ჯონ მაქსველ კუტზეე “სირცხვილი”

1 Nov

Image ჯონ მაქსველ კუტზეე „სირცხვილი“
ჯ. მ. კუტზეე სამხრეთაფრიკელი ინგლისურენოვანი მწერალია. რომანი „სირცხვილი“ მან 1999 წელს გამოაქვეყნა და ამ წიგნისათვის ბუკერის პრემია მეორედ მიიღო. ის აგრეთვე ნობელის პრემიის ლაურეატიც გახლავთ (2003 წ.). მიუხედავად იმისა, რომ მე მწერლებს პრემიების მიხედვით არ ვსჯი, ჩვენში ამას მნიშვნელობას ანიჭებენ და არა მარტო აქ… თავად რომანს რაც შეეხება, ის კეიპტაუნის უნივერსიტეტის ერთ პროფესორზეა, რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა საკუთარ სტუდენტთან, რის გამოც უნივერსიტეტიდან მიდის. დანაშაულს უმალ აღიარებს და ზედმეტი სენტიმენტების გარეშე ტოვებს იქაურობას. კოლეგები, ჟურნალისტები ამაოდ ცდილობენ რაიმე ხელმოსაჭიდი წამოაცდენინონ.
„ჩვენ პურიტანულ დროში ვცხოვრობთ. პირადი ცხოვრება ყველას განსჯის საგნად იქცა, მისდამი მეტისმეტი ცნობისმოყვარეობა კი რესპექტაბელური გახდა – ცნობისმოყვარეობა და სენტიმენტალობა. მათ სპექტაკლი სჭირდებოდათ: გულში მჯიღის ცემა, მონანიება, ცრემლიც კი… მოკლედ, ტელეშოუ. ასეთი სიამოვნება კი ვერ მივანიჭე.“– უამბობს ქალიშვილს მასთან ფერმაში ჩასვლისას. ამ უსიამოვნების შემდეგ ის ყველაფერს კარგავს, სამსახურს, მდგომარეობას, ბინას… მაგრამ ცდილობს შეინარჩუნოს ღირსება. მუშაობს ბაირონზე, სურს ოპერის დაწერა.
მეორე ამბავია მისი ქალიშვილის ისტორია, არანაკლებ დრამატული. ჩემი აზრით, ეს „სირცხვილი“ ეხება უფრო მეტად შვილს, ვიდრე მამას. ლუსი – კარგი განათლების მქონე ქალიშვილი – სოფლად სახლდება და ფერმერულ ცხოვრებას ირჩევს: უვლის ძაღლებს, ამუშავებს მიწას და შაბათობით საკუთარ პროდუქტს ბაზარზეც ყიდის. თავიდან თითქოს შესაშურია მისი დამოუკიდებლობა, შრომისმოყვარეობა, რაც ერთგვარი თავისუფლების გარანტიაც არის, მაგრამ, აღმოჩნდება, რომ მთლად ასეც არაა საქმე. ფერმაში ჩნდება შავი მუშა (ორივე გაგებით) პეტრასი, რომელიც საკუთარ თავს „მეძაღლეს“ უწოდებს, ლუსის შავ სამუშაოში ეხმარება, მოგვიანებით ყიდულობს მისგან მიწის ნაკვეთის ნახევარს და თანამფლობელი ხდება. ერთი შეხედვით, ერთგული დამხმარეა ლუსის მეურნეობაში, მაგრამ ერთხელაც,მისი არყოფნის დროს, სამკაციანი ჯგუფი თავს ესხმის გოგონას (მამასთან ერთად, ისიც იქაა იმ დროს), აუპატიურებენ და ძარცვავენ მას, მიყავთ მამის მანქანაც. ირკვევა, რომ ეს ხალხი პეტრასისთვის არც ისე უცნობია; ანუ სურთ შექმნან ილუზია, რომ აქ მთლად უსაფრთხო ვითარება არ არის და მას დამცველი ესაჭიროება, რადაც თავად მოაქვს თავი. მამა სთხოვს ქალიშვილს, მიატოვოს აქაურობა, მაგრამ ლუსი უარზეა, თვლის, რომ ეს მისი მარცხი იქნება. ბოლომდე არ ამხელს მიზეზებს, რატომ ჯიუტობს ასე და თან ყველაფერზე თანხმდება, რასაც პეტრასი სთავაზობს. იმ საბედისწერო დღის შემდეგ ორსულად აღმოჩნდება და იმაზეც კი თანახმაა, პეტრასს გაჰყვეს ცოლად, (რომელსაც ფერმაში უკვე ცოლიც ყავს შვილებით, და საყვარელიც) და ვინც სინამდვილეში მისი მფარველი იქნება; მამას კი პირობას აძლევს, რომ მისი სახლი ხელშეუხებლად დარჩება, სადაც მისი ნებართვის გარეშე ვერავინ შევა. პოლიციაც მხოლოდ დაზღვევის გამო გამოიძახა, ძარცვის თაობაზე მოახსენა, გაუპატიურებაზე ხმაც არ დაუძრავს, მამასაც არ აძლევს უფლებას, მეზობლებს უჩივლოს, რადგან აქ სურს ცხოვრების გაგრძელება: „დიახ, გზა, რომელსაც მე ვადგავარ, შესაძლოა მცდარია, მაგრამ თუ ახლა ფერმიდან წავალ, წავალ დამარცხებული და ამ მარცხის გემო მთელი ცხოვრება გამყვება.“– ერთი სიტყვით, ეთნიკური და ეთიკური წინააღმდეგობების გამოსახატავად, ავტორი კომპოზიციურად დატვირთულ სიუჟეტს იყენებს. გმირთა წინააღმდეგობრივ საქციელში მკითხველს ზოგჯერ გარკვევა უჭირს და მართლაც, იქნებ ასეა, როგორც წიგნის ერთ-ერთი გმირი ამბობს: „…როცა ჩაგვავლებენ, ჩვენ ყველანი პატიებას ვითხოვთ. მაშინ ყველანი ვწუხვართ. საქმე ის კი არ არის, ჩადენილის გამო ვწუხვართ თუ არა. საქმე ის არის, რა ვისწავლეთ მომხდარისაგან და რას ვაპირებთ ახლა, როცა ვწუხვართ.“

16 Responses to “ჯონ მაქსველ კუტზეე “სირცხვილი””

  1. Kejeradze November 1, 2012 at 12:41 pm #

    პოსტი ზედაპირულად წავიკითხე (წინასწარ არ მინდოდა შინაარსის ღრმად გაგება), მაგრამ საინტერესო მწერალი ჩანს…

  2. katerina November 1, 2012 at 2:24 pm #

    არ ვიცი ეს მწერალი, დავინტერესდი.

  3. rusa111 November 1, 2012 at 4:17 pm #

    მეც ახლა გავიცანი დიოგენეს ბიბლიოთეკის საშუალებით. მეცნიერიც ყოფილა, დისერტაცია დაიცვა ამერიკაში სამუელ ბეკეტზე. 2-ჯერ ბუკერი აქვს და ერთხელ ნობელის პრემია მიღებული. წიგნის ხათრით ფილმიც გადმოვქაჩე.

  4. litterator November 2, 2012 at 11:20 am #

    ორიანი იმისთვის რომ შინაარს ასპოილერებ🙂

    • Lord Vader November 5, 2012 at 5:20 pm #

      ყოველთვის, როცა რამე წიგნს მიმოვიხილავ, მეტადრე კი დეტექტივებს – ერთი სული მაქვს მკვლელის სახელი გავთქვა🙂 მარა მკითხველს ვცემ პატივს.🙂

  5. rusa111 November 2, 2012 at 12:58 pm #

    ეს დაინტერესებულთათვის, ჩემო litterator, თანაც ანალიზისთვის, მოკლე ექსკურსი საჭიროა.

  6. rusa111 November 2, 2012 at 12:59 pm #

    თამი, შენ გამოჩენას მივესალმები ჩემს ბლოგზე!

  7. rusa111 November 6, 2012 at 1:33 pm #

    ეს დეტექტივი არ არის და ვერ ვხვდები, რამ გაგაღიზიანათ ასე, ფსიქოლოგიური ვითარებისთვის დამჭირდა, თუ რამე ვახსენე. სხვა განხილვებიდან განსაკუთრებული ეს არ მგონია.

    • Lord Vader November 6, 2012 at 5:49 pm #

      თუ მე მეუბნები – მე არ გამაღიზიანა. მაგ წიგნამდე იმდენი რამე მაქვს წასაკითხი, რომ საერთოდ მივალ თუ არა მაქამდე არ ვიცი, ასე რომ სულ ერთია მეცოდინება შინაარსი თუ არა.🙂
      მაგრამ ზოგადად ლიტერატორის შენიშნვა სამართლიანი იყო.

  8. lia111 November 9, 2012 at 4:00 pm #

    საინტერესო უნდა იყოს.
    სხვადასხვა ასაკის, სოციალური სტატუსის, განათლების და ა.შ. ადამიანებს შორის სექსუალური ლტოლვა, ძალადობა, თავისუფალი ნება, ინდივიდი და გარემო, პიროვნების თავისუფალი არჩევანი და ა.შ. როგორც მივხვდი ამ თემებს ეხება რომანი. ეხლა მთავარია, როგორ არის აღწერილი ყოველივე ეს. როგორც ჩანს – კარგად. საინტერსოა.

  9. rusa111 November 9, 2012 at 4:27 pm #

    ყველგან ეწერა, რომ ეს წიგნი უნი-ს პროფესორის “სირცხვილზეა”, მაგრამ ემოციურად ქალიშვილის ტრაგედიამ მამის პრობლემა გადაფარა.

  10. lia111 November 23, 2012 at 8:36 am #

    მართლაც საინტერესო რომანი აღმოჩნდა, კოლორიტული ფიგურებით. მათ შორის:
    – ახალგაზრდა ქალი, რომელიც უპირობოდ აღიარებს მამაკაცის პრიმატს, მის უფლებას – ფლობდეს (ქალს, მიწას …), გაურბის მას და თითქოს ლესბოსელობაში პოვებს თავშესაფარს, მაგრამ ხარკი მაინც გასაღებია და ისიც უდრტვინველად იღებს ამ ხარკს.
    – შუა ხნის მამაკაცი, ფლობის ჟინით შეპყრობილი (თუმცა, როგორც ჩანს, ცოტა გადაღლილი, რაც მის ჟინსაც ცოტა კომიკურს ხდის), რომელიც თავს ეროსის მსახურად მოიხსენიებს. მისთვის სულერთია ქალის ასაკი, გარეგნობა, სასურველობა… იგი მუდამ მზადაა ”მოვალეობის შესასრულებლად”. თითქოს ვიღაცის ღირსების დაცვას აპირებს (საკუთარი თავის, შვილის, მეგობრის …), მაგრამ არც თვითონ და არც არავის აქვს მისი იმედი. როგორც თვითონვე ამბობს, ”ცუდი კაცი არ არის, მაგრამ არც კარგია, ცივი არ არის, მაგრამ არც მხურვალეა”. ისიც თავშესაფარს ეძებს და ბაირონის ცხოვრების კვლევაში ცდილობს კითხვებზე პასუხების პოვნას.
    თვალში საცემია დანაშაულისა და მისი გამოსყიდვის მოტივები, ზოგჯერ დრამატული, ზოგჯერ – გროტესკული; ბედისწერული ურთიერთხლართები და მრავალი სხვა თემა.
    ნაწარმოებმა ზოგიერთი ქართველი ავტორი გამახსენა. სამწუხაროა, რომ დღემდე ვერ ხერხდება ქართული პროზის შესაფერის დონეზე თარგმნა. ლიტერატურა ჯერ კიდევ ვერ გახდა ჩვენი სავიზიტო ბარათი, არადა განძი უბრალოდ დაფარულია და ნორმალურ მთარგმენლს ელის.

  11. rusa111 November 23, 2012 at 1:36 pm #

    რომელ ქართველ მწერალს გულისხმობ?

  12. lia111l November 24, 2012 at 11:31 am #

    თუნდაც მიხეილ ჯავახიშვილს.

    • lia111 December 12, 2012 at 12:20 pm #

      ამ წიგნში განსაკუთრებით კარგად ჩანს მთარგმნელის, როგორც ინტერპრეტატორის როლი. რომანის სათაური -“Disgrace”, ბევრ ასპექტს მოიცავს, მთარგმნელმა აირჩია ”სირცხვილი”. ჩემთვის, კონტექსტიდან გამომდინარე, უფრო მისაღებია რუსული ვარიანტი – ”Бесчестье”. როდესაც სირცხვილზე ვფიქრობ, მხოლოდ ერთი პერსონაჟი მახსენდება – მეძავი სორაია. ის, თითქოსდა, პროფესორის სტაბილური და გაწონასწორებული ცხოვრების გარანტია. როდესაც მისი ანონიმურობა ირღვევა, იგი (ალბათ სირცხვილის გამო) ტოვებს სცენას და ამის შემდეგ იწყება ყველაფერი რომანში. როგორც ჩანს, მთარგმნელისთვის სხვა ასპექტები იყო უფრო მნიშვნელოვანი. ამიტომაცაა თარგმანი ხელოვნება და არა მხოლოდ ხელობა.

  13. rusa111 December 13, 2012 at 10:28 am #

    შენ საინტერესო წიაღსვლები გაქვს ხოლმე, მე კი ვიგულისხმე, რომ უბრალოდ, უკეთესი შესატყვისი არ არსებობდა ქართულში თან კონტექსტიდან გამომდინარეც, ცხადია!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: