მოუსვენარი გავდი, საქმის ზოგად მნიშვნელობასთან არავითარი კავშირი არა აქვს; უბრალოდ, შეუძლებელია თავის შეკავება, როცა ვინმეს განუწყვეტლივ აბრაზებ, მაშინაც კი, როცა გესმის ამ გაღიზიანების უსაფუძვლობა; იწყებ ნერვიულობას (ხდები მოუსვენარი), ფიზიკურად იძაბები გადამწყვეტი მომენტის მოლოდინში, თუმცა მისი დადგომისა, გონიერების თანახმად, არ გჯერა. ნაწილობრივ ეს ასაკის ბრალიცაა. ახალგაზრდები ყოველივეს ლამაზად წარმოაჩენენ, ულამაზო ელემენტები ახალგაზრდობის უწყვეტ ძალის წყაროში იკარგება. თუ ახალგაზრდას მახვილი მზერა აქვს, მას ამის გამო არ დაძრახავენ, ეს სულაც შეუმჩნეველი დარჩება თავად მის მიერაც კი, მაგრამ ის, რაც ასაკში რჩება, არის მხოლოდ ნარჩენები, ყოველი მათგანი მნიშვნელოვანია, არც ერთი აღარ განმეორდება, ყოველი მათგანი აშკარად ხელის გულზე ძევს და ასაკში შესული კაცის მახვილი მზერა სწორედაც რომ აშკარად მახვილი (ფხიზელი) მზერაა და ძნელი არაა ამის დადგენა. საქმის დიდი გაუარესება არც ამ მხრივ მომხდარა.
რომელი მხრიდანაც არ უნდა შევხედო, მაინც ასე მოჩანს – და მეც ამავე აზრზე ვრჩები – რომ თუ ამ პატარა ამბავს როგორმე გარე სამყაროსგან დავფარავ, ჩემი ცხოვრება კარგა ხანს მშვიდად გაგრძელდება, მიუხედავად პატარა ქალის მთელი ამ რისხვისა.

გერმანულიდან თარგმნა რუსუდან ბეჟაშვილმა.

7 Responses to “ფრანც კაფკა “პატარა ქალი””

  1. katerina April 30, 2013 at 6:06 pm #

    გმირი ხარ ჩემს თვალში, კაფკასთან შეჭიდება არაა ხუმრობა საქმე. და რაც მთავარია წარმატებული ჭიდილია🙂

  2. lia111 May 1, 2013 at 5:34 pm #

    მართლაც, მარტივი არ არის კაფკასთან ურთიერთობა, მაგრამ თუ გაუგებ მას, თანაგრძნობაც გიჩნდება და გჯერა მისი. ცოტა ხნის წინ წავიკითხე დოჩანაშვილთან აზრი, რომელიც სრულიად დაემთხვა ჩემსას – კაფკასთან მწერად გადაქცევაც გჯერა, იმდენად მართალია; ზოგიერთმა მწერალმა კი რომ დაწეროს – მომწყურდა და წყალი დავლიეო – ვერ დაიჯერებ ისეთი ყალბი შეიძლება იყოს. (პერიფრაზს ვაკეთებ, ზუსტი ციტატა არ მახსოვს.)
    მოკლედ, გილოცავ წარმატებულ თარგმანს. თარგმანისაც მჯერა.

  3. rusa111 May 2, 2013 at 6:55 pm #

    მადლობა, მეგობრებო! ადრე მეც ძალიან ვფრთხილობდი, ახლა გავბედე კაფკასთან შეჭიდება. უფრო სწორად, გამაბედინეს – კრებული გამოდის საიუბილეოდ.

  4. lia111 July 29, 2013 at 2:12 pm #

    “პატარა ქალმა” რაღაცით მ.ლ.კაშნიცის ერთი მოთხრობა გამახსენა. ნეტა ეს პატარა ქალი საერთოდაც თუ ამჩნევდა ავტორს? დარწმუნებული არ ვარ. მეგობარმაც აკი სამოგზაუროდ წასვლა ურჩია – ანუ სისულელეებს მოეშვი, შენთვის არავის სცალიაო. მაგრამ მისთვის ხომ ასეთი მტკივნეულია ყველაფერი, შეიძლება ითქვას ტრაგიკულიც კი. და ჩვენც, მკითხველებიც ამ დრამის თუ ტრაგედიის თანამონაწილენი ვხდებით უნებურად.

  5. rusa111 August 4, 2013 at 7:05 pm #

    ჰო, ნაწარმოებები ხომ ტკივილიდან იბადება მათგანვე გასათავისუფლებლად.

  6. anania September 9, 2013 at 10:50 pm #

    თვითონ პატარა ქალი რას იტყოდა ნეტა ამ ბედოვლათზე, იქნებ სულაც ვერ ამჩნევდა…

  7. rusa111 September 9, 2013 at 11:12 pm #

    სავსებით შესაძლებელია, მაგრამ ეს ხომ მხატვრული ნააზრევია, მწერლის ფანტაზია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: