დორის ლესინგის “თავისუფალი ქალები”

1 Aug

Image                                                                                                                     

  რუსუდან ბეჟაშვილი

 

დორის ლესინგის „თავისუფალი ქალები“

 

ცნობილი ინგლისელი მწერალი დორის ლესინგი (ტეილორი) ცნობილა, როგორც ქალებზე დაწერილი ნაწარმოებების ავტორი, იგი ქალთა უფლებების პირუთვნელ დამცველადაც გვევლინება და სახელწოდება „თავისუფალი ქალი“ პირველ რიგში თავად შეეფერება. იგი1919 წელსაა დაბადებული, 88 წლისამ მიიღო ნობელის პრემია და დღემდე აქტიურად წერს. როგორც ქალთა ქომაგი, მას ფემინისტად მიიჩნევენ, მაგრამ თავად არ ეთანხმება: „მე არ ვარ ფემინისტი, ინსტინქტურად ვცდილობ, გავექცე ყოველგვარ მოძრაობას.“ ფემინიზმზე სულაც არ მიფიქრია, უბრალოდ, ჩემი გამოცდილება აღვწერეო, ამბობს.

დორის ლესინგის რომანი „თავისუფალი ქალები“ ანუ იგივე „ოქროს რვეული“ შედგება შავი, წითელი, ყვითელი და ლურჯი რვეულებისაგან, სადაც ჩანაწერებს აკეთებს რომანის გმირი, მწერალი ანა ვულფი, მას სურს საგნები და მოვლენები განაცალკევოს, მოაწესრიგოს,რადგან ქაოსისა ეშინია. რომანი მოგვითხრობს ქალის გრძნობებზე, აქ არის აგრესიაც, წყენაც, აღშფოთებაც, სინანულიც და ზოგჯერ სიხარულიც იქნებ. ეტყობა სწორედ ამიტომ იქცა ის ქალთა „გათავისუფლების რუპორად,“ რაც ნამდვილად არ იყო ჩემი მხრივ ჩაფიქრებული და თავისთავად მოხდაო, წინასიტყვაობაში გვეუბნება ავტორი.

გაყრილი ცოლ-ქმარი ოცი წლის ვაჟის მომავალზე კამათობს. ბიზნესმენი მამის და მხატვარი დედის – ასევე ყოფილი სოციალისტის – შეხედულებები ერთმანეთში ვერაფრით თავსდება და ეს კამათი თვეებისა და იქნებ წლების განმავლობაშიც, გრძელდება ურთიერთბრალდებებით და, რაც მთავარია, ყოველგვარი გადაწყვეტილების გარეშე. შვილი ამაზე ინერტულად რეაგირებს, მშობლების კამათს რა ხანია, შეჩვეულია და ამბობს, არაფრის კეთებას ვამჯობინებ, ეს ხომ უნივერსიტეტში სწავლაზე გაცილებით უფრო იაფი ჯდებაო.

ტომი, ანუ ვაჟი, ყმაწვილური შეუპოვრობით დედის მეგობარ ანასაც –მწერალს – ქედმაღლობაში ადანაშაულებს. ეუბნება, რომ მას მარტოობის ეშინია, თუმცა თავად აირჩია ის და ქორწინებაზე უარი თქვა.

„…შენ გეშინია ცხოვრებაზე ის წერო, რასაც ფიქრობ, რადგან შეიძლება ყველას წინაშე გაშიშვლებული, დაუცველი აღმოჩნდე, შეიძლება მარტო დარჩე.“

„…და თუ ეს შიში არაა, მაშინ ზიზღია. როცა პოლიტიკაზე ვლაპარაკობდით, მაშინ თქვი, საშინელებაა, როცა პოლიტიკური ბელადები სიმართლეს არ გეუბნებიანო, ერთმა ტყუილმა შეიძლება ყველაფერი მოწამლოსო. …არადა, ტომები გაქვს დაწერილი, მაგრამ მხოლოდ შენთვის, თვალით არავის უნახავს. შენ ამბობდი, რომ მსოფლიოში უამრავი წიგნია მაგიდის უჯრებში გამოკეტილი, რომ ადამიანები თავიანთი თავისთვის წერენ – იმ ქვეყნებშიც კი, სადაც სიმართლის წერა სახიფათო არ არის. …აი, ასეთ ზიზღზე ვლაპარაკობ.“

ამაზე მამას ეღიმება და ამბობს, თუ ანას ამით მისთვის ლიტერატურული კარიერისადმი ზიზღის ჩანერგვა სურდა,მაშინ ეს მისასალმებელია მხოლოდ.

რაზეც ვაჟი ყურადღებას სრულებით არ ამახვილებს და ანასთან ცხარე კამათს განაგრძობს, თემა: ადამიანების პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ და ა.შ.

შემდეგ ორ ქალბატონს შორის იმართება დიალოგი, სამზარეულოში ყავის მოსადუღებლად რომ გადაინაცვლებენ – ანა და მოლი. ვფიქრობ, წიგნის სტრუქტურული თავისებურების წარმოსაჩენადაა ეს საინტერესო. ამ „ჭორაობაში“

იშლება მათი ცხოვრების პანორამა: ვინ ვისთან მეგობრობს ან ვინ მერამდენედ გაშორდა ცოლს, ვინ რა ნაწარმოებს წერს ნაცნობ მწერალთა წრეში,სინანული ოდესღაც კომუნისტურ პარტიაში ყოფნის გამო და სხვა.

„თავისუფალი ქალების“ ამ ტკბილ-მწარე შეხვედრის შემდეგ, ანა შინ მიდის და თავის რვეულებს, ანუ მწერლურ საქმიანობას უბრუნდება.

„თავისუფალი ქალები“ რატომ ბრჭყალებში? ეს ხომ პირობითია, მათ ავტორმა უწოდა ასე, მაგრამ არიან კი ისინი თავისუფალი? ვისაც მარტო დარჩენისა ეშინია, , ვფიქრობ, ვერ იქნება თავისუფალი, მით უფრო – შინაგანად.

რვეულები გარეგნულად ოთხივე თითქმის ერთნაირი იყო, კვადრატული – პრიალა ყდებით. ჯერ  ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაზები ჩნდებოდა, შემდეგ – სათაური, თითქოს ანამ საკუთარი არსება ოთხ ნაწილად დაყო, შემდეგ კი, ნაწერის ბუნებიდან გამომდინარე, ყოველ ნაწილს საკუთარი სახელი მიანიჭაო.

პირველ, ანუ შავ რვეულში მოთხრობილია  ინგლისის ერთ-ერთ კოლონიაში ანას ცხოვრების ამბები. ირგვლივ მყოფი „ამხანაგები“ ანუ კომუნისტები, თუ როგორ იბრძვიან შავკანიანთა უფლებებისათვის, ასევე მათი მეგობრული თუ სასიყვარულო

ურთიერთობები. განსაკუთრებით საინტერესოა ეს ქალბატონი, ცხადია, იგულისხმება ავტორი, თავისი მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილებით; სავარაუდოდ – მისი პროტოტიპი, მწერალი ანაც, წიგნში. ჩვენთვის უცნობ სფეროებში მოგზაურობა და სხვადასხვა კუთხით დანახული მოვლენები: ლიტერატურაში ეს ზოგადი წესი აქაც სახეზეა. ინტერესით ისრუტავ ამ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელ ამბებს და თითქოს ჩვენთვის ეს დღევანდელობაა:

ქალთა უფლებების წინ წამოწევა, ჰომოსექსუალიზმი, როგორც მოდა და ა.შ.

საინტერესოა მისი მოსაზრებები რომანების წერის ხელოვნებაზე. ფიქრობს,რომ დღეს

ცხოვრების ფილოსოფიით განმსჭვალული რომანები თითქმის აღარ იწერება, მაგალითად ისეთი, როგორსაც თომას მანი წერდა. ჩვენ დღეს ისეთ რომანებს ვეცნობით, სადაც ძირითადად ინფორმაციული მოვლენები გვაინტერსებს და ჩვენთვის მანამდე უცნობ ფენომენთა გაცნობა.

საინტერსოა გმირების აღწერა, ცოცხალი, ნატურალისტური და ამავე დროს განსჯით-ინტელექტუალური. მაგალითად, ავირჩიე სტენლის შესახებ მონათხრობი: „სტენლის გაიძვერა ვუწოდე, თუმცა ეს, რასაკვირველია, სრული აბსურდია. იგი იყო კაცი, რომელიც ძალზე ადრეულ ასაკში მიხვდა, რომ მდიდრებისთვის სხვა კანონები არსებობს, ღარიბებისათვის კი – სრულიად სხვა. ჩემთვის ეს მხოლოდ თეორიულ ცოდნად რჩებოდა, სანამ ლონდონის მუშათა რაიონში არ მომიწია ცხოვრებამ. აი სწორედ მაშინ გავუგე სტენლი ლეტს. …არასოდეს მინახავს სტენლის მოთმინება დაეკარგოს და ამ მკაცრ თვითკონტროლს იყენებდა როგორც იარაღს, რომლის მეშვეობითაც ცდილობდა, ცხოვრებისაგან მაქსიმუმი მიეღო.“

და თავის მეგობარ ჭკვიან თედს ეუბნება: „მეგობარო, ბედმა გაგიღიმა, რომ უფრო მეტი ჭკუა გაქვს, ვიდრე ჩვენს უმეტესობას. მაშ გამოიყენე შანსი, რომელიც გებოძა

და ნაგავში ხელს ნუ აფათურებ. პროლეტარებს საკუთარი თავის გარდა, არავინ და არაფერი აინტერესებთ, და რომ ეს ასეა, შენც იცი და მეც.“

ის კი პასუხობს: „თუ ადამიანები მხოლოდ საკუთარ თავზე აღარ იფიქრებენ, ყველაფერს შევცვლით, ნუთუ არ გესმის?“  – პირველი კომუნისტების რომანტიკული იდეალიზმი, ალბათ გენიშნათ.

ხელოვნებაზე შემდეგ მოსაზრებასაც გვთავაზობს ანა: „…როდესაც რომელიმე ჭეშმარიტებას ესოდენი დაჟინებითა და სიღრმით იკვლევენ, ხოლო ის, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მთელი საუკუნის განმავლობაში ხელოვნების შესწავლის ობიექტი

იყო, უკვე რაღაც შემაშფოთებელ კლიშედაა ქცეული, და უნებურად ეკითხები საკუთარ თავს, – არის კი ნამდვილად უეჭველი?“ – ღირებულებათა ეჭვქვეშ დაყენება, ესაც ხომ სიმპტომატურია ჩვენი დღევანდელობისათვის. ის, რამაც დროს გაუძლო, არ უნდა იწვევდეს დაეჭვებას, დანარჩენი ალბათ, გემოვნების საკითხია.

მისადმი პატივისცემის მიუხედავად, ამ ავტორში ხშირად არის ჩემთვის რაღაც გაუგებარი და მიუღებელი, როგორც მაგალითად, მარიროუზის სიყვარული საკუთარი ძმისადმი, რომელიც ვერც ერთმა კაცმა ვეღარ დაავიწყა. ასევე მანამდე წაკითხულ მის ერთ-ერთ ნაწარმოებში „სიყვარულის ნაყოფი“ (ალბათ ასეა თარგმანში), როცა ყმაწვილს საკუთარი მეგობრის დედა უყვარდება. ან კიდევ „ნაპრალში“ სქესთა წარმოშობის მისეული უცნაური ვერსიები. თუმცა, სწორედ ამაშია მწერლის ინტრიგა, რომ მიგიზიდოს და წაგაკითხოს საკუთარი წიგნები. როგორც თავად ავტორი ამბობს: „სახელდობრ, წიგნი ცოცხლობს და ინარჩუნებს უნარს, შვას აზრი და დისკუსია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მისი გეგმა, ფორმა, ჩანაფიქრი ვერ გაიგეს, რადგან, როდესაც ეს ყველაფერი გასაგები ხდება, წიგნისგან უკვე ვეღარაფერს მიიღებ.“

დანარჩენი, მოდით, ჩვენც ინტრიგად დავტოვოთ…

10 Responses to “დორის ლესინგის “თავისუფალი ქალები””

  1. lia111 August 7, 2012 at 9:51 am #

    საინტერესო სტატიაა. სხვა ნობლიანტებზეც თუ შემოგვთავაზებ წერილების ციკლს კარგი იქნება.
    მე ზოგადად წინააღმდეგი ვარ ხელოვნებაში სქესის ხაზგასმის. მგონია, რომ ლიტერატურა ან კარგია, ან არა, იმისდა მიუხედავად, ქალის შექმნილია თუ მამაკაცის. თემატიკა კი მართლაც შეიძლება იყოს გენდერულად დაყოფილი. იმ მწერლებს შორის, რომლებიც ქალის თემაზე წერდნენ, ჩემთვის მაინც განსაკუთრებულია იბსენი, ცვაიგი, ტოლსტოი. სხვებიც, მაგრამ ეს სამი განსაკუთრებით.

  2. rusa111 August 7, 2012 at 2:19 pm #

    გეთანხმები, ამათ სიაში მარი ლუიზე კაშნიციც შეიძლება მოვიაზროთ, ანუ ვინც ქალის ცხოვრებაზე წერდა.

  3. Nino August 20, 2012 at 9:37 am #

    დანარჩენ რვეულებში რა ხდება, რუსა?

  4. rusa111 August 20, 2012 at 2:17 pm #

    წითელში ძირითადად კომუნისტური მოღვაწეობაა აღწერილი, ყვითელში სასიყვარულო ამბები, ლურჯ რვეულში კი – საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენები მთელ მსოფლიოში. პერსონაჟები იგივეა.

  5. Nino August 31, 2012 at 10:00 am #

    ვნახე, სტალინის გარდაცვალებაზეც კია ლაპარაკი.

  6. rusa111 August 31, 2012 at 3:23 pm #

    აქტუალური ამბების ეპიცენტრში მყოფი ქალები არიან, ეტყობა მაგას ადრე არ ერქვა ფემინიზმი, ამიტომ აპროტესტებს დორის ლესინგი თავის ფემინისტობას.

  7. goethe September 7, 2012 at 1:21 pm #

    doris lesingi ar miyvars, tavisi qaluri problemebit.

  8. rusa111 September 14, 2012 at 11:27 am #

    რა გითხრა, ჩემო გოეთე, – “ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს ფოფოდია!”

  9. Nugo September 15, 2012 at 1:30 pm #

    დორის ლესინგი მაგარი ქალია, სიბერეში ნობელიანტიც გახდა!

  10. rusa111 September 15, 2012 at 4:04 pm #

    პატივცემული პიროვნებაა ლიტერატორთა შორის და კარგი ფსიქოლოგია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: