ჰერმან ჰესე “ლეგენდა ინდოელ მეფეზე”

15 Dec

 ჰერმან ჰესე

 

ლეგენდა ინდოელ მეფეზე

 

დიდი ხნის წინათ, ძველ ინდოეთში, როცა იქ ჯერ კიდევ ღმერთების კრებულს  

ეთაყვანებოდნენ, მრავალი საუკუნის წინ, ვიდრე ყოვლად ამაღლებული გაუტამა ბუდა გაჩნდებოდა, ცხოვრობდა ერთი ყმაწვილი მეფე. ბრაჰმანების მიერ კურთხეული, ის იყო სრულუფლებიან მმართველობას შესდგომოდა. ორი მოგვი, ვისთანაც მას განსაკუთრებით ახლო მეგობრობა აკავშირებდა, მოძღვრავდენენ მას, არიგებდნენ, რათა საკუთარი სხეული მარხვით განეწმინდა, სისხლში მჩქეფარე ქარიშხლები საკუთარი ნებისთვის დაემორჩილებინა და გონება ყოვლად ძლიერის  აღსაქმელად მოემზადებინა.

  იმავე დროს ბრაჰმანებს შორის სულ უფრო მწვავდებოდა კამათი ღმერთების თვისებებსა და მათი ძალაუფლების ნორმებზე, ერთი ღმერთის მეორესთან ურთიერთობისა თუ   მათი ყოვლად  ძლიერთან ურთიერთობის გამო. სხვა მოაზროვნეები კი უკვე უარყოფდნენ რომელიმე  ღვთაებათა არსებობას, რადგან თვლიდნენ, რომ ღმერთების არსი სწორედ უხილავი მთლიანობის ხილვად ნაწილებში მდგომარეობს. მეორენი  მწვავედ აკრიტიკებდნენ ამ შეხედულებას და ძველ ღვთაებებს ემხრობოდნენ, მათ სახელებსა და ხატებას, და ამტკიცებდნენ, რომ სწორედ ყოვლად  ძლიერი   არის არა რაიმე არსებითი მატერიალურის შემცველი, არამედ მხოლოდ ღმერთების ერთობლიობის სახელი. იგივე ხდებოდა ჰიმნების წმინდა ტექსტებთან მიმართებაშიც; რომლებზეც ერთნი ამბობდნენ, თითქოს ისინი შესაქმეს არსი ყოფილიყოს და იქნებ  მათი შეცვლაც იყო შესაძლებელი, მაშინ როცა სხვანი მათ მარადიულად და ერთადერთ შეუცვლელადაც კი მიიჩნევდნენ. აქ, ისევე როგორც საერთოდ (ზოგადად) წმინდა შემეცნების სხვა სფეროებშიც საბოლოო ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა  ეჭვებსა და კამათში ვლინდებოდა, იმის თაობაზე, თუ რა არის თავად სული, ან კიდევ სახელი მისი, თუმცა ზოგიერთი ამ სხვაობასაც არ აღიარებდა და სიტყვას, არსებასა და მსგავსებას განუყოფელ ნაწილებად განიხილავდნენ. თითქმის ორიათასი წლის შემდეგაც შუასაუკუნეების დასავლეთის კეთილშობილი გონნი ლამის ისევ იმაზე კამათობდნენ. როგორც მაშინ, ასევე ახლაც, ამ კამათში სერიოზულ მოაზროვნეებთან და თავდადებულ მებრძოლებთან ერთად, არაერთი გაზულუქებული ფარისეველი მონაწილეობდა, რომლებსაც ჭეშმარიტება სულაც არ ენაღვლებოდათ, სულმოკლედ მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, როგორმე არ დაეშვათ ეჭვი მსხვერპლისა და ქურუმთა აუცილებლობის შესახებ; რომ თითქოს ღმერთებზე აზრისა და მსჯელობის თავისუფლება მათ  რაიმე სიკეთემდე არ მიიყვანდა; ეშინოდათ მღვდელმსახურთა ძალაუფლებისა და შემოსავლების შემცირებისა. ამ დროს ისინი ხალხს ტყავს აძრობდნენ: ოჯახში თუ ვინმე ავად გახდებოდა,  ან ძროხა, ან საქონელი – მღვდელი უმალ იქ გაჩნდებოდა და ვერანაირი ძალით მათგან თავს ვეღარ დააღწევდით, ვიდრე ბოლო პერანგსაც არ გაგხდიდნენ შესაწირავის საბაბით.  

  საბოლოო ჭეშმარიტების თაობაზე კამათში თანხმობას ბოლო არ უჩანდა იმ ორ ბრაჰმანსაც კი, რომელთაც განსაკუთრებული ადგილი ეკავათ ცოდნას მოწყურებულ მეფის მასწავლებელთა შორის. და რადგან ისინი გამოჩენილ ბრძენთა დიდებას აკნინებდნენ, მათი უთანხმოების შემყურე მეფე ძალზე ნაღვლობდა და დროდადრო ფიქრობდა: ,,თუ ბრძენთა შორის ამ ორ ყველაზე  ჭკვიან ადამიანსაც არ შეუძლია

ჭეშმარიტებაზე კამათი საბოლოოდ გადაჭრას, როგორღა შემიძლია მე, მეცნიერებებში გაუცნობიერებელს, ვიმედოვნებდე, რომ ოდესმე მივიღებ ჭეშმარიტ ცოდნას? თუმცა  ეჭვი არ მეპარება, რომ შესაძლოა არსებობდეს ერთადერთი განუყოფელი ჭეშმარიტება, მაგრამ როგორც ჩანს, თავად ბრაჰმანებისთვისაც მიუწვდომელია იგი,   ისინი უძლურნი არიან, რომ  მთელ ამ კამათს ბოლო მოუღონ.“

  და როცა ამის შესახებ მასწავლებლებს ეკითხებოდა, პასუხობდნენ:

 – გზები ბევრია, მიზანი – ერთი. ჩასწვდი, ჩაახშე ვნება საკუთარ გულში, იკითხე წმინდა ჰიმნები და იფიქრე მათზე. 

მეფე  ხალისით მიჰყვებოდა მათ რჩევას და მასში, შესაბამისად, შემეცნებაც იზრდებოდა, მაგრამ  სასურველ  მიზანს მაინც ვერ მიაღწია, რაც აბსოლუტური ჭეშმარიტების განეჭვრიტაში მდგომარეობდა. სისხლში მჩქეფარე ვნებების გადალახვით, გურმანობასა და ხორციელ ტკბობაზე უარის თქმით, მან თითქმის უარყო საკვები, რომელიც ახლა მხოლოდ ერთი ბანანითა და რამოდენიმე მარცვალი ბრინჯით შემოიფარგლებოდა დღეში, იგი განიწმინდა ხორცით და სულით, შეძლო მთელი თავისი გულმოდგინება, ძალა და მწყურვალი სამშვინველი სანუკვარი საბოლოო მიზნისაკენ მიემართა. წმინდა ტექსტები, რომლებიც მას თავდაპირველად, თითქოს ცარიელი და სევდიანი ეჩვენებოდა, თვალწინ გადაეშალა მთელი თავისი ჯადოსნური მშვენიერებით; რაშიც მან  დიდი ნუგეში ჰპოვა და  კამათსა და ცნობიერების ვარჯიშისას სულ უფრო მეტად იპყრობდა მწვერვალებს. მაგრამ  სანუკვარი საიდუმლოს უდიდესი გამოცანის გასაღების პოვნა მაინც ვერ შეძლო, რაც    მის ცხოვრებას ძალზე ამწუხრებდა.

  მეფემ გადაწყვიტა, საკუთარი სხეული მკაცრად გამოეცადა.    თავისი განსასვენებელის ყველაზე შორეულ და საკრალურ ადგილას ჩაიკეტა ორი დღისა და ღამის განმავლობაში ყოველგვარი საკვების გარეშე; მისი სარეცელ ცივი ქვის იატაკი წარმოადგენდა, რომელზეც შიშველს ეძინა. ღონემიხდილი მისი სხეული სიწმინდით  გაჟღენთილიყო,  თხელი სახე შინაგანი შუქით გასხივოსნებული;   მის სხივმოსილ მზერას ბრაჰმანთაგან ვერავინ უძლებდა. და აი ორმოცი დღის შემდეგ მან ყველა ბრაჰმანი  გონების სავარჯიშოდ ტაძარში მოიწვია, რთული საკითხების გადასაჭრელად, ხოლო მათ შორის ყველაზე ბრძენ და მჭევრმეტყველთათვის საჩუქრად   თეთრი გვირგვინები დააწესა შუბლზე ოქროს მორთულობით.

  მღვდელნი და ბრძენნი მობრძანდნენ, ადგილებზე ჩამოსხდნენ და შეიქნა აზრთა   ბრძნული პაექრობა. მათ თითქოს მოჰყავდათ ცალკეული რგოლები და მთელი ჯაჭვიც კი, გრძნობად და სულიერი სამყაროს სრული თანხმობის დასამოწმებლად, გონებას ავარჯიშებდნენ  წმინდა ჰიმნების განხილვისას, საუბრობდნენ ბრაჰმასა და ატმანზე. ისინი ას ხელა უძველეს არსებას  ქარს ადარებდნენ, ცეცხლს  – წყალს, წყალში გახსნილ მარილს  – კავშირს კაცსა და ქალს შორის. იგონებდნენ შედარებებსა და სახებას (ხატებს) ბრაჰმისათვის, რომელმაც საკუთარ თავზე უფრო ძლევამოსილი ღმერთები შექმნა. ასევე განსხვავებას პოულობდნენ შემოქმედ ბრაჰმასა და იმ ბრაჰმას შორის, რომელიც ყოველ ამ ქმნილებას საკუთარ არსებაში მოიცავდა. ყველანი ცდილობდნენ იგი საკუთარი თავისთვისაც შეედარებინათ; მთელი კრებული მჭევრმეტყველებით ბრწყინავდა საუბარში იმის თაობაზე, ატმანი უფრო ხანდაზმულია თუ არა, საკუთარ სახელს შეეფერბა თუ არა, მისივე არსება, ან იგი მხოლოდ მის ქმნილებას ხომ არ წარმოადგენს.

  მეფე სულ ახალ-ახალ შეჯიბრებებს აცხადებდა, ბრძენ მოგვებს გამოცდას უწყობდა

 სულ ახალ-ახალი შეკითხვებით. და რაც უფრო გულმოდგინედ იქცეოდნენ ბრაჰმანები და რაც უფრო მეტი ენამზეობა ჟღერდა ტაძრის კრებულს შორის, მეფე მით უფრო მეტად მარტოსულად გრძნობდა  თავს და სულში მით უფრო მეტ ობლობას განიცდიდა. და რაც უფრო მეტს ეკითხებოდა და ისმენდა საპასუხო საუბრებს და თანხმობის ნიშნად თავს რომ უქნევდა და ღირსეულებს  აჯილდოებდა, მით უფრო მოუთმენლად სწვავდა მის გულს ჭეშმარიტების წყურვილი. და რადგან ბრაჰმანთა პასუხები და მსჯელობანი,  – როგორც თავად დარწმუნდა, – მხოლოდ ჭეშმარიტების გარშემო ტრიალებდა, ისე რომ არც კი ეხებოდა მას, ტაძარში მყოფთაგან ვერავინ შეძლო ამ სიბრძნით ბოლომდე განმსჭვალულიყო. ამ კითხვების, შექებისა და ჯილდოების მონაცვლეობაში მას საკუთარი თავი სხვა ბავშვებთან თამაშით გართულ ბიჭად მიაჩნდა, რასაც მოწიფული მამაკაცები ღიმილით უცქერენ.

  და აი, ბრაჰმანთა ხმაურიან შუაგულ  თავყრილობაში მეფე სულ უფრო იძირებოდა საკუთარ არსებაში, ჩაეკეტა თავისი გრძნობების კარი და მთელი ნება და მგზნებარება ჭეშმარიტებისთვის მიეძღვნა, რის შესახებაც მისთვის ცნობილი იყო, რომ ის  ყოვლისმომცველია, და რომ იგი ყოველივე არსებაშია დამალული  – თავად მასშიც. და რადგან იგი შინაგანად განწმენდილი იყო, მან, ორმოცი დღისა და ღამის განმავლობაში საკუთარი თავიდან გამოაძევა სამშვინველისა და სხეულის მთელი წიდა.  – მაშინ კი,  უმალ შუქი შეიჭრა მის არსებაში და კმაყოფილების გრძნობა დაეუფლა; და რაც უფრო ღრმად იძირებოდა საკუთარ თავში, მით უფრო მკვეთრად ანათებდა ეს შუქი მისი შინაგანი თვალის წინაშე; მსგავსად იმისა, როცა ადამიანი ბნელი გამოქვაბულიდან გასასვლელისკენ მიდის, ყოველ ნაბიჯზე სულ უფრო ნათლად და დამატყვევებლად ასხივებს შუქი თავისუფლების მოახლოებისას.

  ამასობაში ბრაჰმანები განუწყვეტლივ ხმაურობდნენ და კამათობდნენ, სულაც არ ენაღვლებოდათ მეფე, რომელიც უკვე რა ხანია დუმდა, ისე ჩანდა, თითქოს იგი ყრუ-მუნჯი  ყოფილიყო. მოგვები კი სულ უფრო ხურდებოდნენ, მათი ხმები კი  უფრო მძლავრად და მკვეთრად ჟღერდა, ნაწილს კი შური ღრღნიდა იმ მშვენიერი ძროხების დანახვაზე, რომლებიც სხვებს უნდა დარჩენოდა.

  ბოლოს, როგორც იქნა, ერთ-ერთმა ბრაჰმანმა თვალი ჰკიდა მდუმარე მეფეს. მან შუა გზაზე შეწყვიტა საუბარი და გაწვდილი თითით მასზე მიანიშნა, მისი თანამოსაუბრეც დადუმდა და მანაც იგივე მოიმოქმედა და მესამეც ასევე მოიქცა, და იმ დროს, როცა ტაძრის მეორე ბოლოში ბევრი ისევ ხმაურობდა და ორატორობდა, მეფის ირგვლივ სრული სიჩუმე ჩამოვარდა. საბოლოოდ ყველანი მიჩუმდნენ, ადგილიდან არ იძროდნენ და თავის მბრძანებელს მიშტერებოდნენ. მეფე კი პირდაპირ იჯდა, მისი გაყინული მზერა უსასრულობაში იმზირებოდა,მისი სახე მსგავსი იყო შორეული ნათურების თვალშისაცემი, ცივი ნათებისა. ყველა ბრაჰმანმა ქედი მოიხარა  გაცისკროვნებული მეფის წინაშე და მიხვდნენ, რომ მათი კამათი მხოლოდ ბავშვური გართობა იყო, მაშინ, როცა იქვე, მათ გვერდით, მეფის სახით, თავად ღმერთი განსხეუდა – როგორც ყველა ღვთაების ერთობლიობა.

   მეფემ კი მთელი თავისი გრძნობები ერთად შეადუღაბა და შინაგანი სამყაროსაკენ მიმართა, იგი ამ დროს თავად ჭეშმარიტებას ჭვრეტდა, განუყოფელს იმ  თავანკარა ნათებისაგან, რომელიც მას ტკბილი თავდაჯერებულობით მსჭვალავდა, როგორც მზის სხივი გამსჭვალავს  ბუნებრივად ფერად ქვას ანუ თვალმარგალიტს და შემდეგ თავად ეს თვალმარგალიტი იქცევა სინათლედ და მზედ და საკუთარ თავში აერთიანებს შემოქმედსა და შემოქმედებას. გონს მოსულმა  მეფემ, როცა ბრაჰმანებს თვალი მოავლო, – მის თვალებში სიცილი აირეკლებოდა  თავის ქალა კი მზის დისკოსავით უნათებდა. მაშინ განიძარცვა სამეფო სამოსელი, დააგდო ტაძარი, დატოვა მშობლიური ქალაქი, ქვეყანა და შიშველ-ტიტველი ტყეებისაკენ გაემართა, საიდანაც უკან აღარასოდეს დაბრუნებულა.

 

 

7 Responses to “ჰერმან ჰესე “ლეგენდა ინდოელ მეფეზე””

  1. Kejeradze December 15, 2012 at 8:50 pm #

    ჰესე, როგორც ყოველთვის, შეუდარებელია… საინტერესოა, “სიდჰარტჰა” უფრო ადრე დაწერა, თუ “ლეგენდა ინდოელ მეფეზე”…

  2. rusa111 December 16, 2012 at 8:19 am #

    “ლეგენდა… 1911 წელსაა დაწერილი, “სიდჰარტა” – 1919-1922 წლებს შორის, 22-ში გამოვიდა წიგნად.

  3. lia111 December 23, 2012 at 1:42 pm #

    მართლაც, როგორც ყოველთვის, შეუდარებელი, შთამბეჭდავი, ლაკონიური და ამავე დროს ყოვლისმომცველი. შეიძლება ეს, გარკვეულწილად, მომზადება იყო ”სიდჰარტასათვის”. დიდი მადლობა, თარგმანიც, ჩვეულებისამებრ მშვენიერია.

  4. rusa111 December 23, 2012 at 3:02 pm #

    მადლობა თქვენ; სპეციალისტების აზრით, აქ ბრაჰმანიზმსა და ბუდიზმს შორის ბრძოლაა აღწერილი.

  5. lia111 December 25, 2012 at 9:42 am #

    ბრაჰმანები, როგორც მწიგნობრები და ფარისევლები ამ 2000 წლის წინ, არა?
    იციან, მაგრამ ვერ ხვდებიან, უსმენენ, მაგრამ არ ესმით, უყურებენ, მაგრამ ვერ ხედავენ.

  6. rusa111 December 26, 2012 at 3:28 pm #

    ეტყობა, ხშირად მეც ვარ ასეთ დღეში…

  7. პოლის ბლოგი March 4, 2014 at 2:39 pm #

    Reblogged this on პოლის ბლოგი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: