მარი ლუიზე კაშნიცი “ადამ და ევა.”

19 Jul

Image

მარი ლუიზე კაშნიცი

  

                                                ადამ და ევა

როცა ადამ და ევამ სამოთხე დატოვეს, ერთხანს თავს ცუდად გრძნობდნენ. როგორც ამბობენ, გარეთ ცხოველები იყვნენ ავები, ნიადაგი ქვიანი, კლიმატი კი — მკაცრი.  ადამ და ევამ კი მხართეძოზე წოლის გარდა, ხომ არაფერი იცოდნენ და მუშაობაც ძალზე უჭირდათ. როგორც იტყვიან, ის იყო მწვანე ტოტზე დასხდნენ, რომ მაშინვე უბედურება დატრიალდა მათ ვაჟებს შორის, რომლებიც ეტყობა ცუდად აღზარდეს. ასე იყო თუ ისე, თვითკმაყოფილი აბელი ახლა კორდებში ეგდო, მოძალადე კაენი კი სადღაც დაეხეტებოდა და აბა მშობლებს ახლაც ენახათ, როგორ გავიდოდნენ ფონს მებაღე აბელისა და მონადირე კაენის გარეშე. შემდეგ მათ სხვა შვილებიც წამოეზარდნენ, და შემდეგ კიდევ სხვანი, ყოველ შემთხვევაში, მე ეს ასე წარმომიდგენია, მაშინაც კი, როცა ადამ და ევა უკვე საკმაოდ მოხუცდნენ, სულ მთლად დაჩაჩანაკებამდე. ამ დროისათვის, მათ, ცხადია, უკვე რა ხანია ჰქონდათ სახლი და ევაც პალმის ფოთლების წინსაფრით აღარ დაიარებოდა.              ორივეს თუმცა ედემის ბაღზე  ბუნდოვანი მოგონებაღა შემორჩენოდა, მაინც სულ იმას ბაძავდნენ, რაც ოდესღაც იქ ენახათ; მაგალითად, როცა ჭა ამოთხარეს, რაც სიცოცხლის წყალს აგონებდათ, გააშენეს ბაღი და მოაშინაურეს ცხოველები, შემოღობილ გარემოში მშვიდობიანად რომ ცხოვრობდნენ, ისევე როგორც სამოთხის ცხოველები. ყოველივე ეს იქნებ არასრულყოფილიც იყო, მაგრამ  მათ მუშაობა სიხარულს ჰგვრიდა, საღამოს კი გარს შემოუვლიდნენ და იმაზე ფიქრობდნენ, კიდევ რა იყო საკეთებელი. დროთა განმავლობაში ისინი ძალზე თვითკმაყოფილ ადამიანებად იქცნენ; ადამს ზოგჯერ იმგვარი  გრძნობაც კი ეუფლებოდა, თითქოს ღმერთი ყოფილიყო.

ამიტომაც ძალზე განიცადა, როცა შეიტყო, რომ  ერთ მშვენიერ დღეს უნდა მოკვდეს! ისე კი არ მომხდარა, რომ რაიმე ცნობა ან ნიშანი მიეღო, უბრალოდ, ერთ საღამოს იხილა, თუ როგორ დაეცა ერთ-ერთი ცხოველი მისი ნახირიდან მკვდარი და რადგან ამ დიდ ძლიერ ვაცს საკუთარ თავს ხშირად ადარებდა, გაიფიქრა, რომ  იგი ამ მხრივ ამ ცხოველზე არც რამით მეტია და არც უკეთესი.  როცა მან ეს გაიაზრა, საკუთარ არსებაში ათასგვარი ნაკლი შენიშნა, რასაც მანამდე არ სცნობდა: თვალის სისუსტე, ხელის კანკალი, სმენის დაქვეითება. ეს სიკვდილია, გაიფიქრა თავზარდაცემულმა, როცა იმ საღამოს რაღაც მყიფე საგანი ხელიდან გაუსხლტა. რა დაგემართა?  — ჰკითხა ევამ რადგან იგი გაქვავებული იდგა, როცა ქალი ნამსხვრევებს აგროვებდა. კითხვა: – რა დაგემართა? – ევამ შემდგომ ხანებშიც რამოდენიმეჯერ დაუსვა მას,  რადგან ადამმა უცნაურად მოქცევა დაიწყო. უპირველეს ყოვლისა, ღამით უძილობა დასჩემდა, მოუსვენრად წრიალებდა ხან ერთ, ხან მეორე მხარეს, ან კიდევ ზურგზე იწვა მდუმარედ და ჭერს მიშტერებოდა. ძილი არ ეკარებოდა, რადგან ბევრი საფიქრალი ჰქონდა; მაგრამ ეს ფიქრები, მისთვის აგრე რიგად ძილი რომ გაეკრთო, როდი გახლდათ დიდებული — სიკვდილზე ან ღმერთზე, ისინი უფრო საშინელი სიჯიუტისკენ იხრებოდა, სახლის წვრილმან საზრუნავისკენ: იქნებოდა ეს სარწყავი მოწყობილობის გაუმართაობა, თუ დაზიანებული ადგილი ჭერში, როცა უკვე ინათებდა და სახლში ყველანი თავიანთ საქმიანობას შეუდგებოდნენ, მას საშინელი დაღლილობა ეუფლებოდა და ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ საუზმის შემდეგ  მაშინვე ისევ წვებოდა და კარგა ხანს საწოლში რჩებოდა.  ეს ამბავი თავად მასაც მეტად აოცებდა, მაგრამ კიდევ უფრო საკვირველი იყო მისი მგრძნობელობა, დღის განმავლობაში გარკვეული ხმების მიმართ.  ძაღლის ყეფა აცოფებდა, თუთიყუშის ყრანტალი _ კიდევ უფრო მეტად.  ასევე მაიმუნების საშინელი ყვირილი, სახლის უკან რომ თამაშობდნენ. სჯეროდა, რომ ისინი ამ სულელურ ხმაურს სწორედ მის გასარისხებლად ტეხდნენ. ასევე ბავშვებიც კი, ყოველ ნაბიჯზე უგუნებობას იწვევდნენ მასში, განსაკუთრებით მოზარდები. თავში აზრად გაუელვებდა, რომ ისინი რაღაც იდიოტურ გამოთქმებს განუწყვეტლივ მოურიდებლად იმეორებდნენ და მჭექარე ხმით მდარე სიმღერებს გამაღიზიანებლად ხმამაღლა მღეროდნენ.

ბოლოს და ბოლოს მე ვარ მამა და კაცი, ვინც რაღაც შექმნა, ახლა ის ცუდადაა და უფლება აქვს, მოითხოვოს, პატივი სცენ. — ფიქრობდა თავისთვის. ეს რაღაც ახალი იყო მასში, ამგვარი აზრები, ასევე სურვილი იმისა,  რომ იქაურობას გასცლოდა,  სადაც არ აფასებდნენ და მის სიტყვასაც არად აგდებდნენ. რამდენჯერმე ღამით ხან ერთ, ხან მეორე მხარეს აწყდებოდა, ბოლოს, ამ ხეტიალში მიხვდა, რომ რაღაც კონკრეტულს ეძებდა; კერძოდ, ედემის ბაღის ჭიშკარს, რომელსაც პირველ ხანებში ამ ხეტიალისას ზოგჯერ აწყდებოდა კიდეც, ჩამავალი მზის მეწამულ ფონზე ანგელოზნი რომ დარაჯობდნენ ღრუბლის ქულებივით ქათქათა ფრთებით, მოელვარე ნაცრისფერში ესოდენ მშვენივრად რომ გამოკრთოდა. ერთხელაც ჭიშკარი იქ აღარ დაუხვდა, სადაც ეგულებოდა და მანაც ძებნა მალე შეწყვიტა.  მხოლოდ გარეთ გასვლის საბაბით, აწარმოებდა შემოვლას, ყველაფერს ათვალიერებდა, რაც კი გაუკეთებია, და აღარ მოსწონდა ისინი. აკვირდებოდა საკუთარ შვილებს და ისინი ზარმაცებად, ქარაფშუტებად და უუნაროდ მიაჩნდა საიმისოდ, რომ მისი დაწყებული საქმე გაეგრძელებინათ, ის საქმე, რისი დასრულებაც მეტ-ნაკლებად ვერ მოახერხა. ყოველივე ამაზე საუბარი ევასთანაც სცადა, მაგრამ ქალს ამაზე მხოლოდ გაეცინა და კაცი მისი გულგრილობით ძლიერ გულნატკენი დარჩა.

შემდგომ ხანებში კი მას სულ უფრო მეტი მიზეზი რჩებოდა ცოლით უკმაყოფილებისა. როცა, მისი გაუცხოების მიუხედავად,  ევა სიყვარულითა და მზრუნველობით ექცეოდა, ცდილობდა, მშვიდი გარემო შეექმნა, ქმარს იგი დღითიდღე უფრო გულცივი ეჩვენებოდა.  განწყობა ევას შესანიშნავი ჰქონდა და არც მადას უჩიოდა, თუმცა არც ის იყო ადამზე ახალგაზრდა, ღამითაც მშვიდად ეძინა.  როცა კაცი ხმაურს უჩიოდა, ქალს სახეზე გაოცება ეხატებოდა,  ხოლო როცა იგი ამინდზე  ბუზღუნებდა,– მალე ისევ გამოიდარებსო, ეტყოდა ქმარს,  და ამ ნათქვამით ცოლი თითქოს თავიდან იშორებდა მის სევდასა თუ შიშს. ერთადერთი, რაც მას ჯერ კიდევ რჩებოდა, თავისი ახირების სფეროში,  სასაცილო კალიების საუფლო იყო, რომელთაც ყურადღებას არავინ აქცევდა. სულ ცოტაღა აკლდა, რომ ქალს ეთქვა: ,,ოჰ, გაჩუმდი ბოლოს და ბოლოს!” ეს მაინც მითხრასო, ფიქრობდა ადამი, ესეც ერთი გარისხება იყო საკუთარი სილაჩრის გამო, მეუღლის მხრიდან ამგვარი გულგრილობა ადამს გულს უღრღნიდა. ყველაფრის მიუხედავად, ის ვერ გაჩერდებოდა.  ამ გასაჭირის ამოთქმა მისთვის ისევე აუცილებელი იყო, როგორც კვამლი ცეცხლისათვის. ესეც ხომ ამ შინაგანი წვის შემადგენელი ნაწილი იყო.  ისე, რომ ერთხელაც  მან საუბარი იმ ხმით განაგრძო,  რომელიც თავადვე სძულდა, რადგანაც ის  ბუზღუნით ჟღერდა. ჩიოდა მზის  და წვიმის გამო,  მოთქვამდა სარეველებსა და მავნებლებზე, ასევე ბავშვებზე. ევა პირველ ხანებში ეუბნებოდა, ეს ხომ  არც ისე საშინელიაო, შემდეგ კი ამასაც აღარ ამბობდა…  ქალი მას სულ აღარ  უსმენდა.

 ეს გრძნობა  მართლაც საშინელია  კაცისთვის, ვინც გაიაზრა, რომ მისი ცხოვრება მარადიული არ არის, ის უნდა მოკვდეს; და ამ გადმოსახედიდან თავის ყველა ნამოქმედარს ეჭვქვეშ აყენებს.  ეს საშინელება იყო ადამისთვის, რომელიც ახლა  ირგვლივ დაიარებოდა და ყოველივედან,  რაც კი შეუქმნია, თვალში არაფერი მოსდიოდა და უკვე ჩვეული დარდიდან კიდევ ცხარე პრეტენზიებს  გამოუხმობდა ხოლმე.  მაგრამ როგორც შემდგომ გაირკვა, ეს როდი იყო მისთვის ყველაზე უფრო საშინელი რამ, რადგან გულგრილობაზე უფრო მეტად საშიში ხომ ღალატია.

სავარაუდოა, რომ ადამმა, თუმცა  ბევრი რამ იცოდა, მაგრამ  მსგავსი  რამ ცხოვრებაში არ გამოეცადა. ის ხომ ერთადერთი კაცი იყო, ვინც ევასათვის მოიაზრებოდა, რადგან ირგვლივ მხოლოდ მისი ვაჟები და შვილიშვილები იყვნენ. თუმცა ადრე, სანამ ევა სადმე  მარტო წავიდოდა  და დიდხანს რჩებოდა, მას მაინც მოუსვენრობა ეტყობოდა. ხოლო უკან დაბრუნებულ ევას სახე ყოველთვის განსაკუთრებით უბრწყინავდა და სიყვარულით აღსავსე იყო. თან ყოველთვის რაღაც უჩვეულო მოჰქონდა. ამ დროს ადამი გრძნობდა, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ამ ქალისაგან სიყვარულისა და გულითადობის გარდა, სხვა არა განუცდია რა. მაგრამ იმ მომენტში, როცა საკუთარი ბედნიერება გაიაზრა, მისთვის ეს ბედნიერება უკვე ჩავლილი იყო.                აქამდე მას ევას თვალებში მოღალატე მზერა არ უგრძვნია. ევა მისგან სხვა მხარეს ხომ არასოდეს შებრუნებულა, რათა ყური სხვა ხმისთვის მიეპყრო. ახლა იგრძნო ეს ყოველივე, ეჭვიანობის მთელი ტანჯვა-წამება, მაგრამ ეს ვინმე საყვარელი კი არა, არამედ რაღაც ფანტომი იყო მისი მეტოქე; კაცი კი არა, ვისთანაც შეეძლო ეომა, ებრძოლა, არამედ სიყვარულის სიზმარეული ხატი და უბრალოდ, ცხოვრება თავად.

იგი მშვენივრად ხედავდა, რომ ევა სიყმაწვილისა და სიცოცხლისაკენ იყო მიდრეკილი. ერთხელ შენიშნა, ქალი ბავშვებს სიტყვებით კი არ მიმართავდა, არამედ საოცრად იდუმალი სინაზით, ნდობით აღსავსე კეთილი მზერით უმზერდა მათ. როცა ადამმა ერთ-ერთი ასეთი მზერა დაიჭირა, შეკრთა, როგორც რაღაც უეცარი დარტყმისას ხდება ხოლმე. ამ დროიდან მოყოლებული, მან ყველაფრისადმი ნდობა დაკარგა, – ირგვლივ ყოველივეს აყურადებდა და სახლში ფეხაკრეფით დადიოდა. ერთხელ, როდესაც ევასთან მცხუნვარე მზის გამო მოთქვამდა, დაინახა ქალი როგორ აფიცხებდა სახესა და ხელებს თითქოს სწორედ იმას, რაც მას ასე აწუხებდა, ანუ მისი ტანჯვა ქალისათვის სიხარული იყო.  ამგვარი დაკვირვების შედეგად მიტოვებული საპყარის განცდა კიდევ უფრო მეტად ეძალებოდა.  იმ დროს იხსენებდა, როცა ორივენი ჯერ კიდევ მარტო იყვნენ, საშინლად მარტონი და ერთმანეთზე მიჯაჭვულნი. მაშინ დაიფიცეს, ერთმანეთი არასოდეს მიეტოვებინათ. ახლა ევა ისევ მის მხარეს იყო, არსად წასულა, მაგრამ ადამი ფიქრობდა, რომ ქალი მას დაშორდა და ყოველდღე სულ უფრო ღრმავდებოდა უფსკრული მათ შორის.       ამ საშინელ უნდობლობაში ადამი ყოველი დაშორების წვრილმანებს გულმოდგინედ ინახავდა გულში. თითქოს იმასაც ამჩნევდა, რომ მის სიტყვებზე ევას ნაკვთებს ჩუმი მოუსვენრობა გადაურბენდა ხოლმე.როცა ქალი ეტყოდა, დიდი ხნით გავდივარო, მის ბაგეთაგან თითქოს შვების ღიმილი გამოკრთოდა, ხოლო როცა გაშორდებოდა, მისი ხმა, შორიდან ისევ რომ მოესმოდა, თითქოს უფრო ხალისიანად და ლაღად ჟღერდა. ერთხელ, როცა სავახშმოდ ისხდნენ, თვალი ჰკიდა და შენიშნა, რომ ქალს კანი მობერებოდა, თმაშიც ჭაღარა შეჰპარვოდა; ასევე შეატყო, რომ სახსრები სტკიოდა და ძველებურად თავისუფლად და მხნედ ვეღარ მოძრაობდა. ის ჩემზე ახალგაზრდა როდია, ფიქრობდა კაცი, მაგრამ ისე იქცევა, თითქოს უსაზღვრო დრო ედოს წინ — მარადიული დრო. შემდეგ კი უცებ გაიფიქრა: — მან ხომ არაფერი იცის, მან ეს არ იცის და კაცი მისმა გულუბრყვილობამ გააბრაზა.                ჭამის შემდეგ ევა ისევ გარეთ გავიდა ეზოში ბავშვების სათამაშოების მოსაგროვებლად. ადამი თან გაჰყვა, მასთან  გაჩერდა და ქალს მავედრებელი  მზერა მიაპყრო.  — დაბერდი ჩემთან ერთად, ჩემთან ერთად მოხუცდი! — მაგრამ ცხადია, ეს სიტყვები არ წარმოუთქვამს. ამის ნაცვლად, კოღოებზე ჩივილს მოჰყვა ველური და სასოწარკვეთილი ხმით. — შენ ხომ სულ რაღაც გაწუხებს, — უთხრა ევამ და თავი გააქნია.

იმ ღამეს ადამმა გადაწყვიტა  ევასთვის ეთქვა, რომ ის მოკვდავია და ერთხელაც იქნება, აღესრულება. შესაძლოა, ეს ჯერ იმის გამო არ მოიმოქმედა, რომ მთვარის შუქი ოთახში ძალზე ნათლად ასხივებდა და თან სწორედ ევას სახეზე ეფინა და ეს სახე იმგვარად სავსე იყო ცხოვრების ხიბლით გასხივოსნებული ღიმილით ძილში. მაგრამ ამ სახემ ადამში, ვინც მრავალი საათი უძილობაში გაატარა, შურისძიების ბნელი სურვილი აანთო. მან ევა გააღვიძა, ქალმა თვალები მოიფშვნიტა და ჰკითხა: ბავშვებს ხომ არ უჭირთ რამეო. — ჩვენ უნდა მოვკვდეთ, — უთხრა ადამმა, თან ისეთ გუნებაზე იყო, თითქოს ეს არის კვდებაო, — ესეც ახალი ამბავი, — უთხრა ევამ დამცინავად, — ეგ რა ხანია, ისედაც ვიცი! — მერე ამაზე არ გიფიქრია? — ჰკითხა ადამმა, როგორც კი ამ მოულოდნელი პასუხისაგან სული მოითქვა. — რასაც კი აქ დავტოვებთ, ყოველივე არასრულყოფილია და გახვრეტილი გროშის ფასი აქვს. — ვიღაცა ხომ დაასრულებს, — მიუგო ევამ. — ჩვენი შვილები ზანტები და ქარაფშუტები არიან. — მკაცრი ტონით თქვა ადამმა. — მათ არ იციან, რა არის შრომა და თავს დაიღუპავენ. — მათგან რაღაც მაინც გამოვა, — თქვა ევამ, — და ნეტა რაღა გამოვა ჩვენგან? — ჰკითხა ადამმა და თავი ხელებში ჩარგო.          — ჩვენ ისევ ერთად დავრჩებით, — მიუგო ევამ, —  ბაღში დავბრუნდებით. — ადამს ხელები ყელზე შემოხვია და სიყვარულით სავსე მზერა მიაპყრო. — ბაღი განა ისევ იქაა? — ჰკითხა გაოცებულმა ადამმა. — რა თქმა უნდა, — უპასუხა ევამ. — საიდან იცი?   — როგორ ფიქრობ, საიდან მქონდა ის ნერგები, შენ რომ მოგიტანე, ან ცეცხლოვანი შროშანის ბოლქვები საიდან მქონდა? ან კიდევ ის მშვენიერი მბრწყინავი ქვა, როგორ გგონია, საიდან? — კი მაგრამ, საიდან გქონდა ყოველივე ეს? — ანგელოზებმა   გადმომიგდეს ჭიშკრიდან. როდესაც იქ მივალთ, ანგელოზებს დავუძახებ და ჭიშკარს გამიღებენ. — უთხრა ევამ.

ადამმა თავი ნელა ჩაქინდრა, რადგან თვალწინ რაღაც შორეულმა და ბუნდოვანმა მოგონებამ გადაურბინა, — ჰო, სწორედ შენ გაგიღებენ! უთხრა მან და სიცილი დაიწყო ხმამაღლა და გულიანად, პირველად, ვინ იცის, რამდენი ხნის შემდეგ.

გერმანულიდან თარგმნა  რუსუდან ბეჟაშვილმა.

16 Responses to “მარი ლუიზე კაშნიცი “ადამ და ევა.””

  1. rusa111 July 19, 2012 at 5:33 pm #

    შენ რა სწრაფი ხარ, მოლი! ასე უცებ კითხულობ? მადლობა!

  2. Nugo July 22, 2012 at 8:21 pm #

    საინტერესოა, ბიბლიური სიოც იგრძნობა და თან თანამედროვეცაა.

  3. Kejeradze July 25, 2012 at 5:07 pm #

    ამ მოთხრობამ კიდევ უფრო გაამყარა ჩემი აზრი კაშნიცზე. საინტერესო მწერალია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან არც თუ ისე ცნობილია (ყოველ შემთხვევაში, აქამდე მისი თარგმანები არსად შემხვედრია).

  4. rusa111 July 25, 2012 at 6:05 pm #

    80-იან წლებში გახდა ჩვენთან ცნობილი. რუსულად არის მე მინდა გამოვცე კრებული.
    რამდენიმე მოთხრობა მაქვს თარგმნილი.

  5. მოლი ბლუმი July 26, 2012 at 6:20 am #

    გრავატარის გაქრობას როგორ ვუშველოთ.

    dashboard-ში,მარჯვნივ,მაღლა კუთხეში, შენი სახელი უნდა ეწეროს, დააქლიქე. გადახვალ account-ზე, მარცხნივ, ჩამონათვალია, აარჩევ public profile-ს, ჰოდა, დაინახავ current gravatar-ს და change gravatar-ს.

    ეს არის და ეს.

  6. rusa111 July 26, 2012 at 11:09 am #

    მადლობა, ვცდი, ძალიან ცუდად ვერკვევი ტექნოლოგიებში.

    შენ მოთხრობა თუ წაიკითხე?

  7. rusa111 July 26, 2012 at 11:36 am #

    ეს ყველაფერი გავაკეთე, სურათიც ავირჩიე, მაგრამ ბოლო მომენტში სურათი ქრება.
    როგორც იქნა! მარი ლუიზემ რაღა დააშავა?

  8. lia111 August 7, 2012 at 10:16 am #

    ლამაზი მოთხრობაა. კარგად ჩანს ავტორის ღიმილიანი დამოკიდებულება ადამიანებისადმი, განსაკუთრებით კი ადამისადმი, რომელიც მთლიანად ევაზეა მინდობილი და მიჯაჭვული და მაინც საკუთარ თავს მიიჩნევს ქვეყნიერების საწყისად. რაღაცაზე სწუხს, დარდობს, ჰგონია, რომ სიკვდილ–სიცოცხლის პრობლემაც მისი ამწუთიერი აღმოჩენაა, ევასთვი კი ყოველივე ეს ცხადზეცხადია და მშვიდად მიუყვება ცხოვრებას.

  9. rusa111 August 7, 2012 at 2:26 pm #

    ეს ცოლ-ქმრული ყოფითი პრობლემებიც როგორც ჩანს, მარადიულია: ბუზღუნა ქმარი, მზრუნველი ცოლი…

  10. Nino August 20, 2012 at 9:46 am #

    ამ მწერალს შენი თარგმანებით ვიცნობ და ძალიან მომწონს.

  11. rusa111 August 20, 2012 at 2:22 pm #

    მე ადრე წიგნი მაჩუქეს ფრაიბურგში და ნელ-ნელა ვთარგმნი მოთხრობებს.

  12. rusa111 August 28, 2012 at 9:46 am #

    http://santeli.wordpress.com/2012/04/07/%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98/#more-429

    მარი ლუიზე კაშნიცი “აპრილი.”

  13. goethe September 7, 2012 at 1:24 pm #

    Mari Luize Kashnici leqsebit shemiyvarda,magram motxrobebic kargia, gansakutrebit “Liebesgeschichten”.

  14. Nugo September 15, 2012 at 1:31 pm #

    თანაც ფარული იუმორი აქავს!

  15. rusa111 September 15, 2012 at 4:06 pm #

    ხო, მაგრამ ზოგჯერ სასტიკიცაა, განსაკუთრებით ქალების საკითხში.

  16. rusa111 September 30, 2012 at 6:54 pm #

    მაია, მიხარია, კაშნიცი რომ მოგეწონა, მეილზე რომ მომწერე. თავიდან თითქოს არ ვიყავი დიდად აღტაცებული,მაგრამ ზოგი მოთხრობა მართლა ძალიან კარგი აქვს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: