ორჰან ფამუკი ,,ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები”

2 Jun

Image
რუსუდან ბეჟაშვილი

  ორჰან ფამუკი ,,ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები”

ამ წიგნს უკანა ყდაზე ეწერა: ,,წიგნის შესახებ იმსჯელეთ ფორუმზე…” მე ინტერნეტი არ მქონდა და ჩემთვის გავაკეთე შთაბეჭდილების პატარა მონახაზი. ახლა კი რედაქტორის მოწოდებას ვეხმიანები, იქნებ თქვენთვისაც საინტერესო იყოს. თავად ორჰან ფამუკის სიტყვები რომ მოვიშველიოთ: ,,…წერა სწორედ შინაგანი მზერის სიტყვებად ქცევა, იმ სამყაროს შესწავლაა, რომელშიც ადამიანი საკუთარ თავთან განმარტოებისას ხვდება და ამ ყველაფრის მოთმინებით, სიჯიუტითა და სიხარულით აღსრულებაა.” ენა მარტივი, სიტუაციები ნაცნობი… ამ წიგნის კითხვისას კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ქართველები არც აღმოსავლელები ვართ და არც დასავლელები, მაგრამ ორივესი კარგად გვესმის. მეგობრული ურთიერთობა, ფეხბურთის სიყვარული _ სტამბოლში თითქმის იგივეა, რაც თბილისში. იქაც, დაახლოებით, ისევე ხდება ამ ორი ცივილიზაციის თანხვედრა, როგორც ჩვენს სამშობლოში, თუმცა ჩვენ ჩვენი ქრისტიანობის გამო, უფრო მეტად ევროპელებად მოგვაქვს თავი. წიგნში, მოგეხსენებათ, თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების გზაა ასახული; უხვად შეხვდებით სახეთა მრავალფეროვნებას  და იდეების ათასგვარ შეხლა-შემოხლას. რევოლუციურ იდეას რაც შეეხება, ჩემი აზრით, ეს ალბათ ოდესღაც პროგრესული იყო, მაგრამ ახლა უკვე დრომოჭმულია და ყავლგასულიც, თუ გნებავთ. თუმცა ამ წიგნში ძველის, სწორედაც რომ დრომოჭმულის ახლით შეცვლის მსურველებს ჰქვიათ რევოლუციონერები. ზნეობრივ ღირებულებეზეც ბევრს კამათობენ ჯევდეთ ბეის ვაჟები და წიგნის სხვა გმირებიც. საინტერესოა პანთურქიზმის მიმდევარი პედაგოგის ქადაგება ევროპული იდეებით შეპყრობილი პოეტის წინაშე; იგი ეუბნება პოეტს, რომ მას არა აქვს იდეა და ამიტომაა უბედური, ამიტომაც საერთო თურქული იდეის ქვეშ გაერთიანებას ურჩევს. ეუბნება, რომ გონების გარდა, გრძნობაც მოგვცა ღმერთმა და გულანთებული მიმართავს: ,,თურქეთის დროშის დანახვაზე, ჰათაის მოვლენებზე გული არ გიჩქროლდებათ? …აენთეთ, ირწმუნეთ, საზოგადოებას შეუერთდით… ცოტა ხნით გონება ჩააჩუმეთ, აი მაშინ იქნებით ბედნიერი…”

ჯევდეთ ბეის ვაჟები: ოსმანი და რეფიქი.

ერთი _ ტრადიციული, ვაჭარი (მამის მსგავსად), მეოჯახე;

მეორე _ განათლებით ინჟინერი, მოწოდებით რევოლუციონერი.

ქალიშვილი აიშე _ შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ (მანამდე მშობლების მორჩილი, უენო), სულ სხვა ქალად იქცა, დაიწყო თავისუფლად აზროვნება, უჩნდება პიროვნულობის ნიშნები.

პოეტი მუჰითთინი მართლაც მოექცევა ნაციონალური იდეების გავლენის ქვეშ და მოგვიანებით რეფიქს, მის სახლში წიგნს რომ შენიშნავს, ეუბნება: ,,ჰოლდერლინს კითხულობ? ერთ დროს მეც მაინტერესებდა, როგორც პოეტი, მაგრამ გული ვერ დავუდე. ამ ევროპელების სული ჩვენთვის ძალიან უცხოა. თანაც ის ბერძნების თაყვანისმცემელია… ისინი ჩვენგან შორს არიან, მათთან ერთად ფონს ვერ გავალთ. ადამიანს გონებას ურევენ.”

ჯევდეთ ბეის ვაჟი კი პირიქით ფიქრობს: _ მათგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთო, _ ეუბნება. ,,გონების სხივი გვჭირდება, რომ ჩვენში ბარბარო-სობა და დესპოტიზმი დავამარცხოთ.”

ასეთი დიდი ოჯახური საგა კარგა ხანია არ წამიკითხავს, მგონი, ,,ბუდენბროკების” შემდეგ… თაობათა ცვლასთან ერთად იცვლება ცხოვრებისეული შეხედულებები, თუმცა იმ წარმომადგენლებში, რომლებსაც შემოქმედებითი მიდრეკილებები აქვთ; არა იმ კონსერვატორულ ხაზში, რომელსაც ამ დიდი ოჯახის ნაწილი გამუდმებით მისდევს; ვაჭარი ყველა საუკუნეში ვაჭარია, ხიბლავს კეთილდღეობა და ოჯახური მყუდროება, მათ ძნელად ესმით თავიანთი თავზეხელაღებული და გაუცხოებული ,,ძმებისა”.

მკითხველის სიმპათიას  იმსახურებს  ჯევდეთ ბეის შვილიშვილი, მხატვარი აჰმედი. მამამისი ფერიქიც ხომ მეტად საინტერესო ადამიანი იყო, არ აკმაყოფილებდა ბიურგერული სიმშვიდე, ნიადაგ რაღაცის შეცვლაზე ფიქრობდა: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვარდა მეუღლე, ოჯახური ყოველდღიურობის რუტინას გაექცა, რის გამოც კიდევ უფრო გაუცხოვდა ნაცნობ-მეგობრებისაგან. (აჰმედი და მისი მეგობარი გოგონა ძველი თურქულით დაწერილ მის დღიურებს მოგვიანებით ეცნობიან და იქ ბევრ საინტერესოსა თუ სახალისოს პოულობენ. ფერიქის დღიურები ხომ კიდევ ცალკე თემაა). ეს ორი ადამიანი მარადიულ ღირებულებებს ესწრაფვის და ჭეშმარიტების ძიებაშია. მოცემულ სოციუმში მათი ცხოვრების წესი გაუგებარია. სიტყვა გამიგრძელდა, შესაბამისად კითხვაც… ფინალი: ჯევდეთ ბეის მეუღლე, მრავლის მომსწრე და ყველას დამმოძრვრავი ბებია, _ უნებურად მარკესის ურსულას რომ მოგვაგონებს, _ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა; ,,ჭირი იქა, ლხინი აქა…”  დავასრულეთ კიდევ ერთი წიგნი და გავხდით ალბათ, ცოტათი ,,უფრო უკეთესები” ვიდრე ვიყავით.  ორჰან ფამუკისავე სიტყვებით რომ ვთქვათ, მწერლობაზე რომ ამბობს სანობელო სიტყვაში: ,,… გამოვიკეტებით თუ არა, უმალვე აღმოვაჩენთ, რომ არც ისე მარტოები ვართ, როგორც გვეგონა. გარემოცულნი ვიმყოფებით მათი სიტყვებით, ვინც ჩვენამდე დაიბადა _ სხვა ხალხის ამბებით, სხვა ხალხის წიგნებით, სხვა ხალხის სიტყვებით _ იმით, რასაც ტრადიციას ვუწოდებთ. მჯერა, რომ ლიტერატურა ყველაზე ღირებული განძია, რაც კი კაცობრიობამ საკუთარი ძიების გზაზე დააგროვა.”

                                                                                                                     25.08.09                                                   

15 Responses to “ორჰან ფამუკი ,,ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები””

  1. Kejeradze June 19, 2012 at 8:44 am #

    ალბათ იმიტომაც მიყვარს ფამუქი, რომ მისი სტამბოლი თითქოს ჰგავს თბილისს და იმავდროულად განსხვავდება…

  2. rusa111 July 16, 2012 at 4:56 pm #

    ერთმა ამერიკელმა მწერალმა მითხრა, ძველი თბილისია, ოღონდ ბევრად დიდიო.

  3. Nugo July 22, 2012 at 8:44 pm #

    მაგის “სტამბოლიც” ხომ გამოვიდა უკვე ქართულად?

  4. rusa111 July 22, 2012 at 8:55 pm #

    კი, გამოვიდა, მე თავის დროზე გერმანულად წავიკითხე, აქ რომ არ იყო, ბერლინელმა მეგობარმა მაჩუქა. ისე ქართულადაც სიამოვნებით წავიკითხავ.

  5. Nugo July 24, 2012 at 9:29 am #

    ქართულად კარგად თარგმნიან ფამუკს.

  6. Nino August 20, 2012 at 9:58 am #

    ჯევდეთ ბეი ფამუქის პირველი რომანია, არა? მგონი 22 წლის ასაკში დაწერა.

  7. rusa111 August 20, 2012 at 6:11 pm #

    ხო, მეც ასე მახსოვს.

  8. goethe September 7, 2012 at 1:32 pm #

    es turqi kargad wers, mec momxibla.

  9. Nugo September 15, 2012 at 1:40 pm #

    განათლება კარგი რამეა, ამიტომ არის ასეთი პროგრესული ეს მწერალი.

  10. rusa111 September 15, 2012 at 4:16 pm #

    მართალია, მაგრამ ეს მისი პირველი რომანია და სხვებმა აჯობეს!
    ე.ი.სხვა რომანებმა-მეთქი, უნდა მეთქვა.

  11. lia111 October 18, 2012 at 4:27 pm #

    ხო, არ ვიცი, ვინ ვის (თუ რამ რას) აჯობა, მაგრამ მე სიამოვნებით წავიკითხე.

  12. rusa111 October 19, 2012 at 1:12 pm #

    მეც!

  13. tsotnee November 15, 2012 at 12:41 pm #

    მე არ მომეწონა ფამუქი.😦 უფრო სწორად, უფრო მეტს ველოდი.🙂 თითქოს იმედი გამიცრუვდა.

  14. rusa111 November 16, 2012 at 3:13 pm #

    “სტამბოლი” ნახე? მე მგონი, ყველაზე თბილი და საყვარელია.

    • tsotnee November 17, 2012 at 9:40 am #

      არა, “სტამბოლი” არ წამიკითხავს. წავიკითხავ არდადეგებზე თავისუფალ დროს.🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: