სტამბოლი-თბილისი

15 სექ

                                             სტამბოლი – თბილისი

 

ჩვენ, ქართველებს ხომ მუდამ ევროპა გვიზიდავდა, ყოველ შემთხვევაში, ჩემს ბავშვობასა და ახალგაზრდობაში ასე იყო, – პირადად მე აღმოსავლური არაფერი მაინტერესებდა. რატომ? მრავალცოლოანობის, ჰარამხანების, ჩადრების სამყაროსთან აბა რა გვესაქმებოდა? ან კიდევ ჩვენი პატარა ქვეყნის გმირული ისტორია გამუდმებით მრავალრიცხოვან მუსლიმებთან ბრძოლა არ იყო, საკუთარი თვითმყოფადობისა და ქრისტიანული რწმენის შესანარჩუნებლად?

უცებ ჩემი ცნობიერების არეალში ჩნდება თურქი მწერალი ორჰან ფამუქი და მისი რა წიგნიც კი ჩამივარდება ხელში, გასაოცარი ინტერესით ვნთქავ. ამჯერად ლაპარაკია მის ავტობიოგრაფიულ წიგნზე „სტამბოლი“. ის ერთი თბილისელი ბიჭივით გვიყვება თავისი ცხოვრების ამბავს. აღმოვაჩინე,რომ თურმე არის სადღაც სამყარო ჩვენს მიკროსამყაროსთან ასეთი მსგავსი და ახლობელი. ვეცდები, ამ წიგნიდან ჩვენთვის სულიერად ახლობელი მომენტები გავიხსენო თბილისური პარალელებით.

ერთი და ყველაზე მთავარი ნათესაობა ხომ ევროპა-აზიის გასაყარზე მდებარეობაა და ის განსაკუთრებული იერ-სახე, რასაც ამ ორი კულტურის თანხვედრა ქმნის.

ყველა ქალაქს ხომ თავისი ბედისწერა აქვს, ბედისწერას ისტორია აყალიბებს, ისტორიას – ადამიანები. ადამიანებიც ხშირად თავის ქალაქს გვანან და პირიქით…

„რა აზრი დევს ნეტავ მაინცდამაინც მსოფლიოს ამ წერტილში, დროის ამ მონაკვეთში

ჩვენს მოვლინებაში?“ – აზრი უდაოდ დევს, – საიდუმლოება ბედისწერის კანონშია.

ბევრი ნაცნობი თვისება მენიშნა-მეთქი რომ ვამბობ, თუნდაც ეს რად ღირს – ადამიანები სუფრასთან სიამოვნებით საუბრობენ და ერთად ყოფნით ხალისობენო

და საკმარისია, რაიმე ქონებრივ გაყოფაზე ჩამოვარდეს სიტყვა, მაშინვე სახე ეცვლებათ და მოიღუშებიანო. (ბავშვობაში მსგავსი რამ მეც რამდენჯერმე გამკვირვებია). ცხადია, ნათესავთა კრებულზეა საუბარი, მაგრამ სუფრა და ქეიფი

კი იქ მართლაც სხვანაირი იქნება.

წიგნში თხრობა ავტორისათვის ჩვეული სილაღით მიმდინარეობს. შენც მისდევ ფიქრთა მსვლელობას, თითქოს შენც მასავით ფანჯრიდან გასცქერი ბოსფორის სრუტეს და მოწმე ხდები მსოფლიო კატასტროფებისა. რატომ გვაინტერესებს სხვათა აზრი ჩვენს შესახებო? სვამს კითხვას ავტორი და თავადვე პასუხობს:

„რატომ მაინტერესებს ასე დასავლელი მოგზაურების აზრი სტამბოლზე…? ნაწილობრივ იმიტომ, რომ ხანდახან ნერვალად, ფლობერად ან დე ამიჩისად წარმოვიდგენ თავს, ზუსტად ისე, როგორც ბავშვობაში ხატვის დროს უტრილოდ წარმოვიდგენდი; იმიტომ, რომ მე, როგორც პიროვნება, მათთან წარმოსახვით საუბარსა და კამათში ჩამოვყალიბდი. მეორე მიზეზი ის მგონია, რომ გასული საუკუნეების ჩემი ქალაქის გარეგნული სახისა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ უცხოური წიგნებიდან უფრო მეტი გავიგე, ვიდრე თურქი მწერლებისაგან, რომლებიც სტამბოლისადმი არავითარ ინტერესს არ იჩენდნენ.“

თბილისში მგონი ეს ამბავი პირიქით იყო – კი გვაინტერესებდა სხვათა აზრი ჩვენი ქალაქის შესახებ და ვამაყობდით კიდეც  იმ ლამაზი სიტყვებით, რასაც მას უძღვნიდნენ მსოფლიოს პოეტები, მაგრამ გულის სიღრმეში გვჯეროდა, რომ მხოლოდ ჩვენ, თბილისის ბინადართ, მის უბეში გამოზრდილებს გვესმოდა ქალაქის ნამდვილი ბუნება.

აკი აქედან ერევანში გადასახლებულმა სტუმარმა ერთხელ გვითხრა კიდეც: „Тбилиси не просто красивый город,  Тбилиси – вкус и запах особый.»

ამ გემოსა და სუნის შეგრძნება მგონი მხოლოდ საკუთარ შვილს შეუძლია, – უცხო ეგზოტიკას ეძებს; მას არ სტკივა და ყოველ ქალაქს ხომ სატკივარიც ბევრი აქვს. რამდენი სახე შეიძლება გქონდეს შენ, ქალაქო – საძაგელიც და მშვენიერიც. განსაკუთრებით მრავალსახოვანი უნდა იყოს ევროპა- აზიის გზის გასაყარზე მყოფი ქალაქი. ამ მხრივ თბილისსა და სტამბოლს მსგავსი ბედისწერა აქვთ. „…ამიტომ სულ უფრო მიყვარდებოდა ქალაქის ვიწრო, ღარიბული ქუჩებისა და შესახვევების სევდა.“

ო. ფამუქს თუ ოდესღაც ეგონა, სამყაროს ცენტრში ვცხოვრობო, თბილისელებს მაგ მხრივ, პირიქით, უკმარისობის გრძნობა აქვთ: სხვაგან თურმე ასეაო, სულ ამას ამბობენ, იმას კი არა – ჩვენთან ასეაო. მაგრამ რაც არ უნდა უცნაური იყოს, საკუთარი თავი ყველა ქართველს მართლაც სამყაროს ცენტრი ჰგონია.

ჭაბუკი ორჰანი (სტუდენტობის დროს) ჩივის: „ძალიან მარტოდ ვიგრძენი თავი, როცა მივხვდი, რა ადგილი მიჭირავს სამყაროში, რა უზარმაზარი და რთულია იგი, რომ ჩემი რწმენა შერყეულია, ცოდნა კი – არასაკმარისი.“

საკუთარი ქალაქი ჯერ სამყაროს ათვლის წერტილია, შემდეგ გზამკვლევი ცხოვრების გზაზე. ორი კულტურის გასაყარზე მცხოვრებთ გამუდმებით გაორება გვდევს თან: ერთი მხრივ აჩქარებული პროგრესი, მეორე მხრივ – ტრადიციების ერთგულება. ბევრს უჭირს შუალედის დაცვა; ჩვენშიც ბევრია დროის მოთხოვნით, რობოტად ქცეული, ან კიდევ ტრადიციებს ჩაბღაუჭებული, ეთნოგრაფიულ ექსპონატად დარჩენილი. ზოგიერთ ახალბედა ჩამოსულს ძალზე აღიზიანებს ტერმინი „ნამდვილი თბილისელი“ და წლებს ითვლიან,ამდენი და ამდენი ხანია, რაც ჩამოვედიო. იმას კი ვერ ხვდებიან,რომ თბილისელობა პირველ რიგში ის განუმეორებელი ხასიათია, დასავლეთ-აღმოსავლეთის ის კულტურული ნაზავი, ჰარმონიულად რომ ჩამოყალიბდა საუკუნეების მანძილზე. სწორედ ეს განსაკუთრებულობაა, – ჩემი აზრით, – რომ ხიბლავს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ ადამიანს. ერთდროულად ევროპაშიც ხარ და აზიაშიც, და თან ბოლომდე არც ერთგან… თბილისში.

ჩვენს თურქ თანამოაზრესაც მოზარდობისას ურთიერთობები თვალთმაქცობად მიაჩნდა: „…აქ ჩემს ადგილს ვერ ვპოულობდი. უფრო და უფრო მიჭირდა, მოვქცეულიყავი ისე, როგორც ‘ჩვენს სამყაროს’ შეეფერებოდა, სადაც ყველა ყველას იცნობს და უნდათ, ერთმანეთს ჰგავდნენ, სადაც ფასდება თავმდაბლობა და ტრადიციები, ისტორიული წარსული, წინაპართა ნაანდერძევი და სადაც პატივისცემით ეპყრობიან უფროს თაობას.“

რა საოცრად ნაცნობი ფრაზებია, ჩვენი მშობლების თაობის თბილისის შვილებიც

ხომ ზუსტად ასე ვგრძნობდით თავს, ერთი მხრივ პასუხისმგებლობა წარსულის ღირებულებებისადმი, მეორე მხრივ – აქედან გაქცევისა და თავისუფლების წყურვილი… მაგრამ ჩვენი ქალაქი ჩვენივე ნაწილია და ვეღარსად გაექცევი. წიგნშიც ხომ ასეა: „…დიდხანს აქ ცხოვრების მერე მიხვდებით,რომ მისი ხედები დაკავშირებულია თქვენს ყველაზე ნამდვილ და ღრმა გრძნობებთან და თან ისე განუყრელად, რომ თითოეული ქუჩა თუ შესახვევი განცდილ შეგრძნებებს გახსენებთ, როგორც რაიმე მელოდია, რომელიც საყვარელ მოგონებებს აგიშლის.“

თავად რა ხანია, სხვა უბანში გადავსახლდი და დღემდე ვერ ვეგუები, რომ აქაურობას ვეკუთვნი. თვით ჩემი ბავშვობის უბანიც აღარ გავს საკუთარ თავს, არც ხალხით, აღარც შენობებითა და სურნელით; ამიტომ დავდივარ თბილისში და თბილისი მენატრება. განა თქვენ არ დაგმართიათ ასე? ორჰან ფამუქიც ნაღვლობს, რომ მის ქალაქში ძველი შენობები, რაც სტამბოლის ხასიათს ქმნიდა, თვალსა და ხელს შუა ქრება.

მოკლედ, მთელი წიგნის კითხვის დროს, მეგონა, რომ თბილისელი ბიჭი თბილისზე გვიამბობდა, იმდენად ნაცნობი იყო ავტორისეული ნაფიქრი და დამოკიდებულება საკუთარი ქალაქისადმი.

აბა ხელოვანის ბედი და ხელოვნებასთან მიდგომა ნახეთ, თითქოს სტამბოლი ხომ უფრო დიდია და ბევრად უფრო ცნობილიც, აბა თბილისი მის მასშტაბებთან როგორ მოვა; საუბარია კონსტანტინოპოლზე – ოდესღაც ძლევამოსილი იმპერიის დედაქალაქზე. – მაგრამ აი, რას ეუბნება სტუდენტ ორჰანს დედამისი, როცა ვაჟს მხატვრობით გატაცებას ატყობს: „ – ეს პარიზი კი არ არის, შემოგევლე, სტამბოლია… მსოფლიოში საუკეთესო მხატვარი რომ იყო, არავინ მოგაქცევს ყურადღებას. …ჩვენ რომ მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სადაც ხელოვნებას აფასებენ, მაშინ კიდევ ჰო…“

ჩვენთან ასე არაა? თითქოს უყვართ ხელოვნება, მაგრამ მხოლოდ სადილზე დასაყოლებელი ვაშლივით, ხელოვანი სიცოცხლეში იშვიათადაა სათანადოდ დაფასებული. გარდაცვლილებს, იცოცხლე, დითირამბებს ვუძღვნით.

აი, ასე ვიმოგზაურე ო. ფამუქის „სტამბოლში“ და სრულიად უცნობ ქალაქში თავი

სამშობლოში მეგონა.

„სტამბოლი“ მრავალპლანიანი რომანია, ყველა საკითხს ვერ შევეხებოდი, ამჯერად, რაც ნიშნეულად თვალში მომხვდა, იმაზე მოგახსენეთ.

კულტურულ განსხვავებაზეც არ მისაუბრია: იქ დომინანტია ისლამი, ჩვენთან ქრისტიანობა, მაგრამ ერთმანეთთან მეგობრობა შეგვიძლია. და მართლაც კარგი კითხვაა: კონსტანტინოპოლის გათურქება: დაპყრობაა თუ დაცემა?

41 Responses to “სტამბოლი-თბილისი”

  1. მოლი ბლუმი სექტემბერი 15, 2012 at 9:20 AM #

    ზუსტი შედარებაა. “სტამბოლი” იმიტომაც მომეწონა, რომ რაღაც ძალიან ნაცნობი მომეჩვენა. არადა, არ ვყოფილვარ. აღმოსავლური კულტურაც მომწონს და სტამბოლშიც დიდი სიამოვნებით ვიბოდიალებდი.

  2. rusa111 სექტემბერი 15, 2012 at 9:25 AM #

    მეც ასეთი შეგრძნება მქონდა. მაგრამ შენი სისწრაფე მაოცებს,ამ წუთას დავდე და უკვე წაკითხული გაქვს!

    • მოლი ბლუმი სექტემბერი 15, 2012 at 10:40 AM #

      ახალი პოსტები გამოქვეყნებისთანავე ფოსტით მომდის ხოლმე.

  3. Lord Vader სექტემბერი 15, 2012 at 12:03 PM #

    რატომ არ ვკითხულობ ამ ფამუქს ჩემამდე არ დადის 🙂

    სურნელზე ვერ დაგეთანხმები. კრგი პარფიუმი ხომ იცი, რომელია, რომ დაისხამ და თავად რომ ვერ გრძნობ, ის.
    ქალაქიც ეგრეა. საკუთარი ქალაქის სურნელს ვერ გრძნობ, მიეჩვიე უკვე აი სხვა ქალაქისა კი მძაფრია.

    ისე, ამ ბოლო ხანს რაღაც ბევრი პოსტი ვნახე სტამბოლზე.
    მეც მივამატებ მერე. არც ფამუქის სტამბოლზე და არც ვინმე სხვისაზე. ჩემსაზე 🙂

  4. Nugo სექტემბერი 15, 2012 at 1:26 PM #

    მაგარია, ახლა ბევრს დადიან სტამბოლში და ბევრსაც კითხულობენ.

  5. rusa111 სექტემბერი 15, 2012 at 3:59 PM #

    Lord Vader, შენ ნამყოფი ხარ სტამბოლში?

    სუნს რაც შეეხება, როცა ჩამოდიხარ, მაშინ ხომ გრძნობ მშობლიურ სუნს.

    • Lord Vader სექტემბერი 15, 2012 at 8:07 PM #

      კი ვარ.
      ახლა სხვაგან ვაპირებ, მაგრამ რაკი გავჩერდები მანდაც გზად, მინდა შემთხვევით ვისარგებლო და სამოგზაურო პოსტები კარგა ხანია გეგმაში მაქვს და ბარემ სტამბოლით დავიწყებ. 🙂

  6. Kejeradze სექტემბერი 15, 2012 at 4:46 PM #

    ამიტომაც მიყვარს ორჰანი და სტამბოლი – საოცრად ახლობელია ყველაფერი… ალბათ სტამბოლს რომ ვნახავ, სიახლის შეგრძნება არც მექნება…

  7. rusa111 სექტემბერი 16, 2012 at 10:22 AM #

    Lord Vader, შენ ბლოგს რა ქვია?

    • Lord Vader სექტემბერი 16, 2012 at 2:48 PM #

      Stylish Blog.
      მისამართს თუ მეკითხები, აკი მოყვება ყოველ კომენტარს ისედაც 🙂 ცალკე არ დავსპამავ აქ.

  8. rusa111 სექტემბერი 16, 2012 at 10:27 AM #

    კეჟერაძე, ახლა შენ მოგმართავ, გარკვეული თვალსაზრისით, ჰო;მაგრამ ფილმებით და სურათებით რაღაც გრანდიოზულის შთაბეჭდილებას ტოვებს. ჩვენი ერთი მუჭა აბანოთუბანი თუ შეედრება. მე ხასიათზე ვწერდი ძირითადად; აზროვნრბის სტილში მსგავსებამ გამაოცა.

    • Kejeradze სექტემბერი 16, 2012 at 12:29 PM #

      ვიზუალური მხარე არ მიგულისხმია 🙂 უფრო ქალაქის “სული”…

  9. rusa111 სექტემბერი 16, 2012 at 3:45 PM #

    გასაგებია, მადლობა.

    პანდა, შენი გამოჩენა გამიხარდა!

    • watching panda სექტემბერი 17, 2012 at 9:20 AM #

      🙂

      როგორც ფამუქი ამბობს, “რაც არ უნდა ვთქვათ ქალაქზე, მის ხასიათზე, სულსა და ატმოსფეროზე, ყველაფერი ჩვენი ანარეკლი იქნება, ჩვენი ცხოვრების, ჩვენი სულიერი მდგომარეობის ანარეკლი. ქალაქს ჩვენს გარდა დასაყრდენი არ აქვს”. ჰოდა, ფამუქის ეს რომანიც, სხვების მსგავსად სევდაზეა – საერთოდ, ფამუქი სევდით ტკბება და “სტამბოლშიც” მხოლოდ სევდაზე წერს, რომელიც მას და ამ ქალაქს აერთიანებთ. ჩემი საყვარელი ადგილი 368-ე გვერდის პირველი აბზაცია – სტამბოლის სევდის მიზეზი რომაა ზუსტად დანახული. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა 🙂

  10. rusa111 სექტემბერი 17, 2012 at 6:42 PM #

    ფამუქი მაშინ მელანქოლიკი ყოფილა, მათ ახასიათებთ სევდით ტკბობა. ქართველმამკითხველმა თბილად მიიღო,როგორც ვატყობ, არა?

    • watching panda სექტემბერი 17, 2012 at 8:13 PM #

      მელანქოლიკია თუ არა, სევდა რომ ყველა რომანში თან სდევს ფაქტია 🙂 ეს სტამბოლური სევდა პირველად არა გულერის ფოტოებში ვიგრძენი და ძალიან გამიხარდა, რომ არ შევმცდარვარ, როცა ფამუქის რომანები წავიკითხე. და მივხვდი, რომ საქართველოდან დანახული თურქული სევდაც ახლობელია – სამყაროს გარეუბნის სევდა მაინც სხვაა. ეს ხუმრობით, მაგრამ მაინც სევდიანი ხუმრობით… 🙂

  11. rusa111 სექტემბერი 18, 2012 at 4:02 PM #

    მართალი ხარ, მაგ ადგილებს მეც მივაქციე ყურადღება. სხვა ბევრი ადგილიც მომეწონა! პარალელებზე რას იტყვი?

  12. georgiandreamergirl სექტემბერი 22, 2012 at 1:22 PM #

    warmatebebs giusrvebt.kargi blogia”:) xsirad shemoval

  13. rusa111 სექტემბერი 22, 2012 at 4:12 PM #

    მადლობა, გიორგიანდრეა, რა გრძელი სახელი გაქვს, შენც ბლოგერი ხარ?

  14. rusa111 სექტემბერი 23, 2012 at 5:21 PM #

    თურმე georgian dreamer girl ყოფილხარ, მაპატიე გიორგიანდრეა რომ გიწოდე, ვნახე შენი ახლად გახსნილი ბლოგი, აბა შენ იცი!

  15. Nino ოქტომბერი 11, 2012 at 10:46 AM #

    ფამუქი კარგია, მაგრამ სტამბოლმა შეიძლება იმედი გაგიცრუოს, სინამდვილეში არც ისე რომანტიკულია, როგორც წიგნში.

    • Lord Vader ოქტომბერი 11, 2012 at 11:54 AM #

      იქნებ, ბევრად უკეთესია, ვიდრე წიგნში 🙂

    • Lord Vader ნოემბერი 19, 2012 at 8:01 PM #

      ახლა როცა ფამუქის სტამბოლი თითქმის ჩავამთავრე – ვერაფერს ვხედავ მანდ რომანტიკულს. ძალიან ნაკლებსიმპათიური სტამბოლია ჩემის აზრით მანდ. 🙂 და ზედმეტად სევდიანი… სევდაც არაა ეგ უკვე.

      ალბათ იქაურისთვის, თან როცა ფამუქი ხარ – კია ეგეთი, მაგრამ ჩემთვის, უცხო თვალისთვის ბევრად უკეთესია.

      წიგნი კიდევ შესანიშნავია. უამრავი პარალელია თბილისთან და ჩვენს ყოფასთან.

  16. rusa111 ოქტომბერი 11, 2012 at 4:01 PM #

    მართლა, ლორდ? სად არის შენი შეპირებული პოსტი სტამბოლზე, ჩამოხვედი უკვე?

    • Lord Vader ოქტომბერი 11, 2012 at 4:38 PM #

      მივდივარ მალე… მაგრამ პოსტს ეგ ნაკლებად ეხება. 🙂 თურქეთში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და სტამბოლშიც. მას შემდეგ ორჰანას მუზეუმი დაემატა მარტო მგონი 🙂

      • Lord Vader ოქტომბერი 11, 2012 at 4:39 PM #

        და ძვირდება ყველაფერი ჩასვლიდან ჩასვლამდე 😦

  17. rusa111 ოქტომბერი 12, 2012 at 2:10 PM #

    მართლა? ჩემი მოგზაურობა მოკვდა, უმუშევარი ვარ, ისე ვთარგმნი და ზოგჯერ მოსწავლეები… მოკლედ, არასტაბილური…

    • Lord Vader ოქტომბერი 12, 2012 at 2:37 PM #

      თუ გაძვირებაზე მეკითხები – ყველგან და ყველაფერი ძვირდება და თურქებმა რა დააშავეს. 🙂
      მთლად პარიზის ფასები არაა, მაგრამ არც ისაა, 5 წლის წინ რომ იყო.

  18. Lord Vader ოქტომბერი 12, 2012 at 2:46 PM #

    უკეთესობას რაც შეეხება… ფამუქი არ წამიკითხავს, ამიტომ არ ვიცი მისი სტამბოლი როგორია, მაგრამ ჩემთვის ეს არაა აღმოსავლური ქალაქი. აზიური ეკზოტიკა მე არ მიზიდავს მაინცადამაინც. სტამბოლი კი სხვა პონტია – ჯერ იმიტომ რომ რომის იმპერია და კონსტანტინოპოლია ეგ ჩემთვის. და მეორეც თურქული ელიტა ძალიან დიდი ხანია მიიჩნევეს, რომ ისინი ევროპელები არიან. იმდენად დიდი ხანია, რომ მართლა გახდნენ ევროპელები. 🙂
    ყოველ შემთხვევაში ბოსნიელ მუსლიმებთან შედარებით მგონი, თურქები ბევრად გონებაგახსნილი და ტოლერანტები არიან.

  19. rusa111 ოქტომბერი 12, 2012 at 6:23 PM #

    სწორედ მაგ მოულოდნელობაზე ვსაუბრობდი ჩემ ბლოგში. მეორე მხრივ, თურქული რევოლუციის შემდეგ,რაღაცეებში უკან წავიდა, თითქოს ტოლერანტობის მხრივ.

    • Lord Vader ოქტომბერი 12, 2012 at 7:08 PM #

      ახალგაზრდა თურქებს გულისხმობ? მე მგონი, პირიქით – ათათურქის რეფორმების ლოგიკური განვითარებაა დღევანდელი თურქეთი.
      ქურთების საკითხს თუ გულისხმობ, ეგ სხვა ამბავია – მანდ სეპარატიზმს ებრძვის თურქეთი, თან შეაირაღებულ სეპარატიზმს და მანდ ახლა ძალიან ტოლერანტი ვერ იქნება. მეორე მხრივ ქურთები არიან თურქულ პოლიტიკაში – ვინც არ იბრძვის და არ აწყობს ტერაქტებს.

  20. rusa111 ოქტომბერი 13, 2012 at 8:21 AM #

    წიგნის მიხედვით, რაც აღარ იყო იმპერიის დედაქალაქი, ქრისტიანებს სახლებს და მაღაზიებს ურბევდნენ – ბერძნებს, სომხებს…

    • Lord Vader ოქტომბერი 13, 2012 at 5:10 PM #

      აჰა… რთული თემაა ეგ მაგის სპეციალისტად ვერ გამოვდგები, თუმცა ბერძნები აღმოსავლეთ რომის იმპერიის აღდგენას ცდილობდნენ მაგ დროს არ მგონია თურქეთში მაცხოვრებელი ბერძნების სიმპათიები არ ყოფილიყო საბერძნეთის მხარეს.
      ათათურქი რომ დიქტატორი იყო და დემოკრატი არ ყოფილა ეს ფაქტია, მაგრამ საბოლოო ჯამში მისმა რეფორმებმა – სეკულარიზაციამ, ნაპოლეონისეული სამოქალაქო კოდექსის შემოღებამ და ა.შ. მიიყვანა თურქეთი დღევანდელობამდე. აია სოფია რომ მუზეუმია და ქრისტიანული ტაძრებიცაა მოქმედი და ქუჩაში რომ შორტებში დადის ხალხი და მოკლე კაბებში და რომ მოლები არ მართავენ ირანივით.

  21. lia111 ოქტომბერი 18, 2012 at 4:14 PM #

    ”სტამბოლი” ცოტა მოსაწყენი, ალაგ-ალაგ ზედმეტად გაწელილი მომეჩვენა. თუმცა, მშობლიური ქალაქის სევდით გაჟღენთილი მწერლისგან, არ არის გასაკვირი თხრობის ასეთი მანერა. იშვიათი მომხიბვლელობითა და გულწრფელობითაა გადმოცემული ბავშვის, მოზარდის განცდები, პარალელებიც საკმაოდ ბევრია.
    ჩემთვის, როგორც ტურისტისთვის, სტამბოლის ცენტრი, ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავი ადგილი მაინც აია-სოფიაა. შეიძლება იმიტომ, რომ მე კაცობრიობის იმ ნაწილს განვეკუთვნები, რომლისთვისაც სტამბოლი კი არ აიღეს, არამედ კონსტანტინოპოლი დაეცა.

  22. rusa111 ოქტომბერი 19, 2012 at 1:02 PM #

    ალბათ ორივეა ერთად, იმიტომ აიღეს, რომ ადვილად დაეცა კონსტანტინოპოლი.

  23. rusa111 ნოემბერი 20, 2012 at 12:17 PM #

    თანმიმდევრობას მიყევი ხოლმე, თუ შეიძლება, ძლივს გპოულობ.

    ბოლოსდაბოლოს მიხვედი იქამდე, რომ პოსტი პარალელებზეა!

    • Lord Vader ნოემბერი 20, 2012 at 12:30 PM #

      ნწუ. კონკრეტულად რომელ კომენტარსაც პასუხობ, იმას როცა მიყვები reply-თი ვორდპრესი გატყობინებს რომ გიპასუხეს.და პირდაპირ გიგზავნის კომენტარის ლინკს. როცა ბოლოში აკომენტებ, როგორც ახალ კომენტარს – არაფერსაც არ გატყობინებს. და თან ასე ძნელია გაიგო ვინ რას პასუხობს 🙂

      ბოლოსდაბოლოს მივედი კი არა ბოლოსდაბოლოს წავიკითხე. 🙂
      წაუკითხავ წიგნზე სად უნდა მივსულიყავი. აქამდე მარტო თბილისზე შემეძლო მემსჯელა, ახლა უკვე ფამუქის სტამბოლზეც შემიძლია. წრე შეიკრა.

  24. rusa111 ნოემბერი 20, 2012 at 12:35 PM #

    მე ყველა ახალი კომენტი მეილზე მომდის.
    პაკა!

  25. ანონიმური თებერვალი 3, 2013 at 1:09 PM #

    Dzalian momecona 🙂

  26. rusa111 თებერვალი 4, 2013 at 7:10 AM #

    Madloba, Anonymous!

Leave a reply to rusa111 კომენტარის გაუქმება