Image

დავიწყებული რომანტიკა

9 Oct

ფრანსუაზ საგანის „გიყვართ ბრამსი?“

რა ხანია მივიწყების საფარველი აკრავს ჩემში ამგვარ ვნებებს, ფორიაქს, ცხოვრებასა თუ ლიტერატურაში. მაგრამ თუ გსურთ, ერთიანად მოწყდეთ პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზად ქცეულ ჩვენს რეალობას, ეს წიგნი საამისოდ საუკეთესო საშუალებაა. სასიყვარულო სამკუთხედი და მათ შორის გრძნობათა ჭიდილი: წუთიერი მარცხი ან დროებითი გამარჯვება – რაზე, ან ვისზე? საკუთარ თავსა თუ საზოგადოებრივ აზრზე. როცა ყოველი წვრილმანი ნიუანსი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, როცა ძალზე მნიშვნელოვანია: თითოეული გამოხედვა, ღიმილი, ცრემლიანი თვალები და დუმილიც კი (დუმილიც ხომ მრავალგვარი შეიძლება იყოს და, შესაბამის ვითარებაში, გითხრას ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერმა მრავალსიტყვიერმა ენამზეობამ).
სიუჟეტი კი ამგვარია: 39 წლის ქალბატონი – დიზაინერი პოლი, მასზე ოდნავ უფროსი, მისი მეგობარი მამაკაცი როჟე – გამოუსწორებელი მექალთანე, ვინც სიტუაციურ ურთიერთობებზე არასოდეს ამბობს უარს, მაგრამ გულის სიღრმეში უყვარს პოლი და უმისოდ სიცოცხლე ნამდვილად ეძნელება.
25 წლის ვაჟი – სიმონი, იურისტი, რომელსაც თავდავიწყებით უყვარდება პოლი.
იგი სარგებლობს როჟეს დროებითი რომანების გამო, მარტოდ დარჩენილი პოლის მოწყენილობით და თავბრუს ახვევს ქალს. პოლი ერთი მხრივ შინაგანად ებრძვის თავს, მეორე მხრივ – ბედნიერია. „პოლს სიამოვნებდა, რომ არსებობდა ადამიანი, რომელიც მისთვის ცოცხლობდა; უკვე აღარ აწუხებდა ასაკობრივი განსხვავება, აღარც ეკითხებოდა თავის თავს, ათი წლის შემდეგ ვეყვარები თუ არაო? რაღაც შინაგანი ხმა ჯიუტად უმტკიცებდა, ათი წლის შემდეგ ან მარტო იქნები, ან როჟესთანო.“ და მისი შინაგანი ხმა არც შემცდარა…
მანამდე ავტორი ამგვარი სინაზით აღწერს ქალის განცდებს, როჟეს მიმართ, თუმცა
ეს სიმონის გამოჩენამდე იყო: „პოლს როჟეს ხელზე ხელი დაედო, მის გვერდით თავს მშვიდად გრძნობდა, ისე შეეჩვია, …ძალა ალბათ აღარ ეყოფა, სხვას ასე დაუახლოვდეს. ამის შეგრძნება თან აღონებდა, თან ბედნიერებას ანიჭებდა.“
ამის შემდეგ ბევრი წყალი ჩაივლის, პოლის სიყვარულით გრძნობაარეული სიმონი მხოლოდ ამ ერთადერთი ქალის ვნებაში ჰპოვებს შვებას და თითქოს იმასაც აღწევს, გააბედნიეროს როჟეს მორიგი თავგადასავლის გამო მარტო დარჩენილი პოლი. ამით თავადაც უზომოდ ბედნიერია, მაგრამ ქვეშეცნეულად გრძნობს, რომ პოლის გული ისევ როჟეს ეკუთვნის და იტანჯება ამის გახსენებისას. მართლაც, საკმარისია გამოჩნდეს ეს მოუხეშავი, ასაკოვანი მამაკაცი, რომ ისევ ცეცხლი დაინთოს პოლის გულში: „პოლმა შეამჩნია, როგორ გაუნათდა დაძაბული სახე და წამით შესძულდა
ეს კაცი. მაგრამ აი, როჟე უკვე დამშვიდდა: …მისი ნამდვილი სიყვარული, ნამდვილი მამაკაცი კვლავ ის იყო, როჟე.“
შერიგებისას, პოლი სიტყვებს ეძებს, თითქოს უხერხულობის დასაფარავად: „– მე ვცადე… – მობოდიშებით წამოიწყო პოლმა, – მე მართლა ვცადე… მერე მიხვდა, როჟესთვის კი არა, სიმონისთვის უნდა ეთქვა ეს სიტყვები, და სულ დაიბნა. თურმე მუდამ ფხიზლად უნდა იყო, თურმე არ შეიძლება ერთსა და იმავე ადამიანს უთხრა ყველაფერი.“ – აი, კიდევ ერთი ნიუანსი, რაც ახალგაზრდობაში ხშირად გვავიწყდება…
ამ სასიყვარულო სამკუთხედში დროდადრო გაისმის კითხვა: „გიყვართ ბრამსი?“ ზოგს უყვარს, ზოგს –არა, ზოგი უბრალოდ, საყვარელი ადამიანის გამო ესწრება მის კონცერტს; აი პოლს ფირფიტა აქვს: ერთ მხარეს ბრამსი, მეორე მხარეს ვაგნერია ჩაწერილი, მაგრამ ის რატომღაც, სულ ვაგნერის მხარეს უსმენს.
მაგრამ, აი, მე თუ მკითხავთ, ნამდვილად მიყვარს ბრამსის რომანტიკული მუსიკა
და განსაკუთრებით, მისი ცეცხლოვანი „უნგრული ცეკვები.“
მადლობა, ფრანსუაზ საგანს, რომ ისევ გაგვახსენა მივიწყებული რომანტიკა!

12 Responses to “დავიწყებული რომანტიკა”

  1. Kejeradze October 9, 2012 at 7:40 pm #

    ბრამსი არც ისე, მაგრამ ფრანსუაზა კი მიყვარს🙂 “ქალური” მწერალია…

  2. rusa111 October 9, 2012 at 8:44 pm #

    მე იშვიათად ვკითხულობ, მაგრამ ვისიამოვნე, სწორედ მივიწყებული განწყობა გააღვიძა. ახლა მეორე რომანს ვკითხულობ.

  3. Nino October 11, 2012 at 10:22 am #

    შენი არ იყოს, მეც რომანტიკულ განწყობაზე მაყენებს საგანი, ცოტა სევდიანზეც.
    კარგი პოსტია!

  4. Lord Vader October 11, 2012 at 12:59 pm #

    არ მიყვარს.🙂

  5. Lord Vader October 11, 2012 at 1:19 pm #

    ისე, მფარველი ანგელოზი თუ წაგიკითხავს?
    ძალიან განსხვავებული საგანია. ყოველგვარი “წირპლიანი ცრემლების” გარეშე🙂 (ილიამ შეაფასა ასე კონსუელო)🙂

  6. rusa111 October 11, 2012 at 3:50 pm #

    “მფარველი ანგელოზი” როგორც კი ვიყიდე, გამომართვეს, ჯერ არ დამიბრუნებია, ვაპირებ აუცილებლად; თუ მომეწონება, იქნებ პოსტიც დავდო.

  7. lia111 October 16, 2012 at 4:26 pm #

    fransuaza sagani odesRac Zalian momwonda, mere, rom gadavikiTxe, zedmetad sentimentaluri meCvena, exla aRar vici, rom wavikiTxo ra ganwyobas Semiqmnis.
    garegnulad ra simpatiuri yofila, ar vicodi.

  8. rusa111 October 16, 2012 at 6:04 pm #

    “დავიწყებული რომანტიკა” კვლავ გაიღვიძებს ალბათ, ჩემთან ასე მოხდა და ძველი დრო გამახსენდა.

    ეს ახალგაზრდობის სურათია.

  9. rusa111 October 19, 2012 at 3:45 pm #

    სხვა სურათს შემდეგ საგანზე დავდებ.

  10. rusa111 November 2, 2012 at 1:08 pm #

    მშვიდობა შენს გამოჩენას, მკითხველო, ძალიან გამიხარდა!

  11. Marita ♕ November 29, 2012 at 10:02 am #

    მიყვარს ფრანსუაზ საგანი. რაღაცნაირი ფრანგული, დახვეწილი და ნაზია თვითონაც და მისი ნაწერებით. მისმა ერთ-ერთმა პერსონაჟმა ანა ლარსენმა განსაკუთრებით მომხიბლა როცა ვკითხულობდი🙂

  12. rusa111 November 29, 2012 at 1:15 pm #

    ანა ლარსენი რომელ ნაწარმოებშია, შემახსენე – სახელებს ვერ ვიმახსოვრებ.

    მადლობა, მარიტა, კეთილი იყოს შენი გამოჩენა ჩემს ბლოგზე!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: