სამი კითხვა მოთხრობის ბოლოს

25 ოქტ

Image

ლუიზე რინზერი

არავითარი შემამსუბუქებელი გარემოებანი, გეთაყვა

რატომ მაწამებთ? ერთხელ უკვე ვაღიარე, განა არა არის საკმარისი? მე იდა რაითი მოვკალი. სამზარეულოს დანა შევურჭე. სიამოვნებას განიჭებთ ამის კიდევ ერთხრლ მოსმენა? დეტალებით ტკბებით, ასეა განა? მეტად საინტერესოა: ვიღაცა ქალი თავის საუკეთესო მეგობარს კლავს, დღისით – მზისით, სამზარეულოში კარტოფილის ფცქვნის დროს. არ გჯერათ ჩემი? რა? განა ისე გამოვიყურები, თითქოს თავის გაწირვა მსურდეს და ამით ნამდვილი მკვლელის ვინაობის დაფარვა? ამას არავის გამო არ ვიზამდი. მაშ სხვა ვის უნდა მოეკლა იგი? მას ხომ მტერი არ ჰყავდა. ყველას უყვარდა ეს ქალი. ყველასთვის სათაყვანო, მომხიბვლელი ქალბატონი რაითი. იგი ერთნაირად უყვარდა როგორც ყასაბს, ისევე ქუჩის ინსპექტორსა და საგადასახადო კონსულტანტს. ჩემს ქმარს? მხოლოდ ზომიერად. ქალი მას აღიზიანებდა, ისევე როგორც მე _ ბატონ რაითს. ათი წელი ვმეგობრობდით, დიახ. ბატონი რაითი ჩემი ქმრის კოლეგაა. _ ორი ჩინოვნიკი იუსტიციის სამინისტროში. დაბალი რანგის ხელმძღვანელები. ორივე დაწინაურებას ელოდება. ამის შემდეგ, დაწინაურებული პირი მეორის უფროსი გახდება. შანსები თანაბარი აქვთ. არც ერთს არ უნდოდა მეორისაგან დაჩაგრული ყოფილიყო, გესმით? მეტი არაფერი? როგორ არა: რაითი ჩემი უფროსი შვილის ნათლიაა, ჩემი ქმარი კი _ რაითების უფროსი ბავშვისა. ისე, როგორც წესით მიღებულია, სახარხაროა, პირდაპირ, რა ზედმეტად ნორმალურია ყოველივე ეს; რა გონივრული; რა ზედმიწევნით მშვენიერი. მოკლედ, რაითები და ციმერმანები ერთმანეთს ეკვრიან ისე, როგორც ფისი და გოგირდი. ნუთუ გგონიათ, რომ ლოცვის გარეშე იძინებდნენ? არავითარ შემთხვევაში. ეს ყოველივე ზედმეტად მოწესრიგებულ, ზედმეტად სუფთა, კარგ რეპუტაციაზე მიანიშნებდა. მე ხომ არ?.. რა? ხომ არ ვეჭვიანობდი, რომელიმე მხარეს? სასაცილოა. თუ მიყვარდა ფრაუ რაითი? როგორ გითხრათ, ჩვევის ამბავია.მე მის გუშინდელ კითხვაზე დავფიქრდი. ანუ: ეს ამბავი დაგეგმილი არ ყოფილა, ცხადია არა, მაგრამ ალბათ კიბოსავით იყო, შენში რომ ატარებ და ვერ ამჩნევ, ხოლო ერთ მშვენიერ დღეს კი თავს იჩენს. ალბათ ასეა. მე მანამდე თუ?.. ერთხელ, დიახ, ვუთხარი: ახლა მე წავალ, თორემ. თორემ რა? არ ვიცი. მაგრამ იყო მომენტები, როცა ის (ქალი) აუტანელი იყო, ისე უბრალოდ. არა, კამათი არა, არასოდეს. ყოველთვის მეგობრული და თავაზიანი იყო, თვინიერ კატასავით. უფრო მოთვინიერებული, მე ვფიქრობ. არა, სიგარეტი არა, მაგრამ ფანჯარას თუ გამოაღებთ… ნუ გეშინიათ, არ გადავხტები. თქვენ ისაც კი შეგიძლიათ, საკნის კარი და ციხის ჭიშკარი ღია დატოვოთ, გარეთ არ გამოვალ, სადაც ყველაფერი მაინც უკვე ჩავლილია, და ეს გარეთ ჩემთვის უკვე აღარ არსებობს. მათ უჩემოდაც შეუძლიათ ცხოვრება. ესეც უკვე ჩავლილია. ჩემი ცხოვრება ამოწუ-

რულია, არ გესმით? ავად ხომ არა ვარ? არა. მე მგონი არა.დეპრესიული? ეს კი

ვინღა არ არის? არა. არავითარი თვითმკვლელობის მცდელობა. არასოდეს.ნარკოტიკები? არასოდეს. არა, არავითარი ფსიქიატრი. ოღონდ ეს არა. შემამსუბუქებელი გარემოებანი? არ მსურს. გესმით: არ მინდა. არავითარი მოწყალება; არავის მხრიდან. მოვკალი და ნათელ გონებაზე გახლდით. არ გჯერათ? საღ გონებაზე საკუთარ მეგობარ ქალს დანას არ უყრიან? ასე გგონიათ? ამგვარი მეგობრობისას ყველაფერი ერთმანეთშია არეული, რასაც დიდხანს ვერ ამჩნევენ, თავს იტყუებენ, მთელი დროის განმავლობაში ქვევით, შავი ხვრელისკენ როდი იყურებიან. ერთხელ ექსკურსიაზე ვიყავით, დეკორატიულ შადრევან-თან მივედით, მან აუზში გომბეშოს ხელი სტაცა, ვინ, ფრაუ რაითმა, რა თქმა უნდა, დაიჭირა და იქვე გალავანზე მიასრისა, რატომ? იმიტომ, რომ გომბეშო პრინცად სურდა ეხილა, ისე, როგორც ზღაპარში ,,მეფე გომბეშო”. ვიკივლე და მინდოდა გომბეშო წამერთმია, მაგრამ მან ცხოვე-ლი ისევ აუზში ჩააგდო, რომელიც უკვე მკვდარი იყო და ფრაუ რაითმა ქმარს უთხრა: შენთანაც ხომ არ ვცადო იგივე ან ციმერმანთანო? ჩვენ მისი შეგვეშინდა. ეს გუშინ არ მითქვამს, არა, აღარ ვიცი, მე ძაღლივით მიღრენდა, დიახ, ასეა, რა ვთქვი მე გუშინ, მან ჩემ ქმარს უკბინა. ჰო, ის ჩვენს შორის იკბინებოდა, მას ყოველთვის ყველაფრის შთანთქმა სურდა. სიამოვნებით შეგსანსლავდი, ეს მისი გამოთქმა იყო და ვერ მიუხვდებოდი, ეს ხუმრობა იყო, თუ სხვა რამ. თუ ეს საბაბი იყო ჩემი ქმედებისათვის? არა, მიზეზი ალბათ, უკვე კარგა ხანია არსებობს, მაგრამ ფარული, ვინ იფიქრებდა, რომ ჯადოქარიც იქნებოდა. ისე, რომ შეხედო, ლამაზია, ვარდისფერი, ქერა, მხიარული და ბანალური. როგორ თუ ჯადოქარი, მეკითხებით თქვენ, სწორედაც რომ ამისთანა გახლდათ და ჩვენ არ ვიცოდით. მეც არ ვიცოდი, სანამ ჩემს ახალშობილ ჩვილს არ უკბინა; დიახ, დიახ, ეს სიმართლეა, უნდა დამიჯეროთ, რადგან ეს ყველაზე მთავარია იმ ამბავში, რაც შემდეგ მოხდა: ერთ დღეს ის მოვიდა, რა თქმა უნდა, მსურს გიამბოთ, თუმცა, ეს ხომ უკვე გიამბეთ, გასაგებია. ფიქრობთ, რომ საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოვალ და შეგიძლიათ ნიღაბი ჩამომხსნათ და შეცდომებზე მიმითითოთ? რაც ალბათ შვებას მომგვრის, მაგრამ მე შეცდომებს არ ვუშვებ, რადგან განტვირთვა არ მსურს, გასაგებია? დიახ, ახლავე გიამბობთ, მაგრამ თქვენ კაცი ხართ და ამიტომაც ამ ყველაფერს სრულად ვერ აღიქვამთ, რადგან გგონიათ, რომ ყველაფრის ახსნა ერთ სიბრტყეზეა შესაძლებელი; მაგრამ არსებობს სხვადასხვა დონეები, ორი ან სამი, და ყოველ მათგანზე… მისმენთ? ვხედავ, არც ერთი სიტყვის არ გჯერათ, რასაც მე ვამბობ, ან მხოლოდ ნახევარი, მხოლოდ რაღაც უმნიშვნელო ნა წილი; მე მინდა გაგიადვილოთ, ვცდილობ ის სცენა დაგიხატოთ, როდესაც ყოველივე ეს მოხდა, მაშასადამე: აქ არის ნაქირავები სახლის სამზარეულო, დილის თერთმეტი საათია, სამზარეულო ჯერ დაულაგებელია, საუზმის ჭურჭელი გაურეცხავი და აქ ასევე დგას ქალი, ჩემნაირი, დაუბანელი თავითა და ჭუჭყიანი წინსაფრით, ფეხები ქოშებში წაუყვია, დაღლილია, რადგან ექვს საათზე ადგა, თავის ორ უფროს შვილსა და ქმარს საუზმე მოუმზადა. შემდეგ უფროსები სკოლაში მანქანით წაიყვანა და პატარა გზად საბავშვო ბაღში დატოვა; შინ მოვარდა, რადგან შიშობდა, რომ ახალშობილს არ გაღვიძებოდა, ან ავად ხომ არ იყო, ან ბალიშის ქვეშ ხომ არ იხრჩობოდა, ან ლოგინში ცუდად არ მომწყვდეულიყო. ქალმა კინაღამ ძაღლი გაიტანა, ის ქუჩის განაპირას მოძრაობს, გუბეებში არტყამს, კიბეებზე გიჟივით არბის, პატარას ტირილი ესმის, მადლობა ღმერთს, ცოცხალია… აბანავებს და აჭმევს. შემდეგ ქალი ბავშვიანად ეტლით სუპერმარკეტში მიდის; პარასკევია, ამ დღეს ყველანი საყიდლებზე მიდიან, თითქოს შემდეგ აღარაფერი იქნება, რომ მერე იყიდო; შემდეგ შინ ბრუნდება. ეს  ყველაფერი ფეხით სვლის ტემპში ხდება. აბაზანას ასუფთავებს, ლოგინებს ახალ თეთრეულს აკრავს და კარტოფილის ფცქვნას იწყებს, რა? კარტოფილი არ ყოფილა, რა ვთქვი მე გუშინ? კარტოფილი სწორედაც რომ იყო; თერთმეტის ნახევარია, სამზარეულოში უწესრიგობაა, მეც მოუწესრიგებელი ვარ, ყველგან არეულობაა, ამდენი ქაოსისგან თავი მტკივა და ამ დროს კარზე ზარია, ვინ შეიძლება იყოს; ეს ის არის, ეს-ესაა საპარიკმახეროდან მობრძანდება, მშვენივრად მოწესრიგებული, ლამაზად აცვია, ვარდისფერია და მხნე, ერთი შეხედეთ, როგორ დგას? ახალი ცისფერი კაბა აცვია. ღია, ღია ცისფერი, ცასავით, _ როგორც პატარა გოგოს. ძვირფასო, ფოსტაში მივდიოდი, არ შემეძლო გვერდით ისე ჩამევლო, რომ არ მოგსალმებოდი. შესაძლოა, მაგრამ ჩემთან… არა უშავს, მაგრამ შენი პატარა ტირის, ავადაა? არა, ჩაისვარა და გამოსაცვლელია, სულ ეს არის, თავი დაანებე, იყოს საწოლში, ახლავე დავბან და გამოვუცვლი. მაგრამ ნახე, რა საყვარელია! შეიძლება საყვარელია, მაგრამ ახლა სუნი უდის. მას პატარა უკვე ხელში ჰყავს და ცეკვავს სამზარეულოში, თან რაღაც სულელურ ამერიკულ სიმღერას მღერის, my sweet baby, my angel, და ასე შემდეგ; გეუბნები, დასვი ბავშვი საწოლზე!  ძვირფასო , მყავდეს, რა მოხდა, გთხოვ, შენ ხომ მოგწონს ჩემთან პატარავ, არა? დედაშენს ხომ შენთვის არა სცალია, რატომ გააჩინეთ ოთხი შვილი, ეს ძალიან ბევრია. ახლა კი ვეუბნები: შენც სიამოვნებით გეყოლებოდა, ალბათ უფრო მეტიც…, ვიცი, რას იზამ, ვწუხვარ, არავინაა რთული ოპერაციისგან დაზღვეული, მაგრამ ბოლოსდაბოლოს დღეს ხომ სხვა მეთოდებიც არსებობს იმისათვის, რომ ბავშვი გყავდეს, ახლა კი დასვი ჩემი შვილი საწოლზე, მორჩი. ის ასეც იქცევა და წყვეტს სიმღერას. ახლა ყავა უნდა, გამიკეთებ? თავად მოიმზადე, ჭურჭელი იქ არის, შაქარი იქ, რძე მაცივარშია, წყალი დოქში, მოკლედ შენ იცი. დღეს მაინცდამაინც სტუმართმოყვარე არა ხარ. არა, არა ვარ, ვერ ხედავ, ამდენი საქმისგან ჭკუა მაქვს არეული. ვხედავ, _ თქვა მან _, შენ სტრესი გჭირს, უნდა ქალაქიდან გახვიდე, შვებულება მოიწყო. კი მაგრამ როგორ, ოთხი ბავშვით სად. დედა ხომ გყავს, შეუძლია შეგცვალოს. დედაჩემი, ჰა, მას ხომ პატარა ბავშვები არ უყვარს. ან შენი დედამთილი. მას მე არ ვუყვარვარ. ან სხვა ნათესავები. არა მყავს და არც მჭირდება. თავს იღუპავ, რას მეუბნები. ჰო, შენი ქმარი ვეღარაფერს იღებს შენგან, საპარიკმახეროში უნდა წახვიდე, ხომ წახვალ, ხვალ შეფთან წვეულებაა, აუცილებლად უნდა წახვიდე. ვალდებული არა ვარ და ვერც შევძლებ, ძიძა არა მყავს. მე გამოგიგზავნი ერთ სტუდენტ გოგონას. მოეშვი. კი მაგრამ, რას იტყვიან, შენი ქმარი თუ მარტო მივა, ხომ შეიძლება იფიქრონ, რომ… იფიქრონ, რაც უნდათ, წადი, სარეცხი უნდა შევკრა, სამრეცხაოში თორმეტამდე უნდა მივიტანო. რა, თეთრეულს არეცხინებ? მე არასოდეს, ყოველთვის თვითონ ვრეცხავ სარეცხის საპნით, ეს ყველაფერს ჯობია; სამრეცხაოში სარეცხის საშუალებებს იყენებენ, ისინი ხომ საზიანოა, ამის გამო ბავშვები კანის დაავადებებით ავადდებიან. მათ ეს აზრადაც არ მოსდით.არ გიყვარს რეცხვა? მე მიყვარს, როცა სარეცხი მანქანა მუშაობს, მე ვმღერი, ის კი მყვება. მაშ მღერი, ჰა, მითხარი გეთაყვა, ფარდების ჩამოხსნაში ხომ არ მოგეხმარო, ჭუჭყიანია,  რატოა ასე ყავისფერი? რადგან ჩემი ქმარი ეწევა. შენ რა, არ უკრძალავ მოწევას იქ, სადაც ჩვილი ბავშვია? ჩემი არ ეწევა, მხოლოდ დაუკმაყოფილებელი კაცები ეწევიან. მაშასადამე შენი დაკმაყოფილებულია არა? ჰო, აბა რა, მისი პატარა კეთილი მდივანი გეხმარებათ ამაში. იცინის, არ ბრაზობს, მას თვითკმაყოფილების ჯავშანი აქვს აფარებული, რომელიც ასე შეუვალია. აბა, ვეუბნები, მირჩევნია გაბოლილი ფარდები, ვიდრე ჩემს ქმარს ხასა ჰყავდეს სამსახურში; ჩვენ მაინც ოთხი შვილი გვყავს, ყველა მისგანაა, სასურველი და დაცული, ჩემი ქმარი უკმარისობას არ უჩივის. მე კი ჩემსას ყოველგვარი ცელქობის ნებას ვაძლევ, თქვა მან, იგი ყოველთვის უკან ბრუნდება, მონანიებით, მაგრამ კმაყოფილი, ჩვენ ქალებსაც კი გვმართებს. რა? ზოგჯერ გვერდზე გავხტეთ, ეს ახალგაზრდობას გვინარჩუნებს, მაგალითად შენც შეგეძლო. რა? აი, დოქტორი პეტერსენი ხომ შეყვარებულია შენში. ვინ? ბავშვების ექიმი. შენ აფრენ. მშვენიერი ფლირტი იქნებოდა, რატომაც არა, მეცა მაქვს ერთი. რა, შენ სხვაგანაც დადიხარ? დავდივარ ზოგჯერ, ეს მამხიარულებს. ჩვილი ისევ ტირილს იწყებს, მისი აყვანა მინდა, მაგრამ პატარა უკვე მის მკლავებშია, მაშინვე ხელი სტაცა, აქეთ-იქით დაატარებს, გულში იკრავს ძვლებს მოსტეხს, ისევ მღერის, მღერის არასწორად; მომეცი ბავშვი, ვეუბნები, არა, მე დრო მაქვს აქეთ-იქით რომ ვატარო, შენ კი _ არა. მომეცი, უნდა გამოვუცვალო. რაო, ეგ მოიცდის, ხედავ, იცინის, უხარია, მას მე ვუყვარვარ, არა, ჩემო ტკბილო, ხომ გიყვარვარ? ბავშვი მომეცი. ქალი ბავშვით დახტის, ცეკვავს, მღერის, სარეცხის კალათას ახტება, მომეცი ბავშვი, ის ცეკვას აგრძელებს მაგიდის გარშემო, ყავადანი უსტვენს, ბავშვი ჩხავის, ის კი მაგიდაზე ხტება და იცინის, ის ნამდვილი გრძნეულია, ახლა ვხვდები, ბავშვს მოიტაცებდა და გაიქცეოდა, არა, ან კიდევ პირს დააღებდა და გადასანსლავდა. მეც მაგიდაზე ვხტები და ბავშვს ხელიდან ვტაცებ. ის ყვირის, დამიტოვე ბავშვი, მე კი მისგან შორს მიმყავს და საწოლში ვაწვენ. უნდა უკან გამომყვეს, მე კი ხელს ვტაცებ სამზარეულოს დანას და ვურჭობ, ყელიდან სისხლი მოსდის, გაოცებული მიყურებს, შემდეგ ეცემა, ასე დაგდებულს ვტოვებ და პოლიციაში გავრბივარ: ადამიანი მოვკალი. აი, ასე იყო ეს ყოველივე. ახლა კი გთხოვთ, თავი დამანებოთ. ახლა ყველაფერი რიგზეა. ერთხელ და სამუდამოდ. როგორ? ეს თქვენ გუშინაც მითხარით: ყველაფერი გამოგონილია, ასე გგონიათ? რა სისულელეა. თითქოს ეს რაიმეს ცვლიდეს. მე ის მოვკალი. მორჩა. საქმე მოთავებულია. თუ ცოცხალი გადარჩა და კართან მივიდა? ეს მტკიცებულება იქნებოდა? რომ არ ვიცინი? თქვენ ტყუით. სულელურად იტყუებით. სულ არაფერი გესმით. ის ხომ ნამდვილად მკვდარია, ერთხელ და სამუდამოდ. ახლა კი წადით ბოლოს და ბოლოს.

გერმანულიდან თარგმნა რუსუდან ბეჟაშვილმა

 

კითხვები: 1. მართლა კლავს, თუ ეს მისი ფანტაზიის ნაყოფია?

                    2. მოთხრობის გმირი დადებითია თუ უარყოფითი?

                    3. სიყვარული უფრო ალტრუისტულია თუ ეგოისტური?

 

12 Responses to “სამი კითხვა მოთხრობის ბოლოს”

  1. katerina ოქტომბერი 25, 2012 at 4:16 PM #

    დედა, როგორ მომეწონა!!! ძალიან, ძალიან და ისე გავუგე, რომ რა გითხრა, ბევრი რამე მეცნო 🙂 ახლა პასუხები”1-მე წარმოსახვა მგონია, რომელიც ისეთი დამაჯერებელია, ცხადი გგონია.2-დადებითია 3-წესით ალტრუისტული უნდა იყოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეგოისტურია და ამიტომაც აღარაა სიყვარული და კვდება.

  2. lia111 ოქტომბერი 25, 2012 at 5:19 PM #

    მომეწონა, ქალის ფსიქოლოგია კარგადაა გადმოცემული, დინამიურიცაა, დამძაბველიც, ერთი ამოსუნთქვით იკითხება. თარგმანიც მშვენიერია.
    1.ფანტაზიის ნაყოფი მგონია. 2. ჩვეულებრივი ადამიანია, უფრო დადებითი, ოღონდ გამოფიტული და გადაღლილი ამდენი რუტინული საქმისგან. 3. სიყვარულს გააჩნია.
    ეს კითხვები ავტორისაა თუ მთარგმნელის?

  3. rusa111 ოქტომბერი 25, 2012 at 6:27 PM #

    ეს კითხვები მე გამიჩნდა წაკითხვის შემდეგ და ბლოგი რომ უფრო საინტერესო ყოფილიყო, მკითხველებს დაგისვით.

  4. Kejeradze ოქტომბერი 25, 2012 at 8:20 PM #

    საინტერესო იყო… მოთხრობის ბოლოს კითხვები არ მიყვარს – სკოლას მახსენებს :)) …მაგრამ გამონაკლისის სახით ვუპასუხებ – 1. ფანტაზიაა ნამდვილად; 2. მგონი, თავადაც ვერ გარკვეულა თავის თავში; 3. უფრო ხშირად ეგოისტურია…

  5. rusa111 ოქტომბერი 25, 2012 at 10:02 PM #

    ეტყობა მე ლექტორობის დროიდან გამომყვა კითხვების სიყვარული; მაგრამ ბლოგის გასამხიარულებლადაც ვიფიქრე.

    არადა, თუ სამყაროს სიყვარული ამოძრავებს, წესით ალტრუისტული უნდა იყოს.

  6. მოლი ბლუმი ოქტომბერი 26, 2012 at 6:31 PM #

    მშვენიერი თარგმანია, რუსა.

    რაც შეეხება კითხვებს

    1 – წარმოსახვა უფრო მგონია;
    2 – ძნელია ასე თქმა, დადებითი და უარყოფითი ადამიანი, ვფიქრობ, არ არსებობს, მაგრამ მე არ მესიმპატიურება.
    3 – ღრმად ეგოისტური, რა თქმა უნდა.

  7. rusa111 ოქტომბერი 26, 2012 at 6:46 PM #

    მადლობა,მოლი! აი, გერმანიაში ერთმა ლექტორმა კერძო საუბარში მითხრა, სიყვარულს ფლობასთან არაფერი აქვს საერთოო – ეტყობა კოსმიურ სიყვარულზე ამბობდა.

    • Nana ოქტომბერი 30, 2012 at 10:26 AM #

      თარგმანი მომეწონა და ავტორით დავინტერესდი.

      ქალის ბუნებას კარგად უნდა იცნობდე , რომ ასე ოსტატურად დახატო ეჭვიანი დედა. სწორედ ეჭვიანი და ეგოისტი Hausfrau . მე მგონი, აქ სიყვარული ზედმეტი ელემენტია.

      Hausfrau ისეთი პროფესიაა, ყველაზე დახვეწილ ჯალათსაც რომ შეშურდება მისი სისასტიკის და დანის ხმარების ოსტატობის. Hausfrau ის ცხვარია, რომელიც, თუ გაცხარდა, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ შეაჩერებს . . .

      სისასტიკე და დაუნდობლობა , საკუთარი ოჯახის უცხო ელემენტებისგან დაცვა და სადილის კეთება Hausfrau-ს პროფესიული საქმიანობის შემადგენელი ნაწილებია და ისიც პირნათლად ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს 🙂 რას ერჩით ?!

      მოთხრობა გროტესკულია, შავი იუმორის პირბადეს ატარებს. მოკლა, თუ არა? სხვისი სიცოცხლის ხელყოფის სურვილი ხომ ჰქონდა, ეს უკვე საკმარისია. მე მგონი, ეს ქალი ყოველდღე სჩადიოდა დიდსა და მცირე მკვლელობებს. დანა მის ყოველდღიურობაში ის ატრიბუტია , რომელსაც, როგორც იქნა , ფინალისკენ ”ჭეშმარიტი” დანიშნულება მოეძებნა, გაცვეთილი ფანდია 🙂

      როგორ გააგრძელებს პერსონაჟი ცხოვრებას? თუ შრომით ხელშეკრულებას ვადაზე ადრე დაარღვევს და Hausfrau-ს თანამდებობაზე უარს იტყვის, აქვს შანსი, თუ არა და აშკარად კრიმინალია, აღარაფერი ეშველება. . .

      • tami ნოემბერი 11, 2012 at 5:45 PM #

        მაგის ადგილზე ნებისმიერი ქალი გააფრენდა, შეიძლება მართლაც მოეკლა ვინმე.

        რაც არ უდა დადებითი იყოს ადამიანი ხანდახან ეშმაკს ვერ ერევა.

        სიყვარული არც არსებობს, როგორც ასეთი

  8. rusa111 ოქტომბერი 30, 2012 at 3:06 PM #

    ნანა, მადლობა კომენტარზე, მაგრამ ძალიან შავად ხომ არ დახატე დიასახლისის ცხოვრება. ეს მარადგანახლებადიც არის, მეორე მხრივ. ამ რუტინაში სიცოცხლის მარადიულობაც შეიძლება დაინახო.

    ავტორს რაც შეეხება, სულ ამ თემებზე არა აქვს, ფსიქოლოგიური მოთხრობები ხელოვნებაზე და ფაშისტური გერმანიის დროს ებრაელთა დევნაზეც და ა. შ. გერმანული ბიბლიოთეკიდან მქონდა გამოტანილი და ეს ერთი ვთარგმნე.

  9. აკ. ხიდ. ოქტომბერი 31, 2012 at 7:29 PM #

    დედანში არ ვიცი და ქართულად კარგად იკითხება. ნაწარმოებმა თუ მასში გადმოცემულმა კი “ხელოვნურად” შექმნილის შთაბეჭდილება დამიტოვა (“წვრილმანი ხელოვნური” იმდენია, რომ თავიდან მომიწევს წაკითხვა… მახსენდება: გომბეშოს ეპიზოდი, კბენა, გადაყლაპვა-გატაცების შიში, ორ ქალს შორის არსებული უკიდურესად ხელოვნური გრძნობათა ბუნება და ა.შ.).

  10. rusa111 ოქტომბერი 31, 2012 at 7:35 PM #

    ჩემი აზრით, ეს თანამედროვე ლიტერატურული ხერხია: ზედმიწევნით რეალისტურით მხატვრული სივრცის შექმნა.

Leave a reply to rusa111 კომენტარის გაუქმება