ჰაინრიხ ფონ კლაისტი “ლოკარნოელი მათხოვარი ქალი”

29 Dec

ალპების ძირში, ლოკარნოს მახლობლად, ზემო იტალიაში ერთი მარკიზის ძველი სასახლე იდგა, რომელიც ამჟამად, თუ სან გოთარდიდან მოდიხარ, უბადრუკ ნანგრევებად მოჩანს. თავის დროზე სასახლეში დიდი მაღალჭერიანი დარბაზები იყო. ერთ-ერთ მათგანში გულისხმიერმა დიასახლისმა ოდესღაც კარს მომდგარი მოხუცი მათხოვარი ქალი შეიკედლა და ჩალა დაუფინა დასაწოლად. მარკიზმა კი, ნადირობიდან დაბრუნებულმა, შემთხვევით რომ შევიდა დარბაზში, სადაც სანადირო თოფს ინახავდა, ქალს უკმეხად უბრძანა იმ კუთხიდან ამდგარიყო და ღუმელს უკან გადაბარგებულიყო. მას კი წამოდგომისას მოპრიალებულ იატაკზე ფეხი დაუცდა და ყავარჯნიანად იატაკზე დავარდა. კუდუსუნი დაიშავა. დიდი გაჭირვებით მაინც წამოდგა, გადაჭრა ოთახი და როგორც უბრძანეს, ღუმელს უკან გადაბარგდა, მაგრამ კვნესითა და ოხვრით ძირს დაეცა და სულიც განუტევა.
რამდენიმე წლის შემდეგ, როცა მარკიზი ომისა თუ მოუსავლიანობის გამო, მძიმე გასაჭირში აღმოჩნდა, მასთან ერთი ფლორენციელი რაინდი ჩამოვიდა, რომელსაც სასახლის მშვენიერი მდებარეობის გამო, მისი ყიდვა სურდა. მარკიზმა, ვისთვისაც ეს გარიგება ბევრს ნიშნავდა, ცოლს დაავალა, უცნობი ზემოთ ნახსენებ თავისუფალ ოთახში მოეთავსებინა, რომელიც ლამაზად და დიდებულად იყო მოწყობილი.მაგრამ, ჰოი საოცრებავ, რა თავსატეხი გაუჩინა ცოლ-ქმარს იმ ამბავმა, როცა რაინდმა შუაღამისას, დაბნეულმა და გაფითრებულმა, კიბე ჩამოირბინა და მათთან შევარდა, თან ირწმუნებოდა, ოთახში მოჩვენებებიაო. რაღაც უხილავი , იმგვარი შრიალით, თითქოს ჩალაზე იწვაო, ოთახის კუთხიდან წამოდგა, ბაკუნით გადაჭრა ოთახი და ღუმელს უკან კვნესითა და ოხვრით დაენარცხა.
შეშინებულმა მარკიზმა, მოჩვენებითი მხიარულებით, თვითონაც ვერ გეტყოდათ რატომ, რაინდს სიცილი დააყარა და შესთავაზა, მშვიდად რომ ბრძანდებოდეთ, მეც თქვენთან ერთად იმ ოთახში გავათევ ღამესო.
რაინდს არაფრის გაგონება არ სურდა, უმორჩილესად ითხოვდა, გამოიჩინეთ თავაზიანობა და ნება დამრთეთ, მარკიზის საძინებელ ოთახში სავარძელზე მოვთავსდეო. გამთენიისას კი ცხენი შეაკაზმინა, ყველას გამოეთხოვა და გზას გაუდგა.
ამ შემთხვევამ, რომელმაც საოცარი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მარკიზისათვის სავალალოდ, მრავალი მყიდველი დააფრთხო.ასე და ამგვარად, მის საკუთარ სახლის მსახურთა შორისაც კი უცნაური და გაურკვეველი ჭორები ვრცელდებოდა: თითქოს ოთახში შუაღამისას ვიღაც დადისო, და ყოველივე ამისთვის რომ ბოლო მოეღო, მარკიზმა გადაწყვიტა, მომდევნო ღამეს საქმე თავად გამოერკვია. ამიტომ შებიდებისას საწოლი სწორედ იმ ოთახში გააშლევინა, შემდეგ კი ფხიზლად და მოუთმენლად დაელოდა შუაღამეს. მაგრამ წამოიდგინეთ მისი შეძრწუნება, როცა მართლა მოაღწია შუაღამემ, გაუგონარი შრიალი მისწვდა მის ყურს; გეგონებოდათ, ვიღაც წამოდგა ჩალიდან, – რამაც შემდეგ გაიშრიალა,– ამ არსებამ ოთახი გადჭრა და ღუმელს უკან კვნესითა და ოხვრით დაეცა. მეორე დილით, როცა მარკიზი ქვედა სართულზე ჩამოვიდა და მეუღლემ ჰკითხა, დაკვირვებამ როგორ ჩაიარაო, იგი იმდენად თავზარდაცემული და სასოწარკვეთილი იყო, კარი გადარაზა და მტკიცებას მოჰყვა, მოჩვენების ამბავი მართალიაო. ქალი არნახულმა შიშმა აიტანა და ქმარს სთხოვა: სანამ ეს ამბავი საზოგადოებაში გახმაურდებოდა, კიდევ ერთი უწყინარი ცდა მოეწყოთ. შემდგომ ღამეს ერთ-ერთი უერთგულესი მსახური თან გაიყოლეს და მოჩვენების წარმოუდგენელი ხმაური კვლავ გაიგონეს. მხოლოდ გადაუდებელი სურვილის გამო, სასახლე რადაც უნდა დასჯდომოდათ, თავიდან მოეშორებინათ, კოშმარი, რომელმაც ორივე მათგანი მოიცვა, მსახურის იქ ყოფნისას არ შეიმჩნიეს და მომხდარ რაღაც უმნიშვნელო და შემთხვევით მიზეზს მიაწერეს, რაც მათი აზრით, ალბათ, მალე გაირკვეოდა. მესამე დღის მიმწუხრისას საქმის არსში უკეთ ჩასაწვდომად, ცოლ-ქმარმა გულისფანცქალით კვლავ აიარა სასტუმრო ოთახის კიბე. ზუსტად კარის წინ, შემთხვევით, საკუთარი ძაღლი შემოხვდათ ჯაჭვიდან რომ აშვებულიყო. ამგვარად, ორივემ, ზუსტად არც კი იცოდნენ რატომ, შესაძლოა, უნებლიე განზრახვით, რომ მესამე სულიერიც თან ჰყოლოდათ, ძაღლიც თან წაიყვანეს. მაგიდაზე მდგომი ორი სან თლის შუქზე მარკიზა გაუხდელად, მარკიზი თავისი დაშითა და პისტოლეტებით, კარადიდან რომ გადმოიღო, თერთმეტი საათისთვის, მეუღლესთან ერთად საწოლზე ჩამოჯდა. ამასობაში, სანამ ისინი შეძლებიდაგვარად, საუბრით ერთმანეთის გართობას ცდილობდნენ, ძაღლმა თავი თათებში ჩარგო, შუა ოთახში მოიკალათა და ჩაეძინა. ზუსტად შუაღამისას საშჲნელი შრიალი კვლავ გაისმა. რაღაც არსება, რომლის დანახვაც ძეხორციელს არ შეეძლო, ოთახის კუთხიდან გაჭირვებით წამოდგა ყავარჯნებით; ჩალის შრიალი ისმოდა მის ფეხქვეშ. პირველ ნაბიჯებზე ძაღლს გაეღვიძა, ყურები ცქვიტა, იატაკიდან წამოვარდა და წკმუტუნითა და ყეფით, თითქოს ვინმე თავს დაესხა და ფეხი დაადგაო’ ღუმელის საპირისპირო მხრეს უკან დაიხია. ამის შემხედვარე მარკიზას თმა ყალყზე დაუდგა და ოთახიდან გავარდა. ხოლო როცა მარკიზმა დაშნით ხელში იყვირა, მანდ ვინ არისო, არავინ გამოეხმაურა. შეშლილივით დაშნით ჰაერს კვეთდა ყოველი მიმართულებით; ამ დროს ქალმა სასწრაფოდ ცხენების შეკაზმვა ბრძანა და ქალაქში გამგზავრება გადაწყვიტა. მაგრამ, სანამ საკუთარ ნივთებს თავს მოუყრიდა და ჭიშკრიდან გამოაღწევდა, დაინახა, რომ სასახლე უკვე ყოველი მხრიდან ცეცხლის ალში იყო გახვეული. თავზარდაცემულმა მარკიზმა სანთელი აიღო და სასახლეს, რომელიც ირგვლივ ხის გალავნით იყო გარშემორტყმული, , სიცოცხლემობეზრებულმა ოთხივ კუთხით ცეცხლი მოუკიდა. ამაოდ აგზავნიდა ქალი ხალხს წერაატანილის გადასარჩენად; ის ყველაზე უფრო უბადრუკი სიკვდილით მოკვდა და ახლაც აწყვია თანამემამულეთა მიერ შეგროვილი მისი თეთრი ძვლები იმ ოთახის კუთხეში, რომლიდანაც მან ლოკარნოელ მათხოვარ ქალს ადგომა უბრძანა.

6 Responses to “ჰაინრიხ ფონ კლაისტი “ლოკარნოელი მათხოვარი ქალი””

  1. lia111 January 10, 2013 at 12:00 pm #

    ჩვენ, ადამიანები, ხშირად ისე დაუფიქრებლად, ზერელედ ვიქცევით და არ ვუწევთ ანგარიშს, რომ ყველაფერზე პასუხს ვაგებთ, ყველაფერი მოგვეკითხება ადრე თუ გვიან. ეს მოთხრობაც გაფრთხილებაა – იყავით ფხიზლად, იყავით გულმოწყალენი.

  2. rusa111 January 11, 2013 at 5:22 pm #

    ჭეშმარიტად! მაგრამ კლაისტი ძალზე სათუთი სულის მწერალია, გარდა მაგისა.

    • lia111 January 11, 2013 at 5:57 pm #

      გეთანხმები. ცოტა ხნის წინ ვნახე მისი პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი რუსთაველში – ”პრინცი ჰომბურგი”. მომეწონა.

  3. rusa111 July 3, 2013 at 2:45 pm #

    ეს სეზონიც ისე გამეპარა, ვერ ვნახე, არადა მინდოდა “პრინცი ჰომბურგის” ნახვა.
    სიამოვნება ჯერ კიდევ წინაა, როგორც იტყვიან.

  4. anania September 9, 2013 at 10:57 pm #

    ომის საშინელება ადრეულ ასაკში იწვნია და ტრაგიკულ პიროვნებად ჩამოყალიბდა.

  5. rusa111 September 9, 2013 at 11:05 pm #

    სამხედრო კარიერა რომ მიატოვა, ნათესავები ეუბნებოდნენ: გვარი შეარცხვინეო.
    თომას მანი კი ამბობს: – მე არ ვიცი, რა დამსახურება აქვთ სხვა კლაისტებს გერმანიის წინაშე, მაგრამ ეს ერთი განსაკუთრებით კაშკაშა ვარსკვლავიაო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: