ზიუსკინდის “მტრედი.”

2 Jul

                               პატრიკ ზიუსკინდი

(მოკლე ბიოგრაფია)

დაიბადა 26.08.1949 წელს ამბახში შტარნბერგის ტბასთან. მიუნხენში ისტორიის ფაკულტეტზე სწავლისას დაიწყო წერა. იგი ასევე სამხრეთ საფრანგეთში სწავლობდა მუსიკას. თავდაპირველად წერდა პროზაულ ნაწარმოებებს, რომლებიც არ ქვეყნდებოდა და კინოსცენარებს, რომლებსაც არ იღებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავად ფორტეპიანოზე უკრავდა, დაწერა შესანიშნავი მონოლოგი ,,კონტრაბასი” 1980 წელს. მიუნხენის დადგმის შემდეგ, 1981 წელს, ეს პიესა ევროპაში ყველაზე ხშირად დადგმულ ნაწარმოებთა რიცხვს განეკუთვნებოდა. მისი რომანი ,,სუნამო” რა ხანია ბესთსელერად იქცა და თარგმნილია 33 ენაზე. ,,მტრედში” პარიზის ამ ჩუმი ბინადარის თანამგრძნობნი ვხდებით ჩვენ, ისევე როგორც ,,ბატონი ზომერისა” და ,,კონტრაბასის” გმირების, მათ ეკუთნის ჩვენი გული და ავტორი გვაიძულებს ბოლომდე თანავუგრძნოთ მათ. მისი  პერსონაჟები განასახიერებენ სწორედ იმ სურვილებსა თუ მონატრებას, რომლებიც კითხვისას ცოცხლდებიან ასევე ჩვენშიც. ამის წყალობით, იგი ლიტერატურული ესენციის გარკვეულ ნაწილს გვჩუქნის.

მწერალი და მუსიკოსი პატრიკ ზიუსკინდი დღემდე მიუნხენში ცხოვრობს. წერს ასევე კინოსცენარებსა და ლიტერატურულ ესეებს.

 

                                პატრიკ ზიუსკინდის ,,მტრედი”

თანამედროვე გერმანელმა მწერალმა პატრიკ ზიუსკინდმა უკვე რა ხანია ჩვენშიც მოიპოვა პოპულარობა. თუმცა რომანმა ,,სუნამო” თავისი სკანდალურობის გამო, მას ყველაზე მეტად გაუთქვა სახელი, მისი ნატიფი იუმორი და თხრობის ლაღი მანერა, ლიტერატურის თეორეტიკოსთა აზრით, მის ნოველებში გაცილებით უკეთ გამოვლინდა.

ამ ვრცელ ნოველაში ,,მტრედი” მოთხრობილია პარიზის ერთ-ერთი ბანკის დარაჯ იონათან ნოელის ამბავი. იგი მარტოხელა კაცია და ცხოვრებაში მხოლოდ სიმყუდროვეს ეძებს, სწორედ ამის გამო, მოიწყო ოთახი ერთ-ერთი შენობის სხვენში, მაგრამ ერთხელაც დერეფანში ჩნდება მტრედი, რომელიც საფრთხეს უქმნის მის მყუდრო ცხოვრებას და თავგზას უბნევს იონათანს. ,, …შენი ცხოვრება მცდარი იყო, შენ იგი გაფლანგე; როცა რაღაც მტრედს სასოწარკვეთამდე მიჰყავხარ, მაშინ უნდა მოკლა იგი, მაგრამ შენ არ შეგიძლია მისი მოკვლა. … სწორედ ბუზს, ლოკოკინას ან პატარა ხოჭოს კი, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში თბილსისხლიან არსებას, როგორიცაა მტრედი _ ვერასოდეს.” ამ პატარა არსების გამოჩენა, როგორიცაა ფრინველი მტრედი, ლამის გლობალურ ტრაგედიამდეა აყვანილი ამ პატარა მოქალაქის ცხოვრებასა და გონებაში, იგი სახლიდანაც კი გარბის საკუთარი აკვიატების გამო, რომ აქ ყოველივე უწმინდურობით გაივსება, ის მტრედს ვერ გააგდებს, ისინი გამრავლდებიან და იონათანის მთელ საცხოვრებელ სივრცეს დაიკავებენ, თავად კი თვლის, რომ უძლურია, ამ ყოველივეს წინ აღუდგეს. ასე ხომ ცხოვრებაშიც ხშირად გვემართება, ზოგჯერ რაიმე პრობლემა ისე ძლიერ შეგვიპყრობს, რომ ერთ წრეზე ვტრიალებთ და გამოსავალი ვერ გვიპოვია; მაგრამ საკმარისია, გარედან შეხედო მოვლენას, სხვა თვალით, და უმალ გაგინათდეს გონება. თუმცა აქ, ისევე როგორც ყოველ ლიტერატურულ ნაწარმოებში, მთავარია ის, თუ როგორ მოგვითხრობს ამ ყოველივეს ავტორი. ფაქიზი ფსიქოლოგიზმი, თვითირონიული პათეტიკა, ­– და რაც მთავარია –, გლობალურ სამყაროში მარტო დარჩენილი ადამიანისადმი თანაგრძნობა, სწორედ თხრობის ამგვარი მანერის გამო  შეიყვარა იგი მკითხველმა. დასავლეთში მას ევროპული თხრობითი ტრადიციების ღირსეულ გამგრძელებლად მიიჩნევენ თანამედროვე ნოველისტიკაში. როცა მის ნოველებს კითხულობ, გრძნობ, რომ მისი გმირების ყველა ეს პრობლემა შენც გეხება, რაღაც ნაწილი იონათან ნოელისა თუ ბატონი ზომერისა შენშიც არის…

ოლდოს ჰაქსლი გვეუბნება, ,,…რომ რასაც მკითხველები იღებენ მწერლისაგან, არასოდეს არ არის მწერლის იდეები, ის თვით მკითხველის საკუთარი აზრებია. როცა ისინი ცდილობენ მიბაძონ მას ან მისი თხზულების გმირებს, ყოველივე, რასაც კი ოდესმე მოიმოქმედებენ, არის მათი საკუთარი პოტენციური როლის მოქმედება.“ შეიძლება შენ კითხულობ ყოველ მწერალთან, გარკვეული დოზით, იმას, რისი წაკითხვაც გინდა, (უფრო სწორად, რისი აღქმის უნარიც გაქვს), მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ზიუსკინდთან ეს პროცესი ძალზე ბუნებრივია და თან ადვილად გასაგები, აქ თითქოს ის ფიქრობს შენსავით და არა პირიქით… თითქოს ამ ყველაფერს რა ხანია, ელოდი…

აქ კვლავაც შეხვდებით ჩვენთვის უკვე ცნობილი ნოველების მსგავსად (,,ბიძგი სიღრმისაკენ,” ,,ბრძოლა,” ,,მეტრ მუსარის ანდერძი”), აკვიატებული აზრების ტყვეობაში ჩავარდნილი ადამიანის ვნებებს. იკითხეთ ზიუსკინდი, ნაწარმოებები ხომ საკუთარ თავზე ყველაზე უკეთ თავად მეტყველებენ!

                 რუსუდან ბეჟაშვილი

13 Responses to “ზიუსკინდის “მტრედი.””

  1. Nugo July 22, 2012 at 8:33 pm #

    კარგი მწერალია, ეს წიგნი რუსულად წავიკითხე. ადამიანური სევდაც და იუმორიც – ყველაფერია!

  2. Kejeradze August 4, 2012 at 12:04 pm #

    “სუნამო” უფრო სკანდალურია და უფრო პოპულარულიც, მაგრამ რატომღაც “მტრედი” უფრო დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის – მოკლეა, მაგრამ მრავლისმთქმელი. იონათანიც თითქოს უფრო “ახლობელია”, ვიდრე გრენუი…

  3. rusa111 August 5, 2012 at 11:18 am #

    გეთანხმები,მე არ მიყვარს “სუნამო”, მისი სხვა ნაწარმოებები მირჩევნია.

  4. lia111 August 8, 2012 at 1:27 pm #

    „სუნამო“ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, იგრძნობოდა, რომ კარგი მწერლის შექმნილია, თუმცა ერთი სული მქონდა, როდის დავამთავრებდი, რათა თვიდან მომეშორებინა და აღარ დავბრუნებოდი ამ ჩემთვის ამაზრზენ პერსონაჟს.

  5. lia111 August 10, 2012 at 12:54 pm #

    მოთხრობა ჩემში გარკვეულ ალუზიებს იწვევს. ერთი მხრივ მშობლიური სიყვარულით გარემოცული, მომავლის გადასარჩენად, წარღვნისგან თავდასაცავად, კიდობანს შეფარებული ნოე და წარღვნის დასასრულის, იმედის სიმბოლო – მტრედი; მეორე მხრივ უსიყვარულოდ გაზრდილი, უმომავლო ნოელი, სამყაროსგან კიდობანს
    გარიდებული, რომლისთვისაც მტრედი ქცეულა განადგურების მაცნედ, წარღვნა კი კვლავ კიდობანში დაბრუნების შესაძლებლობის მაუწყებლად.

  6. rusa111 August 10, 2012 at 2:17 pm #

    ესაა მწერლის ოსტატობა, ერთი შეხედვით მატივში ღრმა აზრი დაგვანახოს, თუმცა ყველა მკითხველი თავისას ხედავს. საინტერესოა შენი ხედვა, ამ კუთხით არ მიფიქრია.

  7. Nino August 20, 2012 at 9:53 am #

    “მტრედი” ჯერ არ წამიკითხავს, ქართულ თარგმანს ველოდები…

  8. rusa111 August 20, 2012 at 2:29 pm #

    თუ გვაღირსეს კოპირაიტი, გამოვცემთ.

  9. goethe September 7, 2012 at 1:30 pm #

    mtredi qartulad gamovida tu ara – kargi motxrobaa.

  10. rusa111 September 8, 2012 at 7:17 pm #

    ჯერ არ გამოსულა…

  11. Nugo September 15, 2012 at 1:36 pm #

    იონათან ნოელი ჩემი სულიერი ნათესავიცაა, არც მე მიყვარს, მეზობლები ზედმეტად რომ მაწუხებენ.

  12. rusa111 September 15, 2012 at 4:12 pm #

    ძალიან ბევრისთვის ნაცნობია ეგ მომენტი, რო არ გინდა მეზობელი შეგეფეთოს და მაინც რომ გეფეთება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: