უილიამ ფოლკნერის “დროშები მტვერში”

19 Oct

უილიამ ფოლკნერი 1897 წელს მისისიპის შტატის ერთ პატარა ქალაქში დაიბადა და, შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრება მისისიპიში გაატარა. წერა პოეზიით დაიწყო, ხოლო მოგვიანებით დიდ რომანისტად  მოგვევლინა. მან გამოიგონა ადგილი ამერიკის სამხრეთში, სადაც მისი რომანების უმრავლესობაში ვითარდება მოქმედება ინდიელთა მიწაზე პირველი თეთრი მაცხოვრებლების გამოჩენიდან მე-20 საუკუნის შუა პერიოდამდე. მისი რომანები ერთ დიდ საგას წარმოადგენს მისისიპელებზე და მათ სხვადასხვა გვარის წარმომადგენლებზე, რომლებიც რომანიდან რომანში გადადიან და მკითხველისთვის ახლობელნი ხდებიან. რომანში „დროშები მტვერში“ სარტორისების ოჯახის ამბავია აღწერილი 1-ლი მსოფლიო ომის შემდეგ.

რომანი ასახავს არისტოკრატიის დაცემას მისისიპიში, სარტორისის ოჯახის წევრები

ძველ დიდებას მისტირიან. ისინი თავისი გარდაცვლილი წინაპრის – პოლკოვნიკ ჯონ სარტორისის აჩრდილიდან ვერ გამოდიან, ის გახლდათ კავალერიის ოფიცერი სამოქალაქო ომის დროს, მისი სახელი უკავშირდებოდა ასევე ადგილობრივი რკინიგზის მშენებლობას. რომანის გმირები, პოლკოვნიკ სარტორისის უმცროსი და – მამიდა ჯენი, ვაჟით – ბაიარდ სარტორის უფროსი და მისი შვილიშვილი ბაიარდ უმცროსი არიან ძირითადად; და მათ ირგვლივ ვითარდება მოქმედება.

მამიდა ჯენის ძველი დროის რომანტიკიდან ერთ ადგილას გახსენების ამგვარი ფრაგმენტი გვხვდება წიგნში, რაც მისი ძმის მეგობარ გენერალ ჯეფ სტიუარტთან იყო დაკავშირებული: „…ცოტა ხანს ჩაფიქრებული მიაშტერდა ცეცხლს, მის ფერმკრთალ, ჯიუტ სახეს წამით მშვიდი სინაზე გადაეფინა. – იუმორის უცნაური გრძნობა ჰქონდა. …კიდევ ჩაიძირა მოგონებებში, სადღაც შორეული ადგილებისკენ თუ გაექცა ფიქრი ნაკვერჩხლების მოვარდისფრო ქონგურებს მიღმა. – საცოდავი, …მერე უფრო მშვიდად დაამატა: – 58 წელს ბალტიმორში ვალსი ვეცეკვე, – და მისი ხმა ისეთი ამაყი და მშვიდი იყო, როგორც დროშები მტვერში.“

რომანი ახალგაზრდა ბაიარდ სარტორისის 1-ლი მსოფლიო ომიდან ჯეფერსონში (ავტორის მიერ გამოგონილი იოკნაპატოფას ოლქში) დაბრუნებით იწყება. სადაც იგი თავის ტყუპ ძმა ჯონთან ერთად მფრინავი იყო. ჯონი ომში დაიღუპა. მას სულ თან სდევს ძმის გარდაცვალების ამბავი: „ფიქრებში ისევ თავის დაღუპულ ძმასთან იყო და ერთმანეთის სიშმაგით შევსებულ-გამთლიანებული დღეების აჩრდილი ყველაფრზე მტვერივით ეფინა ოთახში, იმ მეორე აჩრდილს აძევებდა, მის სუნსა თუ სურნელს, მისი არსებობის კვალს და ისე უკრავდა სუნთქვას, იძულებული გახდა, წამომდგარიყო, ფანჯარა ბოლომდე გამოეღო და ჰაერი ხარბად ჩაესუნთქა, იმ კაცივით, ვისაც წყლიდან ამოყვინთვის მერე ვერაფრით დაუჯერებია, ისევ ზედაპირზე მოვექეციო.“

უმცროსი ბაიარდი საკუთარი ოჯახისგან გაუხცოებული რჩება, დროს მანქანით სწრაფ სვლასა და ოდესღაც საკუთარ მსახურებთან ღრეობაში ატარებს. ზანგებთან ერთად დაჰქრის მანქანით, და მიუხედავად მათი შიშისა, არავითარ ანგარიშს არ უწევს მათ და საკუთარ სიცოცხლესაც არც თუ იშვიათად, საფრთხეში იგდებს. ერთხელ ერთმა ზანგმა უთხრა, გააჩერე, ქუდი გადამივარდაო, მან კი მიუგო, –გადახტი, თუ ბიჭი ხარო!

თანამეინახე მსახურები თავგატეხილ ბაიარდს ასე ახასიათებენ: „მე ჯერ კიდევ იმ დროიდან ვიცნობ, როცა მთლად თითისტოლა იყო, თუმცა ასე ძმაკაცურად ჯერ არასოდეს ვმჯდარვართ, მე ღარიბი ბიჭი ვიყავი, ძმებო, ბაიარდის ოჯახი კი იმ დიდ მამულში ცხოვრობდა ყოველთვის, ბანკში დიდი ფული ედოთ და ზანგები ემსახურებოდნენ, მარა თვითონ ჯიგარია, – გაიმეორა ისევ, – არავის ეტყვის, ვისკი ვინ დაალევინა.“

ის მეზობელ გოგონა – ნარცისას უყვარდება და საბოლოოდ ქორწინდებიან. ამის პარალელურად, წიგნში საინტერესოა ხანგრძლივი თვალთვალი და ანონიმური წერილები ნარცისასადმი, რომლებსაც იგი არ პასუხობდა, მაგრამ წერილებს ინახავდა, რაც მისი ხელჩანთიდან ამოშვერილმა ფურცლის წვეტმა გასცა, ეს კი   სტიმული აღმოჩნდა იმ ყმაწვილისათვის, ვინც წერილებს უგზავნიდა. ირკვევა, რომ ეს ბანკში მომუშავე ბაირონ სნოუფსია, რომელიც ეჭვიანობით გახელებული ნარცისას ოთახში შეიპარება, უჯრაში წერილების დასტას აღმოაჩენს და მის ერთ-ერთ საცვალთან ერთად, ხელს გააყოლებს, სანაცვლოდ ტოვებს ბოლო წერილს. ფანჯრიდან გადახტომისას ძველი სათბურის მინებზე ფეხში დაიჭრება და ასე დასისხლიანებული და დაუოკებელი ვნებით გაშმაგებული ქალაქს ტოვებს.

როგორც ყველა დიდ კლასიკურ რომანში, აქაც რამოდენიმე სასიყვარულო ურთიერთობაა აღწერილი,მათ შორის,ნარცისას ძმის – ჰორასისა და ბელის უცნაური სიყვარულის ამბავი, ექსცენტრული, მოუსვენარი ქალისა, რომელმაც ქმარი და ქალიშვილი მიატოვა მისი სიყვარულის გამო. ჰორასი კი გაორებულია და ბოლომდე არც არის დარწმუნებული უყვარს თუ არა იგი, უფრო სწორად, რატომაა მასთან. დასთან საუბარში ამბობს: „არადა დღეს უამრავი ბავშვების მოყვარული ქალწული დაიარება სამყაროში, …და გულწრფელად გითხრა, მეც არა ერთი ასეთი მეგულება, ცოლად რომ შეიძლება შემერთო და მაინც… – ბოლო-ბოლო შეიძლება საიდუმლოც

ეგ იყოს, არა რაიმე ქვეცნობიერი ლტოლვა იმისკენ, რაც, ჩვენი აზრით, ბედნიერებაა, ან შვება… არამედ იმ წვრილმანი ქვენა იმპულსების უაზრო აყოლა, რომელთა განდევნასაც ადამიანი ამაოდ ცდილობს მისივე პირიდან ამომავალი სიტყვებით.“

წიგნში საყურადღებოა სოციალური ძვრები ზანგთა უფლებების თვალსაზრისით, დღეს უცნაურადაც კი ჟღერს, მამიდა ჯენის სიტყვები, როცა ამბობს, ნეტა რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდა თავში აზრად, ზანგებისთვის და თეთრკანიანებისთვის ერთნაირი ფორმა ჩაეცმიაო. თავად ზანგებსაც უმაღლდებათ მოქალაქეობრივი თვითშეგრძნების უნარი და საკუთარი უფლებებისთვის ხმას იმაღლებენ. სარტორისების მსახურის – საიმონის ვაჟი, მაშინ როცა მამას თეთრების მსახურება ნორმალურად მიაჩნია, ასეთ რამეს ამბობს: „– მორჩა, თეთრკანიანის ჭკუაზე აღარ ვივლი, სულერთია, კაპიტანი იქნება, ლეიტენანტი თუ პოლიციელი, თითონაც მიხვდნენ, ომში უჩვენოდ არაფერში ვარგანან, ტალახში გვსვრიან, ფეხით გვთელავენ, მარა თუ გაუჭირდათ, დაითაფლებიან, მობრძანდი, ჩემო ბატონო ზანგო, აქეთ გვიკადრე, სადაც საყვირი უკრავს, შენა ხარ ქვეყნის მშველელი და გადამრჩენელიო, ხოდა ეხლა დრო მოვიდა, ჩვენც მოვიმკათ მოსამკელი, დროა უკვე.“

სასიხარულოა ქართული თარგმანის გამოსვლა, მადლობა ყველა მესვეურს, განსაკუთრებით, მთარგმნელ ზაზა ჭილაძეს. კითხვისას ყურში საამოდ გხვდება მშვენიერი ქართული: „თეთრრიკულებიანი, წითელნოხდაფენილი კიბე ნატიფად ტყდებოდა წელში და სადღაც, ზედა სართულის ბინდ-ბუნდში იკარგებოდა.“ – რას იტყვით, როგორია? მთელი რომანის კითხვისას გაქვს განცდა, რომ ხელთ გიპყრია დიდი რომანის არანაკლებ ადეკვატური ქართული თარგმანი. მრავლადაა მხატვრული ადგილების ცოცხლად აღწერის ნიმუშები,როგორც,მაგალითად: „მაგრამ მაინც ნოემბერი იდგა, ნისლიანი, მომქანცველი დღეების ჟამი, როცა შემოდგომის პირველი აფეთქება დამთავრებულია და ზამთარი ჯერ გახრიოკებულ ჰორიზონტს მიღმა იკრებს ძალებს, ნოემბერი, როცა წელიწადი, შალში გახვეული ოჯახის დედასავით, თავის შვილებით გარემოცული კვდება ნელ-ნელა, უმტკივნეულოდ, დაუდგენელი ავადმყოფობით.“ და ა. შ.

ამ რომანმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა უ. ფოლკნერის დაუდგრომელ გმირთა შფოთიანი თავგადასავლები. ხოლო თავად ავტორი კი ამ წიგნის წერისას ამბობდა, რომ საფოსტო მარკის ხელა ეს მშობლიური მიწის ნაგლეჯი ნამდვილად ღირს იმად, რომ მასზე წერო და რომ ერთი მისი სიცოცხლეც არ იქნება საკმარისი ამ თემის ამოსაწურად.Image

13 Responses to “უილიამ ფოლკნერის “დროშები მტვერში””

  1. lia111 October 19, 2012 at 4:40 pm #

    ფოლკნერის წაკითხვის მცდელობა მქონდა დაახლოებით 20-21 წლის ასაკში. უნდა ვაღიარო, რომ ძალიან გამიჭირდა, თუმცა, სნობური მოსაზრებით მაინც ბოლომდე ჩავათავე. მას შემდეგ აღარ მივბრუნებულვარ. გამიგია, რომ თუ ერთხელ გაგიჭირდათ ფოლკნერის გაგება, უბრალოდ მეორედ უნდა წაიკითხოთ და თუ მეორეჯერაც ვერ მიიღეთ, სხვა არაფერი გრჩებათ, რომ მესამედ მიუბრუნდეთ იგივესო. არ ვიცი, მე აღარ მივბრუნებულვარ. ასე რომ, ფოლკნერთან დაკავშირებით მისალოცებს განვეკუთვნები.

  2. rusa111 October 19, 2012 at 5:25 pm #

    დღეს ნაკლებად კითხულობენ ასე დიდ რომანებს, მაგრამ თუ ჩაგითრია, ვერ მოწყდები!

  3. მოლი ბლუმი October 19, 2012 at 5:56 pm #

    ფოლკნერის დიდი მოყვარული ვარ მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ ამას ინტერესით წავიკითხავ.

    ზაზა ჭილაძეც მომწონს (გუგულის ბუდის და დათარსული კაცის შემდეგ) და მთლიანად “დიოგენეს ბიბლიოთეკაც”. ფანტასტიური პროექტია.

  4. rusa111 October 19, 2012 at 6:04 pm #

    ზაზა ჭილაძე (მთარგმნელი) ჩემი საყვარელი მწერლის ვაჟია, ბატონი ოთარის.

    ფოლკნერი ცხოვრების ფილოსოფიის ოსტატია!

  5. Kejeradze October 20, 2012 at 8:09 am #

    ფოლკნერს კარგად არ ვიცნობ (სულ ორიოდე ნაწარმოებით), მაგრამ “დიოგენეს ბიბლიოთეკის” წაკითხული სამი ტომიდან გამომდინარე, უნდა მომეწონოს… კერუაკსაც შევამატებ ამ დღეებში და “ჩავუჯდები”… არ ვიცოდი ზაზა ჭილაძე ბატონი ოთარის შვილი თუ იყო – ერთ-ერთი საუკეთესო მთარგმნელია…

  6. rusa111 October 20, 2012 at 12:22 pm #

    მე ახლა “დიოგენედან” კუტზეეს “სირცხვილს” ვკითხულობ.

    ოთარ ჭილაძის ლექსი ხომ გახსოვს, შვილებს რომ მიუძღვნა: “თაკო და ზაზა”…

  7. PorcupineD October 22, 2012 at 3:06 pm #

    სხვათაშორის ზაზას და და ოთარის მეორე შვილი თამარ ჭილაძე არის კერუაკის “გზაზე”-ს მთარგმნელი.

  8. rusa111 October 22, 2012 at 3:34 pm #

    ძალიან სასიამოვნოა, კერუაკი ჯერ არ წამიკითხავს, მოგესალმები ჩემს ბლოგზე!

    “თაკო და ზაზა! გოგო და ბიჭი! ხატი და ფიცი! ხარკი და წვლილი!
    თვითონ ბუნების მდიდარი ნიჭით და სიყვარულით შექმნილი წყვილი.”

  9. Lord Vader November 5, 2012 at 5:16 pm #

    ეგ თვითონ ფოლქნერმა თქვა, მაგრამ ხმაურსა და მძვინვარებაზე.
    ეს წიგნი თავის დროზე გამოსცეს (რუსულად) როგორც “Сарторис” და ეგრე წავიკითხე.
    მე მგონი ყველაზე სუსტია ფოლქნერის ცნობილ წიგნებს შორის. ასე დამამახსოვრდა.

  10. rusa111 November 6, 2012 at 1:39 pm #

    რომელზე ამბობ, “დროშებზე” თუ “ხმაურზე…”? ეს ქართულად პირველად ითარგმნა.
    “ხმაური და მძვინვარება” ადრე წავიკითხე და განწყობა სხვაგვარი მქონდა, უფრო ბავშვური…

    • Lord Vader November 6, 2012 at 5:41 pm #

      ეს დროშები ყოფილა იგივე სართორისი

  11. rusa111 November 6, 2012 at 6:31 pm #

    ჰო, ვიკიპედიაში ვნახე.

Trackbacks/Pingbacks

  1. ბორდელების როლი თანამედროვე ლიტერატურულ პროცესში « Stylish Blog - January 30, 2013

    […] დროშები მტვერში (სართორისი) by rusa111 […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: