ზიუსკინდის ნატიფი ესთეტიკა

21 Jun


   რუსუდან ბეჟაშვილი

 

 ზიუსკინდის ნატიფი ესთეტიკა

 

 

სამყარო მოითხოვს ტკივილებს, ვნებებს, რადგან მას ხელახლა დაბადება სწყურია.მონატრება და სწრაფვა ძევს ფორმის, გამოსახულის მიღმა, როგორც გარეგნული ყოფიერების წყარო. ვისაც გრძნობადის მიღმა წვდომა სურს, უნდა აღიაროს ზეგრძნობადის არსებობა. ხელოვნება ხომ ადამიანურ უნართა უმაღლესი და უკეთილშობილესი გამოვლენაა. გერმანელ მეცნიერთა აზრით, სიტყვა Kunst (ხელოვნება) სიტყვიდან koennen (უნარი, შესაძლებლობა) მომდინარეობს. ხელოვნებას ქმნის არა ადამიანური გაგება, ნება ან ინტელექტის გარკვეული სახე, არამედ უფრო მეტად, მასში არსებული თვითნაბადი სულიერი არსების ძალა, რომელიც ზეგრძნობადის წყალობით აფორმირებს ხილულს, ხელშესახებს…

თეატრალური ხელოვნება ერთ-ერთ ყველაზე უფრო ემოციურ ხელოვნებად  მიმაჩნია, რომლის უპირატესობა ალბათ ისიც არის, რომ შემოქმედებითი და აღქმის პროცესი დროსა და სივრცეში თანხვდენილია. ბოლო დროს ჩვენშიც უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა გერმანელი ავტორი პატრიკ ზიუსკინდი. იგი დაიბადა 1949 წელს გერმანიის ქალაქ ამბახში, შტარნბერგის ტბასთან. წერა დაიწყო მიუნხენში ისტორიის ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში. ასევე მიღებული აქვს მუსიკალური განათლება, რის შესანიშნავ დადასტურებასაც წარმოადგენს მისი მონოპიესა ,,კონტრაბასი“ (მიუხედავად იმისა, რომ თავად ფორტეპიანოზე უკრავს). სწორედ ეს იყო მისი პირველი ნაწარმოები, რომელსაც ქართველი მაყურებელი ერთი მსახიობის თეატრ ,,ვერიკოში“ გაეცნო.

ეს გახლავთ მონოლოგი ერთი გაუბედავი, მაგრამ თავისი საქმის ზედმიწევნით მცოდნე მუსიკოსისა, რომელიც სახელმწიფო ორკესტრში კონტრაბასზე უკრავს. ,,…სხვებს შეუძლიათ გუდანაბადი აიკრან. აი, უჩვენოდ კი  არაფერი გამოვა. …შეიძლება ისიც ითქვას, რომ ორკესტრი საერთოდ იწყება იქ, სადაც ბანიც არსებობს.

ე. ი. ბანი არის ის საფუძველი, რომელზედაცაა აღმართული მთელი ეს ღვთაებრივი შენობა. მოაშორეთ ბანი და მიიღებთ ნამდვილ ბაბილონის ენათა ქაოსს, სოდომს, რომელშიც აღარავინ უწყის, რატომ უკრავს საერთოდ მუსიკას.“

ჩვენი საბრალო მუსიკოსი ამავე დროს შეპყრობილია არასრულფასოვნების განცდით და აწუხებს უკმარისობის გრძობა. სხვა ადგილას ამბობს, რომ კონტრაბასი მახინჯი ქალივითაა: პატარა, უშნო მხრებით და ჩამოვარდნილი თეძოებით. მისი  სახლი სავსეა ამ არსების მზერით, სადაც მეგობარი ქალიც კი ვერ მოუყვანია მისი ეჭვიანობის შიშით. ,,…ქალთან მარტო ყოფნა გინდათ, – ეს აგერაა აყუდებული და ყველაფერს თვალყურს ადევნებს. …სულ ისეთი გრძნობა გაქვთ, თითქოს დაგცინით, აქტს მასხრად იგდებს“… იგი საუბრობს, რომ თითქმის არ არსებობს სოლო პარტიები კონტრაბასისთვის და რომ ის ,,შავი სამუშაოსთვისაა“ შექმნილი. ,,ამიტომ ვამბობ, რომ ორკესტრი ადამიანთა საზოგადოების ანარეკლია. ერთგანაც და მეორეგანაც იმათ, ვინც შავ სამუშაოს ასრულებს, სხვები …აგდებით ეკიდებიან. საზოგადოებაზე უარესიც კი არის (ორკესტრზე ვამბობ), იმიტომ, რომ საზოგადოებაში …შეიძლებოდა მქონოდა იმედი, რომ ოდესმე იერარქიის კიბეს ავიდოდი და ერთ მშვენიერ დღეს პირამიდის მწვერვალიდან გადმოვხედავდი ამ ჭიაღუებს… მაგრამ ორკესტრში არავითარი იმედი არ არის. იქ ოსტატობის უსასტიკესი იერარქია ბატონობს, ერთხელ მიღებული გადაწყვეტილების საშინელი იერარქია…“– დაახლოებით ამგვარია ცხოვრებისაგან განაწყენებული პატარა კაცის ფიქრები. მას სურს როგორმე შეამცნიონ, მას სიყვარული სწყურია. ,,არავის ესმის ჩემი… არავის!“ – ამბობს იგი და სინანულით იხსენებს ჰაეროვან ქალბატონს – მომღერალ სოპრანო სარას, რომელიც ყურადღებას არ აქცევს, თუმცა არც კი იცნობს მას. ,,მართალი, არ მიცნობს, მაგრამ… მისი ერთადერთი გამართლებაც სწორედ ეს არის!“  მუსიკოსი კი რომანტიკულ ფერებში ხატავს მასთან ურთიერთობას და ეჭვიანობს კიდეც ტექნიკურ დირექტორზე, ვიც მუდამ მის გვერდითაა და ყველგან მიაცილებს ქალს. თავად კი ნაღვლობს, რო მისი ნამღერი ერთი ნოტის აღებაც კი არ შეუძლია.

მთელი ეს მონოლოგი მთავრდება ისევ რაღაცის შეცვლის, ამ მონოტონური სიტუაციის რღვევის სურვილით და ჩვენი გმირი იღებს გადაწყვეტილებას, საღამოს, კონცერტის დაწყების წინ ატეხოს ხმაური და ვნახოთ, მაშინაც თუ არ მიაქცევენ ყურადღებას, აი მაშინ კი შეძლებს საზოგადოების გაოცებას. ,,და ამ გზით რომც ვერ მოვიპოვო სარა, დავიწყებით მაინ არასოდეს დამივიწყებს. მისი კარიერის, ცხოვრების თანმდევ ამბად ვიქცევი, ეს კი მიღირს ამ ყვირილად.“ მონოლოგი მთავრდება სიტყვებით: ,,წავალ ახლა ოპერაში და დავიყვირებ, დავიყვირებ!.. თუ გავბედე, ხვალ გაზეთებიდან შეიტყობთ. ნახვამდის!“

ამ ციტატებით მსურდა ზიუსკინდის ფაქიზი ენის სისხარტე და სიმსუბუქე და მისი ესთეტიკის სინატიფე კიდევ ერთხელ შემეხსენებინა. (მადლობა მთარგმნელ ბიძინა რამიშვილს). 1981 წელს მიუნხენის სცენაზე დადგმის შემდეგ ეს მონოლოგი ყველაზე ხშირად იდგმებოდა მთელ ევროპაში. და გერმანული მედიის გამოხმაურებისა არ იყოს, ზიუსკინდი ამ ნაწარმოებით ღვთისგან დავიწყებულ მუსიკოსის ოთახში გვამყოფებს და გვაიძულებს მასთან ერთად გვტკიოდეს და განვიცდიდეთ. მისი გმირები ხომ სწორედ იმ მისწრაფებებს განასახიერებენ, რომლებიც კითხვისას ცოცხლდება ჩვენში: თავისუფლება, ყოველდღიურობის ორომტრიალიდან გაღწევა, სხვებისგან აღიარების სურვილი, სიყვარულისკენ სწრაფვა და ა. შ. სწორედ ამ შინაგანი ბობოქრობის წყალობით, იქცევა მანამდე ათასჯერ განმეორებული აღქმა გასაოცარ შეცნობად, ანდა შემთხვევითი მოთამაშე შტრიხი–სახედ.

თბილისში მეორე ცდა იყო თეატრალურ სარდაფში განხორციელებული დადგმა ,,კაფე როსინი“ ზიუსკინდის კინოსცენარის ,,როსინი“ მიხედვით, რომელშიც მან 1996 წელს რეჟისორ ჰელმუტ დიტლთან ერთად მიიღო პრემია საუკეთესო სცენარისათვის. რაზეა ეს ნაწარმოები: ისევ და ისევ ადგილის ძიება სოციალურ სივრცეში, ჭეშმარიტი თუ მოჩვენებითი ღირებულებები და ა. შ. კაფე ,,როსინიში“ იკრუბება კინოინდუსტრიის ელიტა. ურთიერთობებში ვლინდება მათი ძლიერი თუ სუსტი მხარეები, მაგრამ ყოველდღიურობის ამაოებაში ჩაფლულ ამ ადამიანებს თითქოს ავიწყდებათ, რომ ხელოვნებას ემსახურებიან. თავის პირველსაწყისს, ანუ სულიერს მოწყვეტილი ხელოვნება ეგოისტური სურვილების ამარა რჩება და ცხადია, განწირულია სნობიზმისათვის. ალბათ ეს არის ჩვენი დროის ერთ-ერთი ნიშანიც: არაგულწრფელობა, სნობიზმი… მაგრამ ზიუსკინდი ხასიათების საოცარი მხატვარია, უპირველესად, რაც ზოგადსაკაცობრიოა და ეს ხასიათებია ჩვენთვის საინტერესო. ავტორი მუსიკოსის გაფაქიზებული სმენით აღიქვამს ყოველდღიურობას და უხილავი მესამე თვალით ჭვრეტს, და ალბათ სწორედ ამიტომაც, თითქოს ჩვეულებრივი ამბავი მასთან არასოდეს არ არის ბანალური.

მისი რომანი ,,Das Parfum“ ხომ უკვე კარგა ხანია ბესტსელერად იქცა. ის შეიძლება მოგწონდეს ან არა, მაგრამ გულგრილს არავითარ შემთხვევაში გტოვებს.

ციურიხის ,,ტაგეს ანცაიგერში“ ვკითხულობთ: ,,ის, რასაც ზიუსკინდი აღწერს, შეიძლება არა მხოლოდ სუნით იცნო ან შეიგრძნო გემოთი, დაინახო ან გაიგონო; იგი ხელოვანია, ვისაც ძალუძსღატაკი, გაქრობისათვის განწირული ცხოვრება თავისი უდიდესი დრამატიზმით წარმოაჩინოს.“ პ. ზიუსკინდმა სწორედ ამ თვისებებით დაიპყრო მსოფლიოს მკითხველთა გულები. მისმა რომანმა კი საყოველთაო რევოლუცია მოახდინა, ემოციის ძალით შეარყია რა ჩვენი ცნობიერება. რომანის მთავარი გმირი, ჟან ბატისტ გრენუი, ეს არავისთვის სასურველი ბავშვი ნებისმიერი ,,სუნისა და გემოს“ გარეშე, შემდგომში ცნობილი პარფიუმერი, უტიფრად დასცინის

მთელ საზოგადოებას. ეს არის პირობითი პერსონაჟი, რომელსაც ყოველგვარი არომატის შექმნის უნარით სურს ძალაუფლების მოპოვება საზოგადოებაზე. მისთვის ჩვეული მოქნილი სიტყვით გვიხატავს ავტორი, თუ რაოდენ უსარგებლო ტვირთად შეიძლება იქცეს უსიყვარულოდ ჩასახული და ქვეყნად მოვლენილი ადამიანი საზოგადოებისათვის და იგი ასევე უკვალოდ და უმიზნოდ ქრება, როგორც მოევლინა ქვეყანას. თუმცა არაერთი ტკივილი თუ ვნება მიაყენა ადამიანებს, რადგან სასურველი არომატის მისაღებად ის ნებისმიერ ხერხს იყენებს, მათ შორის ყველაზე სადისტურს. თავად კი, როგორც ,,უსუნო“ არსება, მუდამ გულგრილი რჩება. ყველაზე მთავარი აქ, ჩემი აზრით, არის ის მუხტი, რომელიც კითხვისას გითრევს და ბოლომდე აზრის ტყვეობაში გაქცევს. და თუმცა მისი გმირი, ამ შემთხვევაში, დაცლილია ყოველგვარი ,,სუნისაგან“ ანუ გრძნობისაგან, პატრიკ ზიუსკინდის ნაწარმოებებს კი სწორედ განსაკუთრებული ,,სურნელით“ გამოარჩევთ სხვათაგან.

ამჯერად მის სრულიად განსხვავებულ ნაწარმოებს შევეხებით, ვრცელ მოთხრობას

,,ამბავი ბატონ ზომერისა“. ადამიანური სევდით, სიყვარულითა და თანაგრძნობით განმსჭვალულ ნაწარმოებს, რომლის მთავარი გმირი ახალგაზრდა ჭაბუკი მთხრობელის სახით გვიამბობს მთელ ამ ისტორიას. ის გამოგვცემს საკუთარ ტკივილებს, განცდებს, სიხარულს და ჩვენს თვალწინ ცოცხლდება დედამიწის ზურგზე ყველა მოზარდის ტკივილი თუ განცდა. ისინი დროთა განმავლობაში მეტ-ნაკლებად ცნობიერდება, მკითხველი წინაშე კი გადაიშლება არაჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ნააზრევი. ამ ყმაწვილის ცხოვრება იშლება ბატონი ზომერის ცხოვრების გვერდით და, შეიძლება ითქვას, მის ფონზე. ეს არის კლაუსტროფობიით, ანუ დახურული სივრცის შიშით შეპყრობილი მოხუცი კაცი, რომელიც ,,ბევრს დასეირნობს“ ანუ სულ ფეხით დადის; ვისაც გარშემომყოფთა თვალი ისე შეჩვევია,

როგორც ,,პეიზაჟის განუყოფელ ნაწილს.“ მისი არსებობა თუ ტკივილიანი გამომეტყველება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ყმაწვილი კაცის ფსიქიკურ ფორმირებაზე. ალბათ შემთხვევითი არ იყო, რომ გარშემო მყოფთა უსულგულობით სასოწარკვეთილ ბიჭს სწორედ ბატონ ზომერის სახის დანახვამ გადააფიქრებინა თვითმკვლელობა და ხიდან გადმოვარდნაზე ხელი ააღებინა.

ასევე ეს ყმაწვილი გახდა ერთადერთი მოწმე თავად ბატონ ზომერის ტბაში გაქრობისა. იგი იხსენებს მის სილუეტს მთვარის შუქით განათებულ ტბის ფონზე რომ მოჩანდა, როგორც ,,ვინმე საპყარი ობელისკის ჩარჩოში,“ თავისი ჯოხით და თავზე ჩალის ქუდით. მან ნელ-ნელა მოძრაობა დაიწყო ტბის სიღრმისაკენ და საბოლოოდ გაუჩინარდა, ტბის ზედაპირზე კი მხოლოდ მისი ჩალის ქუდიღა დარჩა.

ორი კვირის შემდეგ, ქირის გადახდის დრო რომ მოახლოვდა, მხოლოდ მაშინღა დიასახლისს იგი; მეთევზე რიდლის მეუღლეს, ვისთანაც ბატონ ზომერს სხვენი ჰქონდა დაქირავებული. ბოლოს განცხადება გაჩნდა გაზეთში, ბატონ ზომერის ძებნის თაობაზე მისი უძველესი საპასპორტო სურათით, რომელზეც მას ვეღარც იცნობდით, მასზე ხომ ახალგაზრდა კაცი იყო გამოსახული ჯერ კიდევ შავი აქოჩრილი თმით, გამჭოლი მზერითა და თვითდაჯერებული, თითქმის კადნიერი ღიმილით.“ სურათს ქვემოთ ასევე შეგეძლოთ პირველად წაგეკითხათ ბატონ ზომერის სრული სახელი: მაქსიმილიან ერნსტ ეგიდიუს ზომერი.

რა მითქმა-მოთქმა არ ატყდა ბატონ ზომერის იდუმალი გაქრობის შესახებ, რა აზრი არ მოსდიოდათ თავში… ტბასთან კი არავინ მისულა ,,და ვიდრე გაზეთი გაყვითლდებოდა, ბატონი ზომერი უკვე დავიწყებას მიეცა.“   თუმცა არც მანამდე ენაღვლებოდათო, – გვეუბნება მთხრობელი.

თავად ყმაწვილს კი აზრადაც არ მოსვლია მოეთხრო, რაც იხილა. არც ოჯახის წევრებს და არც უახლოეს მეგობარს გაუმხილა, რაც იცოდა; არც იმ დღეს და არც შემდგომ. ნეტავ რატომ? – ფიქრობს თავად, ეს არ იყო არც დანაშაულის გრძნობა და არც სინდისის ქენჯნა: ,,მე შემაჩერა მისი ამოოხვრის გახსენებამ ტყეში, წვიმის ქვეშ მისი აკანკალებული ტუჩების გახსენებამ, მისმა მუდარამ, ბოლოს და ბოლოს დამანებეთ თავი.“ – და თავად იმის გახსენებამ, თუ როგორ ჩაიძირა ბატონი ზომერი წყალში, დუმილი მაიძულა.“

ადამიანის გაუხცოება სამყაროში არის პატრიკ ზიუსკინდის მარადიული თემა სხვადასხვა ნიუანსებში, რასაც იგი ყოველთვის საოცარი სიფაქიზით გადმოგვცემს და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს: რანი ვართ, საიდან მოვსულვართ, ან საით მივდივართ…

,,ბატონი ზომერი მდუმარედ მიაბიჯებს აჩქარებული ნაბიჯით სოფლიდან სოფელში ცარიელი ზურგჩანთითა და გრძელი უცნაური ჯოხით; ლანდივით დაეხეტება ლანდშაფტსა და ახალგაზრდა კაცის დღისა თუ ღამის ზმანებებში…

როდესაც პატარა ბიჭი უკვე აღარ დაცოცავს ხეებზე, მხოლოდ მაშინღა ქრება იდუმალებით მოცული ბატონი ზომერი.“ – ნათქვამია ჰამბურგის ,,შპიგელში.“

მისი ნატიფი იუმორი თუ სევდა, თხრობის უშუალო მანერა საოცრად ახლობელი და ადვილად აღსაქმელია თანამედროვე მკითველისთვის.

მისივე ესსე ,,ლიტერატურული ამნეზია“ რომ მოვიშველიოთ: ,,აი უკვე ოცდაათი წელია კითხვა ვიცი და ამ ხნის მანძილზე …საკმაოდ ბევრი წიგნი წამიკითხავს და ერთადერთი, რაც მახსოვს ბუნდოვანი მოგონებაა… ჩემი ბავშვობის ათასობით საათი, ყმაწვილობისა და ახალგაზრდობის წლები კითხვაში გავატარე და მეხსიერებას არაფერი შემორჩა. …მაგრამ იქნებ კითხვისას ჩვენი შეხედულების ფორმირება და მკვეთრი ცვლილება მსოფლმხედველობაში რაღაცნაირად ფარულად მიმდინარეობს – თავს ვიმშვიდებ ხოლმე ხანდახან.“ – და ალბათ არც თუ უსაფუძვლოდ, ვიტყვით ჩვენ და მისი წიგნები სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება, ესოდენ ძლიერი მაფორმირებელი უნარი რომ აქვთ ჩვენს ფსიქიკაზე.

Image

19 Responses to “ზიუსკინდის ნატიფი ესთეტიკა”

  1. Nino August 20, 2012 at 9:55 am #

    ზიუსკინდის “კონტრაბასი” ძალიან მიყვარს და შენი თარგმნილი მოთხრობებიც მომეწონა, თავისი ლიტერატურული ამნეზიით.

    • lia111 August 23, 2012 at 12:12 pm #

      „ბატონი ზომერი“ უცნაური მოთხრობაა, ბევრ საფიქრელს ტოვებს, ჩემთვის ამოუხსნელია რა დევს თხრობის მიღმა. არადა აშკარაა, რომ გარდა სიუჟეტისა, რაც ჩვეული ოსტატურობითაა აღწერილი, რაღაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანზეა ლაპარაკი, რაც თითქოსდა ხელიდან მისხლტება. კულმინაციური მგონია შეხვედრები ბავშვსა და ბატონ ზომერს შორის – ერთხელ მისი გამოჩენა იხსნის მოზარდს თვითმკვლელობისგან (არავინ იცის როგორ დამთავრდებოდა ეს ეპიზოდი, ბატონი ზომერი რომ არ გამოჩენილიყო. შეიძლება არც არაფერი მომხდარიყო, ვინ იცის), მეორედ კი იგი ხდება ერთადერთი თვითმხილველი ბატონი ზომერის სუიციდისა. და ეს მუდმივი სიარული, გაქცევა. მგონია, რომ ბატონ ზომერს დახურული სივრცის კი არა, ადამიანების შიში ჰქონდა, ადამიანებს გაურბოდა. მისი ერთადერთი ფრაზაც ხომ ამაზე მეტყველებს.

  2. rusa111 August 23, 2012 at 1:27 pm #

    მართალია, რაღაც იდუმალი დევს ამ მოთხრობაში და ეს არის მისი ხიბლიც, ყველა მკითხველიც ხომ სხვადასხვას ხედავს:ზოგი მეტს,– ზოგი ნაკლებს. მაგრამ ერთი კია, დიდი სიამოვნებაა მისი კითხვა.

  3. მოლი ბლუმი August 24, 2012 at 6:59 pm #

    რაკი მთარგმნელი გავიცანი, სამი ამბავი უკვე ორმაგად მომწონს🙂

  4. rusa111 August 24, 2012 at 7:13 pm #

    ზიუსკინდში რა მოგწონს იუმორი თუ აკვიატება? არადა ვინ იფიქრებდა, Playboy-ს მეშვეობით რომ გაირკვა ეს ყველაფერი?
    კონტრაბასი წაკითხული გაქვს?

    • მოლი ბლუმი August 26, 2012 at 5:03 pm #

      ფლეიბოის მეშვეობით შენი ავტორობა დავადგინეთ🙂

      კოტრაბასი წაკითხული მაქვს და ზიუსკინდი უფრო ფარსში გადასული სიუჟეტებისთვის მომწონს.

  5. rusa111 August 26, 2012 at 6:06 pm #

    ჰო, მაგას ვეძახი აკვიატებას, ლაშა ბერაიამ დაარქვა – გამომცემელმა.

  6. Nino August 31, 2012 at 10:03 am #

    რა “პლეიბოი” რუსა?

  7. rusa111 August 31, 2012 at 3:29 pm #

    მოლის ქონდა ბლოგი ჟურნალ პლეიბოის გაუქმებაზე;წუხდა და ამბობდა,რომ იქ საინტერესო თემებიც იყო და ზიუსკინდიც ახსენა. მე ვკითხე, ზიუსკინდის რა იყო-მეთქი და თურმე ჩემ თარგმანზე იყო რეცენზია. ამგვარად მოვხვდი Playboy-შიც.

  8. goethe September 7, 2012 at 1:31 pm #

    shen ziuskindis mtargmneli yofilxar, ra kargia…

  9. Nugo September 15, 2012 at 1:38 pm #

    რუსა მაგარია, ზიუსკინდის ნოველები აქვს თარგმნილი. მომწონს შენი თარგმანები. და გერმანელი ეგეთი იუმორით იშვიათია!

  10. rusa111 September 15, 2012 at 4:15 pm #

    ხო, სამწუხაროდ, ვინც მარტო “სუნამოთი” იცნობს, იუმორის მქონე მწერლის შთაბეჭდილება არ დარჩება, ნოველებში და სხვა ნაწარმოებებში – კი.

    • katerina September 24, 2012 at 7:42 pm #

      ვაღიარებ, მეც “სუნამოთი” ვიცნობ. მიყვარს ეს წიგნი და განწყობილი ვარ ისე, რომ ძალიან კარგი მწერალია. მე ვერ ვიტყოდი, რომ იქ არ იგრძნობა იუმორი, არის იქ თვითირონია🙂 დავინტერესდი. თან ვთარგმნეო? რა მაგარია! ორმაგად მიხარია შენი გაცნობა.

  11. rusa111 September 24, 2012 at 7:52 pm #

    ლინკები ნახე აქ და “მტრედთანაც”. ლიტერატურული ამნეზია და პატარა მოთხრობა “ბიძგი სიღრმისაკენ” მიდევს. ჰო ისე მთარგმნელი ვარ, გერმანისტი, ხომ მეტყობა, ძირითადად გერმანულ ლიტერატურაზე ვწერ და თარგმანებიც დევს,კაშნიცი და ჰაუფიც ნახე.

  12. tsotnee November 15, 2012 at 12:44 pm #

    რა საინტერესოა! მეც მხოლოდ “სუნამო” მაქვს წაკითხული, რაც ნამდვილად მომეწონა.

  13. rusa111 November 16, 2012 at 3:11 pm #

    კარგი მწერალია, ლინკები ნახე, აქაც და “მტრედთანაც”.

    • tsotnee November 17, 2012 at 9:36 am #

      ვნახე. ^^

  14. rusa111 November 17, 2012 at 5:36 pm #

    როგორ მოგეწონა? მაგარი ირონიაა, არა?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: