ვილჰელმ ჰაუფი “ზღაპარი-ალმანახი”

6 Jul

                     ვილჰელმ ჰაუფი

                    ზღაპარი – ალმანახი

ერთ მშვენიერ შორეულ სამეფოში, რომლის მარადმწვანე ბაღებში, თქმულების თანახმად, მზე არასოდეს ჩადის, თურმე დასაბამიდან მეფობდა დედოფალი ფანტაზია. იგი საუკუნეების მანძილზე უშურველად აფრქვევდა მადლს, ავლენდა სრულქმნილ სათნოებას და ყველგან სამართლიან სიყვარულს იმსახურებდა. დედოფლის გული მეტად დიდი იყო საიმისოდ, რომ მხოლოდ თავისი ქვეყნისთვის მოეფინა მოწყალება და, მეფური სიდიადით აღჭურვილი, მარადიულ სიყმაწვილესა და მშვენიერებაში, ხშირად ეშვებოდა მიწაზე, რადგან მის ყურთასმენას მისწვდენოდა იქ მცხოვრებ ადამიანთა უხალისო და ჯაფით აღსავსე სვე-ბედის ამბავი. მათი სევდის გასაქარვებლად, დედამიწის ველ-მინდვრებზე დააბიჯებდა იგი და ადამიანებს ყველაზე უფრო მშვენიერ ძღვენს სთავაზობდა თავისი სამეფოდან.

თავისზე არანაკლებ სალუქ შვილებსაც ხშირად აგზავნიდა დედოფალი ადამიანთათვის ბედნიერების მოსატანად. ერთხელ დედამ შენიშნა, თუ რაოდენ დანაღვლიანებული დაბრუნდა დედამიწიდან მისი უფროსი ქალიშვილი _ ზღაპარი. იგი ნამტირალევი ჩანდა.

– რა დაგემართა, ზღაპარო ჩემო?- ჰკითხა დედოფალმა, – მოგზაურობისას ისე დაღილხარ და დაქანცულხარ, რომ არც კი გინდა დედას გაანდო შენი წუხილი?

– ეჰ, დედოფალო, ეს რომ მარტო ჩემი სატკივარი იყოს, ასე როდი ვინაღვლებდი, მაგრამ ეს ამავე დროს შენიცაა.

– გამიზიარე, შვილო ჩემო, შენი სატკივარი, თორემ მწუხარება ლოდივითაა, მძიმედ აწვება გულზე ადამიანს. გაზიარებული ჭირი კი სანახევრო ჭირია.

– რაკი ასე გსურს, მაშ ყური მიგდე: შენ კარგად უწყი, თუ რა ხალისით მივდიოდი ღარიბ-ღატაკთა ქოხებთან. მათ წინ ჩამოვჯდებოდი, რომ სამუშაოს შემდეგ საუბრით გამერთო ისინი. თვითონაც სალმის ნიშნად, მეგობრულად მიწვდიდნენ ხელს გამოჩენისთანავე და კმაყოფილი ღიმილით მაცილებდნენ განშორებისას. ახლა კი…

– იქნებ გეჩვენება, ჩემო კარგო, – უთხრა დედოფალმა და შვილს ცრემლიან ლოყაზე მიეფერა.

– მერწმუნე, დედა, არ მეჩვენება. – მიუგო ზღაპარმა. _ მათ აღარ ვუყვარვარ; სადაც კი მივალ, ყველგან ცივი მზერით მხვდებიან; აღარსად უხარიათ ჩემი ხილვა. ბავშვეებიც კი, რომლებსაც ადრე ასე ვუყვარდი, დამცინიან და ნაადრევად დაბრძენებულებივით ზურგს მაქცევენ.

– შენ როგორ ფიქრობ, ზღაპარო, ადამიანები ასე რატომ შეიცვალნენ?

– აი რა ხდება, ადამიანებს ჭკვიანი დარაჯები დაუყენებიათ. ისინი ყველაფერს უთვალთვალებენ, რაც კი შენი საუფლოდან მოდის, დედოფალო ფანტაზიავ! და თუ ვინმე თავზეხელაღებული გაბედავს და ჩვენკენ გამოიხედავს, ისეთ წივილ-კივილს ასტეხენ, რომ ვაი მას, _ ან მოკლავენ, ანდა ისე გააშავებენ იმათ თვალში, ვისაც მათი სიტყვისა სჯერა, რომ მცირედი სიყვარულისა და ნდობის იმედსაც აღარ უტოვებენ. ეჰ, ჩემს ძმებს, სიზმრებს რა ენაღვლებათ, ლაღად და მსუბუქად დაქრიან დედამიწაზე, სულაც არ ადარდებთ იმ ჭკვიან კაცთა იქ ყოფნა. ეწვევიან მთვლემარე ადამიანს და ქსოვენ და ხატავენ მისი გულისა თუ თვალის საამებელს!

– შენი ძმები, ჩემო კარგო, მსუბუქნი არიან და არა გაქვს მიზეზი, მათ შენატროდე. იმ მესაზღვრე დარაჯებს კი მე კარგად ვიცნობ; ადამიანებს ისინი არცთუ ისე უსამართლოდ დაუყენებიათ; ერთი თავქარიანი არსება დადიოდა და თავს ისე აჩვენებდა, თითქოს ჩემი სამეფოდან იყო…

– მერე, მაგაზე მე, შენს ქალიშვილს რატომ უნდა მაგებინონ პასუხი? _ თქვა ზღაპარმა, _ რომ იცოდე, როგორ მომექცნენ; ერთი კუდიანი დედაბერი მომიგზავნეს, მემუქრებოდნენ, აღარ შემოგიშვებთო.

– ეგ როგორ? ჩემს ქალიშვილს აღარ შეუშვებენ?! შესძახა დედოფალმა და რისხვისაგან ლოყები აუელვარდა. _ მე უკვე ვხვდები, საიდანაც მოდის ეს ამბავი, ბოროტმა ნათლიდედამ მოგვცხო ჩირქი.

– მოდამ? შეუძლებელია, _ შესძახა ზღაპარმა, _ ის ხომ ყოველთვის მეგობრულად გვექცეოდა?!

– ო! კარგად ვიცნობ მაგ ორპირს, -მიუგო დედოფალმა, _ მაგრამ მის ჯიბრზე კიდევ ერთხელ სცადე, შვილო, სიკეთის მქნელი არ უნდა შეჩერდეს.

– თავლაფდასხმული რომ გამომისტუმრონ, ანდა კუთხეში მიმაგდონ ჩემი ნახვის არმოსურნე ადამიანებმა?!

– მოდისაგან გასულელებული მოზრდილები თუ ნაკლებ გაფასებენ, პატარებს მიმართე; ისინი ხომ ჩემი სიყვარულები არიან; სწორედ მათ ვუგზავნი საამურ სურათებს და სიზმრებს, შენი ძმების მეოხებით; მე თვითონაც ხშირად ვწვევივარ, გულში ჩამიკრავს, დამიკოცნია და მათთან ერთად მითამაშია. ისინი უკვე კარგად მიცნობენ, თუმცა ჩემი სახელი არ იციან. ხშირად შემინიშნავს, როგორ უღიმიან ღამით ჩემს ვარსკვლავებს, დილაობით კი ჩემი, ქათქათა ბატკნის მსგავსი ღრუბლების გამოჩენაზე სიხარულით როგორ შემოჰკრავენ ხოლმე ტაშს, როცა იზრდებიან, მაშინაც ვუყვარვარ, ცუგრუმელა გოგონებს ფერადი გვირგვინების დაწვნაში ვშველი; მოუსვენარი ყმაწვილებიც კი მშვიდდებიან, როცა მე, კლდის ქიმზე წამომჯდარი, მათკენ მივაპყრობ მზერას. შორეული ლურჯი მთების ნისლიანი საფარიდან მაღალ კოშკებსა და ბრწყინვალე სასახლეებს ამოვატივტივებ, ხოლო საღამოს, მეწამულ ღრუბლებში მამაც ცხენოსანთა ლაშქარს ან მლოცველთა სასწაულებრივ მსვლელობას ვუჩვენებ.

– ო, კეთილო ბავშვებო! _ აღმოხდა გრძნობამორეულ ზღაპარს._  იყოს ნება შენი, მათი გულისათვის ბედს კიდევ ერთხელ ვცდი.

– მიდი, შვილო, მათთან, _ უთხრა დედოფალმა. – მე ცოტა უფო ლამაზად ჩაგაცმევ, პატარებს რომ მოეწონო და აღარც დიდებმა გამოგაგდონ; აბა შეხედე, როგორ მოგწონს ალმანახის სამოსი? ეს მინდა ჩაგაცვა.

– ალმანახისა? მეტისმეტია, დედა, ასე კეკლუცად მოკაზმული ხალხს როგორ ვეჩვენო!

მაგრამ დედოფალმა ანიშნა და მსახურებმაც ალმანახის მშვენიერი სამოსელი მოართვეს. ზედ ფერად-ფერადი ლამაზი ფიგურები იყო ამოქარგული.

პირისფარეშებმა გრძელი თმა დაუწნეს მშვენიერ ასულს; ოქროს ქალამნები ბაფთებით შეუკრეს და ალმანახის მშვენიერი ტანსაცმლით შემოსეს.

მორცხვი ზღაპარი ვერც კი ბედავდა, თვალი შეევლო თავისი მორთულო-ბისათვის, დედა კი კმაყოფილებით აკვირდებოდა და შვილს გულში იკრავდა.

– წადი, — უთხრა მან პატარას, _ დამილოცნიხარ. თუ აბუჩად აგიგდეს ან       დაგცინეს, ჩემთან გამობრუნდი, და იმედი მომავალ თაობაზე დავამყაროთ, იქნებ მათ ბუნების უფრო მეტი სიყვარული გამოიჩინონ და კვლავ სიხარულით მოგაპყრონ თვალი.

ასე ბრძანა დედოფალმა ფანტაზიამ და ზღაპარიც მიწაზე დაეშვა. აფორიაქებული უახლოვდებოდა იმ ადგილს, სადაც ჭკვიანი დარაჯები იდგნენ, პატარა თავი დაბლა დაეხარა, მშვენიერი სამოსი ტანზე მჭიდროდ შემოეტმასნა და გაუბედავი ნაბიჯით ჭიშკარს უახლოვდებოდა.

-,,შეაჩერეთ!” – დაიძახა ერთმა ჩახრინწული ხმით. — ,,ესეც ახალი ალმანახი!.. გააგდეთ!”  ამის გაგონებაზე ზღრაპარი უფრო აკანკალდა; სიბნელიდან ვიღაც კაცები გამოცვივდნენ; ხელში წვეტიანი კალმები ეჭირათ და ზღაპრის წინააღმდეგ მოემარჯვებინათ. ერთ-ერთი პირდაპირ მისკენ წამოვიდა და ტლანქი  ხელით ნიკაპში ატაკა კალმის წვერი. ,,თავი ასწიეთ, ქალბატონო  ალმანახო, თვალებში შემოგხედოთ კაცმა, მართლაც ნამდვილი ხართ თუ არა!” – შეუყვირა მან. სახეშეფაკლულმა ზღაპარმა თავი ასწია და თავის უძირო  თვალები შეანათა. – ზღაპარი, – წამოიძახეს დარაჯებმა და დამცინავად ახარხარდნენ. – რაო, ზღაპარო, ეს რა განგიზრახავს? ამ კოსტიუმით რატომ წამობრძანებულხარ? _ ასე დედამ ჩამაცვა, _ მიუგო სულმთლად აწურულმა ზღაპარმა. _ მაშ ასეა საქმე? ჩვენი გაცურება უნდოდა? ვერ მოგართვით! აქედან გაგვეცალე და თვალით აღარ დაგვენახო! _ ერთხმად შეჰყვირეს დარაჯებმა და ბასრი კალმები აღმართეს.

– მე მხოლოდ ბავშვებთან მინდოდა მისვლა. ნუთუ ამის ნებასაც არ დამრთავთ? _ სთხოვა ზღაპარმა.

– ისედაც ბევრი გვყავს შენისთანა, ჩვენს ბავშვებს სისულელეებით რომ კვებავენ! _ იყვირა დარაჯთაგან ერთ-ერთმა.

– მოდი, ვნახოთ ამჯერად, რა შეუძლია, _თქვა მეორემ.

ზღაპარმა ხელი აღმართა და საჩვენებელი თითით ჰაერში რაღაც ნიშნები შემოხაზა. და ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდნენ ფერადი გამოსახულებები: ქარავნები, დარახტული ტაიჭები, ბედაურებზე ამხედრებული რაინდები, კარვები უდაბნოს ქვიშაში; თოლიები და გემები მღელვარე ზღვებზე; გარინდული ტყეები თუ ხალხმრავალი ქუჩები და მოედნები; მებრძოლები თუ მშვიდობიანი მომთაბარეები. ყველაფერმა ამან ცოცხალ სურათებად, ფერად წყებად გაირბინა.

ზღაპარი გულმოდგინედ აღმოაცენებდა სურათს სურათზე ერთმანეთის მიყოლებით და ისე გაერთო, რომ ვერც კი შენიშნა, ჭიშკრის დარაჯებს თანდათანობით როგორ მოერიათ რული. ის იყო ახალი სახიერება უნდა ეჩვენებინა, რომ მასთან ერთი თავაზიანი კაცი მივიდა და ხელი ჩასჭიდა. შემდეგ მძინარეებზე მიუთითა და უთხრა: _ აბა შეხედე, კეთილო ზღაპარო, ამათთვის შენი ფერადი ამბები ხომ არაფერია! სწრაფად შედი ჭიშკარში, ვერც კი მიხვდებიან, აქ თუ ხარ, ასე რომ, შეგიძლია მათდა შეუმჩნევლად, უდარდელად დაადგე გზას. შვილებთან მინდა მიგიყვანო; ჩემს სახლში ერთ მყუდრო ადგილს მოგიჩენ, სადაც შეგეძლება დასახლდე და მშვიდად იცხოვრო; ჩემი გოგო-ბიჭები კი თავიანთი ტოლ-ამხანაგებით მოვლენ შენთან და მოგისმენენ. ხომ გინდა?

– ო, სიხარულით წამოგყვები შენს ცუგრუმელებთან; როგორ მინდა გავახალისო მათი სიცოცხლე და ამით მეც გავიხარო!

კეთილმა კაცმა მეგობრულად დაუკრა თავი ზღაპარს და მიეხმარა, რომ მძინარე დარაჯებს გაპარვოდა. როგორც კი თავი სამშვიდობოს იგრძნო, ზღაპარმა ღიმილით მიმოიხედა და ჭიშკარში შესრიალდა.

გერმანულიდან თარგმნა

 რუსუდან ბეჟაშვილმა

13 Responses to “ვილჰელმ ჰაუფი “ზღაპარი-ალმანახი””

  1. მოლი ბლუმი July 8, 2012 at 7:39 pm #

    ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე🙂 ზღაპარიც ულამაზესია და თარგმანიც ფანტასტიური🙂

  2. rusa111 July 11, 2012 at 3:15 pm #

    madloba!

    • lia111 July 13, 2012 at 1:27 pm #

      მშვენიერი ზღაპარია, საკმაოდ თანამედროვეც. ფანტაზია და მისი შვილები ზოგიერთს ჩამორჩენილობა ჰგონია. წარმატებაზე ორიენტირებულებს ზღაპრებისთვის არ სცალიათ და ჰგონიათ, რომ მისთვის დროის დახარჯვა წყლის ნაყვაა. უვიცობის გამო ან ნათლიდედას აყოლილებები, ათასგვარი საშუალებით – შეიძლება ძვირად ღირებული, მაგრამ ბავშვის განვითარებისთვის უვარგისი სათამაშოებით, კომპიუტერებით და ა.შ. პატარაობიდანვე უხერგავენ ბავშვებს მათკენ სავალ გზას. თუმცა, ყოველთვის გამოჩნდება ვინმე კეთილი კაცი და ყველაფერი ისევ თავის ადგილზე დგება.
      თარგმანიც მშვენიერი.

  3. Nugo July 22, 2012 at 8:25 pm #

    სიამოვნებით წავიკითხე, ბრავო!

  4. rusa111 July 30, 2012 at 8:35 pm #

    მეც ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებს, განსაკუთრებით, გერმანული ზღაპრები.

  5. Nino August 20, 2012 at 9:51 am #

    რა ნათელი სამყარო აქვს ჰაუფს, დღესაც სიამოვნებით ვკითხულობ!

  6. rusa111 August 20, 2012 at 2:27 pm #

    გეთანხმები!

  7. lia111 August 30, 2012 at 3:49 pm #

    “ხალიფა ყარყატის ამბავი” წავიკითხე. კარგი ზღაპარია და თარგმანიც მშვენიერია.

  8. rusa111 August 31, 2012 at 3:28 am #

    მადლობა, მიხარია,რომ მოგეწონა!

  9. goethe September 7, 2012 at 1:28 pm #

    vilhelm haufi sxvebisagan gansxvavebit,karg prozasac werda zgaprebtan ertad. martla gamonaklisia.

  10. Nugo September 15, 2012 at 1:34 pm #

    ზღაპრებს კიდე თარგმნი, რუსა?

  11. rusa111 September 15, 2012 at 4:10 pm #

    არა, ადრე ვთარგმნიდი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: