Windows on the World

27 Nov

                                                 ფრედერიკ ბეგბედერი

                                                 Windows on the World

                                               „ფანჯრები მსოფლიოზე“

გლობალურ სამყაროში ტექნიკურ პროგრესთან ერთად, საფრთხის რისკებიც იზრდება. რაშიც ამ წიგნმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა. წიგნში თავზარდამცემი 11 სექტემბერია აღწერილი. Windows on the Word   რესტორანია ჩრდილოეთ ცათამბჯენის 107-ე სართულზე, სადაც ძირითადი მოქმედება ვითარდება. რესტორნის კლიენტები ხედებს სურათებს უღებენ: „ხედები, იცოცხლე, მსოფლიოში ულამაზესია. მართკუთხა შენობების თავზე რკალად იკვეთება ზღვა, რომელზეც გემების ნაკვალევი გეომეტრიულ ფიგურებს ხაზავს. თოლიებიც კი არ დაფრინავენ ასე მაღლა.“

მამა თავის ორ ვაჟს სკოლას აცდენინებს და ისინი რესტორანში მიჰყავს. ეს თხრობის ერთი ხაზია, წიგნში ასევე არის მეორე – პარიზელი კაცის მონათხრობი პარიზის „მეშვიდე ციდან.“ მხატვრული ნაწარმოებიდან ამგვარი მოვლენების გაცნობა სწორედ იმიტომაცაა უფრო ამაღელვებელი, რომ ის კონკრეტულ ადამიანთა თვალთახედვას აცნობს მკითხველს და აქედან გამომდინარე, უფრო გასაგებ და თანაგრძნობის გამომწვევ ამბად იქცევა. გაზეთში ამოკითხული სტატისტიკური ინფორმაცია თითქოს ყურს აბსტრაქტულად ხვდება და ქარივით ჩაგიქროლებს. კონკრეტულ ვითარებაში კი შენც ამ ამბის თანაზიარი ხდები: „ერთად სასაუზმოდ მოსული თანამშრომლები დამუნჯდებიან. … მიმტანი ქალი, გაშტერებული, ჩაის დასხმას მანამდე გააგრძელებს, სანამ ფინჯანს არ აავსებს და ლამბაქზე არ გადმოიღვრება. არსებობს წამები, რომლებიც უსაშველოდ დიდხანს გრძელდება, გეგონება, ვიღაცამ

DVD ფლეიერზე  Pause-ის ღილაკს დააჭირა თითი. ამ რამდენიმე ამოსუნთქვაში დრო სერიოზულად იწელება. სულ მალე ყველა ერთმანეთს გაიცნობს, აპოკალიფსის მხედრებად იქცევა სამყაროს დასასრულს შეუერთდება.“  

გარდა ამისა, ავტორი გვამცნობს, რომ დაჯახებიდან ჩამონგრევამდე გავიდა საათი და ორმოცდახუთი წუთი და ეს ჯოჯოხეთიც ამდენივე ხანს გრძელდებოდა, … და ალბათ ეს წიგნიცო, დასძენს იგი.

ყოველი განსაცდელისას ადამიანი ხომ რაღაცას სწავლობს, რა გვასწავლა მსოფლიო სავაჭრო ცენტრმა? „ჩვენი უძრავი ქონებაც მოძრავია. ის, რაც აქამდე ურღვევი გვეგონა, თურმე სულ ადვილად იმსხვრევა, … კოშკები მოძრაობენ, ხოლო ცათამბჯენები ცას კი არა, მიწას ებჯინებიან.“

ჩემთვის ძალზე საინტერესო იყო წიგნში ყოველივე ეს, მასთან ერთად, კულტუროლოგიური მომენტებიც, რომ არ არსებობს საფუძველი, ევროპელთა და ამერიკელთა მხრიდან ერთმანეთის სიძულვილისა და რომ თავის დროზე ყველა ამერიკელი ევროპელი იყო (თეთრი ამერიკელები იგულისხმება, ალბათ). ასევე საინტერესოა, რა რეზონანსი გამოიწვია ამ ამბავმა სხვადასხვა სტატუსისა თუ პროფესიის ადამიანებში პარიზში. სნობი, პარანოიკი, ნარცისი, მარკეტინგის თანამშრომელი და ა.შ., ყველა თავისებურ რეპლიკას წამოისვრის, ერთი დამწუხრებული ქალბატონი კი უბრალოდ ამბობს:

„ჩემს ამერიკელ მეგობრებს უნდა დავურეკო, ვიკითხო მათი ამბავი!“

ელვის სისწრაფით ჩავიკითხე წიგნის სტრიქონები. დამდნარი ლითონის უზარმაზარი მასა, აალებული ნაყინის მანქნები, შოკში ჩავარდნილი თანამშრომლები, მწყობრიდან გამოსული ლიფტები, სახურავზე ასასვლელი ჩაკეტილი კარი, მაშველთა ამაო ლოდინი და ვინ იცის, კიდევ რამდენი რამ იპყრობს მკითხველის გაფაციცებულ ყურადღებას, ან კიდევ, ის ბრაზილიელი მწეველი კაცი რად ღირს, განაწყენებული რომ გამოდის შენობიდან აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე – მოწევა მხოლოდ შენობის გარეთაა ნებადართული და ისიც დემონსტრაციულად ტოვებს იქაურობას და ლიფტისკენ მიეშურება. ალბათ, მთელი ცხოვრება მოსაგონრად ექნება კაცს ასეთი იღბლიანი განაწყენება!

საინტერესოა, როგორ იქცევიან სიკვდილის მოახლოებისას ადამიანები: ვინ ასდოლარიანების შეკვრას გადმოისვრის ცათამბჯენიდან და თავადაც სიცილ-ხარხარით გადმოფრინდება, ვინ სექსში ჰპოვებს უკანასკნელ ბედნიერებას… ვინ სასიყვარულო გზავნილებით ანუგეშებს გულისსწორს და ბოდიშს უხდის, რომ უფრო მეტად არ დააფასა თავის დროზე მისი სიყვარული.

უკვე ირკვევა, რომ ეს უბედური შემთხვევა კი არა, ტერორისტული აქტია და აქაც ეგზისტენციალური სიტყვა გაისმის ერთ-ერთი თანამშრომლისგან: „ვის შეიძლებოდა ეს ჩაედინა? ვისაც გინდა! ამერიკა იმდენ ადამიანს სძულს, მათ შორის ამერიკელებსაც. …რატომ უნდა ებრძოლო დანარჩენ მსოფლიოს, თუ ის ისედაც არ არსებობს შენთვის. სისულელე, აბსურდი…“

ტურისტული თვალითაც გიპყრობს ეს ყოველივე, რადგან მაინც უცხოელის დაწერილია და თუ თავად არ გინახავს, მეტად თვალსაჩინოდ აღწერს ცათამბჯენის სიახლოვეს განცდილ შეგრძნებებს: „…ქუჩა დერეფანს ჰგავდა, რომელსაც აქეთ-იქით მაღალი შენობები კედლებივით მიუყვებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთის გიჟმაჟმა მდინარემ კანიონის ფსკერზე ჩამიტანა, თავი ქალაქში კი არა, უფსკრულის ძირში მეგონა.“ ან კიდევ: „ამ ორი ბეტონის კოლოსმა უბრალოდ კი არ გამაოგნა, არამედ ფიზიკურად დამთრგუნა. …ძალა, რომელიც ამ ცათამბჯენების შემქმნელთა შთაგონების წყაროდ იქცა, არ შეიძლება ადამიანს ეკუთვნოდეს. თუმცა კოლონებს შორის დაშორება ისეთი იყო, იფიქრებდი, არქიტექტორმა მამაჩემის მხრების სიგანით გაზომაო.“

ასე და ამგვარად, ბევრი სახალისო მომენტიცაა წიგნში, რაც ავტორს, უთუოდ, დამსახურებად უნდა ჩავუთვალოთ. თავშესაქცევი საკითხავი ტრაგიკულ თემაზე, ალბათ ასეც შეიძლებოდა გვეწოდებინა…

9 Responses to “Windows on the World”

  1. katerina November 27, 2012 at 5:35 pm #

    მაინცდამაინც ბეგბედერის მოყვარულად ვერ ვითვლები, მაგრამ საინტერესო ჩანს. ისე, რასაც ვერ დაუკარგავ,კარგი მანერა აქვს თხრობის, ირონიაც მოსაწონია, მაგრამ მაინც თაღლითი მგონია და რა ვქნა.თუმცა კოელიოს ნამდვილად მირჩევნია.ერთხელ წავიკითხავ სიამოვნებით და მორჩა.

  2. rusa111 November 27, 2012 at 5:40 pm #

    მე კარგად არ ვიცნობ, ისე თაღლითს რაც შეეხება, თვითონ აქვს ნათქვამი, მდიდრების ლანძღვით ვმდიდრდები და მაინც უნდა მძულდესო?

  3. Kejeradze November 28, 2012 at 11:52 am #

    “99 ფრანკი” მაინცდამაინც არ მომეწონა… windows on the world საინტერესო ჩანს და ვცდი – იქნებ ეს უფროა “საჩემო”…

  4. rusa111 November 28, 2012 at 12:20 pm #

    თემის აქტუალობიდან გამომდინარე, სხვა კატეგორიაა, მაინც.

  5. tsotnee December 1, 2012 at 2:18 pm #

    მე მაქვს სახლში და არდადეგებზე წასაკითხ სიაში მაქვს ჩანიშნული. “99 ფრანკი” არ მე მომწონს.:/ 2-ჯერ დავიწყე და ორჯერვე გავწყვიტე კითხვა.

  6. rusa111 December 2, 2012 at 5:02 pm #

    ავტორის ნიშნით არ შემირჩევია, პრობლემაა აქტუალური.
    მადლობა, ცოტნე!

  7. lia111 December 6, 2012 at 6:02 pm #

    იშვიათია, როდესაც წიგნს ვიწყებ და ბოლომდე არ ვკითხულობ. ”Windows…” სწორედ ეს შემთხვევაა. დავიწყე, მაგრამ გაგრძელების სურვილი აღარ მქონდა. რეპორტაჟული სტილი ასეთ თემებზე იშვიათი არ არის, მაგრამ ემოციურად ჩემთვის ძალიან უსიამოვნო წასაკითხი იყო. შეიძლება ვინმესთვის საინტერესო წიგნია, ჩემთვის – არა.

  8. კუში–კუში September 19, 2013 at 10:51 am #

    რა ნათლად და ნამდვილად აღგიქვამს ყველაფერი… მართლა მომეწონა… ძალიან მტკივნეული რეალური ამბავია😦

  9. rusa111 September 21, 2013 at 3:37 pm #

    მადლობა კუში, ლიტერატურა ხომ მაგისთვის გვიყვარს, გამოგონილი სინამდვილე რომაა!..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: